ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ხილვა აბდიასი. ასე ბრძანა უფალმა ედომზე: ხმა მოგვწვდა უფლისგან, მაცნეები დაეგზავნათ ხალხებს: აღდექით, გავიდეთ მათთან საბრძოლველად! |
1 |
ხილვაჲ აბდიასი, რომელი იყო უწინარეს გამოსლვისა ასურასტანით. ამათ ეტყვის უფალი ღმერთი იდუმეასა: სასმენელი მესმა უფლისა მიერ. და გარემოცვა წარმართთა მიმართ განავლინა: აღდეგით და აღვდგეთ მის ზედა ბრძოლად. |
2 | აჰა, დაგამცირე ხალხთა შორის, აბუჩადა ხარ აგდებული! | 2 | აჰა, შემცირებულად მიგეც შენ წარმართთა შორის. უპატივო ხარ შენ ფრიად. |
3 | შენმა ზვაობრობამ შეგაცდინა, კლდის ნაპრალებში დასახლებულხარ, მაღალზეა შენი სადგომი. გულში ამბობ: ვინ ჩამომაგდებსო ძირს? | 3 | ამპარტავანებამან გულისა შენისამან აღგიღო შენ, დამკჳდრებულთა შორის ჴურელებსა კლდეთასა აღმამაღლებელი საყოფლისა თჳსისა, მეტყუელი გულსა შინა მისსა: ვინ დამამჴუას მე ქუეყანასა ზედა. |
4 | არწივივითაც მაღლა რომ აიჭრა, ვარსკვლავთა შორისაც რომ დაიბუდო, იქიდანაც ჩამოგაგდებ, ამბობს უფალი. | 4 | უკუეთუ აღიმაღლო, ვითარცა არწივმან, და უკეთუ შორის ვარსკულავთა დაიდგა ბუდე შენი, მიერ გარდამოგაგდო შენ, - იტყჳს უფალი, |
5 | ქურდებიც რომ დაგცემოდნენ თავს, ღამის ყაჩაღები, ასე არ გაჩანაგდებოდი. მხოლოდ თავის სამყოფს მოიპარავდნენ ისინი. ყურძნის მკრეფავნიც რომ შემოგსეოდნენ, ორიოდე კუფხალი მათაც გადარჩებოდათ. | 5 | უკეთუმცა მპარავნი შევიდეს შენდა, ანუ ავაზაკნი ღამე, სადამცა განიგდე, არამცა იპარნე საკმანი თავთა თჳსთათჳს, და უკეთუმცა მსთულებელნი შევიდეს შენდა, არამცა დაუტევესა მოსაკუფხლავი? |
6 | როგორ გაძარცულა ესავი, როგორ გაუხვეტიათ მისი საგანძურები! | 6 | ეითარ გამოკულეულ იქმნა ესავ და დაშთეს დაფარულნი მისნი. |
7 | საზღვრამდე მიგრეკავენ შენი მოკავშირენი, გიმუხთლებენ და დაგძალავენ შენი მოზავენი, შენს პურზე გამოზრდილნი მახეს დაგიგებენ (გონიერება არ არის მასში). | 7 | ვიდრე საზღუართამდე შენთა განგავლინეს შენ, ყოვვლნი მამაკაცნი აღთქმისა შენისანი წინააღგიდგეს შენ, ძლიერ იქმნეს შენდამი მამაკაცნი მშჳდობისა შენისანი. დაგიდვეს შესაბრკოლებელი ქუეშე შენსა. არა არს გულისხმის-ყოფაჲ მათ თანა. |
8 | განა ეს იმავე დღეს არ მოხდება, ამბობს უფალი, როცა ბრძენკაცებს მოვსპობ ედომში და გონიერებას ესავის მთაზე? | 8 | მას დღესა შინა, - იტყჳს უფალი, - წარვსწყმიდნე ბრძენნი ქუეყანით იდუმეაჲთ და გულისჴმის-ყოფაჲ მთისაგან ისავისსა. |
9 | შედრკებიან შენი ვაჟკაცები, თემანო, რადგან ამოვარდება კაცის სახსენებელი ესავის მთაზე ხოცვა-ჟლეტის შემდეგ. | 9 | და წიწნეულ იქმნენ მბრძოლნი შენნი თემანითგამონი, რათა აღიღოს კაცი მთისაგან ესავისსა |
10 | იმის გამო, რომ უსამართლოდ ექცეოდი შენს ძმას. იაკობს, სირცხვილი დაგფარავს და სამუდამოდ გადაშენდები. | 10 | კლვისათჳს და უთნოობისა ძმისა შენისა იაკობისსა და დაგფაროს შენ სირცხჳლმან და აღგჴოცო უკუნისამდე. |
11 | იმ დღეს, როცა მის წინაშე იდექი, როცა ურჯულოებმა ტყვედ წაასხეს მისი ერი, როცა უცხოთესლი შევიდა მის კარიბჭეში და წილი ჰყარა იერუსალიმზე, შენც ერთი იმათგანი იყავი! | 11 | ვინა დღითგან წინააღუდეგ წინააღმდგომად დღესა შინა ტყუე-ყოფადისასა, სხუანათესავნი ძალსა მისსა და უცხონი შევიდეს ბჭეთა მისთა და იერუსალჱმსა ზედა განიგდეს წილი. და თქუენ ხართ, ვითარცა ერთი მათგანი. |
