ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
როცა უფალი ელიას ცადაყვანას აპირებდა ქარბორბალათი, გილგალიდან გადიოდა ამ დროს ელია ელისესთან ერთად. |
1 |
და იყო, აღყვანებასა მას ელიასსა უფლისა მიერ ძრვით ზეცად და წარვიდეს ელია და ელისე გალგალით. |
2 | უთხრა ელიამ ელისეს: აქ დარჩი, რადგან ბეთელში მაგზავნის უფალი. მიუგო ელისემ: უფალს და შენს თავს გეფიცები, არ მიგატოვებ. და წავიდნენ ბეთელს. | 2 | და ჰრქუა ელია ელისეს: ჯედ შენ აქა, რამეთუ უფალსა მიუვლინებიე მე ბეთელადმდე. და ჰრქუა ელისე: ცხოველ არს უფალი და ცხოველ არს სული შენი! არა დაგიტეო შენ. და მივიდოდეს ბეთელად. |
3 | გამოვიდა ბეთელის წინასწარმეტყველთა გუნდი ელისესაკენ და უთხრეს: ხომ იცი, რომ დღეს წაიყვანს უფალი შენს ბატონს შენს თავს ზემოთ? მიუგო: მეც ვიცი. იდუმეთ. | 3 | და გამოეგებოდეს ძენი იგი წინაწარმეტყუელთანი, რომელ იყუნეს ბეთელს, შემთხუევად მათა და ჰრქუეს ელისეს: შენ უწყიმეა, რამეთუ დღეს აღამაღლებს უფალი უფალსა მაგას შენსა თავისაგან შენისა? და ჰრქუა მათ: უწყი მეცა, დუმენით. |
4 | უთხრა მას ელიამ: ელისე! აქ დარჩი, რადგან იერიხონში მაგზავნის უფალი. მიუგო: უფალს და შენს თავს გეფიცები, თუ მიგატოვო. და წავიდნენ იერიხონში. | 4 | და ჰრქუა ელია ელისეს: ჯედ აქა, რამეთუ უფალსა მიუვლნებიე მე იერიქოდ. და ჰრქუა: ცხოველ არს უფალი და ცხოველ არს სული შენი! არა დაგიტეო შენ. და მივიდეს იერიქოდ. |
5 | მიადგა ელისეს იერიხონის წინასწარმეტყველთა გუნდი და უთხრა: ხომ იცი, რომ დღეს წაიყვანს უფალი შენს ბატონს შენს თავს ზემოთ? მიუგო ელისემ: მეც ვიცი. იდუმეთ. | 5 | და მოეგებოდეს ძენი იგი წინაწარმეტყუელთანი, რომელნი იყუნეს იერიქოს და ჰრქვეს ელისეს: უწყიმეა, რამეთუ დღეს უფალი აღამაღლებს უფალსა მაგას შენსა თავისაგან შენისა? და თქუა: უწყი მეცა, თქუენ დუმენით. |
6 | უთხრა მას ელიამ: აქ დარჩი, რადგან იორდანეზე მგზავნის უფალი. მიუგო: უფალს და შენს თავს გეფიცები, თუ მიგატოვო. წავიდნენ ორნი. | 6 | და ჰრქუა ელია ელისეს: ჯედ შენ აქა, რამეთუ უფალსა მიუვლინებიე იორდანედ და ჰრქუა ელისე: ცხოველ არს უფალი და ცხოველ არს სული შენი! და არა დაგიტეო შენ. და წარვიდეს ორნივე. |
7 | წამოვიდა ორმოცდაათი კაცი წინასწარმეტყველთა გუნდიდან და მოშორებით დადგნენ მათ პირისპირ. ეს ორნი იორდანესთან იდგნენ. | 7 | და ერგასის კაცი ძეთა მათ წინაწარმეტყუელთა დადგეს პირისპირ განშორებულად მათსა და დადგეს ორნივე იგი კიდესა იორდანისასა. |
8 | აიღო ელიამ თავისი მოსასხამი, დაგორგლა და დაარტყა წყალს, შუა გაიპო წყალი და ორივენი მშრალად გავიდნენ. | 8 | და მოიღო ელია ხალენი იგი თჳსი, შეკეცა და სცა წყალსა მას. და განიპო წყალი იგი იმიერ და ამიერ, წიაღჴდეს ორნივე ჴმელსა. |
