ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

დაბადება

თავი ორმოცდამეხუთე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 ვეღარ შეიკავა თავი იოსებმა მხლებელთა წინაშე და იყვირა: გაიყვანეთ ყველანი! არავინ იყო იოსებთან, როცა გაუმხილა მან თავისი ვინაობა ძმებს. 1 და ვერ-ღა-რა ეძლო იოსებს დათმენად ყოველთა წინაშე მდგომარეთა მისთა და თქუა: განავლინეთ ყოველი კაცი ჩემგან და არა ვინ დადგა წინაშე იოსებისა, არცა ერთი. ღა რაჟამს გამოეცხადებოდა იოსებ ძმათა თჳსთა.
2 იწყო ხმამაღალი ტირილი და მოესმათ ეგვიპტელებს, და მოესმა ფარაონის სახლს. 2 აღიმაღლა ჴმაჲ ტირილით და ესმა ჴმაჲ ყოველთა მეგჳპტელთა და მიესმა სახლსა ფარაოჲსსა.
3 უთხრა იოსებმა ძმებს: იოსები ვარ. ცოცხალია ჯერ კიდევ მამაჩემი? ვერ გასცეს პასუხი ძმებმა, რადგა შეეშინდათ მისი. 3 და ჰრქუა იოსებ ძმათა თჳსთა: მე ვარ იოსებ, ცოცხალღა არსა მამაჲ ჩემი? და ვერ მიუგეს ძმათა მისთა სიტყუაჲ, რამეთუ შეეშინა და შეძრწუნდეს ფრიად.
4 უთხრა იოსებმა ძმებს: მომიახლოვდით. მიუახლოვდნენ და უთხრა მათ იოსებმა: იოსები ვარ, თქვენი ძმა, ეგვიპტეში რომ გამყიდეთ. 4 ჰრქუა იოსებ ძმათა მისთა: მომეახლენით მე! ხოლო იგინი მიეახლნეს და ჰრქუა: მე ვარ იოსებ, ძმაჲ თქუენი, რომელი მიმყიდეთ ეგჳპტედ.
5 ნუღარ იწუხებთ და ნურც თავს გაკიცხავთ, აქ რომ გამყიდეთ. თქვენი სიცოცხლის სახსრად გამომგზავნა ღმერთმა. 5 ხოლო აწ ნუ სწუხთ, ნუცა ფიცხელ-გიჩნ თქუენ, რამეთუ მომყიდეთ მე აქა, რამეთუ ცხორებისა თქუენისათჳს მომავლინა მე ღმერთმან წინაშე თქუენსა.
6 რადგან ეს ორი წელი შიმშილია ქვეყანაში და კიდევ ხუთი წელი არ იქნება ხვნა და მკა. 6 რამეთუ ესე მეორე-ღა წელი არს სიყმილი ქუეყანასა ზედა და მერმე ხუთნი-ღა წელნი ყოფად არიან, რომელსა არა იყოს ჴნვა, არაც ლეწვა.
7 გამომგზავნა ღმერთმა თქვენს წინაშე, რათა დაგარჩინოთ ამქვეყნად, სიცოცხლე შეგინარჩუნოთ და მოგიტანოთ დიდი საშველი. 7 და მომავლინა მე ღმერთმან თქუენსა წინა, რათა დაშთეს ნეშტი თქუენი ქუეყანასა ზედა გამოზრდად თქუენდა ნეშტად დიდად.
8 თქვენ კი არ გამოგიგზავნივართ აქ, არამედ ღმერთმა დამადგინა მამად ფარაონისა, მისი სახლის პატრონად და მთელი ეგვიპტის ქვეყნის განმგებლად. 8 ხოლო აწ არა თქუენ მომავლინეთ მე აქა, არამედ ღმერთმან და მყო მე, ვითარცა მამაჲ ფარაოსი, უფალ ყოველსა ზედა სახლსა მისსა და მთავარ ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა.
9 საჩქაროდ წადით მამაჩემთან და უთხარით: ასე ამბობს-თქო შენი შვილი იოსები: ღმერთმა დამადგინა მთელი ეგვიპტის პატრონად. ჩამოდი ჩემთან, ნუ დაყოვნდები-თქო. 9 ისწრაფეთ და აღვედით მამისა ჩემისა და არქუეთ მას: ამის იტყჳს იოსებ, ძე შენი, მყო მე ღმერთმან უფალ ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა შთამოვედ ჩემდა და ნუ ჰყოვნი.
