ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

დაბადება

თავი მეორე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 გასრულდა ცა და მიწა მთელი მათი მორთულობითურთ. 1 და სრულ იქმნეს ცაჲ და ქვეყანა და ყოველი სამკაული მათი.
2 გაასრულა ღმერთმა მეექვსე დღეს თავისი საქმე, რაც გააკეთა, და დაისვენა მეშვიდე დღეს ყოველი საქმისგან, რაც გააკეთა. 2 და განასრულა ღმერთმან დღესა მეექუსესა საქმენი მისნი, რომელნი ქმნნა. და დასცხრა დღესა მეშვიდესა ყოველთაგან საქმეთა მისთა, რომელნი ქმნნა.
3 აკურთხა ღმერთმა მეშვიდე დღე და წმიდაჰყო იგი, რადგან ამ დღეს დაისვენა ღმერთმა ყოველი საქმისგან, რასაც ქმნიდა ღმერთი და აკეთებდა. 3 და აკურთხა ღმერთმან დღე მეშჳდე და წმიდა-ყო იგი, რამეთუ მას შინა დასცხრა ყოველთაგან საქმეთა მისთა, რომელთა იწყო ღმერთმან ქმნად.
4 ასეთი იყო ცისა და მიწის დაბადება მათი შექმნისას, როცა ქმნიდა უფალი ღმერთი მიწას და ცას. 4 ესე წიგნი შესაქმისა ცისა და ქვეყანისაჲ, ოდეს შეიქმნნეს დღესა მას, რომელსა შექმნნა ღმერთმან ცაჲ და ქვეყანაჲ და.
5 ჯერ კიდევ მინდვრის ბუჩქიც არ იყო დედამიწაზე, ერთი ღერი ბალახიც არ იყო აღმოცენებული, რადგან არ უწვიმებია უფალ ღმერთს დედამიწაზე და კაცი (ადამი) არ იყო, რომ მიწა დაემუშავებინა. 5 ყოველი მწვანვილი ველისა პირველ ყოფად ქუეყანასა ზედა და ყოველი თივა ველისა პირველ აღმოცენებადმდე, რამეთუ არ-ღა ეწვიმა ღმერთსა ქუეყანასა ზედა და კაცი არა იყო მოქმედ ქუეყანისა.
6 ორთქლი ადიოდა მიწიდან და რწყავდა მიწის პირს. 6 ხოლო წყარო აღ-მო-ვიდოდა ქვეყანით და რწყვიდა პირსა ყოვლისა ქვეყანისასა
7 გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად. 7 და შექმნა უფალმან ღმერთმან კაცი მტუერისა მიმღებელმა ქვეყანისაგან. და შთაბერა პირსა მისსა სული სიცოცხლისაჲ და იქმნა კაცი იგი სულად ცხოველად.
8 უფალმა ღმერთმა ბაღი გააშენა ედემში, აღმოსავლეთში, და დასვა იქ ადამი, რომელიც გამოსახა. 8 და დაასხა ღმერთმან სამოთხე ედემისა აღმოსავალით და დადვა მუნ კაცი იგი, რომელ შექმნა.
9 აღმოაცენა უფალმა ღმერთმა მიწიდან ყოველი ხე, სანახავად საამო და საჭმელად ვარგისი, შუაგულ ბაღში კი ხე სიცოცხლისა და ხე კეთილის და ბოროტის შეცნობისა. 9 და აღმო-ვე-აცენა ღმერთმან მერმე ქვეყანით ყოველი ხე შუენიერი ხილვად და კეთილი საჭმელად და ხე ცხოვრებისა - შორის სამოთხესა და ხე იგი - ცნობად კეთილისა და ბოროტისა.
10 მდინარე მოედინება ედემიდან ბაღის მოსარწყავად, მერე იტოტება და იქმნება ოთხი ნაკადი. 10 ხოლო მდინარე გამოვალს ედემით მორწყვად სამოთხისა, მიერ განიყოფვის ოთხად თავად.
11 ერთის სახელია ფიშონი; იგი გარს უვლის ხავილას ქვეყანას, სადაც ოქროა. 11 სახელი ერთისა - ფისონ. ესე არს, რომელი გარემოვლის ყოველსა ქვეყანასა ევლატისასა, მუნ, სადა-იგი არს ოქროჲ.
12 კარგია იმ ქვეყნის ოქრო. იქ არის ანთრაკიც და ზურმუხტის ქვაც. 12 ხოლო ოქრო მის ქვეყანისაჲ კეთილ, მუნ არს ანთრაკი და ქვაჲ იგი კაპოეტი.
