ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეოთხე მეფეთა

თავი მეთერთმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

როცა დაინახა ღოთოლიამ, ახაზიას დედამ, რომ მოკვდა მისი შვილი, ადგა და ამოწყვიტა მთელი სამეფო მოდგმა.

1

და გოთოლია, დედამან ოქოზისამან, ვითარცა იხილა, რამეთუ მოსწყდეს შვილნი მისნი, წარწყმიდა ყოველი ნათესავი შარავანდედთა მათ.

2 მაგრამ იეჰოშებაყმა, მეფე იორამის ასულმა, ახაზიას დამ, მოარიდა იოაში, ახაზიას ძე, დასახოცად განწირულ უფლისწულებს და მის ძიძასთან ერთად საწოლ ოთახში დამალა ღოთოლიასგან და ვერ მოკლეს. 2 და აღიქვა იოსაბე, ასულმან მეფისა იორამისამან, დამან ოქოზისამან, იოას, ძე ოქოზიასი, ძმისა თჳსისა, რამეთუ მოიპარა იგი შორის ძეთა მათ მეფისათა, რომელ მოსრნეს, და დამალა იგი და დედამძუძე მისი სენაკსა სასვენებელისასა პირისაგან გოთოლიასა, და არა მოკუდა.
3 ექვს წელს იმალებოდა მასთან ერთად უფლის სახლში, ხოლო ღოთოლია მეფობდა ქვეყანაზე. 3 და იყო მის თანა სახლსა მას უფლისასა მალულად ექუს წელ და გოთოლია მეფობდა ზედა მას ქუეყანასა.
4 მეშვიდე წელს დაიბარა იეჰოიადაყმა მცველთა და მალემსრბოლთა ასისთავები და შეიყვანა ისინი უფლის სახლში. აღთქმა მოსთხოვა მათ, დააფიცა უფლის სახლში და აჩვენა მეფისწული. 4 და წელსა მას მეშჳდესა წარავლინა იუდაე და მოიყვანნა ასისთავნი იგი: ქორრი და რასიმ, და შეიყვანნა იგინი სახლსა მას უფლისასა და აღთქმა-ყო მათ თანა, და აფუცნა იგინი სახელითა უფლისათა და უჩუენა მათ იუდაე, ძე იგი მეფისა.
5 უბრძანა: აი, როგორ უნდა მოიქცეთ: თქვენგან მესამედმა, შაბათს მომსვლელთაგან მეფის სასახლეში უნდა იყარაულოს; 5 და ამცნო მათ და ჰრქუა: ესე სიტყუაჲ არს, რომელი ჰყოთ. სამგან განიწილენით და ერთმან მან ნაწილმან დაიცვას ცვა სახლისა მის სამეუფოსა კართა თანა.
6 მესამედმა - სურის კარიბჭესთან, მესამედმა - კარიბჭესთან, მალემსრბოლთა უკან. მორიგეობით იყარაულეთ სასახლეში. 6 და მეორემან ნაწილმან დაიცუნეს ბჭეთა მათ განსავალთა და მესამე ნაწილი ბჭეთა თანა შემდგომად წინამცორვალთა მათ, და დაიცევით ცვა სახლისა მის.
7 თქვენგან ორმა მესმედმა, შაბათს გამომსვლელთაგან, უფლის სახლში უნდა იყარაულოს მეფის წინაშე. 7 ჴელნი თქუენნი განმზადებულად იპყრენით და ყოველი, რომელი შე- ვიდოდის განაწილებულთა მათ ცვად სახლსა მას უფლისასა, ეკრძალენით ცვასა მას სახლისა მის უფლისა და მეფისა.
8 გარს შემოერტყით მეფეს იარაღით ხელში; ვინც რიგებში შემოვა, მოკვდეს. ედექით მეფეს მისი გამოსვლისას და შესვლისას. 8 გარემოადეგინ მეფესა კაცი და ჭურჭელი ჴელთა თჳსთა, და რომელი შევიდოდის სადაროთ, მოკუედინ. და იგი თავადი იყო მეფისა თანა შესლვასა მისსა და გამოსლვასა.
9 ყველაფერი ისე გააკეთეს ასისთავებმა, როგორც დაარიგა მათ იეჰოიადაყ მღვდელმა: წაიყვანეს თავ-თავისი ხალხი - შაბათს მომსვლელნი შაბათს გამსვლელებთან ერთად და იეჰოიადაყ მღვდელთან მივიდნენ. 9 და ქმნეს ყოველივე ასისთავთა მათ, რომელი ამცნო იუდე მღდელმა ბრძენმან, და შევალნ კაცები იგი განაწილებულნი მცველად შემდგომითი შემდგომად და შევიდეს იუდაე მღდელისა.
10 დაურიგა მღვდელმა ასისთავებს შუბები და ფარები, მეფე დავითს რომ ჰქონდა უფლის სახლში. 10 და მისცა მღდელმან ასისთავთა მათ ოროლები იგი და ჯაჭუ-ჭური დავითის მეფისა, რომელ იყო სახლსა მას უფლისასა.
11

დადგნენ მალემსრბოლები იარაღით ხელში სახლის მარჯვენა ფრთიდან სახლის მარცხენა ფრთამდე, სამსხვერპლოსთან და სახლთან, მეფის ირგვლივ.

