1 |
გავიდა ორი წელიწადი და ესიზმრა ფარაონს
სიზმარი: აჰა, დგას იგი ნილოსის პირას. |
1 |
და იყო, შემდგომად ორისა წლისა მათ დღეთასა
ფარაო იხილა ჩუენებაჲ: ეგონა, ვითარმედ დგა იგი მდინარესა ზედა. |
2 |
აჰა, ამოდის ნილოსიდან შვიდი კარგი შესახედავი და
ხორცსავსე ძროხა და ლერწმიანში ბალახობს. |
2 |
და, აჰა ესერა, ვითარცა მდინარისა მისგან გამოვიდოდეს
შჳდნი ზროხანი, შუენიერნი პირითა და მსუქანნი ჴორცითა, და ძოვდეს მდინარისა
კიდესა. |
3 |
აჰა, შვიდი სხვა ძროხა, შეუხედავი და ხორცდაყრილი,
ამოჰყვება მათ ნილოსიდან და გვერდში დაუდგება იმ ძროხებს ნილოსის პირას. |
3 |
და სხუანი შჳდნი ზროხანი აღმოვიდოდეს შემდგომად მათსა
მიერ მდინარით, საძაგელნი ხილვითა და მჭლენი ჴორცითა და ძოვდეს ზროხათავე
მათ თანა კეთილსახისათა მდინარისკიდესა მას. |
4 |
შეჭამეს შეუხედავმა და ხორცდაყრილმა ძროხებმა შვიდი კარგი
შესახედავი და ხორცსავსე ძროხა - და გაეღვიძა ფარაონს. |
4 |
და შეჭამნეს შჳდთა მათ ზროხათა, საძაგელთა, ხილვითა და
მჭლეთა ჴორცითა, შჳდნი იგი ზროხანი, კეთილნი ხილვითა და კეთილნი ჴორცითა.
და არა ცხად იქმნა, ვითარმედ შევიდეს მუცელთა მათთა. განიღჳძა ფარაო. |
5 |
დაიძინა და კვლავ ესიზმრა: აჰა, შვიდი თავთავი ამოდის ერთ
ღეროზე, სავსე და საღი. |
5 |
და მეორე ჩუენებასა იხილვიდა: აჰა ესერა, შჳდნი თავნი
ჴუვილისანი აღმოვიდოდეს ძირსა ერთსა ზედა, რჩეულნი და კეთილნი. |
6 |
აჰა, კვლავ შვიდი თავთავი, ფშუტე და ხორშაკისგან
დახრუკული, აღმოცენდა მათ შემდეგ. |
6 |
და მერმე კუალად შჳდნი თავნი აღმოსცენდეს მათვე თანა,
წულილნი და ხორშაკეულნი. |
7 |
გადაყლაპეს ფშუტე თავთავებმა შვიდი მსხვილი და სავსე
თავთავი - და გაეღვიძა ფარაონს. აჰა, ეს სიზმარიც. |
7 |
და შეჭამნეს შჳდთა მათ წულილთა და ხორშაკეულთა შჳდნი იგი
თავნი სავსენი და კეთილნი. და განიღჳძა ფარაო და, აჰა ესერა, იყო იგი
ჩუენებაჲ. |
8 |
დილით დაუმძიმდა სული ფარაონს და იხმო ეგვიპტის ყველა
მისანი და ბრძენი, და უამბო მათ ფარაონმა თავისი სიზმრები, მაგრამ ვერავინ
აუხსნა ისინი ფარაონს. |
8 |
და ვითარცა განთენა, შეძრწუნებულ იყო სული მისი მის თანა.
და მიავლინა და მოუწოდა ყოველთავე გამომეტყუელთა ეგჳპტისათა და ყოველთა
ბრძენთა მისთა და უთხრა მათ ფარაო ჩუენებაჲ იგი მისი. და არა ვინ იყო
მათგანი, რომელმან-ცა უთხრა ფარაოს ჩუენებაჲ იგი. |
9 |
მაშინ მიმართა მწდეთუხფცესმა ფარაონს და ასე უთხრა: ახლა
მახსენდება ჩემი ცოდვები. |
9 |
და ეტყოდა ღჳნისმნე იგი ფარაოს და ჰრქუა: ცოდვაჲ ჩემი
მოვიჴსენო დღეს. |
10 |
ფარაონი განურისხდა თავის მორჩილთ და მიგვცა პატიმრად
ქონდაქართუხუცესის სახლში, მე და მეპურეთუხუცესი. |
10 |
ფარაო ჰრისხვიდა მონათა თჳსთა და შემსხნა ჩუენ
საპყრობილესა, სახლსა მას მზარეულთმოძღურისა, მე და მეპურეთმოძღუარი. |
11 |
ვნახეთ სიზმარი ერთ ღამეს მეც და იმანაც, თითოეულმა
საკუთრივ ასახსნელი სიზმარი ვნახეთ. |
11 |
და ვიხილეთ ჩუენებაჲ ღამესა ერთსა მე და მან.
