ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეოთხე მეფეთა

თავი მეჩვიდმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

იუდას მეფის, ახაზიას მეთორმეტე წელს გამეფდა ჰოშეაყ ელას ძე სამარიაში ისრაელზე და იმეფა ათი წელი.

1

წელსა მეათორმეტესა აქაზიას, მეფისა იუდასა, მეფობდა იოსე, ძე ელიასი, ზედა ისრაჱლსა სამარიას ცხრა წელ.

2 უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში, თუმცა არც ისე, როგორც ისრაელის მეფეები, მასზე წინ რომ იყვნენ. 2 და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა, ხოლო არა ვითარ მეფეთა მათ ისრაჱლისათა, რომელნი იყუნეს წინა მისსა.
3 მის წინააღმდეგ წამოვიდა შალმანესერი, აშურის მეფე, და შეიქნა ჰოშეაყი მისი მორჩილი და უხდიდა ხარკს. 3 მას ზედა მოუჴდა სალმანასარ, მეფე ასურასტანისა, და ემონა მას ოსეე და უძუღნობდენ მას მანანასა.
4 მიუხვდა აშურის მეფე ჰოშეაყს ღალატს, რადგან მოციქულებს უგზავნიდა იგი სოს, ეგვიპტის მეფეს, და აღარ უხდიდა აშურის მეფეს ხარკს ყოველწლიურად. დაატუსაღა იგი აშურის მეფემ და საპყრობილეში ჩასვა. 4 და პოვა მეფემან ასურასტანისამან ოსეეს თანა ზაკვა და წარავლინნა მოციქულნი სოვა მეფისა მიმართ მეგჳპტელთასა. და არა მისცა მან მანანა მეფესა მას ასურთასა მას წელსა. და მოიცვა იგი მეფემან ასურასტანისამან და შეაყენა სახლსა მას საპყრობელისასა.
5 მოადგა აშურის მეფე მთელს ქვეყანას, მოადგა საპარიას და სამ წელიწადს ალყაში ჰყავდა. 5 და გამოვიდა მეფე იგი ასურასტანისა ყოველსა მას ქუეყანასა და მი- ვიდა სამარიადცა და გარემოადგა მას სამ წელ.
6 ჰოშეაყის მეცხრე წელს აიღო აშურის მეფემ სამარია, აშურში გადაასახლა ისრაელი და ხალახში, ხაბორთან, გოზანის მდინარესთან, და მიდიელთა ქალაქებში დაასახლა. 6 წელსა მეცხრესა ოსესსა გამოიპყრა მეფემან ასურასტანისამან სამარია და წარტყუენა ისრაჱლი ასურასტანად. და დააშენნა იგინი იალათას და იაბორს, მდინარეთა მათ გოვიზანისათა და მთათა მათ მედონელთა.
7 და როცა შესცოდეს ისრაელიანებმა უფალს, თავიანთ ღმერთს, რომელმაც გამოიყვანა ისინი ეგვიპტიდან და გამოიხსნა ფარაონის, ეგვიპტელთა მეფის ხელიდან, თაყვანი დაუწყეს უცხო ღმერთებს, 7 და იყო რისხვა უფლისა ისრაჱლსა ზედა, რამეთუ შესცოდეს ძეთა მათ ისრაჱლისათა უფალსა ღმერთსა თჳსსა, რომელმან გამოიყვანნა იგინი ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთასა ჴელთაგან ფარაოს მეფისა ეგჳპტელთასა და ეშინოდა მათ ღმერთთა მათთაგან უცხოთა.
8 აჰყვნენ იმ ხალხთა ჩვეულებებს, რომელნიც აჰყარა უფალმა ისრაელიანთაგან და ისრაელის მეფეთა ჩვეულებებს, როგორც ისინი იქცეოდნენ, 8 და ვიდოდეს მსგავსად სახისა მის მათ ნათესავთასა, რომელნი მოსპნა უფალმან პირისაგან ძეთა ისრაჱლისათა და მეფეთა ისრაჱლისათა, რაოდენ-რა ქმნეს.
9 იწყეს უჯეროდ ლაპარაკი ისრაელიანებმა უფალზე, თავიანთ ღმერთზე, გამართეს გორაკები ყველა ქალაქში საყარაულო გოდოლიდან მოყოლებული ციხე-ქალაქამდე, 9 და რაოდენ-რა შეამკუნეს ძეთა ისრაჱლისათა სიტყუანი არა უფლისა ღმრთისა თჳსისათჳს და იშენნეს თავისა თჳსისა მაღალნი ყოველთა მათ ქალაქთა თჳსთა გოდლითგან საეგბუროთ ვიდრე ქალაქთა მათ ძნელთამდე.
10 დაიდგეს ქანდაკებები და აშერები ყველა მაღალ ბორცვზე და ყოველი ხემხვივანის ქვეშ, 10 და აღმართნეს ძეგლნი და სერტყნი ყოველთა ბორცუთა მაღალთა და ყოველსა ხესა ქუეშე ბორობანსა.
11

