ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ჩემს სადარაჯოზე დავდგები და გავალ კოშკზე, დავაყურადებ, რომ ვნახო, რას მეტყვის და რა ვუპასუხო ჩემს მხილებაზე. |
1 |
საჴმილავსა ჩემსა ზედა დავდგე. და აღვიდე კლდესა ზედა და განვისტუანო ხილვად, რაჲ ითქუას ჩემ შორს და რაჲ მიუგო მხილებასა ზედა ჩემსა. |
2 | მომიგო უფალმა და მითხრა: ჩაწერე ხილვა და ფიქალებზე ამოკვეთე, რომ სწრაფად წაიკითხოს მკითხველმა. | 2 | და მომიგო ჩემდამო უფალმან და თქუა: დაწერე ხილვაჲ განცხადებულად ფიცარსა, რაჲთა სდევდეს აღმომკითხველი მათი |
3 | რადგან უკვე დათქმული ჟამისთვის არის ხილვა და ბოლოს გაცხადდება, არ გამტყუნდება. თუ დააგვიანდეს, დაელოდე, რადგან უსათუოდ მოვა, არ დაბრკოლდება. | 3 | მით, რამეთუ ჯერეთ ხილვაჲ არს ჟამისადმე და აღმოჰჴდეს დასასრულადმე და არა ჟამიეად უკეთუ მოაკლდეს, დაუთმე მას, რამეთუ მომავალი მოვიდეს და არა ყოვნოს. |
4 | აჰა, გაამაყდა, არ გასწორდა მასში სული, მართალი კი თავისი რწმენით იცოცხლებს. | 4 | უკეთუ სწიწნეულობდეთ, არა სთნავს სულსა ჩემსა მის შორის, ხოლო მართალი ჩემი სარწმუნოებისაგან ცხონდეს. |
5 | ამპარტავანი კაცი კი მატყუარა ღვინოსავითაა, არ მოისვენებს; ჯოჯოხეთივით აიბერება მისი სული და სიკვდილივით გაუმაძღარია: თავისკენ შემოიკრებს ყველა ხალხს და ყველა ერს თავისთან შემოხვეტავს. | 5 | ხოლო მართალი, სარწმუნოებითა ჩემითა ცხონდეს, თავისმოთნე იგი. და შეურაცხის-მყოფელმან მამაკაცმან ზეჰარმან ვერარაჲ სრულ-ყოს, რომელმან განავრცო, ვითარცა ჯოჯოხეთმან, სული თჳსი და ესრეთ, ვითარცა სიკუდილმან არ აღვსებულმან, და შეკრიბნეს მის ზედა ყოველნი ნათესავნი და შეიწყნარნეს მისდა მიმართ ყოველნი ერნი. |
6 | ხომ ყველანი საარაკოდ გახდიან მას და მასხრად აიგდებენ, იტყვიან: ვაი მას, ვინც სხვისას იგროვებს - როდემდისო? - და მონახვეჭით იმძიმებს თავს! | 6 | არა ესე ყოველნი იგავად მოიხუნენ ძჳნად მისსა. და მაგალითად მისათხრობელად მისსა და თქუან: ვაჲ, რომელი განუმრავლებდეს თავსა თჳსსა არა მისად მყოფთა ვიდრე რომლისამდე მე და დაამძიმებდეს საჴივსა თჳსსა ძნიადობით, |
7 | ხომ უეცრად აღდგებიან შენი მკბენელნი და აღიძრებიან შენი დამაფრთხობელნი, რომ ათ კერძად იქცე? | 7 | რამეთუ ანაზდა აღდგენ მკბენელნი მისნი და განიფრთხონ მძმაცუავთა შენთა და იყო დასატაცებელ მათდა. |
8 | რაკი უამრავი ხალხი გყავს გაძარცული, შენც გაგძარცვავს ყველა დანარჩენი ერი დაღვრილი სისხლის წილ, ქვეყნის, ქალაქის და მის მკვიდრთა ჩაგვრის წილ. | 8 | მით, რამეთუ შენ ტყუე-ჰყუენ ნათესავნი მრავალნი, ტყუე-გყოფდენ შენ ყოველნი დაშთომილნი ერნი სისხლებისათჳს კაცთაჲსა და უთნოობისათჳს ქუეყანისა და ქალაქისა და ყოველთა დამკჳდრებულთა მისთა. |
9 | ვაი მას, ვინც უსამართლოდ იხვეჭს თავისი სახლისთვის და მაღალზე იბუდებს, რომ თავი დაიხსნას ბოროტის ხელიდან! | 9 | ჵ, რომელი ანგაარობდეს ანგარებასა ბოროტსა სახლთა თჳსთა დაწყებად სიმაღლისა შორის ბუდეთა თჳსთა დაფარვად ჴელისაგან უკეთურთასა. |
