ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეოთხე მეფეთა

თავი ოცდამესამე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

შეუთვალა მეფემ და შეიკრიბა მასთან იუდას მთელი უხუცესობა და იერუსალიმი.

1

და მიუთხრნეს სიტყუანი ესე მეფესა და წარავლინა მეფემან და შეკრიბნა ყოველნი მოხუცებულნი იუდასნი და იერუსალჱმისანი.

2 ავიდა მეფე უფლის სახლში და ყველა იუდაელი, და იერუსალიმის ყოველი მცხოვრებნი, მასთან ერთად მღვდლები და წინასწარმეტყველნი, მთელი ერი დიდიან-პატარიანად, და ხმამაღლა წაუკითხა მათ მეფემ ყოველი სიტყვა აღთქმის წიგნისა, რომელიც უფლის სახლში იპოვეს. 2 და აღვიდა მეფე ტაძრად უფლისა და ყოველნი კაცნი იუდასნი და ყოველნი მკჳდრნი იერუსალჱმისანი მის თანა და მღდელნი და წინაწარმეტყუელნი და ყოველი ერი მის თანა მცირითგან ვიდრე დიდამდე, და აღმოიკითხა წიგნი იგი სჯულისა ყურთა მიმართ ერისათა, ყოველნი სიტყუანი სახლსა შინა უფლისასა.
3 შედგა მეფე ამაღლებულზე და დადო აღთქმა უფლის წინაშე, რომ ივლიდა უფლის კვალზე, ყურად იღებდა მის ბრძანებებს, მის გაფრთხილებებს და მის წესებს მთელი გულითა და სულით, რათა აღსრულებულიყო ამ წიგნში ჩაწერილი აღთქმის სიტყვები. მოიწონა აღთქმა მთელმა ერმა. 3 და აღდგა მეფე სუეტსა ზედა და დაუდვა მათ სჯული წიგნისა მისებრ სჯულისა, რომელ პოვა სახლსა უფლისასა წინაშე უფლისა, რათა ვიდოდიან იგინი გზასა უფლისასა და რათა იმარხვიდენ მცნებათა მისთა და სამართალთა მისთა და ბრძანებათა მისთა ყოვლითა გულითა და ყოვლითა სულითა მათითა ყოფად სიტყუათა მათ სჯულისათა, დაწერილსა წიგნსა შინა სჯულისასა, და დადგა ყოველი იგი ერი შჯულსა მას ზედა.
4 გამოატანინა მეფემ ხილკია მღვდელმთავარს, მეორე ხარისხის მღვდლებს და ზღურბლის მცველებს უფლის ტაძრიდან ბაალისთვის, ამ აშერასათვის და ცის მთელი ვარსკვლავეთისთვის გაკეთებული ნივთები და ცეცხლს მისცა იერუსალიმს გარეთ, კედრონის ყანებში, ხოლო ნაცარი ბეთელში წაიღო. 4 და ამცნო მეფემან ქელკიას, მღდელსა მას დიდსა, და მღდელთა მათ შემდგომთა და მცველთა მათ კრებისათა გამოღებად ტაძრისაგან უფლისა ყოველი ჭურჭერი, რომელი ექმნა ბაალისთჳს და მაღნართათჳს და ყოვლისა ერისა ცათასა, და მოიღეს იგი და დაწვეს გარეშე იერუსალჱმს, სადემოთს კედრონისასა, და წარიღეს მიწა მისი ბეთელად.
