ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

დაბადება

თავი მეცამეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 წავიდნენ აბრამი და მისი ცოლი ეგვიპტიდან მთელი ქონებითა და ლოტითურთ ნეგებისკენ. 1 ხოლო გამოვიდა აბრაამ ეგჳპტით, იგი და ცოლი მისი და ყოველნი მისნი, და ლოთ მის თანა უდაბნოდ.
2 ძალზე მდიდარი იყო აბრამი ჯოგითა და ოქრო-ვერცხლით. 2 და აბრაამ იყო მდიდარ ფრიად საცხოვრითა და ვეცხლითა და ოქროჲთა.
3 გაუდგა გზას ნეგებიდან და იარა ბეთილამდე, იმ ადგილამდე, სადაც ადრე კარავი ედგა ბეთილსა და ჰაღაის შორის, 3 და ვიდოდა, ვინაჲ მოვიდა უდაბნოდ, ვიდრე ბეთელამდე, ვიდრე ადგიდმდე, რომელსა იყო კარავი მისი პირველ საშუალ ბეთელსა და საშუალ ანგესა.
4 სამსხვერპლომდე, რომელიც ააგო თავდაპირველად; აქ ახსენა აბრამმა უფლის სახელი. 4 ადგილსა საკურთხეველისასა, რომელი ქმნა მუნ პირველ და უწოდა. მუნ აბრაამ სახელსა უფლისასა ღმრთისასა.
5 ლოტსაც, რომელიც აბრამთან ერთად მგზავრობდა, ჰყავდა ცხვარ-ძროხა და ჰქონდა კარვები. 5 და ლოთის თანა-მავლისანი აბრაამის თანა იყვნეს ცხოვარნი და ზროხანი და კარვები.
6 ვერ იტევდა მათ ის ქვეყანა ერთად საცხოვრებლად, რადგან დიდძალი ქონება ჰქოადათ და არ შეეძლოთ ერთად ცხოვრება. 6 და არა იტევდა მათ ქუეყანა იგი დამკჳდრებად ზოგად, რამეთუ იყო მონაგები მათი ფრიად. და ვერ შემძლებელ იყვნეს დამკჳდრებად ზოგად.
7 ცილობა ჰქონდათ ერთმანეთში აბრამისა და ლოტის მწყემსებს. ქანაანელნი და ფერიზეველნი ცხოვრობდნენ მაშინ ქვეყანაში. 7 და იქმნა ბრძოლაჲ შორის მწყემსთა საცხოვართა აბრაამისთა და შორის მწყემსთა ლოთისთასა. ხოლო ქანანელნი და ფერეზელნი მკჳდრ იყუნეს მაშინ ქუეყანასა მას.
8 უთხრა აბრამმა ლოტს: ნუ იქნება ცილობა ჩვენში, ჩემსა და შენს მწყემსებს შორის, რადგან სახლიკაცები ვართ. 8 და თქუა აბრაამ ლოთს: ნუ არს ბრძოლაჲ შორის ჩემსა და შენსა და შორის მწყემსთა ჩუენთა, რამეთუ კაცნი ძმანი ვართ ჩუენ.
9 განა შენს წინ არ არის მთელი ეს ქვეყანა? გამეყარე და თუ შენ მარცხნივ წახვალ, მე მარჯვნივ წავალ, თუ მარჯვნივ წახვალ, მე მარცხნივ წავალ. 9 არა, აჰა, ყოველი ქუეყანა წინაშე შენსა არს-ა? განმეყავ ჩემგან, უკუეთუ შენ მარცხენით, მე მარჯუენით, ხოლო უკუეთუ შენ მარჯუენით, მე მარცხენით.