10 იცხოვრე გოშენის მხარეში; ახლოს იქნებით-თქო ჩემთან შენ და შენი შვილები, შენი შვილთა შვილები, შენი ცხვარ-ძროხა და მთელი შენი საბადებელი. 10 და დაემკჳდრე ქუეყანასა გესემ არაბიასა და იყავ მახლობელად ჩემსა შენ და ძენი შენნი და ძენი ძეთა შენთანი და ცხოვარი და ზროხაჲ შენი ყოველი, რაოდენი-რაჲ არს შენი.
11 აქ შეგინახავ-თქო, რადგან კიდევ ხუთი წელი გასტანს შიმშილი, რათა არ გაჩანაგდე შენი სახლითა და მთელი შენი საბადებლითურთ. 11 და მე გამოგზარდო შენ, რამეთუ ხუთ წელსა სიყმილი ყოფად არს, რათა არა მოსწყდეთ შენ და ძენი შენნი და ყოველი მონაგები შენი.
12 აჰა, ხომ ხედავს თქვენი თვალი და ჩემი ძმის, ბენიამინის, თვალი, რომ ეს ჩემი ბაგეებია, თქვენ რომ გელაპარაკებათ. 12 აჰა ესერა, თუალნი თქუენნი ხედვენ და თუალნი ბენიამენისნი, ძმისა ჩემისანი, რამეთუ პირი ჩემი გეტყჳს თქუენ.
13 მოახსენეთ მამაჩემს მთელი ჩემი დიდების ამბავი ეგვიპტეში და ყველაფერი, რაც ნახეთ. იჩქარეთ, ჩამომიყვანეთ მამაჩემი. 13 უთხართ მამასა ჩემსა ყოველივე დიდებაჲ ეგჳპტეს შინა და რაოდენი-ესე იხილეთ და ადრე ყავთ და მოიყვანეთ მამა ჩემი აქა.
14 ყელზე მოეხვია თავის ძმას ბენიამინს და ატირდა; ბენიამინიც ტიროდა მის მკერდზე. 14 და მოეხჳა ქედსა ბენიამენისსა, ძმისა თჳსისსა, და ტიროდა მას ზედა. და ბენიამენ ტიროდა ქედსა ზედა იოსებისსა.
15 სათითაოდ გადაკოცნა ძმები, ტიროდა და ეხვეოდა მათ. მხოლოდ ამის შემდეგ დაელაპარაკნენ ძმები. 15 და ამბორს-უყოფდა ყოველთა ძმათა თჳსთა და ტიროდა მათ თანა და ამისა შემდგომად ეტყოდეს მას ძმანი მისნი.
16 მისწვდა ხმა ფარაონის სახლს, იოსების ძმები ჩამოვიდნენო. ეამა ფარაონს და მის მორჩილთ. 16 და მიიწია სიტყუაჲ ესე სახლსა ფარაოსსა და უთხრეს, ვითარმედ მოსრულ არიან ძმანი იოსებისნი, განიხარა ფარაო და ყოველთა მსახურთა მისთა.
17 უთხრა ფარაონმა იოსებს: უთხარი შენს ძმებს: ასე მოიქეცით: დატვირთეთ ოთხფეხი და წადით ქანაანის ქვეყანაში. 17 და ჰრქუა ფარაო იოსებს: არქუ ძმათა შენთა, რათა ესრე ყონ; აღავსეთ ძაძები თქუენი იფქლითა და წარვედით ქუეყანად ქანანისად.
18 წამოიყვანეთ მამათქვენი და თქვენი სახლეულნი და ჩემთან მოდით; მოგცემთ ყოველივე საუკეთესოს ეგვიპტის მიწაზე და ჭამეთ ამ მიწის დოვლათი. 18 და წარმოიყუანეთ მამაჲ თქუენი და ყოველი მონაგები თქუენი, და მოდით ჩემდა და მიგცე თქუენ ყოველივე კეთილი ეგჳპტისაჲ და შჭამდეთ თქუენ ტჳნსა ქუეყანისასა.
