ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეოთხე მეფეთა

თავი მეთხუთმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

იერობოამ ისრაელის მეფის ოცდამეშვიდე წელს გამეფდა ყაზარია ამაციაჰუს ძე, იუდას მეფე.

1

წელსა ოცდამეშჳდესა იორობოამისასა, მეფისა ისრაჱლისასა, მეფობდა აზარია, ძე ამესიასი, მეფისა იუდასი.

2 თექვსმეტი წლისა იყო, რომ გამეფდა და ორმოცდათორმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. მისი დედა იყო იექოლიაჰუ, იერუსალიმელი. 2 ძე ათექუსმეტის წლისა იყო დადგომასა მისსა მეფედ და ერგასისდაორ წელ მეფობდა იერუსალჱმსა ზედა და სახელი დედისა მისისა იექელთა იერუსალჱმით.
3 სწორედ იქცეოდა უფლის თვალში, ისევე, როგორც მამამისი ამაციაჰუ. 3 და ქმნა კეთილი წინაშე უფლისა მსგავსად ყოვლისა მის, რაცა ქმნა ამასია, მამამან მისმან.
4 ოღონდ გორაკები არ იყო გაუქმებული: გორაკებზე სწირავდა მსხვერპლს ხალხი და აკმევდა საკმეველს. 4 ხოლო მაღალნი იგი არავე მოსპნა და ერი იგი უზორვიდეს და უკმევდეს საკუმეველსა მაღალთა მათ.
5 დასაჯა იგი ღმერთმა და სიკვდილამდე კეთროვანი იყო, და ცხოვრობდა სამკურნალო სახლში. იოთამი, მეფისწული, სასახლეს ზედამხედველობდა და განსჯიდა ქვეყნის ხალხს. 5 და მიყო უფალმან ჴელი მეფესა მას, და გარდაასხა მას ზედა კეთროვანება ვიდრე დღედმდე სიკუდილისა მისისა. და დაჯდა სახლსა შინა დაფარულად აფფოთ. და იოათამ, ძე მეფისა, იყო ზედა სახლსა მას და შჯიდა ერსა მას მის ქუეყანისასა.
6 ყაზარიას დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გააკეთა, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 6 და ნეშტნი სიტყუათა აზარიასთანი და ყოველი, რა ქმნა, არა, აჰა, ესერა წერილ არიანა წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა მათ იუდასთა?
7 განისვენა ყაზარიამ თავის მამა-პაპასთან და დამარხეს იგი თავისი მამა-პაპის გვერდით დავითის ქალაქში. მის ნაცვლად მისი ძე იოთამი გამეფდა. 7 და დაიძინა აზარია მამათა თჳსთა თანა და დაფლეს იგი ქუეყანასა მას დავითისასა და მეფობდა იოათამ, ძე მისი, მის წილ
8 იუდას მეფის, ყაზარიას, ოცდამეთვრამეტე წელს გამეფდა ზაქარია იერობოამის ძე ისრაელზე სამარიაში და ექვსი თვე იმეფა. 8 წელსა მას ოცდამეთურამეტესა აზარია მეფისა იუდასსა და მეფობდა ზაქარია, ძე იორობოამისი, ისრაჱლსა ზედა სამარიას ექუს თუჱ.
9 უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც მისი მამა-პაპა იქცეოდა. არ განრიდებია იერობოამ ნაბატის ძის ცოდვებს, რომელმაც შეაცდინა ისრაელი. 9 და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა, ვითარცა ქმნეს მამათა მისთა, და არა განეშორა ცოდვასა მას იორობოამისსა, ძისა ნაბატისსა, რომელმან აცთუნა ისრაჱ ლი.
10 შეთქმულება მოუწყო მას შალუმმა, იაბეშის ძემ, და მოკლა იგი კაბალ-ყამმა და გამეფდა მის ნაცვლად. 10 და მიეტევნეს მას ზედა სელემ და კედბადიმ, ძენი იაბისნი, და დასცეს იგი წინაშე ერისა მის და მოკლეს იგი. და მეფობდა სელემ მის წილ.
11

ზაქარიას დანარჩენი საქმენი ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.

