1 |
ჩაიყვანეს იოსები ეგვიპტეში და იყიდა იგი
ფოტიფარმა, ფარაონის კარისკაცმა, ქონდაქართუხუცესმა, ეგვიპტელმა,
ისმაელიანთაგან, რომელთაც ჩაიყვანეს. |
1 |
ხოლო იოსებ შთაიყუანეს ეგჳპტედ და მიიყიდა
იგი პეტეფრი, საჭურისმან ფარაოსმან, მზარაულთა მთავარმან, კაცმან
ეგჳპტელმან, ჴელთაგან ისმაელიტელთასა, რომელთა შთაიყვანეს იგი მუნ. |
2 |
უფალი იყო იოსებთან და ყველაფერში ხელი ჰქონდა მომართული.
ცხოვრობდა იგი თავისი ეგვიპტელი ბატონის სახლში. |
2 |
და იყო უფალი იოსების თანა. და იყო კაც მაგებელ, და იყო
სახლსა შინა კაცისა მის ეგჳპტელისა წინაშე. |
3 |
დაინახა მისმა ბატონმა, რომ უფალი იყო მასთან და რომ
ყველა საქმეში ხელს უმართავდა უფალი. |
3 |
ხოლო იცოდა უფალმან მისმან, რამეთუ ღმერთი იყო მის თანა,
და რაოდენსა-რას იქმს, უფალი წარმართებს ჴელთა შინა მისთა. |
4 |
ჰპოვა იოსებმა მადლი მის თვალში და გახდა მისი მსახური.
დაადგინა იგი ბატონმა თავისი სახლის ზედამხედველად და მთელი თავისი
საბადებელი ჩააბარა. |
4 |
და პოვა იოსებ მადლი წინაშე უფლისა თჳსისა და სათნო-ეყო
იგი მას. და დაადგინა იგი სახლსა ზედა თჳსსა და ყოველივე რაჲცა იყო, მისცა
ჴელთა იოსებისთა, და იყო შემდგომად დადგინებისა მისისა სახლსა ზედა მისსა,
რაჲცა იყო მისი, აკურთხონ სახლი ეგჳპტელისა მის იოსებისათჳს. |
5 |
მას შემდეგ, რაც ჩააბარა თავისი სახლი და მთელი თავისი
საბადებელი, აკურთხა უფალმა ამ ეგვიპტელის სახლი იოსების გამო და იყო უფლის
კურთხევა ყველაფერზე, რაც კი ებადა მას შინ და გარეთ. |
5 |
და იყო კურთხევაჲ უფლისაჲ ყოველთა ზედა მონაგებთა მისთა.
სახლსა შინა და აგარაკსა. და მისცა ყოველივე, რაჲცა იყო მისი, ჴელთა
იოსებისთა. |
6 |
მიანდო მთელი თავისი საბადებელი იოსებს და, ვიდრე იოსები
მასთან იყო, სმა-ჭამის გარდა სხვა საზრუნავი არაფერი ჰქონია. მშვენიერი იყო
იოსები თვალად და ტანად. |
6 |
და არღარა იცოდა, რასა იქმოდა იოსებ, გარნა პური, რომელ
ჭამის მან. და იყო იოსებ კეთილ სახითა, შუენიერ ქმნულობითა. |
7 |
ამ ამბების შემდეგ იყო, თვალი დაადგა მისი ბატონის ცოლმა
იოსებს და უთხრა: დაწექი ჩემთან! |
7 |
და იყო შემდგომად სიტყჳსა ამის, თუალ-აგნა ცოლმან უფლისა
თჳსისამან იოსებს და ჰრქუა მას: დაწევ ჩემ თანა. |
8 |
იუარა და უთხრა თავის ბატონის ცოლს: რაც მასთან ვარ,
საზრუნავი არაფერი აქვს სახლში ჩემს ბატონს; მთელი თავისი საბადებელი მე
ჩამაბარა. |
8 |
ხოლო მან არა ინება და ჰრქუა ცოლსა მას უფლისა თჳსისასა:
უკუეთუ უფალმან ჩემმან არა უწყის ჩემთჳს სახლსა შინა მისსა. |
9 |
ჩემზე დიდი არავინ არის ამ სახლში, არაფერი აუკრძალავს
ჩემთვის, გარდა შენი თავისა, რადგან შენ ცოლი ხარ მისი. როგორ ჩავიდინო ეს
დიდი ბოროტება და შევცოდო ღმერთს? |
9 |
და ყოველივე, რაჲცა არს მისი, მომცა ჴელთა ჩემთა და
არარაჲთ ვინ მმატს მე სახლსა ამას შინა და არცა გარეშე, რაჲ არს ჴელსა
ჩემსა, არცა თჳნიერ ხოლო შენსა, რამეთუ ცოლი ხარ შენ მისი, და ვითარ ვქმნე
საქმე ბოროტი და ვცოდო წინაშე ღმრთისა? |
10 |
ყოველდღე ელაპარაკებოდა ქალი იოსებს, მაგრამ ვერ
დაიყოლია, რომ მის გვერდით დაწოლილიყო და მასთან ყოფილიყო. |
10 |
და რაჟამს ეტყჳნ იგი დღითი დღედ, არა ერჩდა იოსებ დაწოლად
მის თანა და თანა-ყოფად მას. |
11 |
ერთ დღეს, როცა იოსები შევიდა სახლში თავი საქმეზე და
სახლეულთაგან შინ არავინ იყო. |
11 |
და იყო ეგე ვითარ რაჲმე დღე და შევიდა იოსებ სახიდ საქმედ
საქმესა თჳსსა, და არა ვინ იყო სახლსა მას შინა. |
12 |
ჩაებღაუჭა ქალი სამოსელში და უთხრა: დაწექი ჩემთან!