9 | როცა გაღმა იყვნენ გასული, უთხრა ელიამ ელისეს: მთხოვე, რა გაგიკეთო, ვიდრე ავმაღლდებოდე შენგან. მიუგო ელისემ: შენი სულის ორმაგი წილი გადმოვიდეს ჩემზე. | 9 | და იყო, ვითარცა წიაღჴდეს და ჰრქუა ელია ელისეს: ითხოვე რაჲ ჩემგან, ვიდრე არღა ამაღლებულ ვარ მე შენგან. და ჰრქუა ელისე ელიას: იყავნ მრჩობლი სული შენი ჩემ ზედა! |
10 | უთხრა: ძნელს რასმე ითხოვ. თუ მომკრავ თვალს შენგან ამაღლებულს, აგისრულდება; თუ ვერა, და არ აგისრულდება. | 10 | და ჰრქვა ელია: ფიცხლად ითხოვე, უკუეთუ მიხილო ამაღლებული შენგან, იყავნ ეგრე, უკუეთუ არა, ნუ იყოფინ! |
11 |
როცა მიდიოდნენ და მისაუბრობდნენ, აჰა, ჩადგა მათ შორის ცეცხლის ეტლი და ცეცხლის ცხენები და განაშორა ორნი ერთმანეთს და ცად ავიდა ელია ქარბორბალათი. |
11 |
და იყო სლვასა ოდენ მათსა და სიტყუასა, აჰა, ეტლნი ცეცხლისანი და ცხენნი ცეცხლისანი. და განეშორნენ იგინი ურთიერთსა და აღიტაცა ელია ძრვით ზეცად. |
12 | უყურებდა ელისე და ეძახდა: ჩემო მამავ, ჩემო მამავ! ისრაელის ეტლო და მხედრობავ! მეტი არაფერი დაუნახავს. ხელი ჩაავლო თავის სამოსელს და ორად გახია. | 12 | და ელისე ხედვიდა, ღაღადებდა და იტყოდა: მამაო, მამაო, ეტლო ისრაჱლისაო და მჴედარო მისო! და არღარა ხედვიდა მას და შებმა-უყო სამო- სელსა და განაპო. |
13 | აიღო მოსასხამი, ელიას რომ დაუვარდა, გაბრუნდა და იორდანეს ნაპირზე ჩამოჯდა. | 13 | და აღიღო ელისე ხალენი იგი ელიასი, რომელ დაეცა მის ზედა, და მოიქცა ელისე და დადგა კიდესა იორდანისასა. |
14 | დაარტყა წყალს მოსასხამი, ელიას რომ დაუვარდა, და თქვა: სად არის უფალი, ელიას ღმერთი? დაარტყა წყალს და შუა გაიპო წყალი და გავიდა ელისე გაღმა. | 14 | და მოიღო ხალენი იგი ელიასი, რომელ დაეცა მის ზედა და სცა წყალსა მას და არა განიპო და თქუა ელისე: სადა არს უფალი ღმერთი ელიასი აფფო? და სცა წყალსა მას მეორედ და განიპო ორად და წიაღჴდა ელისე ჴმელსა. |
15 | შორიდან დაინახეს იგი იერიხონში მყოფმა წინასწარმეტყველებმა და თქვეს: ელიას სული გადმოვიდა ელისეზე. მიეგებნენ და მიწამდე თაყვანისცეს. | 15 | და ვითარცა იხილეს ძეთა მათ წინაწარმეტყუელთასა, რომელნი იერიქოს იყუნეს, და თქუეს: დაადგრა სული ელიასი ელისესა ზედა! და მიეგებოდეს მას და თაყუანი-სცეს პირსა ზედა ქუეყანისასა. |
16 | უთხრეს: აჰა, ორმოცდაათი მარჯვე კაცი გვყავს შენს მორჩილთ; თუ გინდა წავლენ და მოგიძებნიან შენს ბატონს. იქნებ უფლის სულმა აიტაცა და სადმე მთაში, ან ხევში ჩამოაგდო. მიუგო: ნუ გაგზავნით. | 16 | ჰრქუეს: აჰა, ესერა, არიან მონათა შენთა თანა კაცნი ერგასისნი, ძენი ძლიერებისანი, წარვიდენ და მოიძიონ უფალი შენი, ნუუკუე აღიტაცა სულმან უფლისამან და დააგდო იგი იორდანესა ოდენ, ანუ ერთსა მთათაგანსა სადამე, ანუ ბორცუთაგანსა. და ჰრქუა ელისე: ნუ წარავლინებთ. |