12 |
არ უნდა გეცქირა შენი ძმის დღისთვის, მისი შავი დღისთვის; არ უნდა გეხარა იუდაელებზე მათი დაღუპვის დღეს, ჭირის დღეს არ უნდა გეტრაბახა. |
12 |
და ნუ მიხედავ დღესა უცხოსა, დღესა შინა ძისა შენისასა და ნუ მოსცხრები ძეთა ზედა იუდასთა, დღესა შინა წარწყმედისა მათისასა და ნუ დიდსიტყუაობ დღესა შინა ჭირისასა, |
13 | არ უნდა შესულიყავი ჩემი ერის კარიბჭეში მისი დაღუპვის დღეს, არ უნდა გეცქირა მისი უბედურებისთვის მისი დაღუპვის დღეს, ხელი არ უნდა გეხლო მისი ქონებისთვის მისი დაღუპვის დღეს. | 13 | ნუცა შეხუალ ბჭეთა ერისათა დღესა შინა ტკივილთა მათთასა. და ნუ ზედდაჰხედავ შენცა შესაკრებელსა მათსა დღესა შინა მოსრულებისა მათისასა. და ნუცა თანდაშჯდები ძალსა ზედა მათსა დღესა შინა წარწყმედისა მათისასა. |
14 | არ მდგარიყავი გზაჯვარედინზე მისი ლტოლვილების გასაწყვეტად, არ გაგეცა მისი ნატამალი ჭირის დღეს. | 14 | ნუცა დასდგები განსავალთა ზედა მათთა მოწყუედად განრინებულთა მათგანთა. ნუ წყუდეულ-ჰყოფ მლტოლვარეთა მათგან დღესა შინა ჭირისასა |
15 | რადგან ახლოა უფლის დღე ყველა ხალხისთვის. როგორც იქცეოდი, ისე მოგექცევიან, სამაგიერო მოგეზღვება. | 15 | მით, რამეთუ ახლოს არს დღე უფლისაჲ ყოველთა ზედა ნათესავთა. ვითარსახედ უყავ, ეგრეთ იყოს შენდა მოსაგებელი შენი მოგეგოს შენ თავსა ზედა შენსა |
16 | როგორც თქვენ გისვამთ ჩემს წმიდა მთაზე, ისევე შესვამს ყოველი ხალხი გამუდმებით, შესვამს და ამოხვრეპს, თითქოს არც არაფერი ყოფილიყოს. | 16 | მით, რამეთუ ვითარსახედ ჰსუემდ მთასა ზედა წმიდასა ჩემსა, სუმიდენ ყოველნი ნათესავნი, ღჳნოსა სუმიდენ და შთასთქმიდენ და იყვნენ, ვითარცა არაყოფილნი. |
17 | სიონის მთაზე მოვა ნატამალი და წმიდა იქნება იგი. თავის სამკვიდრებელს დაიმკვიდრებს იაკობის სახლი. | 17 | ხოლო შორის მთასა სიონსა იყოს მაცხოვარებაჲ, და იყოს წმიდაჲ, და დაიმკჳდრნეს სახლმან იაკობისამან დამამკჳდრებელნი მათნი. |
18 | იაკობის სახლი ცეცხლი იქნება და იოსების სახლი ალი, ხოლო ესავის სახლი - ნამჯა. მოედება და შთანთქავს მას. ვერავინ გადარჩება ესავის სახლიდან, რადგან უფალმა ბრძანა. | 18 | და იყოს სახლი იაკობისა ცეცხლი და სახლი იოსებისი-ალ, ხოლო ესავისი - ლელწამ. და აღატყდენ მათ ზედა და შეიჭამნენ იგინი. და არა იყოს მეცეცხლე სახლსა ესავისსა, რამეთუ უფალმან თქუა: |
19 | სამხრეთი დაიმკვიდრებს ესავის მთას და ბარი - ფილისტიმელთა ქვეყანას. დაიმკვიდრებენ ეფრემის მხარეს და სამარიის მხარეს, ბენიამინი კი - გალაადს. | 19 | და დაიმკჳდრონ ნაგეისშინათა მთაჲ ესავისი, და სეფილასშინათა უცხოტომნი იგი. და დაიმკჳდრონ მთაჲ იგი ეფრემისი, და ველი სამარაჲსაჲ, და ბენიამენი და გალაადიტი. |
20 | ისრაელიანთა განთესილი ერი ცარეფთამდე დაიმკვიდრებს ქანაანს, სეფარადში განთესილი იერუსალიმი სამხრეთის ქალაქებს დაიმკვიდრებს. | 20 | და გარდასახლებისა დასაბამი ესე არს ძეთა ისრაჱლისათა: ქუეყანაჲ ქანანელთაჲ ვიდრე სარეფთონდმდე და გარდასახლებაჲ იერუსალიმისაჲ ვიდრე ეფრათადმდე. და დაიმკჳდრნენ ქალიქნი ნაგესისნი. |
21 | ავლენ გამარჯვებულნი სიონის მთაზე ესავის მთის განსაკითხავად და უფლის იქნება სასუფეველი. | 21 | და აღვიდოდიან განრინებულნი მთისაგან სიონისა, შურისძიებად მთასა ესავისსა და იყოს უფლისა მეუფებაჲ. |