საკმეველს აკმევდნენ იქ, ყოველ გორაკზე, იმ ხალხთა მსგავსად, რომელნიც აჰყარა მათგან უფალმა, ავ საქმეებს სჩადიოდნენ, რომ განერისხებინათ უფალი,

11

და უკმევდეს საკუმეველსა ყოველთა მათ მაღალთა, ვითარცა ყოველნი იგი ნათესავნი, რომელნი მოსრნა უფალმან პირისაგან მათისა. და ეზიარნეს და შეითქუნეს განსარისხებელად უფლისა.

12 ემსახურებოდნენ კერპებს, რაზეც ნაბრძანები ჰქონდა მათთვის უფალს: ნუ იზამთო ამ საქმეს, 12 და მსახურეს კერპთა, რომელთა ჰრქუა მათ უფალმან, ვითარმედ: ნუ უყოფთ სიტყუასა მაგას უფლისათჳს.
13 აფრთხილებდა უფალი ისრაელს და იუდას თავისი ყოველი წინასწარმეტყველისა და ყოველი მისნის პირით: მიატოვეთ თქვენი უკუღმართი გზა, დაიცავით ჩემი მცნებები და წესები იმ რჯულის მიხედვით, რომელიც შთავაგონე თქვენს მამა-პაპას და თქვენც შემოგითვალეთ ჩემს მორჩილთა - წინასწარმეტყველთა პირით. 13 და დადვა უფალმან წამება ძეთა თანა ისრაჱლისათა და ზედა იუდასა ჴელითა ყოველთა წინაწარმეტყუელთათა და ყოველთა მხილველთათა და ჰრქუა: მოიქეცით გზათაგან თქუენთა უკეთურთა და დაიმარხეთ მცნებანი ჩემნი და სამართალნი ჩემნი და ყოველი იგი შჯული, რომელ ვამცენ მამათა მათ თქუენთა, რომელნი მივავლინენ თქუენდა ჴელითა მონათა ჩუენთა წინაწარმეტყუელთა.
14 არ შეისმინეს და გაჯიუტდნენ მათი მამებივით, რომელთაც არ ირწმუნეს უფალი, თავიანთი ღმერთი. 14 და არა ისმინეს მათ მათი და განიფიცხეს ზურგი მათი უფროს მამათა მათთა და არა ჰრწმენა უფლისა ღმრთისა თჳსისა.
15 შეიძულეს მისი წესები და აღთქმა, უფალმა რომ დაუდო მათ მამა-პაპას, და გაფრთხილებები, რითაც აფრთხილებდა მათ; მიჰყვნენ ამაოებას და თავადაც ამაონი გახდნენ. წახედეს მეზობელ ხალხებს, ვისზედაც უბრძანა უფალმა, რომ არ მოქცეულიყვნენ მათ მსგავსად. 15 და განიშორეს აღთქმა თჳსი და სამართალი, რომელ დადვა მამათა მათთა თანა და წამება მისი, რომელ ამცნო მათ, არა დაიცვეს, ვიდოდეს კვალსა უნდოთასა და უჴმარ იქმნნეს კვალსა ნათესავთასა, რომელნი იყუნეს გარემო მათსა, რომელთა ამცნო მათ უფალმან არა ყოფად მსგავსად სახისა მის მათისა.
16 დაივიწყეს უფლის, თავიანთი ღვთის მცნებები, ჩამოასხეს ორი ხბოს გამოსახულებები, გააკეთეს აშერა, თაყვანს სცემდნენ ცის ვარსკვლავებს და ბაალს ემსახურებოდნენ. 16 და დაუტევნეს ყოველნი მცნებანი უფლისა ღმრთისა თჳსისანი და იქმნეს თავისა თჳსისა დასხმითნი ორნი დიაკეულნი და თაყუანი-სცეს ძალთა ცისათა და ამსახურებდეს ბაალსა.
17 ცეცხლში ატარებდნენ თავიანთ ვაჟებსა და ქალიშვილებს, მკითხაობდნენ, ჯადოქრობდნენ და აღარ ერიდებოდნენ უკუღმართობის ქმნას უფლის თვალში მის გასარისხებლად. 17 და გარეშეჰჴადნეს ძენი და ასულნი მათნი ცეცხლსა და მისნობდეს მისნობასა და იზმნიდეს ზმნასა, და შესძინეს ძჳრის-ყოფად წინაშე უფლისა და განსარისხებელად მისა.
18 მაშინ დიდად განურისხდა უფალი ისრაელს და თავიდან მოიშორა ისინი, მხოლოდ ერთი იუდას ტომიღა დარჩა. 18 და განრისხნა უფალი ისრაჱლსა ზედა დიდად და განიშორნა იგინი პირისაგან თჳსისა, და არა დაშთეს, გარნა ნათესავი იგი ხოლო იუდასი.
19 არც იუდა იცავდა უფლის, თავისი ღმერთის მცნებას და ისრაელიანთა წესებს მისდევდა, როგორც თავად ისინი იქცეოდნენ. 19 და იუდაცა არავე დაიცუნა მცნებანი უფლისა ღმრთისა თჳსისანი და ვიდოდეს მსგავსად სახისა მის ისრაჱლთასა, რომელ ქმნეს.
20 შეიძულა უფალმა ისრაელის მთელი მოდგმა, მოტეხა იგი და მძარცველებს ჩაუგდო ხელში, ვიდრე საბოლოოდ არ მოიშორა თავიდან. 20 და განიშორეს უფალი ყოველმან ნათესავმან ისრაჱლისამან, და აღძრნა იგინი და მისცნა იგინი ჴელთა წარმტყუენველთა თჳსთასა, ვიდრე განიშორნა იგინი პირისაგან თჳსისა.
21