11

და ნეშტნი სიტყუათა ზაქარიასთანი, აჰა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა მათ ისრაჱლისათა.

12 ასეთი იყო უფლის სიტყვა, რომელიც გამოუცხადა მან იეჰუს: მეოთხე თაობამდე ისხდებიან შენი შვილები ისრაელის ტახტზე. და ახდა კიდეც. 12 ესე არს სიტყვა იგი უფლისა, რომელსა ეტყოდა იუს და ჰრქუა: ნაშობნი შენნი მეოთხედ დასხდენ საყდარსა ისრაჱლისასა. და იყო ეგრე.
13 შალუმ იაბეშის ძე გამეფდა იუდას მეფის, ყუზიას, ოცდამეცხრამეტე წელს და ერთი თვე იმეფა სამარიაში. 13 და სელემ, ძე იოაბისი, მეფობდა სამარიას თვე ერთ წელსა მას ოცდამეათცხრამეტესა აზარია მეფისა იუდასასა.
14 წამოვიდა მენახემ გადის ძე თირცადან და მოადგა სამარიას. დაამარცხა შალუმ იაბეშის ძე სამარიაში, მოკლა იგი და გამეფდა მის ნაცვლად. 14 და გამოვიდა მანაელ, ძე გადდისი, თერსით და შევიდა სამარიად და სცა სელიმს, ძესა იაბისასა, და მოკლა იგი და მეფობდა მის წილ.
15 შალუმის საქმენი და მისი შეთქმულების ამბავი, რომელიც მან მოაწყო, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 15 და ნეშტნი სიტყუათა სელემისათანი და კრებანი მისნი, რომელთა კრება-ყო, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა ისრაჱლისათა.
16 მაშინ მოსრა მენახემმა თიფსახი და ყველაფერი, რაც მასში იყო; მოსრა მთელი მხარე თირცადან მოყოლებული, რადგან არ გააღეს კარიბჭეები. შუაზე გააპო ყველა ორსული ქალი. 16 მას ჟამსა დასცა მანაელ თერსა და ყოველი, რა იყო მას შინა და ყოველი საზღვარი თერსისი, რამეთუ არა განუღეს მას, და მოსრა იგი და მაკენი მისნი განაპნა.
17 იუდას მეფის, ყაზარიას, ოცდამეცხრამეტე წელს გამეფდა მენახემ გადის ძე, ისრაელის, მეფე და ათი წელი იმეფა სამარიაში. 17 წელსა ოცდამეათცხრამეტესა აზარია მეფისა იუდასისა მეფობდა მანაელ, ძე გადდისი, ისრაჱლსა ზედა სამარიას ათ წელ.
18 უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში, არ განრიდებია მთელი თავისი სიცოცხლე იერობოამ ნაბატის ძის ცოდვებს, რომელმაც შეაცდინა ისრაელი. 18 და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა და არა განეშორა ჟამსა მას ცოდვასა იერობოამისსა, ძისა ნაბატისასა, რომელმან-იგი აცთუნა ისრაჱლი ცოდვითა თჳსითა.
19 წამოვიდა ფული, აშურის მეფე, ქვეყნისაკენ და მისცა მენახემმა ფულს ათასი ქანქარი ვერცხლი, რომ ყოფილიყო მისი შემწეობის ქვეშ და მტკიცედ სჭეროდა ხელში მეფობა. 19 და გამოვიდა ფუა მეფე ასურასტანით ქუეყანასა მას ზედა და მანაელ მისცა მას ათასი სასწორი ვეცხლისა, რათა იყოს ჴელ-ცემულ მისა და ამტკიცნეს მეფობა მისი ჴელითა მისითა.
20 დააკისრა მენახემმა ეს ვერცხლი ისრაელს, ყველა შეძლებულ კაცს - კაცზე ორმოცდაათი შეკელი აშურის მეფისთვის მისაცემად. უკან გაბრუნდა აშურის მეფე, არ გაჩერებულა იქ, ქვეყანაში. 20 და გამოიღო მანაელ ვეცხლი ყოვლისაგან ისრაჱლისა და ყოველთა მათ ჴელმწიფეთაგან, რომელთა ძალ-ედვა მიცემად მეფესა მას ასურასტანისასა ერგასის-ერგასისი სასწორი ვეცხლისა თჳთოეულად კაცად-კაცადსა. და კუალადიქცა მეფე იგი ასურასტანისა და არა დადგა ქუეყანასა მას.
21

