ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ვიხილე უფალი, სამსხვერპლოსთან მდგარი, და მითხრა: დაჰკარი ბუღაურებს, რომ შეირყეს ზღურბლი და თავზე დაამხე მათ ყველას; მათ საბოლოოს მე მოვსვრავ მახვილით, გამქცევი ვერსად გაიქცევა და მათგან ვერავინ გადარჩება. |
1 |
ვიხილე უფალი მდგომარე საკურთხეველსა ზედა და თქუა: ეც სალხინებელსა ზედა და შეიძრნედ წინაბჭენი და განკუეთილებისა მიმართ ყოველთასა და დაშთომილთა მათთა მახჳლითა მოვსწყუედ. არა განერეს მათგანი მტოლვარე და არა ცხოვნდეს მათგანი ცხოვნებული. |
2 | ქვესკნელშიც რომ ჩაიმარხონ, იქიდან ამოიყვანს მათ ჩემი ხელი; ზეცაშიც რომ ავიდნენ, იქიდან ჩამოვიყვან; | 2 | და-ღათუ-ეფლნენ ჯოჯოხეთსა, მიერ ჴელმან ჩემმან აღმოიტაცნეს იგინი; და-ღა-თუ-ვიდენ ცად მიერ, გამოვიძიო და მოვიყუანნე იგინი. |
3 | ქარმელის წვერზეც რომ დაიმალონ, იქაც მოვძებნი მათ და შევიპყრობ; ჩემს თვალსაც რომ მიეფარონ ზღვის ფსკერზე, იქ ვუბრძანებ გველებს და დაკბენენ მათ; | 3 | უკუეთუ დაჰჴდენ თუალთაგან ჩემთა სიღრმეთა შინა ზღჳსათა, მუნ ვამცნებ ვეშაპსა და შესთქრეს მათ. |
4 | ტყვედაც რომ ჩაუვარდნენ თავიანთ მტრებს, ვუბრძანებ მახვილს, რომ იქ ამოხოცოს ისინი. თვალს დავადგამ მათ ავბედითად და არა სასიკეთოდ. | 4 | და უკუეთუ წარვიდენ ტყუეობად წინაშე პირსა მტერთა მათთასა და ვამცნებ მახჳლსა და მოჰკლჳდეს მათ. და განვიმტკიცებ თუალთა ჩემთა მათ ზედა საბოროტოდ და არ საკეთილოდ. |
5 | უფალი, ცაბაოთ ღმერთი, თუ შეეხო დედამიწას, დადნება იგი და ატირდება ყოველი მისი მკვიდრი; აიწევს მაღლა ნილოსივით და დაბლა დაიწევს ეგვიპტის მდინარესავით. | 5 | და უფალი ღმერთი, ყოვლისა მპყრობელი, არს შემხებელი ქუეყანისა და შემძრველი მისი. და იგლოვდენ ყოველნი დამკჳდრებულნი მისნი. და აღვიდეს, ვითარცა მდინარე, აღსასრული მისი და შთამოვიდეს, ვითარცა მდინარე ეგჳპტისაჲ. |
6 | ცაში აიგო მან თავისი სამყოფელი და მიწაზე დააფუძნა თავისი კამარა; მოუხმობს ზღვის წყლებს და მიუღვრის მათ მიწის ზედაპირს: უფალია. მისი სახელი. | 6 | აღმაშენებელი ცად მიმართ აღსავალსა მისსა და აღთქმასა მისსა ქუეყანასა ზედა დამაფუძნებელი, მიმწოდებელი წყალსა ზღჳსასა. და მიმფენელი მისი პირსა ზედა ქუეყანისასა უფალი ყოვლისა მპყრობელი - სახელი მისი. |
7 | განა ქუშელებივით არა ხართ ჩემთვის, ისრაელიანებო? ამბობს უფალი; განა ისრაელი არ ამოვიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან, როგორც ფილისტიმელნი ქაფთორიდან და არამელნი კირიდან? | 7 | და ვითარცა ძენი ეთიოპელთანი ხართ თქუენ ჩემდა ძენი ისრაჱლისანი? - იტყჳს უფალი. არა ისრაჱლი აღმოვიყუანე ქუეყანისაგან ეგჳპტისა, და უცხოტომნი კაპპადოკიაჲთ და ასური მთხრებლით? |
