ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

დაბადება

თავი მეოცე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 გაემგზავრა იქიდან აბრაამი ნეგების მხრისკენ და დასახლდა კადეშსა და შურს შორის, და იყო მდგმურად გერარში. 1 და წარმოვიდა მიერ აბრაჰამ ქუეყანად სამხრად კერძო და დაეშენა შორის, კადესა და შორის სურსა და იმსხემა გერარს შორის.
2 თქვა აბრაამმა სარაზე, თავის ცოლზე: ჩემი და არის ეს ქალი. მაშინ გაგზავნა აბიმელექმა, გერარის მეფემ, კაცი და წაიყვანა სარა. 2 და თქუა აბრაჰამ სარრასთჳს, ცოლისა თჳსისა, ვითარმედ: დაჲ ჩემი არს. შეეშინა სიტყუად, ვითარმედ: ცოლი ჩემი არს, ნუუკუე მოკლან იგი კაცთა მის ქალაქისათა, მისთჳს მიავლინა აბიმელიქ მეფემან გერართამან და მიიყუანა სარრაჲ.
3 მოევლინა ღამით სიზმარში აბიმელექს ღმერთი და უთხრა: მოკვდები ამ ქალის გამო, შენ რომ მოიყვანე. რადგან ქმრიანია იგი. 3 მოვიდა ღმერთი აბიმელიქისა ძილსა შინა ღამე და ჰრქუა მას: აჰა ეგერა, შენ მოჰკუდე დედაკაცისა მაგის ძლით, რამეთუ ეგე შეყოფილ არს ქმარსა.
4 აბიმელექი არ მიჰკარებია ქალს. უთხრა: უფალო, ნუთუ მართალ ხალხს დაღუპავ? 4 ხოლო აბიმელიქ არა შეეხო მას და ჰრქუა: უფალო, ნათესავი უმეცარი და მართალი წარსწყმიდოა?
5 განა თავად არ მითხრა, ჩემი და არისო? ქალმაც ხომ მითხრა, ჩემი ძმა არისო ეს კაცი? წრფელი გულითა და უმწიკვლო ხელით გავაკეთე ეს. 5 არა მან მრქუა მეა, ვითარმედ: დაჲ ჩემი არს და მან მითხრა, ვითარმედ: ძმაჲ ჩემი არს? გულითა წრფელითა და სიმართლითა ჴელთათა ვყავ ესე.
6 უთხრა მას ღმერთმა სიზმარში: მეც ვიცოდი, რომ წრფელი გულით გააკეთე ეს და ამიტომაც განგარიდე ცოდვას ჩემს წინაშე: არ მიგაკარე მაგ ქალს. 6 და ჰრქუა მას ღმერთმან: მეცა ვიცი, რამეთუ გულითა წმიდითა ჰყავ ეგე და გერიდე შენ, რათა არა სცოდო ჩემდა მომართ, ამისთჳს არა გიტევე შენ შეხებად მისსა.
7 ახლა კი დაუბრუნე ქმარს ცოლი, რადგან წინასწარმეტყველია ის კაცი. ილოცებს შენთვის, რომ ცოცხალი გადარჩე. თუ არ დაუბრუნებ, იცოდე, სიკვდილი არ აგცდებათ არც შენ და არც შენიანებს. 7 ხოლო შენ მიეც აწ ცოლი მისი, რამეთუ კაცი წინასწარმეტყუელი არს იგი და ილოცოს შენთჳს და სცხონდე. უკუეთუ არა მისცე, იცოდე, რამეთუ მოჰკუდები შვნ და ყოველი სახლი შენი.
8 ადგა დილაადრიანად აბიმელექი, დაიბარა თავისი მორჩილნი და მოუყვა მათ მთელ ამ ამბავს. მეტისმეტად შეშინდა ხალხი. 8 აღიმსთო აბიმელიქ განთიად და მოუწოდა ყოველთა მონათა თჳსთა და ეტყოდა ყოველთა ამათ სიტყუათა ყურთა მიმართ მათთა. და შეშინდეს ყოველნი კაცნი უფლისაგან ფრიად.
