ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
დაამტკიცა უფალმა თავისი სიტყვა, რომელიც თქვა ჩვენზე და ჩვენს მსაჯულებზე, რომელნიც ისრაელს განაგებდნენ, ჩვენს მეფეებზე, ჩვენს მთავრებზე და ყველა ისრაელიანზე და იუდაელზე. |
1 |
და დაამტკიცა უფალმან სიტყვაჲ მისი, რომელი თქუა ჩუენდამო და მსაჯულთა ზედა ჩვენთა, მსჯელთა ისრაილისათა, და მეფეთა ზედა ჩუენთა, და მთავართა ზედა ჩუენთა, და კაცსა ზედა ისრაჱლისა და იუდაჲსასა. |
2 | არ მომხდარა მთელს ცისქვეშეთში იმის მსგავსი, რა მახდინა მან იერუსალიმში მოსეს რჯულში დაწერილის მიხედვით; | 2 | მოვლინებად ჩვენ ზედა ძჳრთა დიდთა, რომელნი არა იქმნეს ქვეშე კერძო ყოვლისა ცისა, ვითარნი ყვნა იერუსალჱმს შინა და წერილთაებრ შჯულსა შინა მოსესსა, |
3 | რათა გვეჭამა ერთს ხორცი თავისი ძისა და მეორეს ხორცი თავისი ასულისა. | 3 | რაჲთა ვჭამოთ ჩუენ კაცმან ჴორცი ძისა თჳსისაჲ და კაცმან ჴორცი ასულისა თჳსისაჲ. |
4 | მისცა ისინი ქვეშევრდომებად ყველა სამეფოს, რომელნიც ჩვენს ირგვლივაა, და შესაგინებლად და მოსაოხრებლად ჩვენს გარშემო ყველა ერს, რომელთა შორისაც მიმოფანტა ისინი უფალმა. | 4 | და მისცნა იგინი, ჴელისქუეშედნი, ყოველთა მეფობათა გარემოჲსთა ჩუენთა საყუედრელად და უვალად ყოველთა შორის ერთა გარემოჲსთა ჩუენთა, სადა განთესნა იგინი უფალმან, მუნ. |
5 | აღმოვჩნდით ქვემოთ და არა ზემოთ, რადგან შევცოდეთ უფალს, ჩვენს ღმერთს, რომ არ ვისმინეთ მისი ხმა. | 5 | და ვიქმნენით ქუემო და არა ზემო, რამეთუ შევსცოდეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, არსმენითა ჴმისა მისისაჲთა. |
6 | უფალთან, ჩვენს ღმერთთან, სიმართლეა, ჩვენ და ჩვენს მამა-პაპას კი სირცხვილი გვაქვს პირზე, როგორც დღეს. | 6 | უფალსა ღმერთსა ჩუენსა სიმართლე, ხოლო ჩუენ და მამათა ჩუენთა სირცხჳლი პირთა ჩუენთაჲ და ვითარცა დღესა ამას |
7 | ყველა უბედურებამ, რაც უფალმა ბრძანა ჩვენზე, გვიწია ჩვენ. | 7 | მით, რამეთუ, რომელნი თქუნა უფალმან ჩუენ ზედა, ყოველნი ესე, ძჳრნი მოიწინეს ჩვენ ზედა. |
8 | არ ვილოცეთ უფლის წინაშე, რომ მოვექციეთ თითოეული ჩვენგანი ავი გულის ზრახვებისგან. | 8 | და არ ვევედრენით პირსა უფლისასა მოქცევად კაცადი მოგონებათაგან გულისა თჳსისა ბოროტისათა. |
9 | ინახავდა უფალი ამ უბედურებებს და მოაწია ჩვენზე, რადგან უფალი სამართლიანია ყველაფერში, რაც გვაუწყა ჩვენ. | 9 | და იღჳძა უფალმან ძჳრთა ზედა, რომელნი მოაწინა ჩვენ ზედა, რამეთუ მართალ არს უფალი ყოველთა ზედა საქმეთა მისთა, რომელნი გუამცნნა ჩვენ. |
