ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
დარიოს მეფის მეორე წელს, მეექვსე თვის პირველ დღეს იყო უფლის სიტყვა ანგია წინასწარმეტყველის პირით იუდას განმგებლის ზერუბაბელ შალათიელის ძის, და მღვდელმთავრის იესო - იეჰოცადაკის ძის მიმართ. |
1 |
მეორესა შინა წელსა დარიოსის ზე მეფისა, მეექუსესა თუესა, ერთსა თჳსასა, იქმნა სიტყუა უფლისაჲ ჴელითა ანგეა წინაწარმეტყუელისათა მეტყუელი: თქუ ზორობაბელის მიმართ, სალათიილისასა, ტომისაგან იუდაჲსსა და იისუჲს მიმართ იოსედეკისისა, მღდელისა დიდისა მეტყველმან: |
2 | ასე თქვა ცაბაოთ უფალმა: ეს ხალხი ამბობს, ჯერ არ დამდგარაო ჟამი, უფლის სახლის აშენების ჟამი. | 2 | ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: ერი ესე იტყჳან: არა მოსრულ არს ჟამი აღშენებად სახლი უფლისაჲ. |
3 | იყო უფლის სიტყვა ანგია წინასწარმეტყველის პირით: | 3 | და იქმნა სიტყუა უფლისაჲ ჴელითა ანგეა წინაწარმეტყუელისაჲ ესრე მეტყველი: |
4 | იმის ჟამი კი არის, რომ გადახურულ სახლებში ისხდეთ, ეს სახლი კი მიგდებული იყოს? | 4 | უკეთუ ჟამ ვიდრემე არს თქუენდა აღშენებად სახლთა, ხოლო სახლი ესე ჩემი მოოჴრებულ არს. |
5 | ახლა ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: დაუკვირდით თქვენს საქციელს. | 5 | და აწ ამას იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, დააწესენით გულნი თქუენნი გზათა მათ თქუენთა. |
6 | ბევრს თესავთ, მაგრამ ცოტასა მკით; ჭამთ, მაგრამ ვერ ძღებით; სვამთ, მაგრამ ვერ იკლავთ წყურვილს; იცვამთ, მაგრამ ვერ თბებით; გახვრეტილი ქისისთვის იდებს მშრომელი შრომის საზღაურს. | 6 | სთესეთ მრავალი და შეიკრიბენით მცირედ. ჭამეთ და არა განძღომად, ჰსუთ და არა სიმთრვალედ, გარემოისხთ და არა განსტეფით მათ მიერ და შემკრებელმან სასყიდელთამან შეიკრიბა ნაკრაულად, განჴურეტილად. |
7 | ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: დაუკვირდით თქვენს საქციელს. | 7 | ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: დაისხენით გულთა თქუენთა გზათა მიმართ თქუენთა. |
8 | ადით მთაზე, აიტანეთ ხე-ტყე და ტაძარი ააშენეთ. მოვიწონებ ამას და დიდებით გამოვჩნდები, ამბობს უფალი. | 8 | აღვედით მთასა ზედა და მოჰკუეთენით ხენი, და აღაშენეთ სახლი, და სათნო ვიყო მის შორის, და შორის ვიდიდო მე, - თქუა უფალმან: |
9 | ბევრის მოლოდინი გაქვთ, მაგრამ მცირედი გისრულდებათ; რაც სახლში მიგაქვთ, იმასაც ვანიავებ, რატომ? ამბობს ცაბაოთ უფალი. იმიტომ, რომ მიგდებულია ჩემი სახლი, თქვენ კი ყველანი თქვენს სახლებზე ზრუნავთ. | 9 | მიიხილეთ მრავალთა ზედა და იქმნეს მცირედნი და შეხმულ იქმნეს სახიდმი. და მივჰბერე მათ, ამისთჳსა მათ იტყჳს უფალი, ყოვლისა პყრობელი: მათ წილ, რომელ სახლი ჩემი არს ოჴერ, ხოლო თქუენ სდევთ თითოეული სახლისადმი თჳსისა. |
10 | ამიტომ არის, რომ დაგიკავათ ცამ ცვარი და მიწამ დაგიკავათ მოსავალი. | 10 | ამისთჳს დაყუდნეს ცაჲ ცუარისაგან და ქუეყანამან დააცადნეს ნაყოფიერებანი მისნი. |
11 | გამოვიხმე გვალვა მიწაზე, მთებზე, პურზე, ღვინოზე, ზეთისხილზე და ყველაფერზე, რასაც მიწა აღმოაცენებს; ადამიანზე, პირუტყვზე და ყოველივე ნაჭირნახულევზე. | 11 | და მოვხადო მახჳლი ქუეყანასა ზედა და მთათა ზედა, და იფქლსა ზედა, და ღჳნოსა ზედა, და ზეთსა ზედა და რაოდენსა გამოიღებს ქუეყანაჲ, და კაცთა ზედა, და საცხოვართა ზედა, და ყოველთა ზედა ტკივილთა ჴელთა მათთასა. |
12 | ისმინეს ზერუბაბელ შალათიელის ძემ, იესო იეჰოცადაკის ძემ, მღვდელმთავარმა, და მთელმა დანარჩენმა ხალხმა უფლის, მათი ღმერთის ხმა და ანგია წინასწარმეტყველის სიტყვები, რამდენადაც იგი უფლის, მათი ღმერთის მოვლინებული იყო, და შეეშინდა ხალხს უფლისა. | 12 | და ისმინა ზორობაბელ სალათელისმან, ტომისაგან იუდაჲსსა, და იისუ, იოსედეკისმან, მღდელმან დიდმან და ყოველთა დანაშთომთა ერისათა ჴმისა უფლისა ღმრთისა მათისაჲ და სიტყუათა ანგეა წინაწარმეტყუელისათა, ვითარ-იგი გამოავლინა უფალმან ღმერთმან მისმან მათდა მიმართ და შეეშნა ერსა პირისაგან უფლისა. |
13 | უთხრა ანგიამ, უფლის მაცნემ, ხალხს უფლის მაცნეობის ძალით: მე თქვენთანა ვარ, ამბობს უფალი. | 13 | და ჰრქუა ანგეს ანგელოზმან უფლისამან: არქუ ერსა: მე თქუენ თანა ვარ, იტყჳს უფალი, |
14 | გააღვიძა უფალმა იუდას განმგებლის, ზერუბაბელ შალათიელის ძის სული, მღვდელმთავრის, იესო იეჰოცადაკის ძის სული და მთელი დანარჩენი ხალხის სული. მივიდნენ და დაიწყეს მუშაობა ცაბაოთ უფლის, მათი ღმერთის სახლში, | 14 | და აღადგინა უფალმან სული ზორობაბელ სალათიილისისა, ტომისაგან იუდაჲსა და სული იიუსუჲსი, იოსედეკიისისა, მღდელისა დიდისა. და სული ყოვლისა დანაშთომთა ერისათაჲ. და შევიდეს და იქმოდეს საქმეთა სახლსა შინა უფლისასა, ყოვლისა მპყრობელისა, ღმრთისა მათისასა. |
15 | მეექვსე თვის ოცდამეოთხე დღეს, დარიოს მეფის მეორე წელს. |