ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
თავმოყრილ ხალხს შორის ამაღლებულ ადგილას ჩამომჯდარმა, თავითფეხამდე შეიარაღებული ლაშქრით გარშემორტყმულმა მრძანებელმა ანტიოქოსმა |
||
2 | უბრძანა მცველებს, სათითაოდ გამოეყვანათ ებრაელები და იძულებით ეჭმევინებინათ მათთვის ღორისა და კერპთათვის შეწირულ ცხოველთა ხორცი. | ||
3 | და თუ ვინმე არ მიეკარებოდა უწმიდურ საჭმელს, ბორბალზე დაებათ და წამებით მოეკლათ. | ||
4 | გამოიყვანეს დიდძალი ხალხი და პირველთა შორის მეფეს მიჰგვარეს კაცი, სახელად ელეაზარი. იგი იყო სამღვდელო მოდგმიდან, რჯულის მეცნიერი ხანდაზმული და კარგად ცნობილი სამეფო კარზე ფილოსოფიაში განსწავლულობით. დააყენეს ელეაზარი მბრძანებლის წინ. | ||
5 | როცა დაინახა იგი ანტიოქოსმა, თქვა: | ||
6 | ვიდრე შენს წამებას შევუდგებოდი, მოხუცო, გირჩევ, შეჭამო ღორის ხორცი და ცოცხალი გადარჩები. | ||
7 | რადგან პატივს ვცემ შენს ასაკს და ჭაღარას, თუმცა ამდენი ხანია გამშვენებს ესენი, მაგრამ არა მგონია, ფილოსოფოსი იყო, რაკი იუდაელთა რჯულს მისდევ. | ||
8 | რატომ გეზიზღება ბუნებისგან ჩვენთვის მონიჭებული ამ ცხოველის საუკეთესო ხორცის ჭამა? | ||
9 | უგუნურებაა არ იგემო უსაყვედურო სიამოვნებანი და უსამართლობაა უკუაგდო ბუნების მომადლებული სიკეთენი. | ||
10 | მე ვფიქრობ, უდიდეს უგუნურებას ჩაიდენ, თუკი ამაო სიამაყით აღვსილი დაუპირისპირდები ჭეშმარიტებას და საკუთარი თავის საზიანოდ შეიზიზღებ ჩემს რჩევას. | ||
11 | ნუთუ არ გამოფხიზლდები თქვენი ბრიყვული ფილოსოფიისგან და არ გაფანტავ შენს ფუჭ აზრებს? როდის მოიხვეჭ შენი ასაკის შესაფერ გონებას და იფილოსოფოსებ თანახმად ჭეშმარიტებისა, რომელიც საკეთილდღეოა შენთვის? | ||
12 | დაინდე შენი სიბერე და დაემორჩილე ჩემს კაცთმოყვარულ რჩევას. | ||
13 | იცოდე: თუკი არსებობს რაიმე ძალა, რომელიც თვალყურს ადევნებს თქვენს რჯულს, ის მოგიტევებს შენ, იძულებით ჩადენილ ურჯულო საქმეს. | ||
14 |
როცა ამგვარად არწმუნებდა მბრძანებელი ელეაზარს, ეჭამა აკრძალული ხორცი, მან სიტყვა ითხოვა. |
||
15 | ნებართვა რომ მიიღო, ესა თქვა საჯაროდ: | ||
16 | ჩვენთვის, ანტიოქოს, ღვთიური რჯულის თანახმად მცხოვრებთათვის, ყოველგვარ იძულებაზე ძლიერია ჩვენი რჯულისადმი მორჩილება. | ||
17 | ამიტომაც არასგზით არ დავუშვებთ რჯულის დარღვევას. | ||
