ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
იორაბამ აქაბის ძე გამეფდა ისრაელზე სამარიაში იუდას მეფის იოშაფატის მეთვრამეტე წელს და იმეფა თორმეტი წელი. |
1 |
და იორამ, ძე აქაბისი, მეფობდა ისრაჱლსა ზედა სამარიას წელსა მას მეათვრამეტესა იოსაფატის, მეფის იუდასასა, და მეფობდა ათორმეტ წელ. |
2 | უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში, ოღონდ არა მამამისივით და დედამისივით. მან გადააგდო ბაალის სვეტი, მამამისმა რომ აღმართა. | 2 | და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა, ხოლო არა ვითარ მამამან და დედა- მან მისმან, და დაამჴუნა ძეგლნი იგი, რომელ აღმართნა მამამან მისმან. |
3 | მაგრამ მიწებებული იყო და არ განრიდებია ცოდვებს იერობოამისა, ნაბატის ძისა, რომელმაც აცთუნა ისრაელი. | 3 | ხოლო ცოდვასა მას იორობოამისასა, ძისა ნაბატისასა, რომელმან აცთუნა ისრაჱლი, შეუდგა და არა განეშორა მათგან. |
4 | მეშას, მოაბის მეფეს, ბევრი ცხვარი ჰყავდა და უგზავნიდა ისრაელის მეფეს ასი ათას ბატკანს და ასი ათას მატყლიან ვერძს. | 4 | და ამოს, მეფე მოაბისა, იყო ნოკედს და მოსცემდა ხარკსა მეფესა მას ისრაჱლისასა და ასი ათასსა კრავსა და ასი ათასსა ვერძსა ურისველსა. |
5 | მხოლოდ აქაბის სიკვდილის შემდეგ განუდგა მოაბის მეფე ისრაელის მეფეს. | 5 | და იყო, შემდგომად სიკუდილისა მის აქაბისსა და განუდგა მეფე იგი მოაბისა მეფესა მას ისრაჱლისასა. |
6 | გავიდა მეფე იორამი იმხანად სამარიიდან და აღრიცხა მთელი ისრაელი. | 6 | და გამოვიდა მეფე იორამ სამარიად მას დღესა შინა, აღიხილა ისრაჱლი და წარვიდა. |
7 | წავიდა და შეუთვალა იოშაფატს, იუდას მეფეს: განმიდგა მოაბის მეფე. ხომ არ წამოხვალ ჩემთან ერთად მოაბის წინააღმდეგ? მიუგო: წამოვალ. რამ გაგვყო მე და შენ, რამ გაჰყო ჩემი ხალხი და შენი ხალხი, ჩემი ცხენები და შენი ცხენები? | 7 | და წარავლინნა მეფემან იოსაფატისა, მეფისა იუდასა და ჰრქუა: მეფე მოაბისა მეცრუვა მე. აწ გამო-თუ-ხჳდე ჩემ თანა ბრძოლად მოაბისა? და თქუა: განვიდე, რამეთუ ვითარცა შენ, ეგრეცა მე და ვითარცა ერი შენი, ეგრეცა ერი ჩემი და ვითარცა საჴედარნი შენნი, ეგრეცა საჴედარნი ჩემნი. |
8 | ჰკითხა: რომელი გზით წავიდეთ? მიუგო: ედომის უდაბნოს გზით. | 8 | და ჰრქუა: რომელსა გზასა მივმართოთ? და ჰრქუა იორამ: გზასა მას უდაბნოსასა, ედომით კერძო. |
9 | წავიდნენ ისრაელის მეფე, იუდას მეფე და ედომის მეფე; იტრიალეს შვიდი დღე და ვერ ნახეს წყალი ლაშქრისთვის და პირუტყვისთვის, უკან რომ მოჰყვებოდათ. | 9 | და წარვიდეს მეფე ისრაჱლისა და მეფე იუდეასი და მეფე ედომისა და დაიდარნეს შჳდ დღე გზასა მას. და არა ეპოვა წყალი ბანაკსა მას და არცა საცხოვარსა მათსა, რომელი იყო მათ თანა. |
10 | თქვა ისრაელის მეფემ: აჰა, შეჰყარა უფალმა ეს სამი მეფე, მოაბს რომ ჩაუგდოს ხელში. | 10 | და თქუა მეფემან ისრაჱლისამან: ჵ,ა́ რამეთუ განგუწირნა ჩუენ უფალმან, სამნი ესე მოსრულნი მეფენი, მიცემად ჴელთა მოაბისთა. |
