ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეოთხე მეფეთა

თავი მეექვსე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

უთხრა წინასწარმეტყველთა გუნდმა ელისეს: აჰა, გვევიწროება ეს ადგილი, სადაც შენ წინაშე ვცხოვრობთ.

1

და ჰრქუეს ძეთა მათ წინაწარმეტყუელთა ელისეს: აჰა, ესერა, ადგილი ესე, რომელსა დავმკჳდრებულვართ ჩუენ, იწრო არს ჩუენდა.

2 იორდანეზე ჩავალთ, თითო მორს ავიღებთ იქიდან და ავიშენებთ იქ სადგომს საცხოვრებლად. უთხრა: ჩადით. 2 მივიდეთ და ვიკვეთოთ იორდანესა კაცად-კაცადმან თჳთო მოსელი და ვიშენოთ მუნ საყოფელი. და ჰრქუა ელისე: მივედით!
3 თქვა ერთმა: იქნებ შენც წამოგვყვე შენს მორჩილთ. მიუგო: წამოგყვებით. 3 და თქუა ერთმან ვინმე მათგანმან: მოვედ შენცა ნელიად მონათა შენთა თანა. და მან თქუა: მივიდე.
4 და წაჰყვა მათ. ჩავიდნენ იორდანეზე და შეუდგნენ ხის ჭრას. 4 და წარვიდა მათ თანა და მივიდა იორდანედ და კაფდეს ძელთა.
5 ძირს დასცა ერთმა მორი და წყალში ჩაუვარდა რკინა. იყვირა: ვაი, ბატონო! ნანათხოვარი იყო! 5 და, აჰა, ერთი ვინმე მათგანი ვიდრე მოაკვეთდა მოსელსა, წარვარდა რკინა ტარსა და შთავარდა წყალსა მას და ღაღად-ყო კაცმან და თქუა: შემიწყალე, უფალო, რამეთუ იგიცა ნათხოვ იყო.
6 თქვა ღვთისკაცმა: სად ჩავარდა? მანაც უჩვენა ადგილი. მოჭრა ხე, ისროლა იქითკენ და ამოტივტივდა რკინა. 6 და ჰრქუა კაცმან ღმრთისამან, სადა ოდენ შთავარდა? და უჩუენა მას ადგილი იგი, მოსტეხა რტო ერთი ელისე და შთააგდო მუნთქვეს ოდენ და ღმოჩნდა რკინა იგი.
7 თქვა: ამოიღე. მანაც გაიწოდა ხელი და აიღო. 7 და ჰრქუა ელისე: მიჰყავ და მოიღე თავით შენით და მიჰყო ჴელი თჳსი და მოიღო იგი.
8 ებრძოდა არამის მეფე ისრაელს და თათბირობდა თავის მორჩილებთან, ამა და ამ ადგილზე დავბანაკდეთო. 8 და მეფე ასურასტანისა გამოვიდა წყობად ისრაჱლისა და ზრახვა-ყო მონათა თჳსთა თანა და თქუა: ადგილსა ერთსა ფელმონს დავიდარანოთ.
9 შეუთვალა ღვთისკაცმა ისრაელის მეფეს. მოერიდე ამ ადგილზე გავლას, არამელები არიან შემოპარული. 9 და მიავლინა ელისე მეფისა მის ისრაჱლისა და ჰრქუა: ეკრძალე, ნუუკუე მიხჳდოდით მათ ადგილთა, რამეთუ მუნ ასურნი იგი დადარანებულ არიან.
10 გზავნიდა ისრაელის მეფე ხალხს იმ ადგილას, რომელზეც ღვთისკაცი ეუბნებოდა და აფრთხილებდა. და არა ერთხელ და ორჯერ გადარჩენილა იქ. 10 და წარავლინა მეფემან ისრაჱლისამან ადგილსა მას მსტოვარნი, რომელსა ჰრქუა მას ელისე მოხილვად მათდა და ერიდებოდა მას ადგილსა არა ერთგზის და არცა ორგზის.
11 შეაშფოთა არამის მეფე ამ ამბავმა, უხმო თავის მორჩილთ და ჰკითხა: არ მეტყვით, ვინ მიდი-მოდის ჩვენიანებიდან ისრაელის მეფესთან? 11 და განრისხნა გული მეფისა ასურთასა სიტყჳსა მისთჳს და მოუწოდა მონათა თჳსთა და ჰრქუა მათ: მითხარითღა მე, ვინმე მამხილა მეფისა მის თანა ისრაჱლისა?
12