13 მეორე მდინარის სახელია გიხონი; იგი გარს უვლის მთელს ქუშის ქვეყანას. 13 და სახელი მდინარისა მეორისა - გეონ. ესე გარემოვლის ყოველსა ქვეყანასა ეთიოპიისასა.
14 მესამე მდინარის სახელია ხიდეკელი; იგი ჩაუდის აშურს. მეოთხე მდინარეა ფერათი. 14 და მდინარე მესამე - ტიგრისი. ესე ვალს წინაშე ასურეთსა, ხოლო მდინარე მეოთხე ევფრატი.
15 აიყვანა ადამი უფალმა ღმერთმა და დაასახლა ედემის ბაღში მის დასამუშავებლად და დასაცავად. 15 და მოიყვანა უფალმან ღმერთმან კაცი, რომელი შექმნა, და დაადგინა იგი სამოთხესა მას საშვებელისასა საქმედ მისა და დაცვად.
16 გააფრთხილა უფალმა ღმერთმა ადამი, უთხრა: ყველა ხის ნაყოფი გეჭმევა ამ ბაღში. 16 და ამცნო უფალმან ღმერთმან ადამს და ჰრქუა: ყოვლისაგან ხისა სამოთხისა ჭამით შჭამო.
17 მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ, მოკვდებით. 17 ხოლო ხისა მისგან ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა არა შჭამოთ მისგან, რამეთუ, რომელსა დღესა შჭამოთ მისგან, სიკუდილითა მოსწყდეთ.
18 თქვა უფალმა ღმერთმა: არ ვარგა ადამის მარტო ყოფნა. გავუჩენ შემწეს, მის შესაფერს. 18 და თქვა ღმერთმან: არა კეთილ არს ყოფად კაცისა ამის მარტოსა, უქმნეთ მაგას შემწე, მსგავსი მაგისი.
19 გამოსახა უფალმა ღმერთმა მიწისაგან ველის ყველა ცხოველი და ცის ყველა ფრინველი და მიჰგვარა ადამს, რომ ენახა, რას დაარქმევდა. რომელ სულდგმულს რას დაარქმევდა ადამი, მისი სახელიც ის იქნებოდა. 19 და და-ვე-ჰბადა უფალმან ღმერთმან ყოველი მჴეცი ველისაჲ ყოველი მფრინველი ცისაჲ და მოიყვანნა იგინი ადამისა ხილვად და ყოველთა მშჳნვიერთა ცხოველთა, რომელიცა უწოდა ადამ, იგი არს სახელი მათი, რაჲძი უწოდოს მათ.
20 დაარქვა ადამმა სახელი ყველა პირუტყვს, ცის ფრინველს და ველის ყველა ცხოველს. მაგრამ ადამს არ გამოუჩნდა შემწე, მისი შესაფერი. 20 და ყოველი, რომელი უწოდა მათ ადამ სახელები ყოველთა საცხოვართა და ყოველთა მფრინველთა ცისათა და ყოველთა მჴეცთა ქვეყანისათა, ხოლო ადამისი არა ეპოვა შემწე მსგავსი მისი.
21 უფალმა ღმერთმა ძილქუში მოჰგვარა ადამს და რა დაეძინა, გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო. 21 დასდვა ღმერთმან განკჳრვებაჲ ადამს და დააძინა: მოიღო ფერცხალი ერთი გუერდისა მისისა. და აღმოუვსო ჴორცითა მის წილ.
22 ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფალმა ღმერთმა და ადამს მიუყვანა. 22 და აღუშენა უფალმან ღმერთმან გუერდი, რომელ მოიღო ადამისგან, ცოლად და მოიყვანა იგი ადამისსა:
23 თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისგან არის გამოღებული. 23 და თქვა ადამ: აწ ესე ძუალი ძუალთა ჩემთაგანი და ჴორცი ჴორცთა ჩემთაგანი. ამას ეწოდოს ცოლ, რამეთუ ქმრისა მისისაგან გამოღებულ იქმნა იგი.
24 ამიტომაც მიატოვებს კაცი დედ-მამას და მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთხორცად იქცნენ. 24 ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თვისი და დედა თვისი და შეეყოს ცოლსა თვისსა
25 შიშველნი იყვნენ ორივენი, ადამი და მისი დედაკაცი, და არ რცხვენოდათ. 25 და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც. და იყვნეს ორნივე შიშუელ: ადამ და ცოლი მისი, და არა ჰრცხუენოდა.