9 დაიბარა აბიმელექმა აბრაამი და უთხრა: ეს რა გვიყავი? რა შეგცოდე, რომ ასეთ დიდ ცოდვაში მაგდებდი მეც და ჩემს სამეფოსაც? ისეთ საქმეს მიპირებდი, რაც არავისთვის უქნიათ ოდესმე. 9 და მოუწოდა აბიმელიქ აბრაჰამს და ჰრქუა მას: რაჲ ესე მიყავ ჩუენ, შე-მე-რა-გცოდეთა შენ, რამეთუ მოაწიე ჩემ ზედა და სამეფოსა ჩემსა ზედა ცოდვა დიდი, საქმე, რომელ არა ვინ ქმნის, მაქმნიე ჩუენ.
10 კვლავ უთხრა აბიმელექმა აბრაამს: რას ფიქრობდი, ამ საქმეს რომ მიპირებდი? 10 და ჰრქუა აბიმელიქ აბრაჰამს: რაჲსა გულსა მოგიჴდა და ჰყავ ესე?.
11 უთხრა აბრაამმა: ვიფიქრე, ღვთის შიში არ ექნებათ ამ კუთხეში და ჩემი ცოლის გამო მომკლავენ-მეთქი. 11 და ჰრქუა აბრაჰამ: რამეთუ ვთქუ, ნუუკუე არა იყოს ღმრთისმსახურებაჲ ადგილსა ამას და მე მომკლან ცოლისა ჩემისათჳს.
12 მართლაც ჩემი და არის ეს ქალი, მამაჩემის ასულია იგი, ოღონდ დედაჩემის ასული არ არის. ამიტომაც ვითხოვე ცოლად, 12 და რამეთუ დაჲცა ჩემი არს ჭეშმარიტად მამით, არა დედით და მეყო მე ცოლ.
13 როცა ღმერთმა მამაჩემის სახლიდან ამახეტიალა, ვუთხარი ქალს: ეს ერთი მადლი მიყავი-მეთქი: რა მხარეშიც რა უნდა მოვხვდეთ, თქვი ჩემზე, ჩემი ძმა არის-თქო ეს კაცი. 13 და იყო, ოდეს გამომიყუანა მე სახლისაგან მამისა ჩემისა და ვარქუ მას: ესე სიმართლე ჰყო ჩემდა მომართ ყოველსავე ადგილსა, ვიდრეცა შევიდეთ მუნ, თქუ ჩემთჳს, ვითარმედ ძმაჲ ჩემი არს.
14 აიღო და მისცა აბიმელექმა აბრაამს ცხვარ-ძროხა, ყმები და ყმაქალები. და დაუბრუნა სარაც, მისი ცოლი. 14 და მოიღო აბიმელიქ ათასი სასწორი ფასი და ცხოვარი და ზროხაჲ, მონები და მჴევლები და მისცა აბრაჰამს და მოსცა სარრა, ცოლი მისი.
15 უთხრა აბიმელექმა: აჰა, შენს წინაშეა ჩემი ქვეყანა, იცხოვრე შენს ნებაზე. 15 და ჰრქუა აბიმელიქ აბრაჰამს: აჰა ესერა, ქუეყანა ესე წინაშე შენსა არს, სადაცა გთნავს, დაეშენე.
16 სარას უთხრა: აჰა, ათასი ვერცხლი მივეცი შენს ძმას. ამან მოგწმინდოს ნამუსი ყველას წინაშე, ვინც შენთან არის. ყველასთან გამართლებული ხარ! 16 ხოლო სარრას ჰრქუა: აჰა ეგერა, მივეც ათასი სასწორ ძმასა შენსა. ესე გეყავნ შენ პატივ პირისა შენისა და ყოველთავე დედათა შენთანათა და ყოველივე ჭეშმარიტი ჰყვი.
17 ილოცა აბრაამმა ღვთის წინაშე და განკურნა ღმერთმა აბიმელექი. მისი ცოლი და მისი მხევლები, და ეყოლათ შვილები. 17 და ილოცა აბრაჰამ ღმრთისა მიმართ და განკურნა ღმერთმან აბიმელიქ და ცოლი მისი და მჴევლები მისი და შობდეს.
18 რადგან ყველასთვის დაეხშო უფალს საშო აბიმელექის სახლში აბრაამის ცოლის, სარას გამო. 18 რამეთუ დაჴშვით დაჴშა უფალმან გარეშე ყოველი საშოჲ სახლსა შინა აბიმელიქისასა სარრასთჳს, ცოლისა აბრაჰამისა.