10 | არ შევისმინეთ ხმა მისი, რომ გვეკლო უფლის მცნებებით, რომლებიც დააწესა ჩვენს წინაშე. | 10 | და არა ვისმინეთ ჴმისა მისისაჲ სლვად ბრძანებათა უფლისათა, რომელნი მომცნა ჩუენ წინაშე პირსა ჩუენსა. |
11 |
და ახლა, უფალო, ღმერთო ისრაელისა, რომელმაც გამოიყვანე შენი ერი ეგვიპტის ქვეყნიდან მაგარი ხელით, ნიშებითა და სასწაულებით, დიადი ძალითა და მაღალი მკლავით, და შეუქმენი შენს თავს სახელი, როგორც დღეს; |
11 |
და აწ, უფალო ღმერთო ისრაილისაო, ვითარცა გამოიყვანე ერი შენი ქუეყანისაგან ეგჳპტისა ჴელითა მტკიცითა, სასწაულებითა და ნიშებითა, და ძალისა მიერ დიდისა, და მკლავისა მიერ მაღლისა, და ჰყავ თავისა შენისა სახელად, ვითარცა დღე ესე. |
12 | შევცოდეთ, წავიბილწეთ, უსამართლოდ მოვიქეცით ყველა შენი მცნების წინააღმდეგ, უფალო, ღმერთო ჩვენო. | 12 | ვცოდეთ, უთნო ვიქმნენით, ვიუსამართლოეთ, უფალო ღმერთო ჩუენო, ყოველთა ზედა სამართალთა შენთა. |
13 | აგვაცილე ჩვენ შენი გულისწყრომა, რადგან მცირენი დავრჩით წარმართთა შორის იქ, სადაც დაგვფანტე ჩვენ. | 13 | გარემიიქეცინ გულისწყრომაჲ შენი ჩუენგან, რამეთუ დავშთით მცირედნი მრავალთაგან წარმართთა შორის, სადა განგუთესენ ჩუენ, მუნ. |
14 | შეისმინე, უფალო, ჩვენი ლოცვა და ვედრება და გვიხსენი ჩვენ შენთვის, და მოგვეცი ჩვენ წყალობა მათ წინაშე, რომელთაც გადაგვასახლეს; | 14 | შეისმინე, უფალო, ლოცვისა ჩუენისაჲ, და ვედრებისა ჩუენისაჲ და განგუარინენ ჩუენ შენთჳს, და მეც ჩუენ მადლი წინაშე პირსა მიმმძლავრებელთა ჩუენთასა, |
15 | რათა გაიგოს მთელმა ქვეყანამ, რომ შენ ხარ უფალი, ჩვენი ღმერთი და რომ შენი სახელი ეწოდა ისრაელსა და მის მოდგმას. | 15 | რათა ცნას ყოველმან ქუეყანამან, ვითარმედ შენ ხარ უფალი ღმერთი ჩუენი, და ვითარმედ სახელი შენი ზედწოდებულ არს ისრაილსა ზედა და ნათესავსა ზედა მისსა. |
16 | უფალო, გარდამოიხილე შენი წმინდა სახლიდან და გაგვიხსენე ჩვენ; მოყავ, უფალო, ყური და ისმინე, | 16 | უფალო, შთამოიხილე სახლისაგან წმიდისა შენისა და მომიგონენ, ყავ ჩუენდამო, მოყავ, უფალო, ყური შენი და ისმინე! |
17 | გაახილე, უფალო, თვალი და იხილე, რადგან ჯოჯოხეთში მყოფი მკვდრები, რომელთაც ამოერთვათ სული გვამიდან, ვერ მიაგებენ უფალს დიდებასა და სამართალს, | 17 | აღახუენ თვალნი შენნი და იხილე, რამეთუ არა მომკუდართა ჯოჯოხეთს შინათა, რომელთაჲ მიეღო სული მათი ნაწლევთაგან მათთა, მიგცენ შენ დიდებაჲ და სამართალნი, უფალსა, |
18 | არამედ სული დამწუხრებული, რომელიც ქედმოდრეკით დააბიჯებს, უძლური და ჩამქრალი თვალები და დამშეული მოგაგებს შენ დიდებას და სიმართლეს, უფალო. | 18 | არამედ სულმან შეწუხებულმან სიდიდესა ზედა, რომელ ვალს, სულმან დადრეკილმან და უძლურმან, და თვალთა მოკლებულთა, და სულმან მშიერმან მიგცენ შენ დიდებაჲ და სიმართლე. |