5 გაყარა იუდას მეფეთა მიერ დაყენებული ქურუმები, რომლებიც მსხვერპლს სწირავდნენ გორაკებზე იუდას ქალაქებში და იერუსალიმის სანახებში, და ბაალის, მზისა და მთვარის, ცთომილთა და ცის მთელი ვარსკვლავეთისთვის გუნდრუკის მკმეველნი. 5 და დაწუნეს მღდელნი იგი, რომელ დაედგინეს მეფეთა იუდასთა მაკუმეველად მაღალთა მათ და ქალაქებსა იუდასთა და გარემო იერუსალჱმსა და უკმევდეს იგინი ბაალსა და მზესა და მთოვარესა და ვარსკულავთა, ჴომთა და ყოველთა ერთა ცისათა.
6 გაიტანა აშერა უფლის სახლიდან იერუსალიმს გარეთ, კედრონის ხევისკენ, დაწვა კედრონის ხევში, ნაცარტუტად აქცია და მისი ფერფლი მდაბიორთა სასაფლაოზე დაყარა. 6 და გამოიღეს სერტყები იგი ასეროთისა სახლისაგან უფლისა გარეშე იერუსალჱმს, ჴევსა მას კედრონისასა, და დაწვეს იგი მუნ და დააწულილნეს ვითარცა მიწა, და მიჰფინა საფლავსა ძეთა ერისათასა.
7 დაანგრია უფლის ტაძართან მდგარი როსკიპთა სახლები, სადაც დედაკაცები კარვებს უქსოვდნენ აშერას. 7 და დაარღჳა სახლი იგი კადესიმელთა, რომელი იყო სახლსა შინა უფლისასა, სადა-იგი დედანი უქსოვდეს სამოსელსა სერტყებსა.
8 გამოყარა იუდას ქალაქებიდან მღვდლები და წაბილწა გორაკები, სადაც აკმევდნენ ისინი გუნდრუკს, გებაყიდან ბერშებამდე, და დაანგრია კარიბჭის გორაკები, ერთი - ქალაქის მთავრის, იესოს, კარიბჭის შესასვლელთან რომ იყო, და მეორე - ქალაქის კარიბჭის ხელმარცხნივ. 8 და მოიყვანა ყოველი იგი ქურუმნი ქალაქთაგან იუდაჲსთა და შეიგინნეს ყოველნი მაღალნი, სადა-იგი უკმევდეს ქურუმნი გაბაჲთგან ვიდრე ბერსაბედმდე და დაარღჳა სახლი იგი მაღალთა წინაშე კართა ბჭისათა იოსეს მთავრისა მის ქალაქისასა, რომელი-იგი იყო მარცხენით შესლვასა ბჭეთა ქალაქისათა.
9 თუმცა გორაკთა მღვდლები არ აღავლენდნენ უფლის სამსხვერპლოზე იერუსალიმში, მაგრამ ხმიადებს კი ჭამდნენ თავიანთ მოძმეებთან ერთად. 9 ხოლო არა აღვიდეს მღდელნი იგი მაღალთანი საკურთხეველსა უფლისასა იერუსალჱმს, ვიდრემდის არა ჭამეს მათ უცომო შორის ძმათა თჳსთა.
10 წაბილწა თოფეთი, ჰინომის ძეთა ველზე რომ იყო, რათა არავის გაეტარებინა ცეცხლში მოლოქისთვის თავისი ვაჟი ან ასული. 10

