1 |
სარაის, აბრამის ცოლს, არ უშობია მისთვის,
მაგრამ ჰყავდა სარაის ერთი ეგვიპტელი მხევალი, სახელად აგარი. |
1 |
ხოლო სარრაჲ, ცოლი აბრაამისი, არა უშობდა
მას. და იყო მისი მჴევალი მეგჳპტელი, რომლისა სახელი აგარ. |
2 |
უთხრა სარაიმ აბრამს: აჰა, დამხშა უფალმა, რომ არა ვშობო.
შედი ჩემს მხევალთან, ვინძლო შვილიერი შევიქნე მისგან. ყურად იღო აბრამმა
სარაის ნათქვამი. |
2 |
და თქუა სარრა აბრაამის მიმართ ქუეყანასა ქანანისასა: აჰა
ეგერა, დამჴშა მე უფალმან არა შობად. შევედ უკვე მჴევლისა მიმართ ჩემისა,
რათა შვილიერ ვიქმნნეთ მისგან. და ისმინა აბრაამ ჴმისა სარასა. |
3 |
ადგა სარაი, აბრამის ცოლი, და მისცა ეგვიპტელი აგარი,
თავისი მხევალი, ცოლად აბრამს, თავის ქმარს, ქანაანის ქვეყნად მისი
დამკვიდრების ათი წლის თავზე. |
3 |
და მოიყუანა სარა, ცოლმან აბრაამისმან, მჴევალი მისი,
მეგჳპტელი აგარ, შედგომად ათისა წლისა დამკჳდრებისა აბრამისა ქუეყანასა
ქანანისსა, და მისცა იგი აბრაამს, ქმარსა თჳსსა, ცოლად მისსა. |
4 |
შევიდა აბრამი აგართან და დაორსულდა აგარი. როცა შეიტყო,
რომ ორსულად იყო, დამცირდა მის თვალში მისი ქალბატონი. |
4 |
და შევიდა აგარის მიმართ და მიუდგა. და იხილა, რამეთუ
მუცელქმულ არს. და უპატიო იქმნა დედოფალი მისი მის წინაშე. |
5 |
მაშინ უთხრა სარაიმ აბრამს: შენზეა ჩემი შეურაცხყოფა.
მოგიწვინე ჩემი მხევალი და, როცა შეატყო, რომ ორსულადაა, დავმცირდი მის
თვალში. ახლა უფალმა განგვსაჯოს. |
5 |
და ჰრქუა სარრა აბრაამის მიმართ: ვიუსამარლოები შენგან,
მე მოგეც შენ მჴევალი ჩემი წიაღთა შენთა. ხოლო მან იხილა რაჲ, ვითარმედ
მუცელქმულ არს, უპატიო-ვიქმენ წინაშე მისსა. საჯენ ღმერთმან შორის ჩემსა და
შენსა. |
6 |
უთხრა აბრამმა სარაის: აჰა, შენს ხელთაა შენი მხევალი.
როგორც გენებოს, ისე მოექეცი. მაშინ დაუწყო სარაიმ ჩაგვრა და გაექცა მას
აგარი. |
6 |
და თქუა აბრაამ სარრას მიმართ: აჰა, მჴევალი შენი ჴელთა
შინა შენთა. იჴუმიე იგი, ვითარ-რაჲმეცა სათნო არს შენდა. და ძჳრი შეაჩუენა
მას სარრა. და წარვიდა პირისაგან მისისა |
7 |
ნახა იგი უფლის ანგელოზმა წყლის ჭასთან უდაბნოში, ჭასთან,
შურის გზაზე რომ არის. |
7 |
ხოლო პოვა იგი ანგელოზმან უფლისა ღმრთისამან წყაროსა ზედა
წყლისასა უდაბნოსა შინა, ქუეყანასა ზედა გზასა ზედა სურისასა. |
8 |
უთხრა: აგარ, სარაის მხევალო, საიდან მოსულხარ და სად
მიხვალ? თქვა: სარაის, ჩემს ქალბატონს გავურბივარ. |
8 |
და ჰრქუა მას ანგელოზმან უფლისამან: აგარ, მჴევალო
სარასო, ვინაჲ მოხუალ? და სადაჲ წარხუალ? და თქუა: პირისაგან სარას,
დედოფლისა ჩემისა, ვივლტი მე. |
9 |
უთხრა მას უფლის ანგელოზმა: გაბრუნდი შენს ქალბატონთან და
დაემორჩილე. |
9 |
და ჰრქუა მას ანგელოზმან უფლისამან: მიიქეც დედოფლისა
შენისა მიმართ და დამდაბლდი ქუეშე ჴელსა მისსა. |
10 |
უთხრა მას უფლის ანგელოზმა: დიდად გავამრავლებ შენს
შთამომავლობას და ვერ აღირიცხება სიმრავლის გამო. |
10 |
და ჰრქუა მას ანგელოზმან უფლისამან: განმრავლებით
განვამრავლო თესლი შენი და არა აღირაცხოდის სიმრავლისაგან. |
11 |
უთხრა მას უფლის ანგელოზმა: აჰა, ორსულადა ხარ, შობ ვაჟს,
და ისმაელს დაარქმევ სახელად, რადგან მოჰხედა უფალმა შენს ჩაგვრას. |
11 |
და ჰრქუა მას ანგელოზმან უფლისამან: აჰა შენ მუცელქმულ
ხარ და ჰშვე ძე, და უწოდი სახელი მისი ისმაილ, რამეთუ შეისმინა უფალმან
სიმდაბლისა შენისაჲ. |
12 |
კანჯარივით იქნება იგი ადამიანთა შორის. მისი ხელი ყველას
წინააღმდეგ და ყველას ხელი მის წინააღმდეგ! თავის ძმათა პირისპირ იცხოვრებს
იგი. |
12 |
ესე იყოს ველური კაცი. ჴელნი მისნი ყოველთა ზედა და ჴელნი
ყოველთანი მის ზედა და წინაშე პირსა ყოველთა ძმათა მისთასა დაიმკჳდროს. |
13 |
ახსენა სახელი უფლისა, რომელიც ელაპარაკებოდა: შენა ხარ
ღმერთი, ჩემი მხილველი; რადგან თქვა: განა აქაც არ ვიხილე კვალი ჩემი
მხილველისა? |
13 |
უწოდა აგარ სახელი უფლისა, მზრახუალსა მას მისსა: შენ,
ღმერთო, რომელმან მოიხილე ჩემ ზედა, ვითარმედ სთქუ, და რამეთუ წინაშე
ვიხილე გამოჩინებული ჩემდა. |
14 |
ამიტომ შეარქვეს ამ ჭას ბერ-ლახაი-როი; კადეშსა და ბარედს
შორის მდებარეობს იგი. |
14 |
ამისთჳს უწოდა ჯურღმულსა მას ჯურღმული, წინაშე ვიხილე,
აჰა, საშუალ კადისა და საშუალ ვარადისა. |
15 |
უშვა აგარმა აბრამს ვაჟი და დაარქვა სახელად აბრამმა
თავის ვაჟს, რომელიც აგარმა უშვა, ისმაელი. |
15 |
და უშვა აგარ აბრაამს ძე და უწოდა აბრაამ სახელი ძისა
თჳსისა შობილისაჲ მისდა, რომელი შვა აგარ, ისმაილ. |
16 |
ოთხმოცდაექვსი წლის იყო აბრამი, როცა ისმაელი უშვა აგარმა
აბრამს. |
16 |
ხოლო აბრაამ იყო ოთხმეოცჳდაექუსთა წელთა, რაჟამს უშვა
აგარ ისმაელი აბრაამს. |