19 | არა ჩვენს მამა-პაპათა და ჩვენს მეფეთა სიმართლით მოგიძღვნით ჩვენს ვედრებას შენს წინაშე, უფალო, ღმერთო ჩვენო, | 19 | უფალო, რამეთუ არა სამართალთა ზედა მამათა ჩუენთასა და მეფეთა ჩუენთასა ჩუენ დავსთხევთ წყალობასა ჩუენსა წინაშე პირსა შენსა, უფალო ღმერთო ჩუენო, |
20 | რადგან მოავლინე შენი გულისწყრომა და შენი რისხვა ჩვენზე, როგორც გამოაცხადე შენს მორჩილთა, წინასწარმეტყველთა პირით, რომ | 20 | რამეთუ მოიღე რისხვაჲ შენი და გულისწყრომაჲ შენი ჩუენ ზედა, ვითარცა სთქუ ჴელითა ყრმათა შენთა წინაწარმეტყუელთათა მეტყუელმან. |
21 |
ასე თქვა უფალმა: ბეჭები მოიხარეთ, ემსახურეთ ბაბილონის მეფეს და დამკვიდრდებით მიწაზე, რომელიც მივეცი თქვენს მამა-პაპას; |
21 |
ესრეთ თქუა უფალმან: მოიდრიკენით ბეჭნი თქუენნი და უქმოდეთ მეფესა ბაბილონისასა, და დასხედით ქუეყანასა ზედა, რომელი მივეც მამათა თქუენთა. |
22 | ხოლო თუ არ შეისმენთ უფლის ხმას, რომ უნდა ემსახუროთ ბაბილონის მეფეს, | 22 | და არა თუ ისმინოთ ჴმისა უფლისაჲ საქმედ მეფესა ბაბილონისასა, მოკლებულ-ვყო ქალაქთაგან იუდაჲსათა და გარეშე იერუსალიმისა |
23 | შევწყვეტ იუდას ქალაქებში და იერუსალიმის გარშემო ხმას ლხინისა და ხმას სიხარულისა, ხმას სიძისა და ხმას რძლისა, და მთელ ამ ქვეყანაში კაცის ჭაჭანება არ იქნება. | 23 | ჴმაჲ შუებისაჲ და ჴმაჲ მხიარულებისაჲ, ჴმაჲ სიძისა და ჴმაჲ სძლისაჲ, და იყოს ყოველი ქუეყანაჲ უვალად შორის დამკჳდრებულისაგან. |
24 | მაგრამ არ შევისმინეთ ხმა შენი, რომ გვემსახურა ბაბილონის მეფისთვის და აღასრულე შენი სიტყვები, რომელიც თქვი შენს მორჩილთა, წინასწარმეტყველთა პირით, რომ გამოიყრება ჩვენს მეფეთა და ჩვენს მამა-პაპათა ძვლები მათი სამარხებიდან. | 24 | და არა ვისმინეთ ჴმისა შენისაჲ საქმედ მეფისა ბაბილონისასა. და დაამტკიცენ სიტყუანი შენნი, რომელნი სთქუენ ჴელებითა მონათა შენთა წინაწარმეტყუელთათა გამოხუმად ძუალნი მეფეთა ჩუენთანი და ძუალნი მამათა ჩუენთანი ადგილისაგან მათისა. |
25 | და, აჰა, გაბნეულია ისინი დღის ხვატსა და ღამის სიცივეში; მწარე ტკივილებით, შიმშილით, მახვილითა და გაძევებით დაიხოცნენ ისინი. | 25 | და, აჰა, არიან განბნეულ ნეფხუასა ღამისასა და სიცხესა დღისასა და მოკუდეს ტკივილთა შინა ბოროტთა სიყმილისა მიერ და მახჳლისა მიერ და განვლინებითა. |
26 | დააგდე სახლი, რომელსაც ეწოდა შენი სახელი, როგორც დღეს, ისრაელის სახლისა და იუდას სახლის უკეთურების გამო, | 26 | და დასდევ სახლი, სადა იწოდა სახელი შენი, მის შორის უდაბნოდ, ვითარცა დღესა ამას უკეთურებისათჳს სახლისა ისრაილისა და სახლისა იუდაჲსასა. |
