ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
განაჩენი, რომელიც იხილა აბაკუმ წინასწარმეტყველმა. |
1 |
მიღებაჲ, რომელი იხილა ამბაკუმ წინაწარმეტყუელმან. |
2 | როდემდის უნდა ვითხოვდე შველას, უფალო, და არ ისმენდე? შემოგჩიოდე ძალადობის გამო და არ მშველიდე? | 2 | ვიდრე რომლისამდე, უფალო, ვღაღადებდე და არა ისმენ, ვჴმობ შენდამი დაჭირვებული და არა მიჴსნი? |
3 | რისთვის მაყურებინებ სიცრუეს და მახილვინებ სიავეს? ძარცვა-გლეჯა და ძალადობაა ჩემს წინაშე, მტრობა და შუღლია ჩამოვარდნილი. | 3 | რაჲსათჳს მიჩუენენ მე ტკივილნი და შრომანი ზედადახედვად საარებისა და უთნოობისა და წინაშე ჩემსა იქმნა მსჯავრი და მსაჯული მიიღებს. |
4 | ამიტომაც გაცუდდა რჯული და აღარ ჭრის სამართალი; რადგან უსამართლო ჯაბნის მართალს; ამიტომაც გამოდის უკუღმართი მსჯავრი. | 4 | და ამისთჳს განქარვებულ არს შჯული. და არ მიიწევის სრულებად სამართალი, რამეთუ უთნო ჰმძლავრობს მართალსა. ამისთჳს გამოვალს მსჯავრი გულარძნილი. |
5 | შეხედეთ ხალხებს, დააკვირდით და განცვიფრდით, რადგან ისეთ რასმე მოვიმოქმედებ თქვენს დროში, ამბად გაგონილსაც არ დაიჯერებთ. | 5 | იხილეთ შეურაცხისმყოფელნო და მოიხილეთ; დაიკჳრვენით საკჳრველნი და უჩინო იქმნენით მით, რამეთუ საქმესა ვიქმ მე დღეთა შინა თქუენთა, რომელი არა ირწმუნოთ, უკეთუ ვინ მიგითხრას თქუენ. |
6 | რადგან, აჰა, აღვძრავ ქალდეველებს, ხალხს სასტიკსა და ფიცხელს, და მოივლიან მთელს დედამიწას, რომ დაეპატრონონ საცხოვრებლებს, რომლებიც მათ არ ეკუთვნით. | 6 | მით, რამეთუ, აჰა, აღვადგენ მე ქალდეველთა, ნათესავსა მწარესა და კისკასსა, მავალსა სიბრტყეთა ზედა ქუეყანისათა, დამკჳდრებად დასაკარვებელთა არამისთა |
7 | საშიშია და შემზარავი, მისგან გამოდის მსჯავრი და სასჯელი. | 7 | საშინელ და საჩინო არს. მისგან არს მსჯავრი მისი და მისაღებელი მისი მისგან მოვიდეს. |
8 | ჯიქზე უსწრაფესია მისი ცხენები, ბინდის მგლებივით მზერამახვილნი; დაჯირითობენ მისი მხედრებ, მოგრიალდებიან მხედრები შორიდან, მოფრინდებიან მსხვერპლს დაღირებული არწივებივით. | 8 | და ვლდებოდიან უფროს ვეფხისა ცხენნი მისნი და უმაღლეს უფროს მგელთა არაბიასათა. და ცხენოოდიან მჴედარნი მისნი; და მიიმართებდენ შორით და ფრინვიდენ, ვითარცა არწივი გულსმოდგინე ჭამად. |
9 | ერთიანად მოდის საალაფოდ, აღმოსავლეთისკენ პირმიქცეული, და ქვიშასავით მიხვეტავს ტყვეებს. | 9 | აღსასრული უღონოთა ზედა მოიწიოს, წინააღმდგომთა წინაშე პირთა მათ და შეკრიბოს ნატყუენავი, ვითარცა ქჳშაჲ. |
10 | ამასხრებს მეფეებს და მთავრებს საცინად იგდებს; დასცინის ყოველ ციხე-სიმაგრეს, მიწაყრილებს ახვავებს მათ ასაღებად. | 10 | და თჳთ მეფეთა შორის განიშუას და მძლავრნი სამღერელ მისსა. და იგი ყოველსა ზედა სიმაგრესა მისსა იმღეროდის. და დადვას მიწად და დაიპყრას იგი. |
11 | მაშინ მოიცემს გულს, საზღვარს გადავა და შესცოდვას. მისი ძალა კი მის ღმერთშია! | 11 | მაშინ გარდაცვალოს სული. და განვლოს და ულხინოს ესე ძალი ღმერთსა ჩემსა. |
12 | შენ ხომ უკუნისიდან ხარ, უფალო, ჩემო ღმერთო, ჩემო წმიდავ! არ დავიხოცებით! უფალო, სამსჯავროდა გყავს დადგენილი იგი; საფარველო, სამხილებლად გყავს განწესებული! | 12 | არა შენ დაწყებითგან უფალი ღმერთი წმიდაჲ ჩემი ხარ? და არა მოვკუდეთ! უფალო, მსჯავრად დააწესე იგი და დამბადე მე მხილებად სწავლისა მისისა. |
13 | სუფთაა სახედველნი ბოროტების საყურებლად და არ ძალგიძს სიავის ჭვრეტა. რატომ უცქერ მუხანათებს და დუმხარ, როცა ბოროტეული ყლაპავს მართალს? | 13 | წმიდა არს თუალი არა ხედვად ბოროტისა, და ზედ დახედვად ტკივილთა ზედა შეუძლოს არსადა. რად ზედ დაჰხედვა შეურაცხისმყოფელთა ზედა დაიდუმებ შთანთქმასა უთნოსაგან მართლისასა? |
14 | ზღვის თევზებივით გაგიხდია ადამიანები, უპატრონო ქვეწარმავლებივით. | 14 | და ჰყოფ კაცთა, ვითარცა თევზთა ზღჳსათა, და ვითარცა ქუეწარმძრომელთა არ მქონებელთა წინამძღუარისათა? |
15 | ყველანი ანკესით ჰყავს ამოყვანილი, თავისი სათხევლით ამოთრეული და თავის ბადეში გამომწყვდეული. ამიტომ ხარობს და ზეიმობს. | 15 | მოსასრულებელად სამჭედურითა აღმოიტაცა და მოიზიდა იგი სათხევლითა და შეკრიბა იგი სათრომელთა მიერ მისთა. ამისთჳს იხარებდეს და იშუებდეს გული მისი. |
16 | ამიტომ სწირავს მსხვერპლს თავის სათხეველს და უკმევს თავის ბადეს, რადგან მათგან აქვს მსუყე კერძი და ნოყიერი საჭმელი. | 16 | ამისთჳს უგოს სათრომელსა თჳსსა და უკმიოს საკმელითა თჳსითა სათხეველსა მისსა, ოდეს მათ შორის განაპოხა ნაწილი მისი და ჭამადნი მისნი რჩეულნი. |
17 | ნუთუ ამისთვის უნდა ისროდეს თავის სათხეველს და უწყალოდ ხოცავდეს ხალხებს გამუდმებით? | 17 | ამისთჳს განჰმარტნეს სათხეველნი თჳსნი და მარადის მოკლვად ნათესავთა არა ერიდოს. |