მენახემის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გააკეთა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.

21

და ნეშტნი სიტყუათა მანაელისთანი და ყოველი, რაცა ქმნა, არა, აჰა, ესერა, წერილ არიანა წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა ისრაჱლისათა?

22 განისვენა მენახემმა თავის მამა-პაპასთან და მის ნაცვლად მისი ძე, ფეხაკია გამეფდა. 22 და დაიძინა მანაელ მამათა თჳსთა თანა და მეფობდა ფაკეა, ძე მისი, მის წილ.
23 იუდას მეფის, ყაზარიას ორმოცდამეათე წელს გამეფდა ფეკახია მენახემის ძე ისრაელზე სამარიაში და ორი წელი იმეფა. 23 წელსა მას ოცდამეათესა აზარია მეფისა იუდასა მეფობდა ფაკეა ზედა ისრაჱლსა სამარიას ათ წელ.
24 უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში, არ განრიდებია იერობოამ ნაბატის ძის ცოდვებს, რომელმაც შეაცდინა ისრაელი. 24 და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა და არა განეშორა ცოდვასა მას იორობოამისასა, ძისა ნაბატისასა, რომელმან-იგი აცთუნა ისრაჱლი.
25 შეთქმულება მოუწყო მას ფეხაკმა, რემალიაჰუს ძემ, მისმა კარისკაცმა, მიუხდა სამარიაში, მეფის სასახლის დარბაზში, არგობთან და არიასთან ერთად, თან ორმოცდაათი გალაადელი ახლდა - მოკლა იგი და გამეფდა მის ნაცვლად. 25 და მოუჴდა მას ზედა ფაკეა, ძე რრომელისა, სპარაზენი იგი თჳსი, და დასცა იგი სამარიას წინაშე უფლისა სახლსა მას სამეუფოსა და მის თანა იყუნეს არგობა და არა და მის თანა ერგასის კაცი ოთხასთა მათგანი, და მოკლა იგი და მეფობდა მის წილ.
26 ფეკახიას დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გაუკეთებია, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 26 და ნეშტნი სიტყუათა ფაკეასთანი და ყოველი, რაჲცა ქმნა, აჰა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა მათ ისრაჱლისათა.
27 იუდას მეფის, ყაზარიას ორმოცდამეთორმეტე წელს გამეფდა ფეკას რემალიაჰუს ძე ისრაელზე სამარიაში და იმეფა ოცი წელი. 27 წელსა მას ერგასისდამეორესა აზარია მეფისა იუდასასა მეფობდა ფაკეა, ძე რრომელისი, ზედა ისრაჱლსა სამარიას ოც წელ.
28 უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში; არ განრიდებია იერობოამ ნაბატის ძის ცოდვებს, რომელმაც შეაცდინა ისრაელი. 28 და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა და არა განეშორა ჟამსა მას ცოდვასა იორობოამისსა, ძისა ნაბატისსა, რომელმან აცთუნა ისრაჱლი.
29 ისრაელის მეფის, ფეკახის დროს მოვიდა თიგლათფილასარი, აშურის მეფე, აიღო ყიონი, აბელ-ბეთ-მაყაქა, იანოახი, კედეში, ხაცორი, გალაადი და გალილა, მთელი ნაფთალის ქვეყანა და აშურში გადაასახლა ხალხი. 29 და დღეთა ფაკეა მეფისა ისრაჱლისათა მოვიდა თეგლათფალასარ, მეფე ასურასტანისა, და წარიღო აინი და კაბელი და ბეთმაქა და ანუქი და კენეეზი და სური და გალაადი და გალილეა და ყოველი იგი ქუეყანა ნეფთალიმისი და წარტყუენა იგი ასურასტანად.
30 შეთქმულება მოუწყო ჰოშეაყ ელიას ძემ ფეკახ რემალიაჰუს ძეს, სძლია მას, მოკლა და გამეფდა მის ნაცვლად იოთამ ყუზიას ძის მეოცე წელს. 30