და შეაგინა თაფეთი ჴევსა მას ძეთა ენონისთა, რათა არა განჰყვანდეს კაცსა ძე თჳსი, გინა ასული თჳსი ცეცხლსა მელქომისთჳს.

11

გაუშვა ცხენები, რომლებიც იუდას ნეფეებს მზისთვის ჰყავდათ მიძღვნილი უფლის სახლში შესასვლელის წინ, კარისკაც ნათან-მელექის პალატთან, გარეუბანში რომ არის; მზის ეტლები კი ცეცხლში დაწვა.

11 და დაარღჳა ცხენები იგი, რომელი მისცეს მეფეთა იუდასთა მზისა შესავალსა მას სახლისა უფლისასა საფასისსაცავსა მას საჭურისისა მეფისასა, რომელი იყოს ფარურიმს და ეტლი იგი მზისა დაწვა ცეცხლითა.
12 სამსხვერპლოებიც, ახაზისეული სამყოფელის ბანზე იუდას მეფეებმა რომ აღმართეს, და სამსხვერპლოები, რომლებიც აღმართა მენაშემ უფლის სახლის ორთავე ეზოში, დაანგრია მეფემ, მოაშორა იქაურობას და კედრონის ხევში ჩაყარა მისი ფერფლი. 12 და საკურთხეველები იგი, რაოდენი იყო ერდოებსა ზედა ქორებისასა, რაჲ ქმნნეს მეფეთა იუდასთა და საკურთხეველები, რომელ ქმნნა მანასე ორთა მათ ეზოთა სახლისა უფლისაჲთა, დაარღჳა იგი მეფემან და აღიღო იგი მიერ, და გარდმოიღო და შემუსრა იგი და დასთხია მიწა იგი მათი ჴევსა მას კედრონისასა.
13 წაბილწა გორაკები, იერუსალიმის გასწვრივ რომ არის, წარწყმედის მთის მარჯვნივ, რომლებიც სოლომონ ისრაელის მეფემ მოუწყო აშთორეთს, ციდონელთა სიბილწეს, ქამოშს, მოაბის სიბილწეს, და მილქომს, ყამონიანთა სისაძაგლეს. 13 და სახლი იგი წინაშე პირსა იერუსალჱმისასა მარჯუენით მთასა მას მოსოთისასა, რომელი აღაშენა სოლომონ მეფემან იერუსალჱემისამან ასტრატესათჳს საძაგელისა მის სიდონელთასა, და ქამოს მოსაწყინელსა მას მოაბელთასა და მელქომს მოსაწყინელისა ძეთა ამონისათა, და შეაგინა იგი მეფემან.
14 დაამტვრია სვეტები და გაჩეხა მუხნარი, ადამიანის ძვლებით აავსო ის ადგილი. 14 და მოჰკაფა სერტყები და აღავსო ადგილები მათი ძვლებითა კაცთათა.
15 ბეთელის სამსხვერპლოც და ისრაელის შემაცდენელის, იერობოამ ნაბატის ძის გამართული გორაკი, ეს სამსხვერპლოც და გორაკი დაანგრია; გადაწვა გორაკი და გააცამტვერა, გადაწვა აშერაც. 15 და საკურთხეველიცა იგი მაღალი, რომელი იყო ბეთელს, რომელი-იგი ქმნა იორობოამ, ძემან ნაბატისამან, რომელმან აცოდვა ისრაჱლი და იგიცა საკურთხეველი მაღალი დაარღჳა და დამუსრა ქვანი მისნი და დააწულილნა, ვითარცა მტუერი და მოწუა სერტყები იგი.
16 გაიხედა იოშიამ და დაინახა სამარხები, მთაზე რომ იყო, ამოაღებინა სამარხებიდან ძვლები, სამსხვერპლოზე დააწვევინა და ამით წაბილწა იგი უფლის სიტყვისამებრ, როგორც გამოცხადებული ჰქონდა ღვთისკაცს, რომელმაც წინასწარ აუწყა ეს ამბები. 16 და მიხედა და იხილა საფლავები იგი, რომელი იყო მთასა მას და მიავლინა და გამოიღო ძუალები იგი საფლავებისა მისგან, დაწვა იგი საკურთხეველსა მას ზედა და შეაბილწა იგი სიტყჳსაებრ უფლისა, რომელსა იტყოდა კაცი იგი ღმრთისა, რაჟამს-იგი დგა იორობოამ საკურთხეველსა ზედა დღესასწაულსა მას და მოიქცა იოსია და აღიხილნა თუალნი თჳსნი და იხილა საფლავი იგი კაცისა მის ღმრთისა, რომელ იტყოდა სიტყუათა ამათ,
17 თქვა: ეს რა ძეგლია, აქ რომ ვხედავ? მიუგეს ქალაქის მცხოვრებლებმა: იუდადან მოსული ღვთისკაცის სამარხია, რომელმაც ეს ამბები გვიწინასწარმეგყველა, შენ რომ დაათიე ახლა ბეთელის სამსხვერპლოებს. 17 და თქუა: რა არს საჰამანი ისი, რომელსა მე ვხედავ? და ჰრქუეს მას კაცთა მის ქალაქისათა: ეგე არს საფლავი კაცისა მის ღმრთისა, რომელი მოივლინა ქუეყანით იუდასით და იტყოდა ყოველთა ამათ სიტყუათა, რომელსა ჰყოფ აწ საკურთხეველსა მას ბეთელისასა.
18 თქვა: მოასვენეთ, ნურვინ დაძრავს მის ძვლებს. ასე იხსნა მისმა ძვლებმა სამარიიდან მოსული წინასწარმეტყველის ძვლები. 18 და ჰრქუა: აცადეთ ეგე, ნუ ვინ შეარყევთ ძვალთა მისთა, და პოვეს ძვალნი მისნი ძვალთა თანა წინაწარმეტყუელსა მოსულისა სამარიით.
19 ასევე გორაკთა ყველა სახლი, სამარიის ქალაქებში რომ ჰქონდათ აშენებული ისრაელის მეფეებს უფლის გასარისხებლად, დაანგრია იოშიამ და ისეთივე დღე დააწია მათ, როგორც ბეთელში. 19

და ყოველი იგი სახლები მაღალთა, რომელი იყო ქალაქებსა მას სამარიას, რომელი ქმნნეს მეფეთა ისრაჱლისათა განსარისხებელად უფლისა, დაარღჳა იოსია, მეფემან ისრაჱლისამან, და უყო მათ ყოვლისა მისებრ საქმისა, ვითარცა-იგი ყო ბეთელს.

20

სამსხვერპლოებზე დაკლა გორაკთა მღვდლები, ვინც კი იქ იყო, ზედ დაწვა ადამიანის ძვლები და იერუსალიმში დაბრუნდა.