10 გაიხედა ლოტმა და დაინახა, რომ იორდანეს მთელი მხარე ცოღარამდე ირწყვებოდა, ასე იყო, ვიდრე უფალი არ გაანადგურებდა სოდომსა და გომორს, როგორც ბაღი უფლისა, როგორც ეგვიპტელთა ქვეყანა. 10 და აღმხუმელმან თუალთა თჳსთამან ლოთ იხილა ყოველი გარემო სოფლები იორდანისაჲ, რამეთუ ყოველი იყო სარწყავ, პირველ დაქცევადმდე ღმრთისა მიერ სოდომისა და გომორისა, ვითარცა სამოთხე ღმრთისაჲ და ვითარცა ქუეყანა ეგჳპტისა, ვიდრე მოსლვადმდე ზოღორად.
11 აირჩია ლოტმა იორდანეს მთელი მხარე. დაიძრა ლოტი აღმოსავლეთისკენ და გაეყარნენ ერთმანეთს. 11 და გამოირჩია ლოთ თავისა თჳსისად ყოველი სოფელი იორდანისაჲ. და წარიტრა ლოთ აღმოსავალით კერძო და განიყუნეს თითოეული ძმისაგან თჳსისა.
12 აბრამი დამკვიდრდა ქანაანის ქვეყანაში, ხოლო ლოტი დამკვიდრდა იმ მხარის ქალაქებში და სოდომამდე დასცა კარვები. 12 აბრაამ დაემკჳდრა ქუეყანასა ქანანისსა, და ლოთ დაემკჳდრა ქალაქსა გარემო სოფლებთასა და დაიკარვა სოდომთა.
13 ბოროტნი იყვნენ სოდომელნი და დიდად სცოდავდნენ უფალს. 13 ხოლო კაცნი სოდომთანი ბოროტნი და ცოდვილნი ფრიად წინაშე ღმრთისაჲ.
14 უთხრა უფალმა აბრამს მას შემდეგ, რაც ლოტი გაეყარა: აახილე თვალი და გაიხედე ამ ადგილიდან, სადაც შენ დგახარ, ჩრდილოეთისკენ, სამხრეთისკენ, აღმოსავლეთისკენ და დასავლეთისკენ. 14 ხოლო ღმერთმან თქუა აბრაამის მიმართ შემდგომად ლოთის განყოფისა მისგან: აღიხილენ თუალნი შენნი და იხილენ ადგილთაგან, რომელსა ხარ შენ აწ, ჩრდილოჲთ მიმართ და სამხრად და აღმოსავლად და ზღუად.
15 მთელი ეს ქვეყანა, რასაც ხედავ, შენთვისა და შენი მოდგმისათვის მომიცია სამარადისოდ. 15 რამეთუ ყოველი ქუეყანაჲ, რომელსა შინა ჰხედავ შენ, მიგცე იგი შენ და თესლსა შენსა უკუნისამდე.
16 ქვიშასავით ურიცხვს გავხდი შენს შთამომავლობას; თუ ვინმე შესძლებს ქვიშის დათვლას, შენი შთამომავლობაც დაითვლება. 16 და ვყო თესლი შენი ვითარცა ქჳშაჲ ქუეყანისაჲ, უკუეთუ ვისმე ძალ-უც აღრიცხუად ქჳშაჲ ქუეყანისაჲ, და თესლიცა შენი აღრიცხოს.
17 ადექი და კიდით კიდემდე მოიარე ეს ქვეყანა, რადგანაც შენთვის მომიცია იგი. 17 აღდეგ, მოვლე ქუეყანა, სიგრძედ მიმართ მისა, და სივრცედ მისსა, რამეთუ შენ მიგცე იგი.
18 აიყარა აბრამი, წავიდა და მამრეს მუხნარში დაესახლა, ხებრონის მახლობლად. იქ აუგო სამსხვერპლო უფალს. 18 და აღიკარვა აბრაამ და მოვიდა, დაიკარვა მუხასა თანა მამბრესა, რომელი იყო ქებრონს, და აღუშენა მუნ საკურთხეველი უფალსა.