1 |
გაიხედა იაკობმა და ხედავს, მოდის ესავი
ოთხასი კაცით. გაუთავთავისა იაკობმა ბავშვები ლეას, რახელს და ორ მხევალს. |
1 |
აღიხილნა თუალნი თჳსნი იაკობ და იხილა, აჰა,
ესავ, ძმაჲ მისი, მომავალი და ოთხასი კაცი მის თანა. |
2 |
წინ დააყენა მხევლები და მათი ბავშვები, მათ უკან ლეა და
მისი ბავშვები, ხოლო სულ უკან რახელი და იოსები. |
2 |
და განუყვნა ყრმანი იგი ლიას და რაქელს და ორთა მათ
მჴევალთა. და დაადგინა ორნი იგი მჴევალნი პირველად, და ლია და ყრმანი მისნი
შემდგომად, და რაქელ და იოსებ უკანაჲსკნელ. |
3 |
თავად კი მათ წინ გაემართა და, ვიდრე მიუახლოვდებოდა,
შვიდგზის მდაბლად თაყვანისცა ძმას. |
3 |
და იაკობ წარუძღუა წინაშე მათსა და თაყუანის-სცა მას
ქუეყანასა ზედა შვიდგზის ვიდრე მიახლებადმდე ძმისა თჳსისა. |
4 |
სირბილით შეეგება ესავი, გადაეხვია, ყელზე მოეჭდო,
გადაკოცნა, და ატირდნენ ორთავენი. |
4 |
და მირბიოდა ესავ შემთხუევად მისა და მოეხჳა და
ამბორს-უყო და დასდვა პირი მისი ზედა ქედსა იაკობისასა; და ტიროდეს ორნივე. |
5 |
აიხედა ესავმა და დაინახა ქალები და ბავშვები უთხრა: შენი
რა არიან ესენი? უთხრა: შვილები ღმერთმა რომ უწყალობა შენს მორჩილს. |
5 |
და მიხედა და იხილნა ცოლნი მისნი და ყრმანი და ჰრქუა: რაჲ
გეყვიან ესენი? და მან ჰრქუა: ყრმანი ესე, რომელ მე შემიწყალა ღმერთმან,
მონაჲ შენი. |
6 |
ახლოს მივიდნენ მხევლები თავიანთი ბავშვებითურ და თაყვანი
სცეს. |
6 |
და მოეახლნეს მჴევალნი იგი და ყრმანი მათნი და
თაყუანის-სცეს. |
7 |
ახლოს მივიდა ლეაც თავისი ბავშვებითურთ და თაყვანისცა.
ბოლოს იოსები და რახელი მივიდნენ ახლოს და თაყვანისცეს. |
7 |
და მოეახლა ლია და შვილი მისნი და თაყუანის-სცეს, და
ამისა შემდგომად მოეახლნეს რაქელ და იოსებ და თაყუანის-სცეს. |
8 |
უთხრა ესავმა: რა იყო მთელი ის ბანაკი, წინ რო შემომხვდა?
უთხრა: რომ მადლი ვპოვო ჩემი ბატონის თვალში. |
8 |
მიუგო და ჰრქუა ესავ: შენი არსა ყოველნი ესე ბანაკები,
რომელ შემემთხჳა? და მან მიუგო მას: რათა პოვოს მადლი მონამან შენმან
წინაშე შენსა. |
9 |
უთხრა ესავმა: არაფერი მაკლია, ძმაო. შენი შენვე გქონდეს. |
9 |
ჰრქუა მას ესავ: არს ჩემი ფრიად, ძმაო, გეყავნ შენ
შენივე. |
10 |
უთხრა იაკობმა: არა. თუ მადლი მიპოვნია ჩემი ბატონის
თვალში, მიიღე ჩემგან ეს ძღვენი. რადგან შენი სახე რომ დავინახე, გინდ
ღვთის სახე დამენახოს და შენც წყალობით შემომხედე. |
10 |
ხოლო იაკობ თქუა: უკუეთუ ვპოვე მადლი წინაშე შენსა, მიიღე
ძღუენი ჴელთაგან ჩემთა ამისთჳს, რამეთუ ვიხილე პირი შენი, ვითარცა ვინ
იხილის პირი ღმრთისა, ჯერ-მიჩინე. |
11 |