და წარიქცია გუნდი ოსევ, ძემან ელიასმან, ზედა ფაკეს, ძესა რრომელისასა, სცა და მოკლა იგი და მის წილ მეფობდა წელსა მეოცესა იოათამისსა, ძისა ოზიასსა.

31

ფეკახის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გაუკეთებია, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.

31 და ნეშტნი სიტყუათა ფაკეასთანი და ყოველი, რაცა ქმნა, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა ისრაჱლისათა.
32 ისრაელის მეფის, ფეკახ რემალიაჰუს ძის მეორე წელს გამეფდა იოთამ ყუზიას ძე, იუდას მეფე. 32 წელსა მეორესა ფაკეე, ძისა რრომელისასა, მეფისა ისრაჱლისასა, მეფობდა იოათამ, ძე ოზია მეფისა იუდასი.
33 ოცდახუთი წლის იყო, როცა გამეფდა და თექვსმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო იერუშა, ცადოკის ასული. 33 ძე ოცდახუთის წლისა იყო დადგომასა მისსა მეფედ და ათექუსმეტ წელ მეფობდა იერუსალჱმს და სახელი დედისა მისისა - იერუსა, ასული სადუკისი.
34 სწორად იქცეოდა უფლის თვალში; მამამისი ყუზია როგორც იქცეოდა, ისევე იქცეოდა იგი. 34 და ქმნა სამართალი წინაშე უფლისა მსგავსად ყოვლისავე, რომელ ქმნა ოზია, მამამან მისმან.
35 ოღონდ გორაკები არ იყო გაუქმებული; ჯერაც გორაკებზე სწირავდა ხალხი მსხვერპლს და აკმევდა საკმეველს. მან აღადგინა უფლის სახლის ზემო კარიბჭე. 35 გარნა მაღალნი იგი არა მოსპნა და ერი იგი უზორვიდეს და უკმევდეს საკუმეველთა მაღალთა მათ. მან აღაშენა ბჭენი იგი სახლისა მის უფლისანი მაღალნი.
36 იოთამის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გაუკეთებია, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 36 და ნეშტნი სიტყუათა იოთამისათანი და ყოველი, რაცა ქმნა, არა, აჰა, ესერა, წერილ არიანა წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფისა იუდასთა?
37 იმხანებში შეუჩინა უფალმა იუდას რეცინი, არამის მეფე, და ფეკახ რემალიაჰუს ძე. 37 მათ დღეთა შინა მიავლინა უფალმან იუდასა ზედა რასონ, მეფე ასურასტანისა, და ფაკეე, ძე რრომელისი.
38 განისვენა იოთამმა თავის მამა-პაპასთან და დაიმარხა თავისი მამა-პაპის გვერდით თავისი მამის დავითის ქალაქში და მის ნაცვლად მისი ძე ახაზი გამეფდა. 38 და დაიძინა იოათამ მამათა თჳსთა თანა და დაეფლა მამათა თჳსთა თანა ქალაქსა დავითისსა. და მეფობდა აქაზ, ძე მისი, მის წილ.