ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

დაბადება

თავი ორმოცდამეექვსე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 გაემგზავრა ისრაელი მთელი თავისი საბადებლითურთ, მივიდა ბერშებას და შესწირა მსხვერპლი თავისი მამის, ისაკის, ღმერთს. 1 წარმოიტრო ისრაჱლ და ყოველივე მისი. და მოვიდა ჯურღმულსა მას ზედა ფიცისასა და შეწირა მსხუერპლი ღმრთისა მამისა თჳსისა ისაკისა.
2 უთხრა ღმერთმა ისრაელს ღამეულ ხილვაში: იაკობ, იაკობ! მიუგო: აქა ვარ. 2 ჰრქუა ღმერთმან იაკობს ჩუენებასა შინა ღამისასა; იაკობ, იაკობ, ხოლო მან თქუა: რა არს?
3 უთხრა: მე ვარ ღმერთი, ღმერთი მამაშენისა. ნუ გეშინია ეგვიპტეში ჩასვლის, რადგან იქ გაქცევ დიდ ხალხად. 3 და თქუა: მე ვარ ღმერთი მამათა შენთა, ნუ გეშინინ შესლვად ეგჳპტედ, რამეთუ ნათესავად დიდად გყო შენ მუნ:
4 მეც ჩაგყვები ეგვიპტეში, მევე ამოგიყვან იქიდან და იოსები დაგიხუჭავს თვალებს საკუთარი ხელით. 4 და შთავიდე მე შენ თანა ეგჳპტედ და მე აღმოგიყუანო შენ მიერ სრულიად. და იოსებ დაგასხნეს ჴელნი თუალთა შენთა.
5 აიყარა იაკობი ბერშებადან და წაიყვანეს ისრაელიანებმა იაკობი, თავიანთი მამა, და თავიანთი ცოლ-შვილი ურმებით, ფარაონმა რომ გამოუგზავნა. 5 და აღდგა იაკობ ჯურღმულისა მისგან ფიცისა და წარიყვანეს ძეთა მისთა ისრაჱლ, მამაჲ მათი და აღსხეს ჭურჭელი მათი და ცოლები მათი ურმებსა მას, რომელ მიუძღუანა იოსებ ახუმად მათ ზედა და საცხოვარნი მათნი და შთავიდეს ეგჳპტედ.
6 წამოასხეს საქონელი და მთელი მონაგები, რაც მოიგეს ქანაანის ქვეყანაში და მივიდნენ ეგვიპტეს - იაკობი და მთელი მისი მონაგარი. 6 და ყოველივე მონაგები მათი, რაოდენი-რაჲ მოეგო ქუეყანასა ქანანისასა. და შევიდეს ეგჳპტედ იაკობ და ნათესავი მისი მის თანა.
7 თავისი ვაჟიშვილები, ვაჟიშვილთა შვილები, ასულები და ვაჟიშვილთა ასულები - მთელი თავისი მონაგარი ჩაიყვანა ეგვიპტეს. 7 ძენი მისნი და ძეთა მისთანი და ასულნი მისნი და ასულნი ასულთა მისთანი და ყოველივე ნათესავი მისი შეიყუანა ეგჳპტედ.
8 აჰა, ისრაელიანთა სახელები, რომელნიც ეგვიპტეში ჩავიდნენ: იაკობი და მისი ძენი; იაკობის პირმშო რეუბენი. 8 და ესე სახელები არს ძეთა ისრაჱლისათა, რომელნი შევიდეს ეგჳპტედ იაკობის თანა, მამისა მათისა, იაკობ და ძენი მისნი. პირმშოჲ იაკობისი - რუბენ.
9 რეუბენის ძენი: ხანოქი, ფალუ, ხეცრონი და ქარმი. 9 და ძენი რუბენისნი: ენუქ და ფალუს, ასრომ და ქარმი.
10 სიმონის ძენი: იემუელი, იამინი, ოჰადი, იაქინი, ცოხარი და საული - ქანაანელი დედაკაცის შვილი. 10 და ძენი სჳმეონისნი იემუელ და იამინ და აოდ და აქიმ და საარ და საულ ქანანელისაგანნი.
11 ლევის ძენი: გერშონი, კეჰათი და მერარი. 11 და ძენი ლევისნი: გეთსონ და კაათ და მერარი.
12 იუდას ძენი: ყერი, ონანი, შელა, ფარეცი და ზარახი. ყური და ონანი ქანაანის ქვეყანაში დაიხოცნენ. ფარეცის ძენი იყვნენ ხეცრონი და ხამული. 12 და ძენი იუდასნი: ჰერ და ავნან, სელომ ფარეზ და ზარა. და მოსწყდეს ჰერ და ავნან ქუეყანასა ქანანისასა. და იყვნეს ძენი ფარეზისნი: ესრომ და იამოჱლ.