17 | დიდხანს არ ეშვებოდნენ და ბოლოს უთხრა: გაგზავნეთ. გაგზავნეს ორმოცდაათი კაცი; სამ დღეს ეძებს, მაგრამ ვერ იპოვეს. | 17 | და აიძულეს მას, ვიდრემდის ჰრცხუენაცა და ჰრქუა: წარავლინეთ! და წარავლინეს ერგასისნი კაცნი და ეძიებდეს სამ დღე და არა პოეს. |
18 | მობრუნდნენ ელისესთან, რომელიც იერიხონმი იჯდა; უთხრა მან: ხომ გეუბნებოდით, ნუ წახვალთ-მეთქი. | 18 | და მოიქცეს მისა და იგი ჯდა იერიქოს და ჰრქვა მათ ელისე: არა გარქუ თქუენ, ვითარმედ ნუ მიხვალთ? |
19 | უთხრეს ქალაქის მცხოვრებლებმა ელისეს: კარგი მდებარეობა აქვს ამ ქალაქს, როგორც თავად ხედავს ჩემი ბატონი; მაგრამ ცუდი წყალი აქვს და უნაყოფო მიწა. | 19 | და ჰრქუეს კაცთა მის ქალაქისათა ელისეს: აჰა, ესერა, საყოფელი ამის ქალაქისა კეთილ არს, ვითარცა შენ, უფალი ჰხედავ და წყალნი ესე ბოროტ და შვილთმომსრველ. |
20 | თქვა: მომეცით ახალი თასი და მარილი ჩაყარეთ შიგ. მისცეს. | 20 | და ჰრქუა ელისე: მომართუთ მე სარწყული ერთი ახალი. და მოართვეს მას. |
21 |
ავიდა წყლის სათავესთან და ჩაყარა მარილი, თქვა: ასე ამბობს უფალი: განმიკურნავს ეს წყალი. ამიერიდან ნუღარ იქნება მისგან სიკვდილი და უნაყოფობა. |
21 |
და მივიდა ელისე თვალსა მას ზედა წყაროსასა და შთაასხა მას მარილი და თქუა: ესრეთ იტყჳს უფალი: განვკურნებ წყალთა ამათ და ნუღარამცა არს მაგისგან სიკუდილი და ნუცაღა შვილთა სრვა. |
22 | დღემდე ჯანსაღია ეს წყალი ელისეს სიტყვით, რომელიც წარმოთქვა მან. | 22 | და განიკურნეს წყალნი იგი მოდღენდელად დღემდე მსგავსად სიტყჳსა მის ელისესისა, ვითარცა თქუა. |
23 | იქიდან ბეთელისკენ დაიძრა. აღმართს რომ შეუყვა, პატარა ბიჭები გამოვიდნენ ქალაქიდან, დასცინოდნენ და მისძახოდნენ: წადი, ქაჩალო! წადი, ქაჩალო! | 23 | და გამოვიდა მიერ ელისე და მოვიდოდა ბეთელად და, ვითარცა აღვიდოდა გზასა მას, გამოჴდა ყრმები მცირები ქალაქით, ესროდეს ქვითა და ეკიცხევდეს და ეტყოდეს: აღვიდოდე, მტერ, აღვიდოდე, მტერ. |
24 | უკან მოხედა, დაინახა ისინი და უფლის სახელით შეაჩვენა. გამოვიდა ტყიდან ორი დათვი და დაგლიჯეს მათგან ორმოცდაორი ბავშვი. | 24 | უკმოექცა მათ და დასწყევნა იგინი სახელითა უფლისათა და თქუა: შვილნო ცოდვისანო და ცალიერებისანო! და გამოჴდეს ორნი დათუნი მაღ- ნარით და განბძარნეს მათგანნი ორმეოცდაორი ყრმა. |
25 | იქიდან ქარმელის მთისკენ წავიდა და კვლავ სამარიაში დაბრუნდა. | 25 | და წარვიდა მიერ მთასა მას კარმელსა და მუნით მიაქცია სამარიად. |