1 |
გველი ყველაზე ცბიერი იყო ველურ ცხოველთა
შორის, რომლებიც უფალმა გააჩინა. უთხრა გველმა დედაკაცს: მართლა გითხრათ
ღმერთმა, ბაღის არცერთი ხის ნაყოფი არ შეჭამოთო?
|
1 |
ხოლო გუელი იყო უგონიერეს უფროჲს ყოველთა
მჴეცთა ქუეყანასა ზედა, რომელნი ქმნნა უფალმან ღმერთმან და ჰრქუა გუელმან
დედაკაცსა: რად რამეთუ თქუა უფალმან ღმერთმან: არა სჭამოთ ყოვლისაგან ხისა
სამოთხისა. |
2 |
მიუგო დედაკაცმა გველს: რაც კი ბაღშია, ყველა ხის ნაყოფი
გვეჭმევა, |
2 |
და ჰრქუა დედაკაცმან გუელსა: ყოვლისაგან ნაყოფისა ხისა
სამოთხისა ვჭამოთ. |
3 |
ოღონდ შუაგულ ბაღში რომ ხე დგას, იმის ნაყოფს ნუ შეჭამთ,
გვითხრა ღმერთმა; არ გაეკაროთ, თორემ მოკვდებითო. |
3 |
ხოლო ნაყოფისაგან ხისა, რომელ არს შორის სამოთხისა, თქუა
ღმერთმან, არა სჭამოთ მისგანი, არცა შეეხნეთ მას, რათა არა მოჰკუდეთ. |
4 |
უთხრა გველმა დედაკაცს: არ მოკვდებით. |
4 |
და ჰრქუა გუელმან დედაკაცსა: არა სიკუდილით მოჰკუდეთ. |
5 |
მაგრამ იცის ღმერთმა, რომ როგორც კი შეჭამთ, თვალი
აგეხილებათ და შეიქნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი. |
5 |
რამეთუ უწყოდა ღმერთმან, ვითარმედ: რომელსა დღესა სჭამოთ
მისგანი, განგეხუნენ თქუენ თუალნი და იყვნეთ, ვითარცა ღმერთნი, მეცნიერ
კეთილისა და ბოროტისა. |
6 |
როცა დაინახა დედაკაცმა, რომ კარგი იყო საჭმელად ის ხე,
რომ თვალწარმტაცი და საამური სანახავი იყო, მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა.
მისცა თავის კაცს და კაცმაც შეჭამა. |
6 |
და იხილა დედაკაცმან, რამეთუ კეთილ არს ხე ჭამად და სათნო
თვალთათჳს ხილვად და შუენიერ განცდად. და მიმღებელმან დედაკაცმან
ნაყოფისაგან ჭამა და მისცა ქმარსა-ცა მისსა მის თანა და ჭამეს. |
7 |
აეხილათ თვალი ორივეს და მიხვდნენ, რომ შიშველნი იყვნენ.
გადააკერეს ლეღვის ფოთლები და არდაგები გაიკეთეს. |
7 |
და განეხუნეს თუალნი ორთა-ნი-ვე და აგრძნეს, რამეთუ
შიშუელ იყვნეს. და შეკერეს ფურცელი ლეღჳსა და ქმნეს თავთა თჳსთა
გარემოსარტყმელნი. |
8 |
მოესმათ ხმა უფალი ღმერთისა, რომელიც საღამო ხანს ბაღში
მიმოდიოდა, და დაემალნენ უფალ ღმერთს ადამი და მისი დედაკაცი ბაღის ხეებს
შორის. |
8 |
და ესმათ ჴმაჲ უფლისა ღმრთისა, მავალისაჲ სამოთხეს შინა,
მიმწუხრი და დაიმალნეს ადამ-ცა და ცოლი მისი პირისაგან უფლისა ღმრთისა
საშუალ ხესა სამოთხისასა. |
9 |
დაუძახა უფალმა ღმერთმა ადამს და უთხრა: ადამ, სადა ხარ? |
9 |
და უწოდა უფალმან ღმერთმან ადამს და ჰრქუა მას: ადამ:
სადა ხარ? |
10 |
მიუგო: შენი ხმა მომესმა ბაღში და შემეშინდა, შიშველი რომ
ვარ, და დავიმალე. |
10 |
და მან თქუა: ჴმისა შენისა მესმა, მავალისა შორის
სამოთხესა, რამეთუ შიშუელ ვარ და დავიმალე. |
11 |
უთხრა: ვინ გითხრა, შიშველი რომ ხარ? იმ ხის ნაყოფი ხომ
არ გიჭამია, მე რომ აგიკრძალე? |
11 |
და ჰრქუა მას უფალმან ღმერთმან: ვინ გითხრა შენ, რამეთუ
შიშუელ ხარ? უკუეთუ არა ხისაგან, რომლისა გამცენ შენ მისგან ხოლო არა
ჭამაჲ, მისგან სჭამე-ა ? |
12 |
უთხრა ადამმა: შენ რომ დედაკაცი მომიყვანე, მან მომცა იმ
ხის ნაყოფი და მეც შევჭამე. |
12 |
და თქუა ადამ: დედაკაცი, რომელი მომეც ჩემ თანა, მან
მომცა მე ხისაგან და ვჭამე. |
13 |
უთხრა უფალმა ღმერთმა დედაკაცს: ეს რა ჩაიდინე? თქვა
დედაკაცმა: გველმა შემაცდინა და მეც შევჭამე. |
13 |
და ჰრქუა უფალმან ღმერთმან დედაკაცსა: რაჲ ვსე ჰყავ? და
თქუა დედაკაცმან: გუელმან მაცთუნა მე და ვჭამე. |
14 |
უთხრა უფალმა ღმერთმა გველს: რაკი ეს ჩაიდინე, წყეულიმც