8 | აჰა, უფლის ღვთის თვალი ცოდვილ სამეფოზეა და აღვგვი მას პირისაგან მიწისა, ოღონდ საბოლოოდ არ აღვგვი იაკობის სახლს, ამბობს უფალი. | 8 | აჰა, თუალნი უფლისა ღმრთისანი მეფობასა ზედა ცოდვილთასა და აღვიღო იგი პირისაგან ქუეყანისა, გარნა რამეთუ არა სრულიად აღვიღო სახლი იაკობისი. - იტყჳს უფალი, - |
9 | რადგან, აჰა, ვბრძანებ და გავცხრილავ ისრაელის სახლის ყველა ხალხს, როგორც ხორბალი იცხრილება. და ერთი მარცვალიც არ დავარდება მიწაზე. | 9 | მით, რამეთუ, აჰა, მე ვამცებ და განვფიწლო ყოველთა შორის სახლი ისრაჱლისა. ვითარსახედ განიფიწვლის ფიწვლასა და არა დავარდეს ნამუსრი ქუეყანასა ზედა. |
10 | მახვილით მოკვდება ყველა ცოდვილი ჩემს ერში, რომლებიც ამბობენ, არ დააჩქარებო, არ მოაწევო ჩვენზე უბედურებას. | 10 | მახჳლისა მიერ აღესრულნენ ყოველნი ცოდვილნი ერისა ჩემისანი მეტყუელნი: არ მოგუეახლოს, არც მოვიდენ ჩუენ ზედა ძჳრნი. |
11 | მას ჟამს აღვმართავ დავითის დამხობილ კარავს: გარღვეულს შევკრავ, დანგრეულს გავამთელებ და ისე აღვადგენ, როგორც ძველ დროში იყო. | 11 | მას დღესა შინა აღვადგინო კარავი დავითისი დაცემული და აღვაშენნე დარღვეულნი მისნი და დათხრილნი მისნი აღვადგინნე და აღვაშენო იგი, ვითარცა დღენი საუკუნისანი, |
12 | რათა დაეპატრონონ ედომის ნატამალს და ყველა ხალხს, რომელთა შორისაც ჩემი სახელი იხსენიება, ამბობს უფალი ღმერთი, ამის მოქმედი. | 12 | რათა გამომიძიონ მე ნეშტთა კაცთასა და ყოველთა ნათესავთა, რომელსა ზედა წოდებულ არს სახელი ჩემი, - იტყჳს უფალი, მოქმედი ამათი. |
13 | აჰა, დადგება დრო, ამბობს უფალი, როცა მხვნელი თავს წაადგება მომკელს და ყურძნის მწურავი - მთესველს; ბადაგად დაიღვრებიან მთები და გორაკები დადნებიან. | 13 | აჰა, დღენი მოვლენან, - იტყჳს უფალი, - და ეწიოს მლეწავი მსთულებელსა. და მომწიფდეს ყურძენი თესლსა შინა. და დამოაწთონ მთათა სიტკბოება და ყოველნი ბორცუნი ნერგოან იყუნენ. |
14 | დავაბრუნებ ტყვეობიდან ჩემს ერს, ისრაელს; ააშენებენ გაუკაცურებულ ქალაქებს და დასახლდებიან; ჩაყრიან ვენახებს და დალევენ მათ ღვინოს, გააშენებენ ბაღებს და შეჭამენ მათ ხილს. | 14 | და მოვაქციო ტყუეობა ერისა ჩემისა ისრაჱლისაჲ. და აღაშენნენ ქალაქნი უჩინოქმნილნი და დაიმკჳდრნენ და დაჰნერგნენ ვენაჴნი და სუმიდეს ღჳნოსა მათსა და შექმნენ მტილნი და ჭამდენ ნაყოფსა მათსა. |
15 | დავნერგავ მათ თავიანთ მიწაზე და აღარ აღმოიფხვრებიან თავიანთი მიწიდან, რომელიც მივეცი მათ, ამბობს უფალი, შენი ღმერთი. | 15 | და დავჰნერგე იგინი ქუეყანასა ზედა მათსა და არა აღიფხუერნენ არა მერმე ქუეყანისაგან მათისა, რომელი მივეც მათ, - იტყჳს უფალი, ყოვლისამპყრობელი. |