19 შენ კი გებრძანება მათთვის სათქმელად: ასე გააკეთეთ-თქო: წაიყოლეთ ეგვიპტიდან ურმები თქვენი ცოლშვილისთვის, წამოიყვანეთ მამათქვენი და ჩამოდით. 19 ხოლო შენ ამცენ ესე, რათა მიიღონ ურმები ქუეყანით ეგჳპტით ყრმათა თქუენთათჳს და ცოლთა და წარმოიყუანეთ მამაჲ თქუენი და მოვედით
20 თვალი ნუ დაგრჩებათ თქვენს ქონებაზე, რადგან თქვენი იქნება ყოველივე საუკეთესო მთელს ეგვიპტეში. 20 და ნუ ჰრიდებნ თუალი თქუენი ჭურჭელსა თქუენსა, რამეთუ ყოველივე კეთილი ეგჳპტისა თქუენდა იყოს.
21 ასეც მოიქცნენ ისრაელიანები. მისცა მათ იოსებმა ურმები ფარაონის ბრძანებისამებრ და გაატანა საგზალი. 21 და ყვეს, ეგრე ძეთა ისრაჱლისათა და მისცა მათ იოსებ ურმები ბრძანებისაებრ მეფისა ფარაოსა და აღუგო მათ საზრდელი გზასა ზედა.
22 თითოეულს მისცა თითო ხელი სამოსელი, ბენიამინს მისცა სამასი ვერცხლი და ხუთი ხელი სამოსელი. 22 და ყოველთავე სცა მრჩობლი სამოსელი, ხოლო ბენიამენს სცა ორასი დრაჰკანი და ხუთი საცვალებელნი თითოფერი სამოსლები.
23 მამას გაუგზავნა ათი სახედარი, ეგვიპტური დოვლათით დატვირთული, და ათი ჭაკი ვირი, ხორბლით, პურითა და სასმელ-საჭმელით დატვირთული, მამის გამოსამგზავრებლად. 23 და მამასა მიუძღუანა ეგრეთვე ათი ვირი, რომელთა ეკიდა ყოვლისაგან კეთილისა ეგჳპტისა და ათი ჯორი, რომელთა აქუნდა პური საგზლად მამისა თჳსისა.
24 გაუშვა თავისი ძმები და ისინიც წავიდნენ. უთხრა: ნურაფრის შეგეშინდებათ გზაზე. 24 და წარგზავნნა ძმანი თჳსნი და წარვიდეს და ჰრქუა მათ: ნუ გულს იწუხებთ გზასა ზედა.
25 წავიდნენ ეგვიპტიდან და მივიდნენ ქანაანის ქვეყანაში იაკობთან, თავიანთ მამასთან. 25 და აღმოვიდეს ეგჳპტით და მოვიდეს ქუეყანად ქანანისად იაკობისა. მამისა მათისა.
26 ახარეს, ცოცხალია შენი შვილი იოსები, მთელი ეგვიპტის განმგებელიაო. გაოგნდა, რადგან არ სჯეროდა მათი. 26 და უთხრეს მას და ჰრქუეს: ცოცხალ არს ძე შენი იოსებ და იგი არს მთავარ ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა და განუკჳრდა იაკობს გონებასა თჳსსა და არა ჰრწმენა მათი.
27 მოუყვნენ ყველაფერს, რაც იოსებმა უამბო მათ; დაინახა ურმებიც, იოსებს რომ გამოეგზავნა მის წასაყვანად, და მაშინღა გაცოცხლდა მათი მამის, იაკობის, სული. 27 და იგინი უთხრობდეს ყოველთა მათ სიტყუათა იოსების მიერ, რომელთა ეტყოდა მათ და ვითარცა იხილა ურმები იგი, რომელ მიუძღუანა იოსებ, რათა წარიყუანოს იგი განცხოველჴურდა სული იაკობ მამისა მათისა.
28 თქვა ისრაელმა: კმარა! ცოცხალია ჩემი შვილი იოსები! წავალ და ვნახავ, სანამ არ მოვმკვდარვარ. 28 და თქუა ისრაილ: დიდ არს ესე ჩემდა, უკუეთუ ძე ჩემი იოსებ ცოცხალ-ღა არს, მივიდე და ვიხილო ვიდრე სიკუდილადმდე ჩემდა.