20 და დაკლნა ყოველნი იგი მღდელნი მაღალთანი, რომელნი იყუნეს მუნ საკურთხეველსა მათსა ზედა, და დაწუა ძუალები კაცებისა მათ ზედა და მიიქცა იერუსალჱმდ.
21 ასე უბრძანა მეფემ მთელს ერს: მოუმზადეთ პასექი უფალს, თქვენს ღმერთს, როგორც ამ აღთქმის წიგნში სწერია. 21 და უბრძანა მეფემან ყოველსა ერსა და ჰრქუა: ყავთ ზატიკი პასექისა უფლისა ღმრთისა ჩუენისა: წერილ არს წიგნსა ამას სჯულისასა.
22 რადგან არ მომზადებულა ამგვარი პასექი არც მსაჯულთა დროიდან, რომლებიც განაგებდნენ ისრაელს, და არც ისრაელის მეფეთა და იუდას მეფეთა ხანაში. 22 და არა ყოფილ იყო ეგევითარი ზატიკი დღითგან მსაჯულთაჲთ, რომელნი სჯიდეს ისრაჱლსა და ყოველთა დღეთა მეფეთა ისრაჱლისათა და მეფეთა იუდასთა,
23 მეფე იოშიას მეთვრამეტე წელს მომზადდა ეს პასექი უფლისათვის იერუსალიმში. 23 არამედ, ვითარ-ესე მეათურამეტესა წელსა მეფობასა იოსიასასა იყო ზატიკი იგი უფლისა იერუსალჱმს.
24 ასევე მესულთანეებიც, ჯადოქრები, თერაფიმები, კერპები და ყოველი სისაძაგლე, რაც კი გამოჩნდა იუდას ქვეყანაში და იერუსალიმში, აღმოფხვრა იოშიამ, რათა აღსრულებულიყო იმ წიგნში დაწერილი აღთქმის სიტყვები, რომელიც უფლის სახლში იპოვნა ხილკია მღვდელმა. 24 და მუცლითმეზღაპრენი და მცნობელნი და თერაფინნი და ყოველი კერპები და ყოველი საძაგელები, რომელი იყო ქუეყანასა იუდასასა და იერუსალჱმს, და აღიღო მეფემან იოსია, რათა დაამტკიცნეს სიტყუანი სჯულისა წერილისა წიგნისანი, რომელი-იგი პოვა ქელკია მღდელმან სახლსა შინა უფლისასა.
25 არ ყოფილა მანამდე მისი მსგავსი მეფე, რომელიე მთელი გულითა და სულით, მთელი თავისი არსებით, მოსეს რჯულის თანახმად, ყოფილიყო მოქცეული უფლისადმი. არც მის მერე გამოჩენილა მისი მსგავსი. 25 მსგავსი ამისი არავინ იყო მეფე უწინარეს მისა, ვითარ-ესე მოიქცა უფლისა ყოვლითა გულითა მისითა და ყოვლითა სულითა და ყოვლითა სიმტკიცითა ყოვლისაებრ სჯულითა მოსესითა და მისა შემდგომად არა აღდგა მსგავსი მისი.
26 მაგრამ არ მოჰბრუნებია გული უფალს დიდი რისხვისაგან, რომელიც აღიგზნო იუდაში ყველა იმ წყენის გამო, მენაშემ რომ აწყენინა მას. 26 ხოლო არავე გარემიიქცა უფალი რისხვისაგან გულისწყრომისა მისისა დიდისა, რომელ განრისხებულ იყო იუდასა ზედა ყოველთა მათ ზედა განრისხებათა, რომელ განარისხა იგი მანასე.
27 თქვა უფალმა: იუდასაც მოვიშორებ ჩემგან, როგორც ისრაელი მოვიშორე; არად ჩავაგდებ ამ ქალაქს, იერუსალიმს, რომელიც ავირჩიე, იერუსალიმს და სახლს, რომელზეც ვთქვი, აქ იქნება-მეთქი ჩემი სახელი. 27 და თქუა უფალმან: იუდაცა გან-ვე-ვიშორო პირისაგან ჩემისა, ვითარცა განვიშორე ისრაჱლი, და განვიშორო ქალაქი ესე, რომელი გამოვირჩიე, იერუსალჱმი, და სახლი ესე, რომლისა ვთქუ, ვითარმედ იყოს სახელი ჩემი მუნ.
28 იოშიას დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გაუკეთებია, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 28 და ნეშტნი სიტყუათა იოსიასთანი და ყოველი, რაოდენ ქმნა, არა, აჰა, ესერა, წერილ არიანა წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა იუდასთასა?
29 მის დროს გამოვიდა ფარაონი ნექო, ეგვიპტელთა მეფე, აშურის მეფის წინააღმდეგ, მდინარე ევფრაგზე. გაემართა მეფე იოშია მის შესახვედრად, და მოკლა იგი ფარაონმა მეგიდოში, დანახვისთანავე. 29

და დღეთა მათ აღმოვიდა ფარაო ნექაო, მეფე ეგჳპტისა, მეფისა მის ზედა ასურეთისასა მდინარესა ზედა ევფრატსა. და განვიდა იოსია მეფე შემთხუევად მისა. და მოკლა იგი ფარაო მაგედონს შინა შემთხუევასა მას მისსა.

