ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ფეკახ რემალიაჰუს ძის მეჩვიდმეტე წელს გამეფდა ახაზ იოთამის ძე, იუდას მეფე. |
1 |
წელსა მას მეათჩჳდმეტესა სუფევასა ფაკეს, ძისა რრომელისასა, მეფობდა აქაზ, ძე იოათამისი. |
2 | ოცი წლისა იყო ახაზი, როცა გამეფდა და თექვსმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. არ იქცეოდა სწორად უფლის, თავისი ღვთის თვალში, როგორც იქცეოდა მამამისი დავითი. | 2 | ძე ოცდახუთის წლისა იყო აქაზ დადგომასა მისსა მეფედ. ათექუსმეტ წელ მეფობდა იერუსალჱმს და არა ქმნა სამართალი წინაშე უფლისა ღმრთისა, ვითარცა-იგი დავით, მამამან მისმან. |
3 | დადიოდა ისრაელის მეფეთა გზით; თავისი შვილიც კი ცეცხლში გაატარა, იმ წარმართთა ბილწი ჩვეულებისამებრ, რომელნიც აჰყარა უფალმა ისრაელიანთაგან. | 3 | და ვიდოდა გზათა იორობოამისთა, ძისა ნაბატისსა, მეფისა ისრაჱლისასა, ამან შვილნიცა თჳსნი შესთხივნა ცეცხლსა მსგავსად საძაგელებისა მის ნათესავთა მათ, რომელნი მოსპნა უფალმან პირისაგან ძეთა ისრაჱლისათა. |
4 | მსხვერპლს სწირავდა და საკმეველს აკმევდა გორაკებზე, ბორცვებზე და ყოველი ხემხვივანის ქვეშ. | 4 | და უზორვიდა და უკმევდა მაღალთა მათ ზედა ბორცუთა და ქუეშე ყოველთა ხეთა მაგრილობელთა. |
5 | მაშინ აღდგნენ რეცინი, არამის მეფე, და ფეკახ რემალიაჰუს ძე, ისრაელის მეფე, იერუსალიმის წინააღმდეგ საომრად, მოიმწყვდიეს ახაზი, მაგრამ ვერ სძლიეს მას. | 5 | მას ჟამსა გამოვიდა რაასონ, მეფე ასურასტანისა, და ფაკეე, ძე რრომელისი, მეფე იგი ისრაჱლისა, იერუსალჱმსა ზედა ბრძოლად და მოიცვეს იგი აქაზის ზე და ვერ შეიძლეს დაპყრობად მისა. |
6 | იმხანად დაუბრუნა რეცინმა, არამის მეფემ, ელათი არამს და აჰყარა იუდაელები ელათიდან. ედომელები შევიდნენ ელათში და დღემდე იქ ცხოვრობენ. | 6 | მას ჟამსა დაიპყრა რაასონ, მეფემან ასურასტანისამან, აილათი და გამოიყვანნა ურიანი აილათით. და მოვიდეს ედომელნი და დაემკჳდრნეს აილათს მოდღენდელად დღედმდე. |
7 | გაუგზავნა ახაზმა თიგლათფალასარს, აშურის მეფეს, მოციქულები და შეუთვალა: შენი მორჩილი და შენი შვილი ვარ მე. მოდი და მიხსენი არამის მეფისა და ისრაელის მეფისგან, რომელნიც აღდგნენ ჩემს წინააღმდეგ. | 7 | და წარავლინნა აქაზ მოციქულნი თეგლათფალსარ მეფისა მის ასურასტანისა და ჰრქუა: მონა შენი, შვილი შენი ვარ მე. გამოვედ და მიჴსენ მე ჴელთაგან მეფისა ასურთასა და ჴელთაგან მეფისა ისრაჱლისათა, რამეთუ აღდგომილ არიან ჩემ ზედა. |
8 | აიღო ახაზმა ოქრო-ვერცხლი, რაც კი უფლის სახლში და მეფის სახლის საგანძურებში იპოებოდა და ძღვნად გაუგზავნა აშურის მეფეს. | 8 | და მოიღო ოქრო და ვეცხლი, რომელ იპოვა საფასესა სახლსა უფლისასა და სახლსა მას სამეფოსა და მიუძღვანა მეფესა მას ასურთასა ძღუნად. |
9 | ისმინა მისი აშურის მეფემ და მოადგა აშურის მეფე დამასკოს, აიღო იგი, ხალხი კირში გადაასახლა, ხოლო რეცინი მოკლა. | 9 | და ისმინა მისი მეფემან ასურასტანისამან და გამოვიდა მეფე იგი ასურთა ზედა დამასკესა და დაიპყრა იგი და წარტყუენა იგი, და კვირენ და რაასონ მოსრნა. |
10 | წავიდა მეფე ახაზი აშურის მეფის, თიგლათფალასარის მისაგებებლად დამასკოში; ნახა სამსხვერპლო, დამასკოში რომ იყო, და გაუგზავნა მეფე ახაზმა ურია მღვდელს სამსხვერპლოს ნახატი და მთელი ნაგებობის გეგმა. | 10 | და წარვიდა მეფე აქაზ და მიეგებოდა თეგლათფალსარს, მეფესა მას ასურთასა, დამასკედ. და იხილა აქაზ საკურთხეველი იგი, რომელი იყო დამასკეს. და წარავლინა მეფემან აქაზ ურია მღდელისა და მიუძღუანა ზომი და მოასწავა მსგავსება ქმნულებისა მისისა. |