თქვა ერთ-ერთმა მორჩილთაგან: არავინ, მეფე-ბატონო; ელისე, ისრაელის წინასწარმეტყველი, ატყობინებს ისრაელის. მეფეს ყოველ სიტყვას, რასაც შენს საძილე ოთახში ლაპარაკობ.

12

და თქუა ვინმე ერთმან მონათა მისთაგანმან: არა ვინ, უფალო ჩემო მეფე, არამედ ელისე წინაწარმეტყუელი ისრაჱლისა უთხრობს მეფესა მას ისრაჱლისასა ყოველთა სიტყუათა შენთა, რომელთა იტყჳ სენაკთა, ანუ სასვენებელთა ზედა შენთა.

13 თქვა: წადით, და გაიგეთ, სად არის იგი. ხალხს გავაგზავნი და მოვაყვანინებ. შეატყობინეს, დოთანში არისო. 13 და თქვა მეფემან: მივედით და იხილეთ, სადა იყოს იგი და მივავლინო და შევიპყრა იგი. და უთხრეს მას და ჰრქვეს: აჰა, ეგერა, დოთაიმს არს.
14 გაგზავნა იქ ცხენები, ეტლები და დიდძალი ჯარი. მივიდნენ ღამით და ალყა შემოარტყეს ქალაქს. 14 და წარავლინა მუნ მეფემან ასურასტანისამან ჰუნეები და ეტლები და ერი ძლიერი და მივიდეს ღამე და მოიცვეს ქალაქი იგი.
15 ადგა დილაადრიანად ღვთისკაცის მსახური, გამოვიდა გარეთ და, აჰა, ჯარია ქალაქის ირგვლივ, ცხენები და ეტლები. უთხრა ბატონის მსახურმა ბიჭმა: ვაი, ბატონო, რა გვეშველება? 15 და აღიმსთო მსახურმან ელისესმან და, აჰა, ერი ძლიერი მოახლებულ იყო გარემო ქალაქსა მას, ჰუნეები და ეტლები. და ჰრქუა მას ყრმამან: უფალო, რამე ვყოთ?
16 უთხრა: ნუ გეშინია, რადგან ჩვენ უფრო ბევრი გვყავს, ვიდრე მათ. 16 და ჰრქუა ელისე: ნუ გეშინინ, რამეთუ ჩუენ თანა უმრავლესნი არიან ვიდრე მათ თანა.
17 ილოცა ელისემ და თქვა: უფალო! აუხილე თვალი, რომ დაინახოს. აუხილა უფალმა თვალი მსახურ ბიჭს და მანაც დაინახა: აჰა, სავსეა მთა ელისეს გარშემო ცხენებითა და ცეცხლოვანი ეტლებით. 17 და თაყუანის-სცა უფალსა ელისე, ილოცვიდა და თქუა: უფალო, განუხვენ თუალნი ამის ყრმისანი, რათა იხილოს. და განუხუნა უფალმან თუალნი მისნი და იხილა და, აჰა, მთა იგი სავსე იყო ჰუნებითა და ეტლებითა ცეცხლისათა გარემოს ელისესა.
18 ჩავიდნენ მასთან არამელები. ილოცა ელისემ უფლისადმი და თქვა: დააბრმავე ეს ხალხი! და დააბრმავა ისინი ელისეს სიტყვისამებრ. 18 და გარდამოჴდეს მისსა და ილოცვიდა ელისე უფლისა მიმართ და თქუა: გუემე ნათესავი ეგე სიბრმითა! და გუემნა იგინი უფალმან სიბრმითა მსგავსად სიტყჳსა მის ელისესისა.
19 უთხრა მათ ელისემ: აქ არ არის გზა და არც ქალაქი. წამომყევით და მიგიყვანთ იმ კაცთან, ვისაც ეძებთ. და წაუძღვა სამარიამდე. 19 და ჰრქუა მათ ელისე: არა ესე გზა არს და არცა ესე ქალაქი, მომდევდით მე და მიგიყვანნე თქუენ კაცისა მის, რომელსა ეძიებთ. და მიიყვანნა იგინი სამარიად.
20 როცა სამარიაში მივიდნენ, თქვა ელისემ: უფალო! აუხილე თვალი ამათ. აუხილა უფალმა მათ თვალი და დაინახეს, რომ სამარიაში არიან. 20 და იყო, ვითარცა შევიდეს სამარიად. თქუა ელისე: აღახუნენ, უფალო, თუალნი ამათნი და ხედვიდენ. და აღუხილნა უფალმან თუალნი მათნი და იხილეს. და, აჰა, იყუნეს შორის სამარიასა.
21 უთხრა ისრაელის მეფემ ელისეს, როცა დაინახა ისინი: დავხოცო, დავხოცო, მამაო? 21 ვითარცა იხილნა იგინი მეფემან ისრაჱლისამან, ჰრქუა ელისეს: მოსრვით მოსრნე იგინი, მამაო.
22 უთხრა: არ დახოცო. შენი მახვილით და მშვილდით ხომ არ დაგიტყვევებია, რომ შენ ამოხოცო? მიეცი პური და წყალი; ჭამონ და სვან, და თავიანთ ბატონთან წავიდნენ. 22 და ჰრქუა ელისე: ნუ მოსრავ, რამეთუ რომელნი არა სტყუენვენ მახჳლთა შენითა და არცა მშჳლდითა შენითა. აწ დაუგე პური და წყალი, ჭამონ და სვან და წარვიდენ უფლისა თჳსისა.
23