11

და მიიღეს ასისთავთა მათ ჯაჭუ-ჭური ჴელთა თჳსთა და გარემოადგეს მარჯუენით მჴრით ტაძრისა მის ვიდრე მარცხენად მჴარადმდე ტაძრისა მის და საკურთხეველისა და სახლსა მას სამეფოსა გარემო.

12 გამოიყვანა მეფისწული, დაადგა შარავანდი და მისცა მოწმობა; გაამეფეს და სცხეს მირონი. ტაშს უკრავდნენ და იძახდნენ: იცოცხლოს მეფემ! 12 და წარმოავლინა მათ ძე იგი მეფისა და მიეცა მას ზედა იეზერი იგი და წამება და სცხო მას და დაადგინა მეფედ, და აღიტყუელნა ერმან და თქუა: ცხონდინ მეფე!
13 შემოესმა ღოთოლიას ხალხის ჩოჩქოლი და გავიდა ხალხთან უფლის სახლში. 13 და ესმა გოთოლიას ჴმაჲ ბგერისა ერისა მრავლისა და შევიდა შორის ერსა მას სახლსა უფლისასა.
14 დაინახა, დგას მეფე წესისამებრ და სარდლები და საყვირები მეფის გვერდით, მხიარულობს ქვეყნის ერი და საყვირებს ახმიანებენ. შემოიგლიჯა სამოსელი ღოთოლიამ და იყვირა: ღალატია! ღალატი! 14 და იხილა და, აჰა, დგა მეფე ზედა სვეტსა მას მსგავსად სახისა მის და მთავარნი იგი და შემასხმელნი და მსტჳნვარნი, და ყოველსა მას ერსა ქუეყანისასა უხაროდა და სტვინვიდეს სტჳრთა, დაიპო სამოსელი თჳსი გოთოლია, ღაღად-ყო და თქუა: განდგა, განდგა.
15 უბრძანა იეჰოიადაყ მღვდელმა. ასისთავებს, ჯარის მეთაურებს და უთხრა: გარეთ გაიყვანეთ. ვინც უკან გაჰყვება, მახვილით მოკალით. რადგან იფიქრა მღვდელმა, უფლის სახლში არ მოკლანო. 15 და ამცნო იუდაე მღდელმან ასისთავთა მათ და, რომელნი-იგი დაედგინნეს ზედა ერსა მას, და ჰრქუა მათ: განიყვანეთ ეგე სადერონით და მიიყვანეთ ეგე უკანაწარ სახლსა მას და მოკალით ეგე მახჳლითა, და ნუ მოჰკლავთ მაგას სახლსა მას ღმრთისასა. და იყოს, ყოველი, რომელი მისდევდეს მას, მოკუედინ მახჳლითა.
16 გზა მისცეს და წავიდა ცხენთა შესასვლელით სასახლისაკენ, და იქ მოკლეს. 16 და მიჰყვეს ჴელი მისა და შეიყვანეს იგი გზასა მას საჴედართასა სახლისა მის სამეუფოჲსათა, და მუნ მოკლეს იგი.
17 დადო იეჰოიადაყმა აღთქმა უფალსა და მეფეს შორის, და ერს შორის, რათა ერი საუფლო ყოფილიყო, და მეფესა და ერს შორის. 17 და აღთქმა-ყო იუდაე მღდელმან შორის უფლისა და შორის მეფისა და შორის ერისა მის ყოფად ერად უფლისა.
18 შევიდა მთელი ქვეყნის ხალხი ბაალის სახლში და დაანგრიეს იგი სამსხვერპლოიანად, დალეწეს მისი გამოსახულებანი და მოკლეს მათანი, ბაალის ქურუმი, სამსხვერპლოების წინ. დააწესა მღვდელმა ზედამხედველობა უფლის სახლზე. 18 და შევიდა ყოველი იგი ერი ქუეყანისა სახლსა მას ბაალისსა და დაამჴვეს იგი და საკურთხეველი მისი და ხატნი მისნი დამუსრნეს წულილად და მატთან, ქურუმი ბაალისი, მოსრნეს წინაშე შესაწირავისა მის, და დაადგინნა მღდელმან მცველნი სახლსა მას უფლისასა.
19 წამოიყვანა ასისთავები, სასახლის მცველები, მალემსრბოლები და ქვეყნის ერი და მათაც გამოიყვანეს მეფე უფლის სახლიდან. მალემსრბოლთა შესასვლელით სამეფო სახლში მივიდნენ და მეფეთა ტახტზე დაჯდა მეფე. 19 და გამოიყვანნა იუდაე მღდელმან ასისთავნი იგი: ქორრი და რასიმ, და ყოველი ერი მის ქუეყანისა და გარდამოიყვანეს მეფე სახლისა მისგან უფლისა, და შეიყვანეს იგი გზასა მის ბჭისასა სახლისა მის სამეუფოჲსა, და დასვეს იგი საყდარსა მას სამეუფოსა.
20 გამხიარულდა მთელი ქვეყნის ერი და დაწყნარდა ქალაქი. ხოლო ღოთოლია მახვილით მოკლეს სამეფო სახლში. 20 და უხაროდა ყოველსა მას ერსა მის ქუეყანასასა, და ქალაქი იგი დამშჳდნა და გოთოლია მოკლეს მახჳლითა სახლსა მას მეფისასა.
    21 და ძე შჳდ წლისა იყო იოას დადგომასა მას მეფედ.