კაცად-კაცადმან ჩუენმან მსგავსად თჳსისაებრ ჩუენებისა ვიხილეთ. |
12 |
ჩვენთან ერთად იყო იქ ერთი ებრაელი ყმაწვილი,
ქონდაქართუხუცესის მორჩილი. ვუამბეთ მას და მანაც აგვიხსნა სიზმრები,
თითოეულს ჩვენ-ჩვენი სიზმრის მიხედვით აგვიხსნა. |
12 |
და იყო მუნ ჩუენ თანა ჭაბუკი ებრაელი, მონაჲ მზარაულთა
მოძღურისაჲ, და უთხართ მას ჩუენებაჲ იგი და განგჳმარტა ჩუენ. |
13 |
და როგორც აგვიხსნა, ისეც აგვიხდა: მე ჩემს სამსახურში
დამაბრუნა ფარაონმა, ის კი ხეზე ჩამოჰკიდა. |
13 |
და ვითარცა განგჳმარტა ჩუენ, ეგრეცა იყო: მე კუალად მოვედ
ჩემსავე ამას პატივსა, ხოლო იგი დამოეკიდა ძელსა და მოკუდა. |
14 |
გაგზავნა კაცი ფარაონმა და იხმო იოსები; ისიც სასწრაფოდ
ამოიყვანეს დილეგიდან, გაიპარსა, სამოსელი გამოიცვალა და წარუდგა ფარაონს. |
14 |
მიავლინა ფარაო და მოუწოდა იოსებს და გამოიყუანა იგი
საპყრობილისა მისგან. დაუკვეცეს მას თმაჲ და შეუცვალეს მას სამოსელი მისი
და მოვიდა წინაშე ფარაოჲსა. |
15 |
უთხრა ფარაონმა იოსებს: სიზმარი მესიზმრა, მაგრამ
არავინაა მისი ამხსნელი. შენზე გავიგე, თუ სიზმარს მოისმენს, ახსნაც
შეუძლიაო. |
15 |
და ჰრქუა ფარაო იოსებს: ჩუენებაჲ ვიხილე და არა ვინ არს,
რომელმან-ცა განმიმარტა იგი, ხოლო მე მასმიეს შენთჳს ვითარმედ თქჳან,
გესმის რაჲ ჩუენებაჲ, განჰმარტი იგი. |
16 |
მიუგო იოსებმა ფარაონს და უთხრა: მე რა შემიძლია, ღმერთი
ინებებს ფარაონის მშვიდობას. |
16 |
მიუგო იოსებ და ჰრქუა ფარაოს: თჳნიერ ღმრთისა ვერ მიეგოს
სიტყუაჲ, მეფე, მაცხოვარებასა შენსა. |
17 |
უამბო ფარაონმა იოსებს: მესიზმრა, აჰა, ვდგავარ ნილოსის
პირას. |
17 |
ეტყოდა ფარაო იოსებს და ჰრქუა: ძილსა შინა მეგონა,
ვითარმედ ვდეგ კიდესა მდინარისასა. |
18 |
აჰა, ამოდის ნილოსიდან შვიდი ხორცსავსე და ლამაზი ძროხა
და ლერწმიანში ბალახობს. |
18 |
და ვითარცა მიერ მდინარით გამოვიდოდეს შჳდნი ზროხანი
რჩეულნი ჴორცითა და შუენიერნი ხილვითა, და ძოვდეს კიდესა ზედა. |
19 |
აჰა, სხვა შვიდი ძროხა, უძლური, მეტისმეტად უგვანო და
ხორცდაყრილი ამოჰყვა მათ; მთელს ეგვიპტეში მათზე უგვანი არაფერი მინახავს. |
19 |
და მერმე კუალად სხუანი ზროხანი შჳდნი აღმოვიდოდეს,
შემდგომად მათსა მიერ-ვე მდინარით, ხენეშნი და საძაგელნი ხილვითა და მჭლენი
ჴორცითა, რომელ, არა სადა მეხილვნეს ეგევითარნი საძაგელნი ყოველსა ეგჳპტესა
უუშვერესი. |
20 |
შეჭამეს ხორცდაყრილმა და უგვანმა ძროხებმა ის შვიდი
ხორცსავსე ძროხა. |
20 |
და შეჭამნეს შჳდთა მათ ზროხათა, მჭლეთა და საძაგელთა, შჳდნი იგი ზროხანი, კეთილნი
და რჩეულნი.
