ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეოთხე მაკაბელთა

თავი მეცხრე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

რაღას ფიქრობ, მბრძანებელო? ჩვენ ხომ მზად ვართ უმალ დავიხოცოთ, ვიდრე ჩვენი მამა-პაპის მცნებანი დავარღვიოთ.

   
2 ნამდვილად შევარცხვენთ ჩვენს წინაპრებს, თუკი რჯულსა და ჩვენს მრჩეველს მოსეს არ დავემორჩილებით.    
3 ურჯულოების მრჩეველო მბრძანებელო, ჩვენდამი სიძულვილში იმაზე მეტად ნუ შეგვიბრალებ, ვიდრე ჩვენ გვებრალება საკუთარი თავი.    
4 რადგან თავად სიკვდილზე უმძიმესად მიგვაჩნია შენგან შეწყალება - რჯულის დარღვევის ფასად გადარჩენა.    
5 შენ გვემუქრები, წამებით ამოგხდითო სულს, თითქოს ამ ცოტა ხნის წინ ელეაზარისგან არაფერი გესწავლოს.    
6 თუკი ებრაელთა მოხუცებულებმა ღვთისნიერად იცხოვრეს და გაუძლეს სატანჯველს, ბარემ ჩვენ, ახალგაზრდებიც, დავიხოცოთ არად ჩამგდებნი შენგან მოვლენილი სატანჯველისა, რომელზეც გამარჯვება მოიხვეჭა ჩვენმა მოხუცმა მოძღვარმა.    
7 აბა, გამოგვცადე, მბრძანებელო, თუ ჩაკლავ ღვთისნიერებით განმსჭვალულ ჩვენს სულებს? ნუ გგონია, რომ წამებით ჩვენ რაიმე ზიანი მოგვაყენო.    
8 ჩვენ ხომ ამ ტანჯვათა მოთმინებით ამტანნი ღირსების ჯილდოს დავიმსახურებთ და ვიქნებით ღმერთთან, ვისთვისაც ვეწამებით.    
9 შენ კი, ჩვენი სისხლით წაბილწულს, თავად მოგიწევს ღვთის განგებით მარადიული წამება ცეცხლში.    
10 ამ სიტყვების მოსმენისას მარტო მათმა ურჩობამ კი არ გაამძვინვარა მბრძანებელი, არამედ მათ უმადურობაზეც მოერია რისხვა.    
11 უბრძანა მცველებს წინ გამოეგდოთ უფროსი ძმა, ქიტონი გაეხადათ მისთვის და ღვედებით გაეკოჭათ ხელ-მკლავი.    
12 როცა შოლტების ცემისგან დაიღალნენ ჯალათები, ბორბალზე შეაგდეს იგი.    
13 ზედ დააკრეს კეთილშობილი ყრმა და სახსრები დაუწყვიტეს.    
14 თუმცა მთლად დასახიჩრებული იყო, მაგრამ მაინც გმობის სიტყვებს ამბობდა:    
15 უწმინდურო მბრძანებელო და ციური სამართლის მტერო, გულსასტიკო, ასე იმიტომ კი არ მასახიჩრებ, რომ კაცისმკვლელი ან უღვთო ვინმე ვიყო, არამედ იმიტომ, რომ რჯულის დამცველი ვარ.    
16 ჯალათები ეუბნებოდნენ: ჭამე, თავი რომ დაიხსნა წამებისაგანო.    
17

ის კი პასუხობდა: ისე გაუსაძლისი როდი არის ეს თქვენი ბორბალი, რომ გონება დამიხშოს. ასო-ასო ამკუწეთ, დაწვით ჩემი ხორცი, გადამიგრიხეთ სახსრები,

   
18 მთელი ამ სატანჯველით დაგარწმუნებთ, რომ უძლეველნი მხოლოდ ებრაელთა ძენი არიან, როცა მათ ღირსებაზე მიდგება საქმე.    
19 ამას რომ ამბობდა, შეუნთეს ქვეშ ცეცხლი და დაატრიალეს ბორბალი.    
20 ყოველმხრივ სისხლით ირწყვებოდა ბორბალი და ნაკვერჩხალთა გროვას სითხის წვეთები აქრობდა. იარაღის ღერძსაც კი ხორცები ეკიდა.    
21 ძვლებიც რომ დაუმტვრიეს, არც მაშინ დაუკვნესია კეთილშობილ ყრმას - აბრაამის ძეს,    
22 არამედ თითქოსდა ცეცხლში უკვდავად გარდაქმნილი, ღირსეულად უძლებდა წამებას.    
23 ამბობდა: მომბაძეთ, ძმებო, მარტო ნუ შემატოვებთ ასპარეზს, შემომფიცეთ სულიერი ძმობა!    
24 საღვთო და წმიდა ომი გამართეთ რჯულისთვის; ჩვენი მამა-პაპის სამართლიანი განგება წყალობით მოხედავს ჩვენს ხალხს, შურს იძიებს მტარვალ მბრძანებელზე.    
25 ეს თქვა ღვთისდარმა ჭაბუკმა და დალია სული.    
26 ყრმის სულიერი სიმტკიცით გაოცებულმა მცველებმა გამოიყვანეს მომდევნო ძმა, მახვილბრჭყალებიან რკინის ხელებს დაუყენეს წინ, მერე საწამებელ იარაღზე დააკრეს.    
27 ვიდრე აწამებდნენ, ურჩიეს ჭამა, მაგრამ ღირსეული პასუხი მიიღეს.    
28 აფთარივით მხეცებმა რკინის ხელებით დაძარღვეს იგი, ნიკაპამდე ხორცი შემოაგლიჯეს და თავზეც წააძრეს კანი. ის კი იტანდა ამ მძიმე წამებას და ამბობდა:    
29 რაოდენ ტკბილია ყოველგვარი სიკვდილი მამაპაპეული რჯულისთვის და მტარვალს მიმართავდა:    
30 ნუ გგონია, უსასტიკესო მტარვალო, ჩემზე ნაკლებ წამებას უძლებდე, როცა ხედავ როგორ მარცხდება შენი მტარვალური განზრახვა ჩვენი მოთმინებით რჯულის გულისთვის.    
31 მე ხომ სიქველით მონიჭებული სიამის წყალობით ვიმსუბუქებ ტანჯვას,    
32 შენ კი უღვთო მუქარა გაწამებს. ღვთიური რისხვის სამსჯავროს ვერ გაექცევი, უწმიდურო მტარვალო.