30

წაასვენეს იგი მისმა მორჩილებმა მეგიდოდან იერუსალიმში და მის სამარხში დამარხეს. გამოიყვანა ქვეყნის ერმა იეჰოახაზი, იოშიას ძე, სცხო ზეთი და მამამისის ნაცვლად გაამეფა.

30 და აღმოიღეს იგი მონათა თჳსთა მაგედონით იერუსალჱმად და დაფლეს იგი საფლავსა თჳსსა. და მოიყვანა ერმან მის ქვეყანისამან იოაქაზ, ძე მისი, და სცხეს მას და მეფე-ყვეს იგი იოსიას, მამისა მისისა წილ.
31 ოცდასამი წლისა იყო იეჰოახაზი, როცა გამეფდა, და სამი თვე იმეფა იერუსალიმში. მისი დედა იყო ხამიტალი, იერემიას ასული, ლიბნადან. 31 ძე ოცდასამისა წლისა იყო იოაქაზ მეფობასა მისსა და სამ თუე მეფობდა იერუსალჱმს. და სახელი დედისა მისისა - ამიტალ, ასული იერემიასი, ლობნათ.
32 უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც მისი მამა-პაპანი იქცეოდნენ. 32 და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა ყოვლისა მისებრ, ვითარცა ყვეს მამათა მისთა.
33 დააკავა იგი ფარაონმა ნექომ რიბლაში, ხამათის ქვეყანაში, რომ იერუსალიმში არ ემეფა, და დააკისრა ქვეყანას ასი ქანქარი ვერცხლი და ერთი ქანქარი ოქრო. 33 და გარდაადგინა იგი ფარაო ნექაო, მეფემან ეგჳპტისამან, და წარიყვანა იგი დებლათად ქუეყანად ემათისა, რათა არა მეფობდეს იგი იერუსალიმს და დასდვა ხარკი ქუეყანასა მას ასი ტალანტი ვეცხლისა და ათი ტალანტი ოქროსა.
34 გაამეფა ფარაონმა ნექომ ელიაკიმი, იოშიას ძე, მამამისის, იოშიას, ნაცვლად და დაარქვა სახელად იეჰოიაკიმი. ადგა იეჰოახაზი და წავიდა ეგვიპტეს და იქ მოკვდა. 34 და მეფედ დაადგინა ფარაო ნექაო მათ ზედა ელიაკიმ, ძე იოსიასი, მეფისა იუდასი, იოსიას წილ, მამისა მისისა, და დასდვა მას სახელი იოაკიმ, ხოლო იოაქაზ წარიყვანა და შეიყვანა ეგჳპტედ. და მოკუდა იგი მუნ.
35 ოქრო-ვერცხლს აძლევდა იეჰოიაკიმი ფარაონს. ოღონდ ქვეყანაზე გაანაწილა ფარაონის ბრძანებისამებრ მისაცემი ვერცხლი; ქვეყნის ერში თითოეულს მისი შეძლების მიხედვით დააკისრა ფარაონ ნექოსათვის მისცემი ვერცხლი. 35 და ვეცხლი იგი და ოქრო მისცა იოაკიმ ფარაოს. და მიერითგან მოხარკე იქმნა ქუეყანა იგი მიცემად ვეცხლისა პირსა ფარაოსა. კაცი ძალისაებრ თჳსისა მისცემდა ვეცხლსა და ოქროსა ერისათა მის ქუეყანისა მიცემად იგი ფარაო ნექაოს.
36 ოცდახუთი წლისა იყო იეჰოიაკიმი, როცა გამეფდა, და თერთმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. მისი დედა იყო ზებუდა, ფედიას ასული, რუმადან. 36 ძე ოცდახუთისა წლისა იყო იოაკიმ მეფობასა მისსა და თერთმეტ წელ მეფობდა იერუსალიმს. და სახელი დედისა მისისა ელდათ, ასული ეგდელისი, რუმათ.
37 უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც მისი მამა-პაპა იქცეოდა. 37 და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა ყოვლისა მისებრ, ვითარცა ყვეს მამათა მისთა.