18 | რომც არ იყოს ჩვენი რჯული ღვთიური, როგორც შენ გგონია, და ჩვენც შეცდომით მიგვაჩნდეს იგი ღვთიურად, მაშინაც კი უღირსეობა იქნებოდა ჩვენი მხრიდან ჩვენი ღვთისმოსავობის გაუქმება. | ||
19 | ნუ იფიქრებ, რომ მცირე ცოდვა დაგვეკისრება, უწმიდური ცხოველის ხორცს თუ შევჭამთ. | ||
20 | ერთია ურჯულოება - დიდი იქნება თუ მცირე, | ||
21 | რადგან ორივე შემთხვევაში ირღვევა რჯული. | ||
22 | შენ დასცინი ჩვენს ფილოსოფიას, თითქოს უგუნურად წარმართავდეს იგი ჩვენს ცხოვრებას; | ||
23 | მაგრამ ის გვასწავლის საღ აზროვნებას - ყოველგვარ სიამეთა და ვნებათაგან თავშეკავვბას, და გვამხნევებს, რომ ხალისით ავიტანოთ ყველანაირი გასაჭირი. | ||
24 | გვწვრთნის სამართლიანობაში, რათა ყოველ წეს-ჩვეულრბას ერთნაირად მივაგოთ პატივი, გვასწავლის მოწიწებას რომ მხოლოდ ცოცხალი ღვთის წინაშე გვქონდეს მისი შესაფერი მოწონება. | ||
25 | ამიტომაც არ ვჭამთ უწმიდურ ცხოველთა ხორცს, რადგან გვწამს, რომ ღვთისგან არის დაწესებული რჯული და ვიცით, რომ ჩვენს ბუნებას უთანაგრძნო სამყაროს შემოქმედმა, როცა რჯულს აწესებდა. | ||
26 | უფლება მოგვცა ის გვეჭამა, რაც უფრო შესაფერისია ჩვენი სიცოცხლისთვის, შეუფერებელი კი აგვიკრძალა. | ||
27 |
მძლავრობაა შენი მხრით არა მარტო ის, რომ რჯულის დარღვევას გვაიძულებ, არამედ ისიც, რომ ასე დაცინვით შეგვაჭამო აკრძალული ხორცი, რაც ეგზომ საძულველია ჩვენთვის. |
||
28 | მაგრამ არ გაგაცინებ ჩემზე და | ||
29 | არც ჩემი მამა-პაპის წმიდა ფიცს დავარღვევ ჩვენი რჯულის დაცვის თაობაზე. | ||
30 | კიდევაც რომ დამთხარო თვალები და შიგნეულობა ამომიყარო, | ||
31 | მე არც ისეთი მოხუცი ვარ და არც ისეთი უძლური, რომ ღვთისმოსავობისთვის ვერ მოვიკრიბო გონება. | ||
32 | მაშ, გაამზადე ბორბლები და აღაგზნე ძლიერი ცეცხლი. | ||
33 | სანანებლად არ გავიხდი ჩემს სიბერეს, არ შევლახავ ჩემი თავის გამო მამაპაპეულ რჯულს. | ||
34 | არ გიღალატებ, რჯულო, რომელმაც გამწრთვენი მე; არ უარგყოფ, ძვირფასო დათმენავ! | ||
35 | არ შეგარცხვენ, ფილოსოფიურო აზრო, არ უგულებელგყოფ, საპატიო მღვდლობავ, არც შენ, რჯულის მეცნიერებავ! | ||
36 | ვერ წაბილწავ, მეფეო, მოხუცის ღვთისმოსავ ბაგეს, ვერც ჩემს რჯულიერ ხანგრძლივ სიცოცხლეს! | ||
37 | უმწიკვლო მიუვალ ჩემს მამა-პაპას, რადგან სიკვდილისაც არ შემშინებია შენს ხელში. | ||
38 | შეგიძლია იმძლავრო უღვთოზე, მაგრამ ჩვენს ღვთისნიერ გონებაზე კი ვერ იბატონებ, ვერც სიტყვით, ვერც საქმით. |