ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეოთხე მაკაბელთა

თავი მეოთხე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

იყო ვინმე სიმონი, პოლიტიკური მეტოქე ონიასი, მშვენიერი და კეთილი კაცისა, რომელსაც მღვდელმთავრობა ეჭირა მთელი სიცოცხლე. რაკი მრავალგვარი ცილისწამებით მან ვერ მოახერხა სახელი გაეტეხა ონიასთვის ხალხის თვალში, გაიქცა სამშობლოდან მის საღალატოდ.

   
2 წავიდა აპოლონიოსთან - სირიის, ფინიკიის და კილიკიის განმგებელთან და უთხრა:    
3 სამეფო ხელისუფლების ერთგული მოვსულვარ, რათა მოგახსენო, იერუსალიმის საგანძურებში დიდძალი კერძო ქონებაა შენახული, რომელიც არ არის ტაძრის საკუთრება, არამედ მეფე სელევკოსს ეკუთვნის.    
4 როცა წვრილად გამოიკითხა ეს ამბავი აპოლონიოსმა, შეუქო სიმონს მეფისადმი ერთგულება, ეახლა სელევკოსს და მოახსენა საგანძურის ამბავი.    
5 და მიიღო უფლება სასწრაფოდ წამოსულიყო ჩვენს სამშობლოზე დიდძალი ლაშქრით, წყეულ სიმონთან ერთად.    
6 განაცხადა, რომ მეფის ბრძანების თანახმად არის მოსული, რათა საგანძურიდან კერძო პირთა ქონება წაიღოს.    
7 ამ სიტყვამ აღაშფოთა ხალხი, ისინი შეეწინააღმდეგენ აპოლონიოსს; მათი აზრით, ეს გაძარცვა იქნებოდა იმათი, ვინც წმიდა საგანძურს მიაბარეს თავიანთი ქონება; და ისინი არასგზით არ დათმობდნენ მას.    
8 მაშინ აპოლონიოსი მუქარით დაიძრა ტაძრისაკენ.    
9 ხოლო მღვდლები ქალებთან და ბავშვებთან ერთად ტაძარში ევედრებოდნენ ღმერთს, რათა დაეფარა მას ხელყოფისგან ეს წმიდა ადგილი.    
10 და როცა ჯარის თანხლებით ამოვიდა აპოლონიოსი განძის დასატაცებლად, გამოჩნდნენ ცით მომავალი, ცხენზე ამხედრებული ანგელოზები ელვარე იარაღით ხელში, დიდი შიშისა და ზარის მომგვრელნი.    
11 მაშინ დაემხო ცოცხალ-მკვდარი აპოლონიოსი ტაძრის საერთო ეზოში, იწვდიდა ზეცისკენ ხელებს და აცრემლებული ევედრებოდა ებრაელებს, ელოცათ მისთვის ზეციური მხედრობის მოსალმობიერებლად.    
12 ამბობდა, სიკვდილის ღირსი ცოდვა ჩავიდინე, და გადავრჩი, ამ კურთხეულ ადგილს მთელი ხალხის წინაშე განვადიდებო.    
13 ამ სიტყვებით შეძრულმა ონია მღვდელმთავარმა თუმცა იჭვნეულად, მაგრამ მაინც ილოცა მისთვის, რათა სელევკოსი დარწმუნებულიყო, რომ აპოლონიოსი ადამიანურმა მუხანათობამ კი არ დაამხო, არამედ ღვთიურმა სამართალმა.    
14

სასწაულით გადარჩენილი აპოლონიოსი უკან გამობრუნდა, მეფისთვის რომ მოეხსენებინა მომხდარი.

   
15 სელევკოს მეფე რომ გარდაიცვალა, ხელმწიფება მიიღო მისმა ძემ - ანტიოქოს ეპიფანემ, თავხედმა და სასტიკმა ადამიანმა.    
16 მან გადააყენა მღვდელმთავრის თანამდებობიდან ონია და დანიშნა ონიას ძმა, იასონი.    
17 რომელსაც მღვდელმთავრობის საფასურად ყოველწლიურად სამიათას ექვსას სამოცი ტალანტი უნდა ეძლია მისთვის.    
18 ამგვარად, უბოძა მან იასონს მღვდელმთავრობა და ხალხის წინამძღოლობა.    
19 ააცდინა იასონმა სწორ გზას ხალხი და ყოველგვარი ურჯულოებით განაგებდა საზოგადო საქმეებს.    
20 არა მხოლოდ გიმნაზიონი აშენდა ჩვენი სამშობლოს მთაზე, არამედ სატაძრო სამსახურიც კი გაუქმდა.    
21 გაუწყრა ხალხს ამის გამო ღვთიური სამართალი და ანტიოქოსი გამოალაშქრებინა მათზე.    
22 რადგან, როცა პტოლემეოსს ეომებოდა ეგვიპტეში, გაიგო, რომ ხალხში ცრუ ხმები გავრცელდა, მოკვდაო ანტიოქოსი, და რომ მისი სიკვდილის ამბავი დიდი სიხარულით მიიღეს იერუსალიმელებმა. ამიტომაც მაშინვე გამოილაშქრა მათზე.    
23 და როცა დაარბია ისინი, განკარგულება გასცა სიკვდილით დაესაჯათ ნებისმიერი მოქალაქე, ვინც მამა-პაპის რჯულის დამცველი აღმოჩნდებოდა.    
24 მაგრამ ვერანაირი განკარგულებით ვერ აიძულა ხალხი მშობლიური რჯულისადმი მორჩილება დაერღვიათ; პირიქით, დარწმუნდა, რომ არაფრად მიიჩნევდნენ ისინი მეფის მუქარასა და სასჯელებს.    
25 დედებს თავიანთი შვილების წინდაცვეთის გამო ჩვილებთან ერთად კლდიდან ისროდნენ, მაგრამ მაინც არ არღვევდნენ ამ რჯულს, თუმცა წინასწარ იცოდნენ, რა სასჯელიც მოელოდათ.    
26 რაკი არად ჩააგდო ხალხმა მეფის განკარგულებანი, მან დაიფიცა, რომ თავისი ხელით იძულებით შეაჭმევდა თითოეულ მათგანს უსურმაგის ხორცს და იუდაელობას დააგმობინებდა.