11 |
თქვა იოშაფატმა: ხომ არ არის აქ სადმე უფლის წინასწარმეტყველი, რომ უფლისთვის ვაკითხვინოთ? მიუგო ისრაელის მეფის ერთ-ერთმა მორჩილმა და თქვა: არის აქ ელისე შაფატის ძე, რომელიც ელიას უსხამდა წყალს ხელის დასაბანად. |
11 |
და თქუა იოსაფატ მეფემან: არამე არს აქა წინაწარმეტყუელი უფლისა და ვაკითხემცა უფლისა მიერ ჩუენთჳს? და თქუა ერთმან ვინმე ყრმამან მეფისა ისრაჱლისამან: არს აქა ელისე, ძე საფატისი, რომელი სცემდა ჴელთსა- ბანელსა ელიას. |
12 | თქვა იოშაფატმა: უფლის სიტყვაა მასთან. ჩააკითხეს მას ისრაელის მეფემ, იოშაფატმა და ედომის მეფემ. | 12 | და თქუა იოსაფატ: არს სიტყუაჲ უფლისა მის თანა. და მივიდეს მისა მეფე იგი ისრაჱლისა და იოსაფატ, მეფე იუდასი, და მეფე ედომისი. |
13 | უთხრა ელისემ ისრაელის მეფეს: რა გინდა ჩემგან? წადი მამაშენის წინასწარმეტყველებთან და დედაშენის წინასწარმეტყველებთან. მიუგო ისრაელის მეფემ: არა. იმისთვის ხომ არ შეუყრია უფალს ეს სამი მეფე, რომ მოაბს ჩაუგდოს ხელში. | 13 | და ჰრქუა ელისე მეფესა მას ისრაჱლისასა: რა ძეს შენი და ჩემი? მივედ შენ წინაწარმეტყუელთა მამისა შენისათა და წინაწარმეტყუელთა დედისა შენისათა! და ჰრქუა მას მეფემან ისრაჱლისამან: მო-მე-გვიყვანნა უფალმან სამნი ესე მეფენი მიცემად ჴელთა მოაბელთასა? |
14 | თქვა ელისემ: ცაბაოთ უფალს გეფიცები, რომლის წინაშეც მე ვდგავარ, რომ ზედაც არ შეგხედავდი, პატივს რომ არ ვცემდე იოშაფატს, იუდას მეფეს. | 14 | და თქუა ელისე: ცხოველ არს უფალი, რომელმან განმაძლიერა მე წინაშე მისა, უკუეთუმცა არა თუალ-ვასხენ იოსაფატს, მეფესა იუდასსა, არცაღამცა მიგხედე და გიხილე შენ. |
15 | ახლა, მომიყვანეთ მეჩანგე. როცა უკრავდა მეჩანგე, უფლის ხელი იყო ელისეზე. | 15 | და აწ მომგუარეთ მე მაქებელი! და მოგვარეს ერთი მაქებელი, და იყო, ვითარცა იტყოდა ქებასა მას, იყო მის ზედა ჴელი უფლისა. |
16 | თქვა: ასე ამბობს უფალი: თხრილები დათხარეთ ამ ხევში. | 16 | და ჰრქვა: ესრე იტყჳს უფალი, არა იხილოთ ქარი და არცა იხილოთ წჳმა. და ნაღვარევი ეგე აღივსოს წყლითა და სუათ თქუენ და საცხოვარმან თქუენმან და კარაულმან თქუენმან. |
17 | რადგან ასე ამბობს უფალი: ვერ დაინახავთ ქარს, ვერ დაინახავთ წვიმას, მაგრამ წყლით აივსება ეს ხევი. თქვენც სვით, თქვენმა ჯოგმაც და თქვენმა პირუტყვმაც. | ||
18 | ამას არ იკმარებს უფალი: მოაბსაც ჩაგაგდებინებთ ხელში. | 17 | და მცირე არს ესე ყოფად წინაშე თუალთა უფლისათა. და მოგცეს უფალმან მოაბი ჴელთა თქუენთა. |
19 | ყველა გამაგრებულ ქალაქს, ყველა რჩეულ ქალაქს შემუსრავთ, ყველა საუკეთესო ხეს აჩეხავთ, ყველა წყაროსთვალს ამოყორავთ, საუკეთესო ყანებს ქვებით აავსებთ. | 18 | და დასცნეთ ყოველნი იგი ქალაქნი რჩეულნი და ძლიერნი და ყოველი ხე შუენიერი დასცეთ და ყოველი წყაროები აღმოავსოთ და ყოველი ადგილი შუენიერი განრყუნეთ თქუენ. |