10 | სირცხვილი გადუწყვიტე შენს სახლს, რომ მოსპე უამრავი ხალხი, საკუთარ თავს შესცოდე. | 10 | მოუპოო სირცხჳლი სახლსა შენსა მოსრულებად ერთა მრავალთა და ცოდა სულმან შენმან |
11 |
რადგან ქვები ღაღადებენ კედლებიდან და ხის კოჭები ეპასუხებიან. |
11 |
მით, რამეთუ კლდემან ზღუდით ჴმა-ყოს და მაჟაურმან ძელით გამო ჴმა-ყუნეს იგინი. |
12 | ვაი მას, ვინც სისხლზე აშენებს ქალაქს და უსამართლობაზე აფუძნებს დარბაზებს. | 12 | ვაჲ მაშენებელსა ქალაქისასა სისხლისა მიერ და განმზადებულსა ქალაქისასა უსამართლობათა მიერ. |
13 | განა ცაბაოთ უფლისგან არ არის, რომ ცეცხლისთვის იღვწიან ხალხები და არაფრისთვის დაშვრებიან ტომები? | 13 | არა ესე არიან უფლისა მიერ, ყოვლისა მპყრობელისა, და მოაკლდეს ერნი კმანი ცეცხლისა მიერ და ნათესავნი მრავალნი სულმოკლე იქმნეს, |
14 | რომ უფლის დიდების ცოდნით აივსოს ქვეყანა, როგორც ზღვა არის წყლით დაფარული? | 14 | რამეთუ აღივსო თავად ყოველი ქუეყანაჲ ცნობითა დიდებასა უფლისსა, ვითარცა წყალმან მრავალმა დაფარნეს იგინი ზღუად მიმართ. |
15 | ვაი მას, ვინც თავის თვისტომს ასმევს თავისი რისხვის თასს და ათრობს, რომ მათ სიშიშვლეს უყუროს! | 15 | ჵ, რომელი ასუმიდეს მოყვასსა თჳსსა აღთქუეფულსა, მრღჳესა და მათრობელსა, რამეთუ ზედა ჰხედავს ქუაბთა ზედა მათთა. |
16 | პატივის ნაცვლად დამცირებით გაძღები; შენც სვი და გაშიშვლდი; შენც შეგხვდება უფლის მარჯვენის თასი და შენი პატივის დამცირება. | 16 | სავსებაჲ უპატივობისაჲ დიდებისაგან სუ. და შენ შეირყიე, რამეთუ მრგულევა ყო შენ ზედა სასუმელმან მარჯუენისა უფლისამან და შეკრბა უპატიოება დიდებასა ზედა შენსა. |
17 | რადგან ლიბანის თრგუნვა შენს თავზე გადმოვა და პირუტყვთა აკლება შეგაშინებს, რადგან კაცის სისხლი გაქვს დაღვრილი და ქვეყანა, ქალაქი და მისი მცხოვრებნი დათრგუნული. | 17 | მით, რამეთუ უთნოობამან ლიბანისმან დაგფაროს შენ და საარებამან მჴეცთამან წიწნეულ-გყოს სისხლთა მიერ კაცთაჲსა. და უთნოობათა ქუეყანისა და ქალაქისათა. და ყოველთა დამკჳდრებულთაჲსა მას შინა. |
18 | რა სარგებლობა აქვს მოქანდაკის გამოკვეთილ კერპს, ტყუილის მოძღვარს, მაგრამ მოქანდაკე ესავს თავის ნაქანდაკევს, თუმცა მუნჯებია მისი შექმნილი ღმერთები. | 18 | რად სარგებელ არს ქანდაკებული, რამეთუ ქანდაკეს იგი, შეჰმზადეს იგი გამონადნობი საოცრებად მტყუარად, რამეთუ ესვიდა შემქმნელი, შექმნულისა მიმართ თჳსისა შექმნად კერპნი ყრუნი. |
19 | ვაი მას, ვინც ხეს ეუბნება: გაიღვიძეო, და მდუმარე ქვას: გამოფხიზლდიო. ეს არის მოძღვარი? აჰა, ოქრო-ვერცხლშია ჩასმული, სული კი არ უდგას. | 19 | ვაჲ, რომელმან ჰრქუას ძელსა: განიფრთხუე, აღდეგ. ქუასა ამაღლდი და იგი არს ოცნებაჲ, ხოლო ესე არს განჭედილი ოქროჲსა და ვეცხლისაჲ და ყოველივე სული არა არს მის შორის. |
20 | უფალი კი თავის წმიდა ტაძარშია; დადუმდეს მთელი ქვეყანა მის წინაშე! | 20 | ხოლო უფალი ტაძარსა შინა წმიდასა მისსა. და შეკდემულ იქმენინ პირისაგან მისისა ყოველი ქუეყანა. |