ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეოთხე მაკაბელთა

თავი მესამე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ეს კითხვა მეტად სასაცილოა, რადგან ცხადია, რომ გონება განაგებს არა თავის საკუთარ ვნებებს, არამედ მხოლოდ ხორციელთ.

   
2 კაცს არ შეუძლია ამოიკვეთოს ამგვარი სურვილი, მაგრამ გონებას მაინც ძალუძს სურვილისადმი დაუმორჩილებლობის უნარი მოგვანიჭოს.    
3 კაცს არ შეუძლია ამოიკვეთოს სულიდან მრისხანება, მაგრამ მრისხანებაში შემწედ შეუძლია მოიხმოს გონება.    
4 კაცს არ შეუძლია ამოკვეთოს უკეთური ზნე, მაგრამ გონებას თანამებრძოლად შეუძლია მოგვივლინოს ავი ზნისადმი ქედუხრელობა.    
5 გონება ვნებათა აღმოფხვრელი კი არ არის, არამედ მათი წინაღმდგომია.    
6 ყოველივე ზემოთთქმულს ნათლად ცხადყოფს ამბავი დავით მეფის წყურვილისა.    
7 მთელი დღე უტევდა დავითი თავისი ერის მეომრებთან ერთად ფილისტიმელებს და ბევრი მათგანი გაწყვიტა.    
8 საღამო რომ ჩამოწვა, გაოფლილი და ძლიერ დაქანცული შევიდა იგი სამეფო კარავში, რომელიც ჩვენი წინაპრების ჯარებით იყო გარშემორტყმული.    
9 ყველანი უკვე ვახშმად ისხდნენ,    
10 მეფე კი, რომელსაც შიმშილზე უფრო მეტად წყურვილი აწუხებდა, ირგვლივ უამრავ წყაროებს ზედაც არ უყურებდა, არ სურდა ამ წყაროთა წყლით მოეკლა წყურვილი.    
11 მაგრამ მტრის წყაროთა მიმართ რაღაც გაუგებარმა სურვილმა ააღელვა და აღანთო იგი.    
12

მაშინ მეფის სურვილისადმი მოწიწების გრძნობით შეპყრობილმა ორმა ახალგაზრდა წარჩინებულმა მეომარმა აისხა იარაღი, აიღო წყლის ჭურჭელი და მტრის სასაზღვრო სამანები გადალახა.

   
13 გუშაგთაგან შეუმჩნევლად შეაღწიეს კარიბჭეში და მტრის მთელი ბანაკი მოიარეს წყაროთა ძებნაში.    
14 აღმოაჩინეს წყარო და მისი წყალი გაბედულად მიუტანეს მეფეს დასალევად.    
15 მაგრამ წყურვილის ცეცხლით დატანჯულმა მეფემ, სულისთვის საშინელ საფრთხედ მიიჩნია ეს წყურვილი, ლამის სისხლის წყურვილის ტოლფასად.    
16 და იგი სურვილს გონებით წინაღუდგა და ღმერთს შესწირა სასმელი.    
17 რადგან გონებას ძალუძს სურვილთა დაძლევა და ვნებათა ალის ჩაქრობა.    
18 ძალუძს უმძიმესი ხორციელი ტკივილების დაამება და გონების სიკეთის წყალობით ვნებათა ყველანაირი შეტევის უკუქცევა.    
19 ახლა კი დრო დადგა, რათა სამაგალითოდ მოვიხსენიოთ გონებისმიერი თავდაოკების ამბავი.    
20 ეს მოხდა მაშინ, როცა რჯულკეთილობისა და სწორი ქცევის წყალობით ჩვენს მამა-პაპას მშვიდობა ჰქონდა. როცა თვით აზიის მეფეს - სელევკოს ნიკანორს ფული ჰქონდა მათთვის გამოყოფილი ტაძრის სამსახურისთვის და მათ თვითმართველობასაც სცნობდა.    
21 მაშინ იყო, რომ ზოგიერთებმა საერთო ერთსულოვნების წინააღმდეგ ჯანყი წამოიწყეს და მრავალგვარი უბედურობანი გამოიწვიეს.