|
21 |
შევიდნენ მათ მუცელში, მაგრამ არ ეტყობოდათ, რომ მათ
მუცელში იყვნენ შესული; ისეთივე მჭლენი დარჩნენ, როგორიც მანამდე იყვნენ.
და გამეღვიძა. |
21 |
და შევიდეს მუცელთა მათთა და არა რაჲ აჩნდა, ვითარმედ
შევიდეს მუცელთა მათ თანა. და პირნი მათნი საძაგელ იყვნეს, ვითარცა-იგი
პირველ. |
22 |
ვიხილე სიზმრად, აჰა, შვიდი თავთავი ამოდის ერთ ღეროზე,
სავსე და საღი. |
22 |
განვიღჳძე და კუალად დავიძინე. და ვიხილე მერმე
ჩუენებასა: და ვითარცა შჳდნი თავნი ჴუვილისანი, აღმოვიდოდეს ადგილსა ერთსა,
სავსენი და კეთილნი. |
23 |
აჰა, კვლავ შვიდი თავთავი, გამომშრალი, ფშუტე და
ხორშაკისგან დახრუკული აღმოცენდა მათ შემდეგ. |
23 |
და მერმე კუალად სხუანი შჳდნი თავნი წულილნი და ხორშაკეულნი აღმოსცენდებოდეს მათ
თანავე.
|
24 |
ჩაყლაპეს თავთავებმა შვიდი საღი თავთავი. ვუამბე მისნებს,
მაგრამ შემტყობარი არავინ იყო. |
24 |
და შთანთქნეს შჳდთა მათ თავთა ხორშაკეულთა შჳდნი იგი თავნი, კეთილნი და სავსენი.
უთხარ ესე გამომეტყუელთა და არა ვინ არს. რომელმან-ცა მითხრა მე.
|
25 |
უთხრა იოსებმა ფარაონს: ერთი და იგივეა ფარაონის
სიზმრები. რის ქმნასაც ღმერთი აპირებს, თავად ამცნო ფარაონს: |
25 |
ჰრქუა იოსებ ფარაოს: ჩუენება ფარაოჲსი ორი-ვე ერთ არს: რაოდენი ღმერთსა ეგულების
ყოფად, უჩუენა ფარაოს:
|
26 |
შვიდი საღი ძროხა შვიდი წელიწადია; შვიდი საღი თავთავიც
შვიდი წელიწადია. ერთი და იგივე სიზმარია ეს. |
26 |
შჳდნი იგი ზროხანი კეთილნი შჳდნი წელნი არიან და შჳდნი იგი თავნი ჴუვილისანი
კეთილნი შჳდნი წელნი არიან. ჩუენებაჲ ფარაოჲსა ორი-ვე ერთ არს.
|
27 |
მათ შემდეგ ამოსული შვიდი მჭლე და უგვანო ძროხა შვიდი
წელიწადია; შვიდი ფშუტე და ხორშაკისგან დახრუკული თავთავი შიმშილობის შვიდი
წელიწადია. |
27 |
შჳდნი იგი ზროხანი, რომელნი აღმოვიდოდეს შემდგომად მათსა მჭლენი, შჳდნი წელნი
არიან; და შჳდნი იგი თავნი ჴუვილისანი წულილნი და ხორშაკეულნი - იყოს შჳდ წელ
სიყმილი.
|
28 |
ეს იყო, ფარაონს რომ ვუთხარი, რის ქმნასაც აპირებს
ღმერთი, ფარაონს თავად ახილვინა-მეთქი. |
28 |
ხოლო სიტყუაჲ იგი რომელ ვარქუ ფარაოს, რაოდენი ღმერთსა ეგულების, უჩუენა ფარაოს.
|
29 |
აჰა, მოვა შვიდი უხვმოსავლიანი წელიწადი მთელს ეგვიპტის
ქვეყანაში. |
29 |
აჰა ესერა, შჳდნი წელნი მოვლენან ნაყოფიერებისა დიდისანი ყოველსა ქუეყანასა
ეგჳპტისასა.