იყავ ყველა პირუტყვს შორის, ყველა გარეულ ცხოველს შორის! მუცლით იხოხე და
მტვერი ჭამე მთელი სიცოცხლე. |
14 |
და ჰრქუა უფალმან გუელსა: რამეთუ ჰყავ ესე, წყეულ იყავ
შენ ყოველთაგან პირუტყუთა და ყოველთაგან მჴეცთა ქუეყანისა ზედათა, მკერდსა
ზედა და მუცელსა ხჳდოდი და მიწასა სჭამდე ყოველთა დღეთა ცხორებისა
შენისათა. |
15 |
მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის, შენს თესლსა
და დედაკაცის თესლს შორის: ის თავს გიჭეჭყავდეს, შენ კი ქუსლს უგესლავდე! |
15 |
და მტერობაჲ დავდვა შორის შენსა და შორის დედაკაცისა. და
შორის თესლისა შენისა და შორის თესლისა მისისა იგი შენსა უმზირდეს თავსა და
შენ უმზირდე მისსა ბრჭალსა. |
16 |
დედაკაცს უთხრა: სატანჯველს გაგიმრავლებ და გაგიძნელებ
ორსულობას, ტანჯვით შობ შვილებს. ქმრისკენ გექნება ლტოლვა, ის კი იბატონებს
შენზე. |
16 |
და დედაკაცსა მას ჰრქუა: განმრავლებით განვამრავლნე
მწუხარებანი შენნი და სულთქუმანი შენნი, მწუხარებით ჰშვნე შვილნი. და
ქმრისა შენისა მიმართ იყოს მიქცევაჲ შენი. და იგი გეუფლებოდეს შენ. |
17 |
ადამს უთხრა: რაკი შენს დედაკაცს დაუჯერე და შეჭამე ხის
ნაყოფი, რომლის ჭამა აკრძალული მქონდა შენთვის, მიწა დაიწყევლოს შენს გამო:
ტანჯვით მიიღებდე მისგან საზრდოს მთელი სიცოცხლე. |
17 |
ხოლო ადამს ჰრქუა: რამეთუ ისმინე ჴმაჲ ცოლისა შენისაჲ და
სჭამე ხისაგან, რომლისა გამცენ შენ მისი ხოლო არაჭამაჲ, მისგან სჭამე,
წყეულ იყავნ ქუეყანა საქმეთა შინა შენთა, მწუხარებით სჭამდე მას ყოველთა
დღეთა ცხორებისა შენისათა. |
18 |
ძეძვი და ეკალი აღმოგიცენოს და მინდვრის ბალახი იყოს შენი
საზრდო. |
18 |
ეკალსა და კუროჲსთავსა აღმოგიცენებდეს შენ და სჭამდე
თივასა ველისასა, |
19 |
პიროფლიანი ჭამდე პურს, ვიდრე მიწად მიიქცეოდე, რადგან
მისგანა ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი. |
19 |
ოფლითა პირისა შენისათა სჭამდე პურსა შენსა ვიდრე
მიქცევადმდე შენდა მიწად, რომლისაგან მოღებულ იქმენ, რამეთუ მიწაჲ ხარ და
მიწად-ცა მიიქცე. |
20 |
უწოდა ადამმა თავის დედაკაცს ევა, რადგან იგი გახდა
ყოველი ცოცხალის დედა. |
20 |
და უწოდა ადამ სახელი ცოლსა თჳსსა: ცხორებაჲ. რამეთუ იგი
არს დედა ყოველთა მაცხორებელთა. |
21 |
გაუკეთა უფალმა ადამს და
მის დედაკაცს ტყავის სამოსელი და შემოსა.
|
21 |
და უქმნა უფალმან ღმერთმან ადამს და ცოლსა მისსა
სამოსელნი ტყავისანი და შეჰმოსნა მათ. |
22 |
თქვა უფალმა ღმერთმა: აჰა, გახდა ადამი როგორც ერთი
ჩვენთაგანი, შემცნობელი კეთილისა და ბოროტისა. არ გაიწოდოს ახლა ხელი და არ
მოწყვიტოს სიცოცხლის ხის ნაყოფიც, არ შეჭამოს და მარადიულად არ იცოცხლოს. |
22 |
და თქუა უფალმან ღმერთმან: აჰა, ადამ იქმნა, ვითარცა ერთი
ჩუენგანი, მეცნიერ კეთილისა და ბოროტისა. და აწ ნუ-სა-და მიყოს ჴელი თჳსი
და მოიღოს ხისაგან ცხორებისა, და ჭამოს და ცხონდეს უკუნისამდე. |
23 |
გაუშვა იგი უფალმა ღმერთმა ედემის ბაღიდან, რომ
დაემუშავებინა მიწა, საიდანაც იყო აღებული. |
23 |
და განავლინა იგი უფალმან ღმერთმან სამოთხისაგან
საშუებელისა საქმედ ქუეყანისა, რომლისაგან მოღებულ იქმნა. |
24 |
განდევნა ადამი, ედემს კი აღმოსავლეთით ქერუბიმები და
ცეცხლოვანი, მბრუნავი მახვილი დაუყენა, რათა სიცოცხლის ხესთან მისასვლელი
დაეცვათ. |
24 |
და განჴადა ადამ და დაამკჳდრა იგი წინაშე საშუებელსა
სამოთხისასა ღა დააწესა ქერობინი და მოტყინარე მახჳლი იქცევისი დაცვად
გზასა ხისა ცხორებისასა. |