27 | და მოგვექეცი ჩვენ, უფალო, ღმერთო ჩვენო, მთელი შენი სიკეთით და მთელი შენი დიდი მოწყალებით, | 27 | და ჰყავ ჩუენდამო, უფალო ღმერთო ჩუენო, ყოვლისაებრ მყუდროებისა შენისა და ყოვლისაებრ წყალობისა შენისა დიდისა, |
28 | როგორც თქვი შენი მორჩილის, მოსეს ხელით იმ დღეს, როცა მას უბრძანე, დაეწერა შენი რჯული ისრაელიანთა წინაშე, რომ | 28 | ვითარცა სთქუ ჴელითა ყრმისა შენისა მოსესითა, დღესა შინა ამცნებდი რაჲ შენ მას დაწერად შჯულისა შენისა წინაშე ძეთა ისრაილისათასა, |
29 | თუ არ შეისმენთ ჩემს ხმას, ეს დიდი სიმრავლე შემცირდება ხალხებში, რომელთა შორისაც გავფანტავ მათ. | 29 | მეტყუელი: არა თუ ისმინოთ ჴმისა ჩემისაჲ, ნუსადა ბგერაჲ იგი დიდი და მრავალი უკუნიქცეს შურად წარმართთა მიმართ, სადა განვაბნიენ იგინი, მუნ. |
30 | ვიცი, რომ არ შეისმენს ჩემსას, რადგან ურჩი ერია, მაგრამ ჩაიხედავს გულში თავისი გადასახლების მიწაზე. | 30 | რამეთუ უწყი, ვითარმედ არა ისმინონ ჩემი, რამეთუ ერი ქედფიცხელ არს, და მოიქცენ გულისა მიერ მათისა ქუეყანასა შინა განსახლვისა მათისასა. |
31 |
და მიხვდება, რომ მე ვარ უფალი, მისი ღმერთი, და მივცემ მათ გულს და სასმენელთ მოსასმენად. |
31 |
და გულისჴმა-ყონ, ვითარმედ მე, უფალი ღმერთი მათი, და ვსცე მათ გული გულისხმიერი და ყურნი მსმენელნი. |
32 | განმადიდებენ მე მათი გადასახლების მიწაზე და გაიხსენებენ ჩემს სახელს. | 32 | და მაქებდენ მე ქუეყანასა მას განსახლვისა მათისასა, და მოიჴსენონ სახელი ჩემი. |
33 | და მოიქცევიან ურჩობისგან და თავიანთი ბოროტი საქმეებისგან, რადგან გაიხსენებენ თავიანთი მამა-პაპის გზას, რომელთაც შესცოდეს უფლის წინაშე, | 33 | და მოიქცენ ზურგისაგან მათისა ფიცხლისა და მოიჴსენონ ბოროტთა საქმეთა მათთა, რამეთუ მოიჴსენონ გზისა მამათა მათთასა და მცოდველთაჲსა წინაშე უფლისა. |
34 | და დავაბრუნებ მათ მიწაზე, რომელიც ფიცით მივეცი მათ მამა-პაპას - აბრაამს და ისაკს და იაკობს, და დაეპატრონებიან მას, გავამრავლებ მათ და აღარ შემცირდებიან; | 34 | და მოვაქცინე იგინი ქუეყანასა მას, რომელსა ვეფუცე მამათა მათთა: აბრაჰამს, ისააკსა და იაკობსა. და ეუფლნეს მას და განვამრავლნე იგინი, და არა შემცირდენ. |
35 | დავუმტკიცებ მათ საუკუნო აღთქმას, რომ ვიქნები მათი ღმერთი და ისინი ჩემი ერი იქნებიან, და აღარ დავძრავ ჩემს ხალხს, ისრაელს, იმ ქვეყნიდან, რომელიც მივეცი მას. | 35 | და დაუმტკიცო მათ აღთქმაჲ საუკუნოჲ ყოფადმდე მათდა პირველად, და იგინი იყვნენ ჩემდა ერად. და არა შევძრა მერმე ისრაილი ქუეყანისაგან, რომელი მივეც მათ. |