|
30 |
მას შემდეგ დადგება შვიდი მოუსავლიანი წელიწადი, გაქრება
ბარაქა ეგვიპტეში და შიმშილი გააჩანაგებს ქვეყანას. |
30 |
და მოიწინენ შჳდნი წელნი სიყმილისანი შემდგომად მისა და დაივიწყონ ნაყოფიერებაჲ იგი
მაძღრობისა ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა. და აღჴოცოს სიყმილმან ქუეყანაჲ.
|
31 |
წინანდელი ბარაქის კვალიც არ დარჩება ქვეყანაზე ამ
შიმშილის ხანს, რადგან მეტისმეტად მძიმე იქნება იგი. |
31 |
და არ-ღა-რა საცნაურ იყოს ნაყოფიერებაჲ ქუეყანასა ზედა სიყმილისა მისგან, რომელ
იყოს შემდგომად მისა, რამეთუ სასტიკ იყოს ფრიად.
|
32 |
ორგზის რომ გაუკვლადდა სიზმარი ფარაონს, ნიშნავს:
გადაწყვეტილია ღვთისგან ეს საქმე და ღმერთი დაუყოვნებლივ აღასრულებს მას. |
32 |
ხოლო მეორედ ქცევისა მისთჳს ჩუენებისა ფარაოჲსა ორგზის, რამეთუ ჭეშმარიტ იყოს
სიტყუაჲ იგი ღმრთისამიერი და ისწრაფოს ღმერთმან ყოფად ესე.
|
33 |
ახლა, გამოძებნოს ფარაონმა გონიერი და ბრძენი კაცი და
დაუყენოს ეგვიპტის ქვეყანას. |
33 |
აწ შენ იხილე კაცი ბრძენი და დაადგინე ყოველსა ქუეყანასა ზედა ეგჳპტისასა.
|
34 |
ასე ქნას ფარაონმა: ზედამხედველები განაწესოს ქვეყანაში,
რათა მეხუთედი ახდევინონ ეგვიპტის ქვეყანას შვიდი მოსავლიანი წლის
მანძილზე. |
34 |
და ყავნ ესრეთ ფარაო, დაადგინენინ ადგილთმთავარნი ქუეყანასა ზედა და ხუთეული აღიღეთ
ყოვლისაგან ნაყოფისა ქუეყანისა ეგჳპტისა შჳდთა მათ წელთა ნაყოფიერებისათა.
|
35 |
დააგროვონ ამ მომავალი ბედნიერი წლების მთელი
საზრდო, დაახვავონ ხორბალი ფარაონის გამგებლობაში ქალაქთა საზრდოდ და
შეინახონ. |
35 |
და შეკრიბედ ყოველივე საზრდელი შჳდთა მათ წელთა მომავალთა კეთილთა და შეკრიბედ
იფქლი ჴელსა ქუეშე ფარაოსსა, საზრდელი ქალაქთა შინა.
|
36 |
იყოს ეს საზრდო მარაგად ქვეყნისათვის შვიდი მოუსავლიანი
წლის მანძილზე, ეგვიპტის ქვეყანაში რომ დადგება, რათა ქვეყანა შიმშილით არ
ამოწყდეს. |
36 |
და დამარხულ იყავნ ქუეყანისათჳს საზრდელი იგი შჳდთა მათთჳს წელთა სიყმილისათა,
რომელნი ყოფად არიან ქუეყანასა ეგჳპტისასა, და არა მოისრას ქუეყანა სიყმილითა.
|
37 |
მოეწონა ნათქვამი ფარაონს და ყველა მის მორჩილს. |
37 |
ხოლო სათნო-უჩნდეს სიტყუანი ესე წინაშე ფარაოჲსა და წინაშე ყოვლისა ერისა მისისა.
|
38 |
უთხრა ფარაონმა თავის მორჩილთ: ისეთ კაცს თუ ვიპოვით,
ვისშიც ღვთის სული იქნება? |
38 |
და ჰრქუა ფარაო ყოველთა მონათა თჳსთა: ვინა ვპოოთ ჩუენ სხვაჲ კაცი ესევითარი,
რომლისა თანა არს სული ღმრთისაჲ თავისა თჳსისა შორის?
