ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ჩინებულ მესაჭესავით ეპყრა ჩვენს მამას, ელეაზარს, გონების საჭე და მიჰყავდა ღვთისმოსავობის ხომალდი ვნებათა ზღვაში. |
||
2 | მტარვალის მუქარით ღელვილს და წამებათა მძლეველ ტალღებით გარემოცულს, | ||
3 | არსად მცდარი გეზით არ მიუმართავს ღვთისმოსავობის საჭე, ვიდრე უკვდავი გამარჯვების ნავსაყუდელს არ მიადგა. | ||
4 | მრავალგვარი საალყო მანქანებით გარსშემორტყმულ ქალაქს არ გადაუტანია იმდენი, რამდენიც ამ ყოვლაწმიდა კაცმა გადაიტანა, თუმცა მისი წმიდა სიცოცხლე ტანჯვა-წამების ალში იწვოდა, მან სძლია მოალყეებს ღვთისმოსავური გონების უარით. | ||
5 | გონების აზიდვით მაღალ მწვერვალზე თავი დააღწია მამა ელეაზარმა ვნებათა გიჟურ ტალღებს. | ||
6 | მღვდლობის ღირსო მღვდელო, არ წაგიბილწავს შენი წმიდა კბილები და არც ღვთისმოშიშობისთვის და სიწმიდისთვის განკრძალული შენი მუცელი არ შეგირყვნია უსურმაგის ჭამით. | ||
7 | ო, რჯულის თანხმიერო და ღვთიურო ცხოვრების ფილოსოფოსო! | ||
8 | ასეთი უნდა იყოს რჯულის მოქმედი, მისი დამცველი საკუთარი სისხლითა და კეთილშობილური ოფლით, თუნდაც ტანჯვაში სიკვდილი ელოდეს. | ||
9 | შენ, მამაო, ჭირთამძლეობის წყალობით განამტკიცე რჯულისადმი ჩვენი ერთგულება და არც სიწმიდე დაგიგმია, რომელსაც განადიდებდი; არამედ საქმითაც სარწმუნო ჰყავი ღვთაებრივი ფილოსოფიის სიტყვები. | ||
10 | ო, განსაცდელთა მძლეველო ბერიკაცო, ცეცხლზე უფრო გამძლე მოხუცო, ვნებათა დიდო მბრძანებელო, ელეაზარ! | ||
11 | როგორც მამა აარონმა სასაკმევლით ხელში გაარღვია ხალხის ბრბო და ცეცხლოვან ანგელოზზე გაიმარჯვა, | ||
12 | ასევე აარონის შთამომავალმა ელეაზარმა, ცეცხლში ჩაგდებულმა, არ შეიცვალა გონება. | ||
13 |
რაოდენ საოცარია, რომ მოხუცის დაჩაჩანაკებული სხეული, დაუძლურებული ხორცი და მოდუნებული სახსრები განჭაბუკდნენ. |
||
14 | სულში გონების ძალით და ისაკისებრმა გონებამ მრავალთავიან საწამებელ მანქანაზე გაამარჯვებინა. | ||
15 | ო, ნეტარო სიბერევ და პატიოსანო ჭაღარავ, რჯულიერო სიცოცხლევ, რომელიც სიკვდილის ჭეშმარიტმა ბეჭედმა სრულყო! | ||
16 | რაკი ამ მოხუცმა კაცმა გაუძლო სასიკვდილო განსაცდელს ღვთისმოსაობის წყალობით, მაშ, ჭეშმარიტად ვნებათა მბრძანებელი ყოფილა ღვთისნიერი გონება. | ||
17 | იტყვიან: ყველას არ ძალუძს ვნებათა ძლევა, ყველას ხომ არ ახლავს გონიერი აზრიო. | ||
18 | მაგრამ მხოლოდ ისინი დასძლეგვნ ხორციელ ვნებებს, ვინც მთელი გულით შეითვისებენ ღვთისმოსაობას, | ||
19 | და იმის რწმენა ექნებათ, რომ ღმერთში კი არ დაიხოცებიან, არამედ ჩვენი მამამთავრების - აბრაამის, ისაკისა და იაკობის მსგავსად ღმერთში იცოცხლებენ. | ||
20 | ამიტომ ვერვინ ჩაგვითვლის წინააღმდეგობად, თუ ვისმე გონების სისუსტის გამო სძლევს ვნებები. | ||
21 | ვინც ფილოსოფოსთა წესებით ცხოვრობს, როგორც ფილოსოფოსი, და ღმერთი სწამს, | ||
22 | ვინც იცის, რომ ნეტარებაა ყოველგვარი ტანჯვის ღირსეულად დათმენა, განა არ დასძლევს იგი ვნებებს თავისი ღვთისმოსავობით? | ||
23 | რადგან მხოლოდ ბრძენი და მამაცი ადამიანია ვნებათა უფალი. |