ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

დაბადება

თავი მეთორმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 უთხრა უფალმა აბრამს: წადი შენი ქვეყნიდან, შენი სამშობლოდან, მამაშენის სახლიდან იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ. 1 და ჰრქუა უფალმან აბრაჰამს: გამოვედ ქუეყანისაგან შენისა, და ნათესავისაგან შენისა და სახლისაგან მამისა შენისა და მოვედ ქუეყანად, რომელიცა გიჩუენო შენ.
2 გაქცევ დიდ ხალხად, გაკურთხებ და განვადიდებ შენს სახელს და კურთხეული იქნები. 2 და გყო შენ ნათესავად დიდად, და გაკურთხო შენ, და განვადიდო სახელი შენი და იყო კურთხეულ.
3 ვაკურთხებ შენს მაკურთხებელს და დავწყევლი შენს მაწყევარს; კურთხეული იქნება შენში მიწიერთა მთელი მოდგმა. 3 და ვაკურთხნე მაკურთხეველნი შენნი და მწყევარნი შენნი ვწყევნე. და იკურთხეოდიან შენდამი ყოველნი ტომნი ქუეყანისანი.
4 წავიდა აბრამი, როგორც უბრძანა მას უფალმა; წავიდა მასთან ერთად ლოტი. სამოცდათხუთმეტი წლისა იყო აბრამი, როცა ხარანიდან გავიდა. 4 და გამოვიდა აბრაამ, ვითარცა ამცნო მას უფალმან, და ჰყუა მის თანა ლოთ, ხოლო აბრაამ იყო წლისა სამეოცდაათხუთმეტისა, რაჟამს გამოვიდა ხარანით.
5 თან წაიტანა აბრამმა სარაი, თავისი ცოლი, ლოტი, თავისი ძმისწული, მთელი ქონება, რაც კი მოხვეჭილი ჰქონდათ, და ყოველი ყრმა, ვინც კი ხარანში შეიძინეს. დაადგნენ ქანაანის ქვეყნის გზას და მივიდნენ ქანაანის ქვეყანაში. 5 და მიიყუანა აბრაამ სარა, ცოლი თჳსი, და ლოთ ძე, ძმისა თჳსისა, და ყოველი საქონელი მათი, რაოდენი მოიგეს. და ყოველი სული, რომელი მოიგეს ხარანს, და გამოვიდეს წარსლვად ქუეყანად ქანანისა და მოვიდეს ქუეყანად ქანანისა.
6 გადაჭრა აბრამმა მთელი ის ქვეყანა შექემამდე, მამრეს მუხამდე; ქანაანელნი მკვიდრობდნენ იმხანად ქვეყანაში. 6 და განვლო აბრაამ ქუეყანაჲ იგი სიგრძედ მიმართ მისა ვიდრე ადგიდმდე სჳქემისა, მუხასა თანა მაღალსა, ხოლო ქანანელნი მკჳდრ იყვნეს მაშინ მას ქუეყანასა.
7 გამოეცხადა უფალი აბრამს. და უთხრა: შენი მოდგმისთვის მიმიცია ეს ქვეყანა. იქ აუგო სამსხვერპლო უფალს, რიამელიც გამოეცხადა მას. 7 და გამოუჩნდა უფალი აბრაამს და ჰრქუა მას: თესლსა შენსა მივსცე ქუეყანა ესე და აღუშენა მუნ აბრაამ საკურთხეველი უფალსა გამოჩინებულსა მისდა.
8 გაემართა იქიდან მთისკენ, ბეთილის აღმოსავლეთით და გაშალა კარავი; ბეთილი დასავლეთით ემხრო, ხოლო ჰაღაი - აღმოსავლეთით. იქ აუგო სამსხვერპლო უფალს და ახსენა უფლის სახელი. 8 წარიტრა მუნ მთად მიმართ აღმოსავალით კერძო ბეთელს და აღდგა მუნ კარავი თჳსი ბეთელს შინა ზღჳთ კერძო და ანგეთ, აღმოსავლით კერძო. და აღუშენა მუნ საკურთხეველი უფალსა და ხადოდა სახელსა ზედა უფლისასა:
9 მერე დაიძრა აბრამი და სამხრეთისაკენ გაემართა. 9 და აღიტრა აბრაამ და წარსლვით ილაშქრა უდაბნოსა შინა.