გაუმართა დიდი პურობა. მათაც ჭამეს, სვეს და თავიანთ ბატონთან წავიდნენ. ამის მეტად აღარ შემოსულან სათარეშოდ ისრაელის ქვეყანაში არამელები.

23

და დაუგო მათ დიდად და ჭამეს და სვეს და წარვიდეს უფლისა თჳსისა და არღარა შესძინეს ასურთა მათ მოსლვად ქუეყანასა მას ისრაჱლისასა.

24 ამის შემდეგ შეკრიბა ბენ-ჰადადმა, არამის მეფემ, მთელი თავისი ლაშქარი, წამოვიდა და შემოადგა სამარიას. 24 და იყო ამისა შემდგომად და კრება-ყო ძემან ადერისამან, მეფემან ასურასტანისამან, ყოვლისა მის ბანაკისა თჳსისა, მოვიდა და მოიცვა სამარია.
25 დიდი შიმშილობა იყო სამარიაში, სანამ ალყა ჰქონდა შემორტყმული; სახედრის თავი ოთხმოც ვერცხლად გადიოდა, ხოლო კაბის მეოთხედი მტრედის სკორე - ხუთ ვერცხლად. 25 და იყო სიყმილი დიდი სამარიას და დასხდეს მის გარემო, ვიდრემდე ეპოებოდა თავი ვირისა ერგასის სასწორის ვეცხლისა და ოთხი კაბიწი და ნაედომი ტრედისა ხუთის სასწორისა ვეცხლისა.
26 გაიარა ერთხელ ისრაელის მეფემ გალავანზე და შეჰბღავლა ერთმა ქალმა: მიშველე, მეფე-ბატონო! 26 და მეფე ისრაჱლისა იქცეოდა ზედა ზღუდესა მას და დედაკაცი ერთი ღაღადებდა მისა მიმართ და თქუა: მიჴსენ მე, უფალო მეფე.
27 უთხრა: თუ უფალმა ვერ გიშველა, მე საიდან გიშველო? კალოდან თუ საწნახელიდან? 27 და ჰრქუა მას მეფემან: ნუ გიჴსნეს შენ უფალმან, ვინა გიჴსნეს შენ კალოსაგან ანუ საწნეხელისა?
28 ჰკითხა ქალს მეფემ: რა მოგივიდა? მიუგო: ამ ქალმა მითხრა: მოიტა, დღეს შენი შვილი შევჭამოთ, ხვალ ჩემიო. 28 და ჰრქვა მას მეფემან: რა არს შენდა, დედაკაცო? მიუგო დედაკაცმან და ჰრქუა: ამან დედაკაცმან მრქუა: მოვედ და შვილი ეგე შენი შევჭამოთ დღეს და შვილი ესე ჩემი შევჭამოთ ხვალე.
29 მოვხარშეთ ჩემი შვილი და შევჭამეთ. ვუთხარი მეორე დღეს: მოიტა, ახლა შენი შვილი შევჭამოთ-მეთქი. მან კი გადამალა თავისი შვილი. 29 და შევგბოლეთ შვილი იგი ჩემი და შევჭამეთ და ვარქუ მეორესა დღესა: აწ შენი შვილი მოიყვანე და შევჭამოთ და დამალა შვილი იგი თჳსი.
