1 |
ამ ამბების შემდეგ იყო, რომ ეგვიპტის მეფის
მწდემ და მეპურემ შესცოდეს თავიანთ ბატონს, ეგვიპტის მეფეს. |
1 |
და იყო, შემდგომად სიტყუათა ამათ შესცოდა
მთავარღჳნისმწდემან მეფისა ეგჳპტისამან და მეპურეთ მოძღუარმან უფალსა მათსა
მეფესა ეგჳპტისასა. |
2 |
განურისხდა ფარაონი თავის ორ კარისკაცს, მწდეთუხუცესს და
მეპურეთუხუცესს. |
2 |
და განურისხნა ფარაო ორთავე მათ საჭურისთა, ღჳნისმნესა
მას და მეპურეთმოძღუარსა. |
3 |
და ჩაყარა ისინი ქონდაქართუხუცესის სახლში, საპყრობილეში,
იქ, სადაც იოსები იყო დამწყვდეული. |
3 |
და მისცნა იგინი საპყრობილესა, სადაცა-იგი იოსებ პყრობილ
იყო. |
4 |
მიუჩინა მათ ქონდაქართუხუცესმა იოსები და ისიც
ემსახურებოდა. ასე იყვნენ ერთხანს საპყრობილეში. |
4 |
და შეჰვედრნა იგინი მესაპყრობილეთმთავარმან მან იოსებს.
და დგა იგი წინაშე მათსა და იყუნეს იგინი საპყრობილესა შინა მრავალ დღე. |
5 |
ესიზმრა ერთ ღამეს ორთავეს სიზმარი, თითოეულს თავისი,
საკუთრივ ასახსნელი, ეგვიპტის მეფის მწდეს და მეპურეს, საპყრობილეში რომ
იყვნენ დამწყვდეულნი. |
5 |
და იხილეს ჩუენებაჲ ორთავე, კაცად-კაცადმან მათმან ღამესა
ერთსა, ხილვაჲ იგი ჩუენებისა მათისა, ღჳნისმნემან მან და მეპურეთმოძღუარმან
მან, რომელ-იგი იყვნეს მეფისა მის ეგჳპტელისანი. და ესენი იყვნეს
საპყრობილესა შინა. |
6 |
მივიდა მათთან დილით იოსები და დაინახა, რომ დაღვრემილნი
იყვნენ. |
6 |
შევიდა მათა იოსებ განთიად და იხილნა იგინი, რამეთუ
იყვნეს შეძრწუნებულ. |
7 |
შეეკითხა ფარაონის კარისკაცებს, რომელნიც მასთან ერთად
იყვნენ პატიმრად მისი ბატონის სახლში: დღეს რატომ დაგიღრეჯიათ სახე? |
7 |
და ჰკითხვიდა საჭურისთა მათ ფარაოსთა, რომელნი იყვნეს
საპყრობილესა მას შინა უფლისა თჳსისასა, და ჰრქუა მათ: რაჲსათჳს პირნი
თქუენნი მწუხარე არიან დღეს. |
8 |
უთხრეს: სიზმარი გვესიზმრა, მაგრამ არ არის მისი
ამხსნელი. უთხრა იოსებმა: განა ღვთისგან არ არის ახსნა? აბა, მიამბეთ. |
8 |
ხოლო მათ ჰრქუეს მას: ჩუენებაჲ ვიხილეთ და გამომეტყუელ
მისა არა ვინ არს. ჰრქუა მათ იოსებ: ანუ არა ღმრთისა მიერ არს გამოთქმაჲ
მათი? მითხართ იგი მე. |
9 |
უამბო მწდეთუხუცესმა იოსებს თავისი სიზმარი და უთხრა:
ვხედავ, სიზმარში ვაზია ჩემს წინ. |
9 |
და უთხრა ღჳნისმნემან მან ჩუენებაჲ იგი თჳსი იოსებს და
თქუა: ვხედევდ ძილსა შინა ჩემსა. |
10 |
სამი ლერწი აქვს ამ ვაზს; როგორც კი გაიფურჩქნა, გამოიღო
ყვავილი და დამწიფდა მტევანი. |
10 |
და იყო ვენაჴი წინაშე ჩემსა და ვენაჴსა მას სამნი ძირნი
ჯდა. იგი ჩენთა და აღმოორძნდა მორჩი და მწიფე იყვნეს ტევანნი მისნი. |
11 |
ხელში ფარაონის თასი მეჭირა; ავიღე ყურძენი, ჩავწურე
ფარაონის თასში და თასი ფარაონს მივართვი. |
11 |
და სასუმელი ფარაოჲსი ჴელსა ჩემსა და მოვიღე ყურძენი, იგი
და გამოვწურე სასუმელსა შინა ფარაოჲსსა და მივეც სასუმელი იგი ჴელთა
ფარაოსთა. |
12 |
უთხრა იოსებმა: ეს არის მაგისი ახსნა: სამი ლერწი სამი
დღეა. |
12 |
და ჰრქუა მას იოსებ: ესე არს გამოთარგმანებაჲ მაგისი:
სამნი იგი ძირნი სამნი დღენი არიან. |
13 |
სამი დღის შემდეგ თავს აგიწევს ფარაონი და შენს
