ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეოთხე მეფეთა

თავი მეთოთხმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ისრაელის მეფის იოაშ იოახაზის ძის, მეორე წელს გამეფდა ამაციაჰუ, იოაშის ძე, იუდას მეფე.

1

წელსა მეორესა სუფევასა იოასისათა, ძისა იოაქაზისასა, მეფისა ისრაჱლისა, მეფობდა ამასია, ძე იოასისი, მეფე იუდასი.

2 ოცდახუთი წლისა იყო, რომ გამეფდა და ოცდაცხრა წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო იეჰოყადანი, იერუსალიმიდან. 2 ძე ოცდახუთისა წლისა იყო დადგომასა მას მისსა მეფედ, ოცდაცხრა წელ მეფობდა იერუსალჱმს და სახელი დედისა მისისა - იოადიმ იერუსალჱმით.
3 სწორედ იქცეოდა უფლის თვალში, ოღონდ არა ისე, როგორც მისი მამა დავითი. ყველაფერს ისე აკეთებდა, როგორც იოაში, მამამისი. 3 და ქმნა სიმართლე წინაშე უფლისა, ხოლო არა ვითარ დავით, მამამან მისმან, არამედ, რა ქმნა მამამან მისმან იოას, ქმნა მანცა.
4 ოღონდ გორაკები არ იყო ჯერ კიდევ გაუქმებული. გორაკებზე სწირავდა ხალხი მსხვერპლს და აკმევდა საკმეველს. 4 ხოლო მაღალნი იგი არა მოსპნა და ერი იგი შესწირვიდა და უკმევდეს მაღალთა მათ.
5 როცა ხელში გაუმტკიცდა მეფობა, დახოცა თავისი მორჩილნი, რომელთაც მოკლეს მეფე, მისი მამა. 5 და იყო, ვითარცა დაამტკიცა მეფობაჲ მისი ჴელსა მისსა და მოსრნა მონანი იგი თჳსნი, რომელთა მოკლეს მეფე, მამა მისი.
6 მკვლელების შვილები კი არ დაუხოცავს, როგორც სწერია მოსეს რჯულის წიგნში, უფლის ბრძანებისამებრ: არ უნდა დაისაჯონ სიკვდილით მამები შვილთა გამო და შვილები მამათა გამო. არ უნდა დაისაჯონ სიკვდილით, არამედ თითოეული თავისი დანაშაულისთვის უნდა მოკვდეს. 6 და შვილნი მკულელთანი მათ არა მოსრნა, ვითარცა წერილ არს წიგნსა სჯულისასა, ვითარცა ამცნო უფალმან მოსეს და თქუა: ნუ მოკუდებინ მამა შვილისათჳს და ნუცა მამისათჳს შვილი, არამედ თჳთოეულად ცოდვათათჳს მოკუედინ.
7 მან სძლია ედომელებს მარილოვან ველზე - ათი ათას კაცს, და ბრძოლით აიღო სელაყი და უწოდა სახელად იოკთიელი, როგორც დღემდე ეწოდება. 7 ამან დასცა ედომი გემელექს წყობასა ათი ათასი და გამოიპყრა კლდე იგი ბრძოლით და უწოდა სახელი მისი კათოელ მოდღენდელად დღედმდე.
8 მაშინ გაუგზავნა ამაციამ მოციქულები იოაშს, იოახაზს იეჰუს ძის ძეს, ისრაელის მეფეს და შეუთვალა: მოდი, მოვსინჯოთ ერთმანეთი. 8 მას ჟამსა წარავლინა ამასია მოციქულნი იოასისა, ძისა იოაქაზისა, ძისათჳს იოას მეფისა ისრაჱლისასა და ჰრქუა: მოვედ, შეგიმთხჳვნეთ ურთი- ერთარს პირისპირ.
9 შეუთვალა იოაშ ისრაელის მეფემ ამაციაჰუს, იუდას მეფეს: ლიბანის კვრინჩხმა შეუთვალა ლიბანის კედარს: ცოლად მიათხოვე შენი ასული ჩემს ვაჟს. მაგრამ ჩაიარა ლიბანის გარეულმა მხეცმა და გათელა კვრინჩხი. 9 და მიუგო იოას, მეფემან ისრაჱლისამან, ამასიას, მეფესა იუდისასა, და ჰრქუა: ძეძუმან ლიბანისამან მიუვლინა ფიჭუსა ლიბანისასა და ჰრქუა: მოეც ასული შენი ძესა ჩემსა ცოლად. და წარჴდეს მას ზედა მჴეცნი მაღნარისანი, რომელ იყუნეს ლიბანეს და დატკეპნეს ძეძვი იგი.
10 დაგიმარცხებია ედომი და გადიდგულებულხარ. ღირსეულად გეჭიროს თავი და შენთვის იჯექი სახლში. რისთვის სტეხ შფოთს? შენც დაეცემი და იუდაც შენთან ერთად. 10 და მოსრვით მოსარ ედომი და აღილაღე გულითა შენითა, თავ-იყავ თავსა, დაჯედ სახლსა შენსა, რაჲსა გაზრზენს შენ უკეთურება შენი? და დაეცე შენ და იუდა შენ თანა.
11