30 როცა გაიგონა მეფემ ქალის ნათქვამი, შემოიხია სამოსელი და გალავანზე გავიდა. დაინახა ხალხმა, რომ ჯვალო ემოსა შიშველ ხორცზე. 30 და იყო, ვითარცა ესმა მეფესა სიტყუა იგი მის დედაკაცისა, დაიპო სამოსელი თჳსი და იგი იქცეოდა ზედა ზღუდესა მას. და იხილა ყოველმან ერმან, რამეთუ ძაძა ემოსა შიშველთა ჴორცთა მისთა.
31 თქვა: ასე და ასე მიყოს ღმერთმა და უარესიც დამმართოს, თუ თავი შერჩეს მხრებზე საღამომდე ელისე შაფატის ძეს. 31 და თქუა: ესე და ესე მიყავნ მე ღმერთმან და ესე და ესე შემძინენ, უკუეთუ დგესღა თავი ელისესი, ძისა საფატისი, მის ზედა დღეს.
32 ხოლო ელისე იჯდა თავის სახლში და უხუცესები გვერდით უსხდნენ. გააგზავნა მეფემ თავისგან კაცი. ვიდრე მოციქული მივიდოდა, ელისემ უთხრა უხუცესებს: ხედავთ, კაცს მიგზავნის მკვლელის შვილი, რომ თავი მომკვეთოს? იცოდეთ, როცა მოციქული მოვა, ჩაკეტეთ კარი და მაგრად მიაწექით კარს, რომ ვერ შემოვიდეს. აჰა, მისი ბატონის ფეხის ხმაც ისმის მის უკან! 32 და ელისე ჯდა სახლსა თჳსსა და მოხუცებულნი იგი სხდეს მის თანა. და წარავლინა კაცი მეფემან მისა და, ვიდრე არღა მიწევნილ იყო მოციქული იგი მისა, ჰრქუა ელისე მოხუცებულთა მათ: იცითმეა, რამეთუ წარმოავლინა შვილმან მოსისხლისამან მოკუეთად თავისა ჩემისა და ვითარცა შემოვიდოდის მოციქული იგი, დაიპყართ კართა, რამეთუ, აჰა, ეგერა, ბგერა ფერჴთა უფლისა მისისათა შემდგომად მისა.
33 ვიდრე მათ ელაპარაკებოდა, აჰა, მოვიდა მოციქულიც. და თქვა ელისემ: აი, რა უბედურება დაგვატეხა უფალმა! რაღას უნდა მოველოდე უფლისგან. 33 და ვიდრე იგი ეტყოდა მათ და მოციქული იგი მეფისა მო-ხოლო-იწია მათა და ჰრქუა: აჰა, ესერა, ძჳრი უფლისა მიერ არს, რასაღა ვევედრებოდი უფალსა?