20 | დილით, მსხვერპლის მიტანისას, წამოვიდა წყალი ედომის გზაზე და წყლით აივსო მიწა. | 19 | და იყო, განთიადსა მას ოდენ შეწირვასა ოდენ მსხუერპლისასა და, აჰა, წინაწარმეტყუელნი მოვიდოდეს გამოსლვითა ედომით. და აღივსო ქუეყანა წყლითა. |
21 |
გაიგო მთელმა მოაბმა, რომ დაიძრნენ მეფეები მათთან საომრად. ყველამ თავი მოიყარა, სარტყლის მატარებელმა და უხნესებმაც, და დადგნენ საზღვართან. |
20 | და ყოველსა მოაბსა ესმა, ვითარმედ მივლენან ესე მეფენი წყობად მათა. და აუწყეს ყოველთავე სარტყლისშემრტყმელსა მახჳლოსანსა მათა მიმართ და აღიმსთვეს განთიადსა მას და დადგეს საზღვარსა მათსა. |
22 | გაიღვიძეს დილაადრიანად და, როცა მზე წყალზე გაბრწყინდა, მოაბელებს შორიდან წყალი სისხლივით წითელი მოეჩვენათ. | 21 |
და მოეფინა მზე წყალთა მათ ზედა და იხილა მოაბ პირისპირ წყალი იგი მეწამული, ვითარცა სისხლი. |
23 | თქვეს: ეს სისხლია. დატაკებიან მეფეები და ერთმანეთი დაუხოცავთ. აბა, შენია - ნადავლი, მოაბ! | 22 | და თქუეს: სისხლი იგი მახჳლისა არს ჴდომით, ვიდრემდე ჴდებოდეს ურთიერთას მეფენი იგი, დაეცნეს ურთიერთას და, აჰა, აწ მალე იყავნ ტყუენვად მოაბ. |
24 | მიადგნენ ისრაელის ბანაკს. შეუტია ისრაელმა და დასცხო მოაბს და უკუაქცია. მიეწივნენ და დახოცეს მოაბელები. | 23 | და მიმართეს ბანაკსა მას ისრაჱლისასა და აღდგეს ისრაიტელნი და დასცეს მოაბი და ივლტოდეს პირისგან მათისა და შეუდგეს და მოსრვიდეს მოაბსა. |
25 | ქალაქები დაანგრიეს, საუკეთესო ყანებში თითოეულმა თითო ქვა ისროლა და ქვებით აავსეს, ყველა წყაროსთვალი ამოყორეს, ყველა საუკეთესო ხე აჩეხეს, ქვა ქვაზე არ დაუტოვებიათ კირ-ხარაშეთში, შემოადგნენ მეშურდულენი და დააქციეს. | 24 | და ქალაქნი მათნი დაამჴუნეს და ყოველივე ნაწილი კეთილი კაცად-კაცადმან ქვითა აღმოავსო და ყოველივე თავი წყაროთა აღმოავსეს ქვითა და ყოველი ხე შუენიერი დასცეს და არა დაუტევეს ქვა ქვასა ზედა ზღუდეთა მათთა. და გარემოადგეს მას შურდულოსანნი და დასცეს იგი. |
26 | დაინახა მოაბის მეფემ, რომ იძლია ბრძოლაში, გაიყოლა შვიდასი კაცი, მახვილის ამომღები, და შეეცადა, ედომის მეფისკენ გაეღწია. მაგრამ ვერ შეძლეს. | 25 | და იხილა იგი მეფემან მოაბისამან, რამეთუ განძლიერდა მის ზედა ღუაწლი იგი, მიმართა შჳდასითა კაცითა მახჳლოსანითა მიწევნად მეფისა მის ზედა ედომისასა და ვერ შეუძლო. |
27 | მაშინ მოჰკიდა ხელი თავის პირმშოს, მის ნაცვლად რომ უნდა გამეფებულიყო, და აღსავლენ მსხვერპლად შესწირა გალავანზე. დიდად შეზარა ამან ისრაელი; მოსცილდნენ მოაბს და თავის ქვეყანაში დაბრუნდნენ. | 26 | და მოიყვანა ძე იგი თჳსი პირმშო მეფემან, რომელ დაედგინა მეფედ თავისი თჳსისა წილ, და შეწირა იგი მსხუერპლად ზღუდესა მას ზედა. და იყო სინანულ დიდ შორის ისრაჱლსა და წარმოვიდეს მიერ და მივიდეს ქუეყანად თჳსად. |