ყური არ ათხოვა ამაციაჰუმ, მაშინ გამოვიდა იოაშ ისრაელის მეფე და მოსინჯეს ერთმანეთი, მან და ამაციაჰუმ, იუდას მეფემ ბეთშემეშთან, იუდაში რომ არის.

11

და არა მიერჩოდა ამასია. განვიდა იოას, მეფე ისრაჱლისა, და შეიმთხჳვნეს პირისპირ იგი თავადი და ამასია, მეფე იუდასი, ბეთსამუსა ჰურიასტანისასა.

12 დამარცხდნენ იუდაელები ისრაელიანებთან და თავთავის კარვებში გაიფანტნენ. 12 და იძლია იუდა წინაშე ისრაჱლისა და ივლტოდეს თჳთოეულად სამ- კჳდრებელად თჳსად.
13 ხოლო ამაციაჰუ, იუდას მეფე, იოაშ ახაზიაჰუს ძის ძე, შეიპყრო იოაშ ისრაელის მეფემ ბეთ-შემეშში და მიადგა იერუსალიმს. დაანგრია იერუსალიმის კედელი ეფრემის კარიბჭიდან კუთხის კარიბჭემდე, ოთხასი წყრთის სიგრძეზე. 13 და ამასია, მეფე იუდასი, ძე ოასისი, ძისა აქაზასი, შეიპყრა იოას, მეფემან ისრაჱლისამან, ბეთსამუსსა და მოვიდა იერუსალჱმდ და დაარღჳა ზღუდე ბჭემდე კიდისათა ოთხას წყრთა.
14 წაიღო მთელი ოქრო-ვერცხლი და მთელი ჭურჭელი, რაც კი უფლის სახლში და მეფის სახლის საგანძურებში ინახებოდა, აიყვანა მძევლები და გაბრუნდა სამარიას. 14 და წარიღო ოქრო და ვეცხლი და ყოველი ჭურჭელი, რომელ იპოვა სახლსა მას უფლისასა და სახლსა მას საფასესა მეფისასა და შვილნი იგი უცხოთესლთანი, და მიიქცა სამარიად.
15 იეჰოაშის დანარჩენი საქმენი, რაც გააკეთა და გმირობანი, როგორ ებრძოდა ამაციაჰუს, იუდას მეფეს, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 15 და ნეშტნი სიტყუათა იოასისთანი და რომელ- რა ქმნა ძლიერებითა თჳსითა და წყობა იგი, რომელ ეწყო ამესიას, მეფესა იუდასსა, არა, აჰა, ესერა, წერილ არიანა წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა ისრაჱლისათა?
16 განისვენა იეჰოაშმა თავის მამა-პაპასთან და დაიმარხა სამარიაში ისრაელის მეფეთა გვერდით; მის ნაცვლად მისი ძე იერობოამი გამეფდა. 16 და დაიძინა მამათა თჳსთა თანა და დაეფლა სამარიას მეფეთა მათ თანა ისრაჱლისათა და მეფობდა იორობოამ, ძე მისი, მის წილ.
17 ისრაელის მეფის იეჰოაშ იეჰოახაზის ძის სიკვდილის შემდეგ თხუთმეტი წელი იცოცხლა ამაციაჰუ იოაშის ძემ, იუდას მეფემ. 17 და ცხონდა ამესია, ძე იოასისი, მეფე იუდასი, შემდგომად სიკუდილისა მის იოასისა, ძისა იოაქაზისა, მეფისა ისრაჱლისა, ათხუთმეტ წელ.
18 ამაციაჰუს დანარჩენი საქმენი იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 18 და ნეშტნი სიტყუათა ამესიასთანი და ყოველი, რაცა ქმნა, არა, აჰა, ესერა წერილ არიანა წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა მათ იუდასთა?
19 შეითქვნენ მის წინააღმდეგ იერუსალიმში და თავი შეაფარა მან ლაქიშს. მიუგზავნეს კაცები ლაქიშში და იქ მოკლეს. 19 და შეკრბეს მას ზედა გუნდნი იერუსალჱმდ და მიივლტოდა ლაქისად. და შეუდგეს კვალსა მისსა ლაქისდმდე და მოკლეს იგი მუნ.
20 წამოასვენეს ცხენებით და დამარხეს იერუსალიმში თავისი მამა-პაპის გვერდით, დავითის ქალაქში. 20 და დასდვეს იგი საჴედარსა თჳსსა ზედა და წარმოიღეს და დაფლეს იგი იერუსალჱმსა მამათა თჳსთა თანა, ქალაქსა დავითისასა.
21

გამოიყვანა იუდას მთელმა ხალხმა ყაზარია, თექვსმეტი წლის ყმაწვილი, და მამამისის, ამაციაჰუს ნაცვლად გაამეფეს.