11 |
ააშენა ურია მღვდელმა სამსხვერპლო; როგორც შეუთვალა მეფე ახაზმა დამასკოდან, ისე გააკეთა ყველაფერი ურია მღვდელმა მეფე ახაზის დაბრუნებამდე დამასკოდან. |
11 |
და ქმნა ურია მღდელმან საკურთხეველი იგი მსგავსად ქმნულებისა მის, ვითარცა უბრძანა მეფემან აქაზ დამასკეთ, ეგრევე სახედ ქმნა ურია მღდელმან ვიდრე მოსლვადმდე აქაზ მეფისა დამასკედ. |
12 | დაბრუნდა მეფე დამასკოდან და იხილა მეფემ სამსხვერპლო, მიეახლა მეფე სამსხვერპლოს და მიიტანა მსხვერპლი. | 12 | იხილა საკურთხეველი იგი და აღჴდა მეფე საკურთხეველსა მას ზედა და შეწირნა შესაწირავნი იგი თჳსნი და მსხუერპლნი, და სათნონი. |
13 | და დაწვა აღსავლენი მსხვერპლი და შესაწირავი, დაღვარა საღვრელი, და თავისი სამადლობელი მსხვერპლის სისხლი ასხურა სამსხვერპლოს. | 13 | და დასთხია სისხლი დასამშჳდებელთა თჳსთა. |
14 | სპილენძის სამსხვერპლო კი, უფლის წინაშე რომ იდგა, გადაანაცვლა ტაძრის წინა მხრიდან, სამსხვერპლოსა და უფლის სახლის შუა ადგილიდან და მოათავსა სამსხვერპლოს გვერდით ჩრდილოეთის მხარეს. | 14 | და საკურთხეველი იგი რვალისა, რომელ დგა წინაშე უფლისა, ცვალა პირისაგან სახლისა უფლისა ადგილით თჳსით და დადგა იგი ბღუარით კერძო საკურთხეველსა მას. |
15 | ასე უბრძანა მეფე ახაზმა ურია მღვდელს: დიდ სამსხვერპლოზე დაწვი დილის აღსავლენი მსხვერპლი და საღამოს ძღვენი, მეფის აღსავლენი მსხვერპლი და მისი ძღვენი, ქვეყნის მთელი ხალხის აღსავლენი მსხვერპლი, მათი ძღვენი და მათი საღვრელი; ყოველი აღსავლენის სისხლი და ყოველი საკლავის სისხლი ასხურე მას; სპილენძის სამსხვერპლო კი სამკითხაოდ მექნება. | 15 | და ამცნო მეფემან აქაზ ურიას მღდელსა და ჰრქუა: ზედა საკურთხეველსა მაგას დიდსა შესწირნე შესაწირავნი იგი ცისკრისანი და შესაწირავნი მწუხრისანი და შესაწირავნი მეფისანი და მსხუერპლნი მისნი და შესაწირავი ერისა მაგის ქუეყანისა და ზორვილნი მათნი და მსხუერპლნი მათნი და ყოველი სისხლი მსხუერპლთა მათთა და ყოველი ზორვილთა მათ დაასხა მას ზედა. და საკურთხეველი იგი სპილენძისა იყოს ჩემდა აღსამსთობელად. |
16 | ყველაფერი ისე გააკეთა ურია მღვდელმა, როგორც უბრძანა მას მეფე ახაზმა. | 16 | და ყო ურია მღდელმან მსგავსად ყოვლისა მის მცნებისა, ვითარცა ამცნო მას მეფემან აქაზ. |
17 | მოახლიჩა მეფე ახაზმა კედლები კვარცხლბეკებს, მოხსნა მათი საბანელი, ჩამოიღო ზღვა სპილენძის ხარებიდან, რომლებზედაც იდგა ის, და ქვის იატაკზე დადგა. | 17 | დაჭრა მეფემან აქაზ კარშიკები მექონოთთა მათ და ცვალნა მათგან ავაზანნი იგი, და ზღუაჲ იგი გარდამოიღო კუროთა მათგან ათორმეტთა სპილენძისათა, რომელ იყუნეს ქუეშე მისსა, და დადვა იგი ზედა ქვებსა ხარისხსა. |
18 | საშაბათო ტალანი, სახლში რომ იყო გაყვანილი, და გარეთა სამეფო შესასვლელი უფლის სახლისკენ მოაქცია აშურის მეფის გულისთვის. | 18 | და საძირკველი საყდრისა მის აღაშენა სახლსა მას უფლისასა, დამშჳდებით იყო შესლვა და გასლვა მეფისა სახლსა მას უფლისასა პირისაგან მეფისა მის ასურასტანელისათა. |
19 | ახაზის დანარჩენი საქმენი, რაც გაუკეთებია, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. | 19 | და ნეშტნი სიტყუათა აქაზისთანი, რომელ ქმნნა, აჰა, არა წერილ არიანა წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა მათ იუდასთასა? |
20 | განისვენა ახაზმა თავის მამა-პაპასთან და დაიმარხა თავისი მამა-პაპის გვერდით დავითის ქალაქში. მის ნაცვლად მისი ძე, ხიზკიაჰუ გამეფდა. | 20 | და დაიძინა აქაზ მამათა თჳსთა თანა ქალაქსა დავითისსა. და მეფობდა ეზეკია, ძე მისი, მის წილ. |