|
39 |
უთხრა ფარაონმა იოსებს: რაკი გაგიმხილა ღმერთმა ეს
ყველაფერი, სხვა ვინ იქნება შენსავით გონიერი და ბრძენი. |
39 |
და ჰრქუა ფარაო იოსებს, რამეთუ გიჩუენა შენ ღმერთმან ესე ყოველი და არა ვინ არს
კაცი უბრძნეს შენსა და უგულისხმისმყოფელეს შენსა.
|
40 |
შენ იქნები ჩემი სახლის მოურავი და შენს სიტყვას
დაემორჩილება მთელი ჩემი ხალხი; მხოლოდ ტახტით ვიქნები შენზე აღმატებული. |
40 |
შენ იყავ სახლსა ზედა ჩემსა და პირსა შენსა ერჩდეს ერი ჩემი, გარნა ხოლო საყდრითა
გმატდე მე შენ.
|
41 |
უთხრა ფარაონმა იოსებს: აჰა, დამიდგენიხარ მთელი ეგვიპტის
განმგებელად! |
41 |
და ჰრქუა ფარაო იოსებს, აჰა ესერა, დამიდგინებიე შენ დღესითგან ყოველსა ქუეყანასა
ეგჳპტისასა.
|
42 |
წაიძრო ხელიდან ფარაონმა ბეჭედი და გაუკეთა ხელზე იოსებს;
შემოსა ზეზის შესამოსელით და ოქროს ძეწკვი ჩამოჰკიდა ყელზე. |
42 |
და წარიჴადა ფარაო ბეჭედი ჴელისა თჳსისა და შეაცუა ჴელსა იოსებსა და შეჰმოსეს მას
სამოსელი ბისონი და გარდააცუეს მანიაკი ოქროჲსა ყელსა მისსა.
|
43 |
დასვა თავის მეორე ეტლზე და აცხადებდნენ მის წინაშე:
მუხლი მოიყარეთ! ასე დაუდგინა იგი განმგებელად მთელს ეგვიპტის ქვეყანას. |
43 |
და აღსუეს იგი ეტლსა შემდგომსა მისსა და ქადაგებდა წინაშე მისსა ქადაგი და დაადგინა
იგი ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა.
|
44 |
უთხრა ფარაონმა იოსებს: მე ფარაონი ვარ, მაგრამ უშენოდ
ხელს ვერავინ გაანძრევს მთელს ეგვიპტეში. |
44 |
და ჰრქუა ფარაო იოსებს: მე, ფარაო, გეტყჳ შენ: თჳნიერ შენსა არავინ აღყოს ჴელი
ქუეყანასა ეგჳპტისასა.
|
45 |
უწოდა ფარაონმა იოსებს სახელად ცაფნათ-ფაყნეახი და მისცა
ცოლად ასენათი, ონის (მზის ქალაქის) ქურუმის ფოტიფერაყის ასული. და გავიდა
იოსები ეგვიპტის ქვეყანაში. |
45 |
და უწოდა ფარაო სახელი იოსებს ფსომთოფანი და მისცა მას ასენექ, ასული პეტეფრესი,
მღდელისა მის მზისქალაქისა, მისა ცოლად.
|
46 |
ოცდაათი წლისა იყო იოსები, როცა წარუდგა ფარაონს,
ეგვიპტის მეფეს. გამოვიდა იოსები ფარაონისგან და მოიარა მთელი ეგვიპტე. |
46 |
იოსებ იყო ოცდაათის წლის, რაჟამს წარდგა წინაშე ფარაოჲსა, მეფისა ეგჳპტელთასა.
განვიდა იოსებ პირისაგან ფარაოჲსა და მოვლო ყოველი ეგჳპტე.
|
47 |
წარმოქმნა მიწამ ხვავრიელად შვიდ მოსავლიან წელიწადს
ხორბალი. |
47 |
და ყო ქუეყანამან შჳდთა მათ წელთა ნაყოფიერებისათა ნაყოფი.
|
48 |
შეაგროვა იოსებმა შვიდი მოსავლიანი წელიწადის საზრდო, რაც
კი იპოვებოდა ეგვიპტის ქვეყანაში, და ქალაქებს ჩამოურიგა; თითოეულ ქალაქს
თავის გარშემო მინდვრებიდან მოწეული საზრდო დაურიგა. |
48 |
და შეკრიბა ყოველი საზრდელი შჳდთა მათ წელთა ნაყოფიერებისათა, ყოველსა ქუეყანასა
ეგჳპტისასა. და დადვა საზრდელი ქალაქთა შინა, საზრდელი ველთა მათ ქალაქისა
გარემოთა.