როცა მოწყდა ისრაელი დავითის სახლს და გაამეფეს იერობოამ ნაბატის ძე, მაშინ ჩამოაშორა იერობოამმა ისრაელი უფალს და დიდად შეაცდინა.

21

და განეშორა ისრაჱლი სახლსა მას დავითისასა და დაიდგინეს მეფედ იორობოამ, ძე ნაბატისი, და განდრიკა იორობოამ ისრაჱლი უფლისაგან და აცოდვა იგი ცოდვითა დიდითა.

22 დადიოდნენ ისრაელიანები იერობოამის ცოდვებში, რომლებიც მას ჰქონდა ჩადენილი, და არ განრიდებიან მათ, 22 და ქმნეს ძეთა ისრაჱლისათა მსგავსად ყოვლისა მის ცოდვისა იორობოამისა, რომელ ქმნა, და არა განეშორნეს მათგან.
23 ვიდრე არ განირიდა უფალმა ისრაელი, როგორც ნათქვამი ჰქონდა თავის მორჩილთა - წინასწარმეტყველთა პირით. გადასახლებულია ისრაელი თავისი მიწიდან აშურში დღემდე. 23 და ცვალა უფალმან ისრაჱლი პირისაგან თჳსისა, ვითარცა ეტყოდა უფალი ჴელითა ყოველთა მონათა თჳსთა წინაწარმეტყუელთა, და წარიტყუენა ისრაჱლი ქუეყანისაგან თჳსისა ასურასტანად ვიდრე მოდღენდელად დღედმდე.
24 წაიყვანა აშურის მეფემ ხალხი ბაბილონიდან, ქუთადან, ყავადან, ხამათიდან და სეფარვაიმიდან და ჩაასახლა სამარიის ქალაქებში ისრაელიანთა ნაცვლად. დაიმკვიდრეს მათ სამარია და ცხოვრობდნენ მის ქალაქებში. 24 და მოიყვანნა მეფემან ასურასტანისამან ბაბილონით და ქუთით და იათ და სერფარუმით და ემათით, და დაიმკჳდრნა იგინი ქალაქსა სამარიას ძეთა მათ წილ ისრაჱლისათა და დასხდეს სამარიას და დაიმკჳდრნეს ქალაქნი მისნი.
25 არად აგდებდნენ იქ ცხოვრების პირველ ხანებში უფალს და უსევდა მათ უფალი ლომებს, რომლებიც მუსრს ავლებდნენ მათ. 25 და იყო, დასაბამსა მას მკჳდრობისა მათისასა მუნ არა შეეშინდეს უფლისაგან და მიავლინა უფალმან ორნი ლომნი და მოსრვიდეს მათ.
26 უთხრეს აშურის მეფეს: ხალხებმა, რომელიც შენ აჰყარე და სამარიის ქალაქებში ჩაასახლე, არ იციან იმ ქვეყნის ღმერთის ჩვეულება, ამიტომაც მიუსია მათ ლომები, რომლებიც მუსრს ავლებენ მათ, რადგან არ იციან იმ ქვეყნის ღმერთის ჩვეულება. 26 და ეტყოდეს მეფესა მას ასურასტანისასა და ჰრქუეს: ნათესავნი იგი, რომელ მისცვალენ და სცენ ქალაქთა მათ სამარიასათა, არა იციან წესი ღმრთისა მის ქუეყანისა. მიუვლინებიან მათ უფალსა ლომნი და, აჰა, მოსრვენ მათ, რამეთუ არა იციან წესი მის ქუეყანისა ღმრთისა.