მიიღე შენთვის გამოგზავნილი ეს მოსაკითხი, რადგან ღმერთმა
მომხედა და ყველაფერი მაქვს. არ მოეშვა და მანაც მიიღო. |
11 |
და მიიღე კურთხეული ესე, რომელ მოგართუ შენ, რამეთუ
შემიწყალა მე ღმერთმან და არს ჩემი ფრიად. და აიძულა მას და მიიღო. |
12 |
უთხრა ესავმა: დავიძრათ და წავიდეთ, მე წინ წაგიძღვები. |
12 |
ჰრქუა მას ესავ: აღვდგეთ და წარვიდეთ მართლ. |
13 |
უთხრა: იცის ჩემმა ბატონმა, რომ სათუთნი არიან ბავშვები,
და ცხვარ-ძროხა მაკედა მყავს. წინ რომ გავირეკო, ერთ დღეში გამიწყდება
მთელი საქონელი. |
13 |
ჰრქუა მას მან: უფალმან ჩემმან იცის, რამეთუ ყრმანი ჩემნი
ჩჩჳლ არიან და ზროხა და ცხოვარი ჩემნი შობენ ოდენ. უკუეთუ წარვიქცინე იგინი
დღე ერთ, გინა თუ ორ დღე, მოსწყდეს ყოველნი საცხოვარნი ჩემნი. |
14 |
თავისი მორჩილის წინ იაროს ჩემმა ბატონმა; მე კი
ნელ-ნელა, ფეხდაფეხ გავყვები საქონელს და ბავშვებს, ვიდრე ჩემს ბატონთან
მივიდოდე სეყირში. |
14 |
წარვედინ უფალი ჩემი წინაშე მონისა თჳსისა და მე შეუძლო
გზასა ზედა მოცალედ სლვით წინაშე ჩემსა და შემდგომად ყრმათა მისლვადმდე
ჩემდა უფლისა ჩემისა სეირად. |
15 |
უთხრა ესავმა: ვინმეს მაინც მოგიჩენ ჩემი ხალხიდან, თან
რომ მახლავს. უთხრა: რა საჭიროა? ოღონდ მადლი ვპოვო ჩემი ბატონის თვალში. |
15 |
ჰრქუა მას ესავ დაუტეო ერისა ამისგან შენ თანა, რომელი
არს ჩემ თანა. ხოლო მან ჰრქუა: რაჲსათჳს? ესე კმა არს, რამეთუ ვპოვე მადლი
წინაშე შენსა, უფალო. |
16 |
იმ დღესვე გაბრუნდა თავისი გზით ესავი სეყირისკენ. |
16 |
და მიაქცია ესავ მას დღესა შინა გზასა თჳსსა სეირად. |
17 |
ხოლო იაკობი სუქოთისკენ დაიძრა. აიშენა იქ სახლი და
საქონელსაც დაუდგა კარვები. ამიტომაც უწოდა იმ ადგილს სახელად სუქოთი
(ქარავანი). |
17 |
და იაკობ წარმოვიდა კარვობად და იქმნა მუნ სახლი და
საცხოვარსა თჳსსა უქმნა საყოფელი. ამისთჳს უწოდა სახელი ადგილისა მის
"კარვებ". |
18 |
მოვიდა მშვიდობით ფადან-არამიდან წამოსული იაკობი
შექემ-ქალაქად, ქანაანის ქვეყანაში რომ არის, და დაიბანაკა ქალაქის წინ. |
18 |
და მოვიდა იაკობ სალემ ქალაქად სიკიმიელთა, რომელ არს
ქუეყანასა ქანანისასა, ოდეს-იგი მოვიდოდა შუა მდინარით ასურეთისათ, და
დაიბანაკა წინაშე პირისპირ ქალაქსა მას. |
19 |
შეიძინა იაკობმა ას ცხვრად შექემის მამის, ხამორის
ძეთაგან მინდვრის ნაწილი, სადაც კარავი ედგა. |
19 |
და მოიგო ნაწილი იგი ველისაჲ, სადა-იგი აღდგა კარავი
თჳსი, ემორისგან, მამისა სჳქემისა, ასის ტარიგისა. |
20 |
აღმართა იქ სამსხვერპლო და უწოდა მას: ელი, ღმერთი
ისრაელისა. |
20 |
და აღმართა მუნ საკურთხეველი და ხადა სახელსა ღმრთისა
ისრაჱლისასა. |