|
49 |
დაახვავა იოსებმა ხორბალი ზღვის ქვიშასავით, ბევრზე
ბევრი, ისე რომ შეწყვიტა თვლა, რადგან აღარ იყო სათვალავი. |
49 |
და დადვა მას შინა. და შეკრიბა იოსებ იფქლი ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსა დიდად ფრიად,
ვიდრემდე ვერ-ღა-რა ეძლო რაცხვად, რამეთუ არა იყო რიცხუ.
|
50 |
მოუსავლიანი წელიწადის დადგომამდე შეეძინა იოსებს ორი
ვაჟი, რომელნიც უშვა მას ასენეთმა, ონის ქურუმის, ფოტიფერაყის ასულმა. |
50 |
ხოლო იოსებს ესხნეს ორ ძე, ვიდრე მოწევნადმდე შჳდთა მათ წელთა სიყმილისათა, რომელნი
უშვნა ასენექ, ასულმან პეტეფრესმან, მღდელისა მის მზისქალაქისამან.
|
51 |
უწოდა იოსებმა პირმშოს სახელად მენაშე, რადგან თქვა:
დამავიწყა ღმერთმა მთელი ჩემი ტანჯვა-წვალება და მამაჩემის სახლი. |
51 |
და უწოდა სახელი იოსებ პირმშოსა მას მანასე და თქუა: დამავიწყა მე ღმერთმან ყოველი
სალმობაჲ ჩემი და ყოველი მამისა ჩემისა.
|
52 |
ხოლო მეორეს უწოდა სახელად ეფრემი, რადგან თქვა:
ნაყოფიერმყო ღმერთმა ჩემი გაჭირვების ქვეყანაში. |
52 |
და სახელი მეორისა მის უწოდა ეფრემ და თქუა: რამეთუ აღმაორძინა მე ღმერთმან
სიმდაბლესა შინა ჩემსა.
|
53 |
გასრულდა შვიდი მოსავლიანი წელიწადი, ეგვიპტის ქვეყანაში
რომ იდგა. |
53 |
წარჴდეს შჳდნი იგი წელნი ნაყოფიერებისანი, რომელ იყვნეს ქუეყანასა ეგჳპტისასა.
|
54 |
დაიწყო შვიდი მოუსავლიანი წელიწადი, როგორც ნათქვამი
ჰქონდა იოსებს. იყო შიმშილი ყველა ქვეყანაში, მაგრამ ეგვიპტის ქვეყნად
იპოვებოდა პური. |
54 |
და იწყეს შჳდთა მათ წელთა სიყმილისათა მოსლვად, ვითარცა-იგი თქუა იოსებ. და იყო
სიყმილი ყოველსა ქუეყანასა, და ყოველსა ეგჳპტესა არა იყო პური.
|
55 |
დაიმშა მთელი ეგვიპტის ქვეყანა და შეღაღადა ხალხმა
ფარაონს, რათა მიეცა მისთვის პური. გამოუცხადა ფარაონმა მთელს ეგვიპტეს:
მიდით იოსებთან და როგორც გეტყვით, ისე მოიქეცით. |
55 |
და შეემშია ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა და ღაღად-ყო ყოველმან ერმან პურისათჳს
ფარაოს მიმართ. ჰრქუა ფარაო ყოველთა მეგჳპტელთა: მივედით იოსებისა და რაჲ-იგი
გრქუას, იგი-ცა ყავთ.
|
56 |
შიმშილი იყო მთელი დედამიწის ზურგზე. გააღო იოსებმა ყველა
ბეღელი და დააპურა ეგვიპტელები. შიმშილი კი გაძლიერდა ეგვიპტის ქვეყანაში. |
56 |
და სიყმილი იყო პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა, განახუნა იოსებ ყოველნი იგი
იფქლისა საუნჯენი და ჰყიდდა ყოველთა ეგჳპტელთა ზედა.
|
57 |
ყველა ქვეყანა ეგვიპტეში მოვიდა იოსებთან პურის საყიდლად,
რადგან შიმშილი მძვინვარებდა მთელს ქვეყნიერებაზე. |
57 |
და ყოველი სოფლები მოვიდოდა ეგჳპტედ სყიდად იფქლისა იოსებისა, რამეთუ დაიპყრა
სიყმილმან ყოველი ქუეყანაჲ.
|