21

და მოიყვანეს ყოველმან ერმან იუდისამან აზარია, ძე მისი, და იგი იყო ათექუსმეტისა წლისა ოდენ, და დაიდგინეს იგი მეფედ მათ ზედა მამისა მისისა წილ ამასიას.

22 მან აღადგინა ელათი და დაუბრუნა იუდას. მერე განისვენა მეფემ თავის მამა-პაპასთან. 22 ამან აღაშენა აელათი და კუალად-აგო იუდა შემდგომად სიკუდილისა მისისა მამათა თჳსთა თანა.
23 იუდას მეფის ამაციაჰუ იოაშის ძის მეთხუთმეტე წელს გამეფდა იერობოამ იოაშის ძე, ისრაელის მეფე, სამარიაში და იმეფა ორმოცდაერთი წელი. 23 წელსა მას მეათერთმეტესა ამასიასისა, მეფისა იუდასისა, მეფობდა იორობოამ, ძე იოასისი, მეფე ისრაჱლისა, ზედა ისრაჱლსა სამარიასა ორმეოცდაერთ წელ.
24 უკუღმართად იქცეოდა იგი უფლის თვალში და არ მიუტოვებია იერობოამ ნაბატის ძის ცოდვები, რომელმაც შეაცდინა ისრაელი. 24 და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა და არა განეშორა ყოველსა მას ცოდვასა იორობოამისასა, ძისა ნაბატისასა, რომელმან-იგი აცთუნა ისრაჱლი.
25 მან აღადგინა ისრაელის საზღვრები ხამათის ყელიდან უდაბნოს ზღვამდე, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს, ისრაელის ღმერთს, თავისი მორჩილის, გათხეფერელი წინასწარმეტყველის, იონა ამითაის ძის, პირით. 25 მოიპყრა საზღვარი ისრაჱლისა შთასავალთა მათგან ემათისთა ვიდრე ზღუადმდე არაბიასა მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა, რომელსა იტყოდა ჴელითა მონისა თჳსისა იონა წინაწარმეტყუელისათა, ძისა ამასია გეთელისათა.
26 რადგან დაინახა უფალმა ისრაელის გაჭირვება, ძალზე მწარე, არ დარჩენილა არც ყმა და არც აზატი, და არ ჰყავდა შემწე ისრაელს. 26 რამეთუ იხილა უფალმან ურვა იგი ისრაჱლისა დიდი სიმწარისა და შემცირებულნი და ჭირვეულნი და ნაკლულევანნი და ჴუებულნი, და არა ვინ იყო შემწე ისრაჱლისა.
27 არ ინება უფალმა ისრაელის სახსენებლის მოსპობა ცისქვეშეთიდან და იერობოამ იოაშის ძის ხელით იხსნა იგი. 27 და არა უნდა უფალსა აჴოცად ნათესავი ისრაჱლისა ქუეშე ცასა და იჴსნნა იგინი უფალმან ჴელთაგან იორობოამისითა, ძისა იოსიასთა.
28 იერობოამის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გააკეთა, მისი გმირობანი, რომ იბრძოდა და ისრაელს დაუბრუნა იუდას კუთვნილი დამასკო და ხამათი, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 28 და ნეშტნი სიტყუათა იორობოამისათა და ყოველი, რაცა ქმნა, და ყოველნი ძალნი მისნი, რომლითა ჰბრძოდა და ვითარ-იგი დაიპყრა დამასკე და ემათი ისრაჱლისაგან, არა აჰა, ესერა, წერილ არიანა წიგნთა სიტყუათა დღეთა მეუფეთა ისრაჱლისათა?
29 განისვენა იერობოამმა თავის მამა-პაპასთან, ისრაელის მეფეებთან. მის ნაცვლად მისი ძე ზაქარია გამეფდა. 29 და დაიძინა იორობოამ მამათა თჳსთა თანა მეფეთა მათ თანა ისრაჱლისათა. და მეფობდა აზარია, ძე ამესიასი, მამისა თჳსისა წილ.