სამსახურში დაგაბრუნებს. კვლავ მიართმევ ფარაონს თავის თასს, როგორც ადრე
მიართმევდი ხოლმე, როცა მისი მწდე იყავი. |
13 |
სამნი დღენი წარჴდენ, მოეჴსენოს ფარაოს სამთავროჲ შენი და
კუალად დაგადგინოს შენ მთავრად ღჳნისმნეობასავე შენსა და მისცე სასუმელი
ფარაოჲსი ჴელსა მისსა, პირველისაებრ მთავრობისა შენისა, ვითარცა-იგი იყავ
პირისმწდე. |
14 |
ოღონდ გამიხსენე, როდესაც კარგად გექნება საქმე; მიყავი
სიკეთე და გაახსენე ჩემი თავი ფარაონს და გამომიყვანე ამ სახლიდან. |
14 |
არამედ მომიჴსენე მე თავით შენით, რაჟამს კეთილი გიყოს
შენ, და ყავ ჩემ ზედა წყალობაჲ და მოიჴსენე ჩემთჳს წინაშე ფარაოჲსა და
განმიყვანოს მე საპყრობილისა ამისგან. |
15 |
რადგან მომიპარეს ებრაელთა ქვეყნიდან და აქაც არაფერი
ჩამიდენია ისეთი, ამ დილეგში რომ ჩავეგდე. |
15 |
რამეთუ პარვით წარმომიპარეს მე ქუეყანით ებრაელთაჲთ და
აქა-ცა არარაჲ ვქმენ ბოროტი და შემომაგდეს მე სახლსა ამას ჯურღმულისასა. |
16 |
დაინახა მეპურეთუხუცესმა, რომ კეთილად ახსნა იოსებმა
სიზმარი და უთხრა მას: მეც მესიზმრა სიზმარი: აჰა, სამი მოწნული კალათა
მადგას თავზე. |
16 |
და ვითარცა იხილა მეპურეთმოძღუარმან მან, რამეთუ მართალ
გამოუთარგმნა მას, ჰრქუა იოსებს: მეცა ვიხილე ჩუენებაჲ: მეგონა მე,
ვითარმედ სამნი ლაკანნი სამინდოთა მაქუნდეს თავსა ზედა ჩემსა. |
17 |
ზემო კალათაში ფარაონის ნაირ-ნაირი საჭმელი აწყვია,
მზარეულის გაკეთებული, ჩიტი კენკავს ჩემს თავს ზემოთ იმ კალათიდან. |
17 |
ხოლო ლაკანსა მას ზედა კერძოჲსა იყო ყოვლისაგან
სანოვაგისა, რომელსა ჭამნ მეფე ფარაო, ქმნული მეპურეთ მოძღურისა. და
მფრინველნი ცისანი შესჭამდეს მას ლაკნისა მისგან, რომელ იყო თავსა ზედა
ჩემსა. |
18 |
მიუგო იოსებმა და უთხრა: ეს იქნება ახსნა: სამი კალათი
სამი დღეა. |
18 |
მიუგო მას იოსებ და ჰრქუა: ესე არს შეტყუებაჲ მაგისი:
სამნი ეგე ლაკანნი სამნი დღენი არიან. |
19 |
სამი დღის შემდეგ აგწევს ფარაონი, ხეზე ჩამოგკიდებს და
ფრინველები დაძიძგნიან შენს ხორცს. |
19 |
სამნი-ღა დღენი წარჴდენ, მოგკუეთოს ფარაო თავი შენი
შენგან და დამოგკიდონ შენ ძელსა. და მოვიდენ მფრინველნი ცისანი და შეჭამონ
ჴორცნი შენნი. |
20 |
მესამე დღეს, ფარაონის დაბადების დღეს, გაუმართა ფარაონმა
ლხინი თავის მორჩილებს და მოიკითხა თავის მორჩილთა შორის მწდეთუხუცესი და
მეპურეთუხუცესი. |
20 |
და იყო, მესამესა დღესა დღე იყო შობისა ფარაოსი და ყო სმა დიდი ყოველთა მონათა
თჳსთა თანა და მოეჴსენა პატივი ღჳნისმნისა მის და პატიჟი მეპურეთმოძღურისა მის
შორის მონათა თჳსთა.
|
21 |
დააბრუნა მწდეთუხუცესი თავის ადგილზე და იგი კვლავაც
მიართმევდა ფარაონს თასს. |
21 |
და კუალად დაადგინა ღჳნისმნე იგი მთავრობასავე თჳსსა ზედა
და მისცა სასუმელი ჴელთა ფარაოჲსთა. |
22 |
ხოლო მეპურეთუხუცესი ხეზე ჩამოჰკიდა, როგორც განუმარტა
მათ იოსებმა. |
22 |
ხოლო მეპურეთმოძღუარი იგი დამოჰკიდა ძელსა, ვითარცა-იგი
გამოუთარგმნა მას იოსებ. |
23 |
არ გახსენებია მწდეთუხუცესს იოსები, დაავიწყდა. |
23 |
ხოლო ღჳნისმნესა მას არა მოეჴსენა იოსებ, არამედ დაავიწყდა.
|