27 ბრძანება გასცა აშურის მეფემ: გაგზავნეთ იქ ვინმე მღვდელი იქიდან გადმოსახლებულთაგან. წავიდეს და იცხოვროს იქ და ასწავლოს მათ იმ ქვეყნის ღმერთის ჩვეულება. 27 და უბრძანა მეფემან ასურასტანისამან და ჰრქუა: მიიყვანეთ ერთი მღდელთაგანი წარტყუენილთა მაგათ, რათა მოვიდეს და დაემკჳდროს მუნ და უჩუენოს მათ წესი უფლისა და განანათლნეს იგინი სამართლითა ღმრთისა მის ქუეყანისათა.
28 წავიდა ერთი მღვდელთაგანი, სამარიიდან გადასახლებული, და დაემკვიდრა ბეთელს და ასწავლიდა მათ უფლის მოწიწებას. 28 და წარიყვანეს ერთი მღდელთა მათგანი, რომელნი წარტყუენილ იყუნეს სამარიად, და დაჯდა ბეთელს და განანათლებდა მათ, რათა ეშინოდის უფლისაგან.
29 თავ-თავისი ღმერთები გააკეთა თითოეულმა ხალხმა და დადგგს გორაკთა სახლში, სამარიელებს რომ ჰქონდათ მოწყობილი, თითოეულმა ხალხმა თავ-თავის ქალაქში, სადაც ცხოვრობდნენ. 29 და ქმნეს ნათესავით ნათესავად ღმერთნი თავთა თჳსთათჳს და დასხნეს სახლებსა მას მაღალთასა, რომელ ქმნეს სამარიტელთა მათ თჳთოეულად ნათესავთა მათ ქალაქთა თჳსა, რომელ დამკჳდრებულ იყუნეს.
30 ბაბილონელებმა გააკეთეს სუქოთ-ბენოთი, ქუთელებმა გააკეთეს ნერგალი, ხამათელებმა გააკეთეს აშიმა, 30 და კაცთა ბაბილოვნისათა ქმნეს სოკქოთი და ბანოთი და არქოთი, და კაცთა ქუთისთა ქმნეს ნერგელი, და კაცთა ემათისათა ქმნეს ასენათი.
31

ყაველებმა გააკეთეს ნიბხაზი და თართაკი, ხოლო სეფარვიმელები ცეცხლში წვავდნენ თავიანთ შვილებს ადრამელექისა და ყანამელექისთვის, სეფარვიმელი ღმერთებისთვის.

31

და იაელთა ქმნეს აბელაზერი და ნებასი და თართაკი და სიფარუიმი, სადა-იგი დასწვიდეს ძეთა თჳსთა ცეცხლითა, ადრამელექსა და ამელექსა, ღმერთთა სეფრუიმისათა.