იოსებმა ხელში შეატოვა სამოსელი და გარეთ გავარდა. |
12 |
შებმა-უყო სამოსელსა მისსა და ეტყოდა: დაწევ ჩემ თანა.
ხოლო იოსებ მიუტევა სამოსელი თჳსი ჴელთა მისთა და ივლტოდა და განვიდა გარე. |
13 |
როცა დაინახა ქალმა, რომ ხელში შეატოვა იოსებმა სამოსელი
და გარეთ გაიქცა, |
13 |
და ვითარცა იხილა, რამეთუ დაუტევა სამოსელი მისი ჴელთა
მისთა და ივლტოდა და განვიდა გარე. |
14 |
დაუძახა თავის სახლეულებს და უთხრა: შეხედეთ, ჩვენთან
საარშიყოდ მოუყვანია ეს ებრაელი კაცი; შემოვიდა, ჩემთან დაწოლა მოინდომა,
მე ყვირილი მოვრთე. |
14 |
მოუწოდა, რომელნი-იგი იყვნეს სახლსა შინა, და ეტყოდა მათ
და ჰრქუა: იხილეთ აწ, რამეთუ შემომგუარა ჩუენ მონაჲ ებრაელი საკიცხევად
ჩუენდა: შემოვიდა დაწოლად ჩემ თანა. და მე ღაღად-ვყავ ჴმითა დიდითა. |
15 |
როცა ნახა, რომ ხმას ავუმაღლე და ვიყვირე, ხელში შემატოვა
თავისი სამოსელი და გარეთ გავარდა. |
15 |
მას ვითარცა ესმა, რამეთუ აღვიმაღლე ჴმაჲ ჩემი და
ღაღად-ვყავ, დაუტევა სამოსელი მისი ჩემ თანა, და ივლტოდა და განვიდა გარე. |
16 |
გვერდით დაიდო ქალმა იოსების სამოსელი და ასე იყო მისი
ბატონის შინ დაბრუნებამდე. |
16 |
და დაიყენა სამოსელი იგი მის თანა, ვიდრემდე მოვიდა უფალი
იგი სახიდ თჳსად. და უთხრა მას მსგავსად სიტყჳსა ამის და ჰრქუა: |
17 |
უამბო ქმარს ეს ამბავი, ასე უთხრა: შემოვიდა შენი
მოყვანილი ებრაელი მონა ჩემთან საარშიყოდ. |
17 |
შემოვიდა ჩემდა მონაჲ ესე ებრაელი, რომელი შემოიყვანე,
კიცხევად შენდა, და მრქუა მე: დავწვე შენ თანა. |
18 |
როცა ყვირილი ავტეხე, შემატოვა თავისი სამოსელი და გარეთ
გაიქცა. |
18 |
ვითარცა ესმა, რამეთუ ღაღად-ვყავ და აღვიმაღლე ჴმაჲ ჩემი,
დაუტევა სამოსელი თჳსი და ივლტოდა და განვიდა გარე. |
19 |
როცა მოისმინა ბატონმა ცოლის ნაამბობი, ასე და ასე
მომექცაო შენი მონა, განრისხდა. |
19 |
და იყო, ვითარცა ესმა უფალსა მისსა სიტყუანი იგი ცოლისა
მისისანი, რაოდენ-იგი უთხრა მას და ჰრქუა, ვითარმედ ესე მიყო მე მონამან
შენმან, განრისხნა პეტეფრე გულისწყრომით. |
20 |
ადგა და ჩააგდო ბატონმა იოსები საპყრობილეში, სადაც მეფის
პატიმრები იყვნენ დამწყვდეული. და იყო იქ, საპყრობილეში. |
20 |
და მოიყუანა იოსებ და შესუა იგი საპყრობილესა, სადაცა
პყრობილნი იგი მეფისანი იყვნეს საპყრობილესა შინა. |
21 |
უფალი იყო იოსებთან და მოიღო მასზე წყალობა: მადლი
აპოვნინა საპყრობილის უფროსის თვალში. |
21 |
და იყო უფალი იოსების თანა და მოსცემდა წყალობასა და პოვა
მადლი წინაშე მისა მესაპყრობილეთა მოძღურისა მის. |
22 |
ჩააბარა საპყრობილის უფროსმა იოსებს ყველა პატიმარი, ვინც
კი საპყრობილეში იყო, და მის გარეშე იქ არაფერი ხდებოდა. |
22 |
და მისცა მესაპყრობილეთ მთავარმან მან საპყრობილე იგი
ჴელთა იოსებისთა და ყოველნი იგი პყრობილნი, რაოდენნი იყვნეს საპყრობილესა
შინა, რა ყოველივე, რაჲცა ქმნიან მუნ შინა. |
23 |
საზრუნავი არაფერი ჰქონდა საპყრობილის უფროსს, რადგან
უფალი იყო მასთან და ყველა საქმეში, რასაც აკეთებდა, უფალი უმართავდა ხელს. |
23 |
არარაჲ იცოდა მესაპყრობილეთმთავარმან მან არცა ერთი რაჲ, რამეთუ ყოველივე იყო ჴელთა
შინა იოსებისთა, ამისთჳს რამეთუ უფალი იყო მის თანა. და რაოდენსა-იგი იქმოდა, უფალი
წარუმართებდა ჴელთა შინა მისთა.
|