10 შიმშილი იყო ქვეყანაში და წავიდა აბრამი ეგვიპტეში საცხოვრებლად, რადგან მძვინვარებდა შიმშილი ქვეყანაში. 10 და იქმნა სიყმილი ქუეყანასა ზედა და შთავიდა აბრაამ შთასლვად ეგჳპტეს მსხემობად მუნ, რამეთუ განძლიერდა სიყმილი ქუეყანასა ზედა.
11 როცა მიუახლოვდა ეგვიპტეს, უთხრა სარაის, თავის ცოლს: ვიცი, ლამაზი შესახედავი ქალი ხარ. 11 ხოლო იყო, რაჟამს მიეახლა აბრაამ შთასლვად ეგჳპტედ, ჰრქუა აბრაამ სარას, ცოლსა თჳსსა: უწყი, რამეთუ დედაკაცი პირკეთილი ხარ შენ;
12 დაგინახავენ ეგვიპტელები და იტყვიან, ამ კაცის ცოლიაო; მე მომკლავენ, შენ კი ცოცხალს დაგტოვებენ. 12 იყოს უკუე, ვითარცა გიხილონ შენ მეგჳპტელთა, თქუან, ვითარმედ: ცოლი მისი არს ისი და მომკლან მე, ხოლო შენ გიგულონ.
13 თქვი, რომ და ხარ ჩემი, რათა კარგად მომეპყრან შენი გულისთვის და გადავრჩე შენი წყალობით. 13 თქუ, უკუე ვითარმედ: დაჲ მისი ვარ, რათა კეთილი მეყოს შენ მიერ და ცხონდეს სული ჩემი შენ ძლით.
14 როცა ჩავიდა აბრამი ეგვიპტეში, დაინახეს ეგვიპტელებმა, რომ ძალიან ლამაზი იყო მისი ცოლი. 14 და იყო, რაჟამს შევიდა აბრაამ ეგჳპტედ, იხილეს მეგჳპტელთა დედაკაცი იგი, რამეთუ შუენიერ იყო ფრიად.
15 დაინახეს იგი ფარაონის დიდებულებმა და შეუქეს ფარაონს, და წაიყვანეს ქალი ფარაონის სახლში. 15 და მხილველთა მისთა მთავართა ფარაოჲსთა აქეს იგი წინაშე ფარაოსა, და შეიყუანეს იგი სახლსა ფარაოსსა.
16 ხოლო აბრამს კარგად მოეპყრნენ მისი გულისთვის, ჰყავდა აბრამს ცხვარ-ძროხა, სახედრები, ყმები და ყმაქალები და ჯორ-აქლემები. 16 და აბრაამს კეთილსა უყოფდეს მის ძლით და იქმნნეს მისსა ცხოვარი და ზროხები და ვირნი და მონანი და მჴევალნი, კერძოვირნი და აქლემნი.
17 დიდად შეაჭირვა უფალმა ფარაონი და მისი სახლი აბრამის ცოლის სარაის გამო. 17 და განცადა უფალმან ფარაოჲ განცდითა დიდ-დიდებითა და ბოროტებითა და სახლი მისი სარრასთჳს, ცოლისა აბრაამისისა.
18 მაშინ დაიბარა ფარაონმა აბრამი და უთხრა: ეს რა მიყავი, რატომ არ გამიმხილე, შენი ცოლი თუ იყო ეს ქალი? 18 და მოუწოდა ფარაო აბრაამს და ჰრქუა მას: რაჲ ესე მიყავ მე? რამეთუ არა მითხარ მე, ვითარმედ ცოლი ჩემი არს.
19 რატომ თქვი და არისო ჩემი? მე კი მის ცოლად შერთვას ვაპირებდი. აჰა, შენი ცოლი, წაიყვანე და წადი! 19 რად თქუ, დაჲ ჩემი არს, და მოვიყუანე თავისა ჩემისა ცოლად? და აჰა ცოლი შენი წინაშე შენსა, მიიყუანე და განისწრაფე.
20 მიუჩინა ფარაონმა ხალხი და მათაც გაამგზავრეს იგი მისი ცოლითა და მთელი მისი საბადებლითურთ. 20 ჰრქუა ფარაო კაცთა აბრაამისთა თანა განვლინებად მისსა ცოლი-ცა მისი და ყოველნი, რაოდენნი იყუნეს მისნი, და ლოთ მის თანა.