32 ეშინოდათ უფლისაც და გაიჩინეს გორაკთა მღვდლები, რომლებიც მათთვის მსახურობდნენ გორაკთა სახლებში. 32 და ეშინოდა უფლისაგან და დაიმკჳდრნეს საძაგელნი იგი თჳსნი სახლებსა მას მაღალთასა, რომელ ქმნეს სამარიას თჳთოეულად ნათესავთა და ნათესავთა მათ, რომელ დამკჳდრებულ იყუნეს (და ეშინოდა უფლისაგან და დაიდგნეს ქურუმნი თჳსად მაღალთა მათ).
33 უფლისაც ეშინოდათ და თავიანთ ღმერთებსაც ემსახურებოდნენ, იმ ხალხთა ჩვეულებით, რომელთაგანაც გადმოასახლეს ისინი. 33 და ეშინოდა უფლისაგან და მსახურებდეს ღმერთთა მათ თჳსთა მსგავსად წესისა მის ნათესავთა მათ, რომელნი ღმერთმან მოსპნა მიერ.
34 დღევანდლამდე ძველი ჩვეულების თანახმად იქცევიან: უფლის არ ეშინიათ და არ მისდევენ იმ წესებს, სამართალს, რჯულსა და მცნებებს, უფალმა რომ დაუდგინა იაკობის შთამომავალთ, რომელთაც ისრაელი უწოდა სახელად, 34 და ვიდრე დღენდელად დღედმდე ჰყოფენ იგინი მსგავსად წესისა მის მათისა და ეშინის უფლისაგან და ჰყოფენ მსგავსად სახისა მათისა და სამართლისა და შჯულისა და მცნებისა მის, რომელ ამცნო უფალმან ძეთა მათ იაკობისათა, რომელსა დასდვა სახელი ისრაჱლი.
35 დაუდო აღთქმა და უანდერძა: ნუ ესავთ უცხო ღმერთებს, ნუ სცემთ თაყვანს, ნუ ემსახურებით და მსხვერპლს ნუ შესწირავთ. 35 და აღუთქვა უფალმან აღთქმა და ამცნო მათ და ჰრქუა: ნუ შეიშინებით ღმერთთაგან უცხოთა და ნუ თაყუანის-სცემთ და ნუცა მსახურებთ მათ და ნუცა შესწირავთ მათ.
36 მარტოოდენ უფალს, რომელმაც დიდი ძალითა და მოღერებული მკლავით გამოგიყვანათ ეგვიპტიდან, ესავდეთ, თაყვანს სცემდეთ და მსხვერპლს სწირავდეთ. 36 არამედ უფალსა ღმერთსა, რომელმან გამოგიყვანნა თქვენ ქუეყანით ეგჳპტით დიდითა ძალითა და მკლავითა მაღლითა, მისგან გეშინოდენ და მას თაყუანის-ეცით და მისა შესწირვიდეთ.
37 მუდამდღე იცავდეთ წესებს, სამართალს, რჯულსა და მცნებას, რაც უფალმა დაგიწესათ, და უცხო ღმერთებს ნუ ესავთ. 37 და სამართალთა და მსჯავრთა და სჯულთა და მცნებათა მათ, რომელნი მოგცნა თქუენ, ეკრძალენით ყოფად და ნუ შეშინდებით ღმერთთაგან უცხოთა.
38 ნუ დაივიწყებთ აღთქმას, მე რომ დაგიდევით, და უცხო ღმერთებს ნუ ესავთ. 38 და აღთქმა იგი, რომელ დადვა თქვენ თანა, ნუ განაქარვებთ და ნუ გეშინინ ღმერთთაგან უცხოთა.
39 მხოლოდ უფალს, თქვენს ღმერთს, ესავდეთ და ის გიხსნით მტრების ხელიდან. 39 არამედ უფლისა ღმრთისა თქუენისა გეშინოდენ და მან გიჴსნენ თქუენ ყოველთაგან მტერთა თქუენთა.
40 მაგრამ არ ესმოდათ მათ და წინანდელ ჩვეულებას მისდევდნენ. 40 და ნუ მორჩილ ექმნებით სახესა მათსა, რომელსა ჰყოფენ. და ეშინოდა ნათესავთა მათ უფლისაგან.
41 ეს ხალხები უფალსაც ესავდნენ და კერპებსაც სცემდნენ თაყვანს. როგორც მამები იქცეოდნენ, დღემდე ასე იქცევიან მათი შვილები და მათი შვილთაშვილები. 41 და განხატულთა თჳსთა მსახურებდეს და შვილნი მათნი და შვილნი შვილთანი, ვითარცა ყვეს მამათა მათთა, უყოფდენ ვიდრე დღევანდელად დღედმდე.