13 ისაქარის ძენი: თოლაყი, ფუვა, იობი და შიმრონი. 13 და ძენი იზაქარისნი: თოლა და ფოა და იასუქ და ზამბრამ.
14 ზებულონის ძენი: სერედი, ელონი და იეხალიელი. 14 და ძენი ზაბულონისნი სედერ და ალონ და აიჱელ.
15 ესენი არიან ლეას შვილები, რომელნიც უშვა მან იაკობს ფადან-არამში - და დინა, მისი ასული. სულ ოცდაცამეტი სული - ვაჟი და ასული. 15 ესენი ძენი ლიასნი, რომელ უშვნა იაკობს შუამდინარეს ასურეთისა და დინა, ასული მისი, ყოველი ძენი და ასულნი ოცდაათსამეტნი.
16 გადის ძენი: ციფიონი, ხაგი, შუნი, უცბონი, ყეთი, აროდი და არიელი. 16 და ძენი გადისნი: საფონ და ანგის და სავნის და თასუბამ და აედის არუჱლის და არჱილის.
17 აშერის ძენი: იმნა, იშვა, იშვი, ბერიყა და მათი სერახი; ბერიყას ძენი: ხებერი და მალქიელი. 17 და ძენი ასერისნი: იემნა და იესო და ბარია და იეოლ და სარა დაჲ მათი. და ძენი ბარიასნი: ქობორ და მელქიელ.
18 ესენი არიან შვილები ზილფასი, რომელიც მისცა ლაბანმა თავის ასულს, ლეას, და უშვა მან იაკობს ისინი - თექვსმეტი სული. 18 ესე ძენი ზელფასნი, რომელ მოსცა ლაბან ლიას ასულსა თჳსსა რომელ, უშვნა ესე ძენი იაკობს სული ათექუსმეტი.
19 რახელის ძენი; იაკობის ცოლისა: იოსები და ბენიამინი. 19 და ძენი რაქელისნი, ცოლისა იაკობისნი, იოსებ და ბენიამენ.
20 შეეძინა იოსებს ეგვიპტის ქვეყანაში ვაჟიშვილები, რომლებიც უშვა მას ასენეთმა, ონის ქურუმის, ფოტიფერაყის ასულმა: მენაშე და ეფრემი. 20 ხოლო იყვნეს ძენი იოსებისნი ეგჳპტეს, რომელნი უშვნა მას ასენეთ, ცოლმან მისმან ასულმან პეტეფრესმან, მღდელისა მზის ქალაქისამან მანასე და ეფრემ, ხოლო იყვნეს ძენი მანასესნი, რომელნი უშვნა მას ხარჭმან მან ასურმან მაქირ. და მაქირ შვა გალად, ძენი ეფრემისნი ძმისა მანასესნი: სუტალმან და ტალამ. ძენი სუტალმისნი: ედემ.
21 ბენიამინის ძენი: ბელაყი, ბეხერი, აშბელი, გერა, ნაყამანი, როში, მუფიმი, ხუფიმი და არდი. 21 ძენი ბენიამენისნი: ბალა ქობორ და ასბჱლ, ხოლო იყვნეს ძენი ბალასნი: გირა და ნოემან და ჰნქის და როს და მამფენ და ოფიმენ და გირა შვა არად.
22 ესენი არიან რახელის შვილები, რომლებიც შეეძინა იაკობს - სულ თოთხმეტი სული. 22 ესე ძენი რაქელისნი, რომელ უშვნა იაკობს, ყოველი სული ათრვამეტნი.
23 დანის ძე: ხუშიმი. 23 და ძენი დანისნი ასომ.
24 ნაფთალის ძენი: იახცეელი, გუნი, იეცერი და შილემი. 24 და ძენი ნეფთალემისნი: ასიჱლ და გოვინი და ესარ და სულლემ.
25 ესენი არიან შვილები ბილჰასი, რომელიც მისცა ლაბანმა თავის ასულს, რახელს, და უშვა ისინი იაკობს - სულ შვიდი სული. 25 ესე ძენი ბალასნი, რომელნი მისცნა ლაბან რაქაელს, ასულსა თჳსსა, და უშვნა ესენი იაკობს ყოველი სული შჳდ.
26 იაკობთან ერთად ეგვიპტეში ჩასულნი, მისი საზარდულიდან გამოსულნი, იაკობის ძეთა ცოლების გარდა, სულ იყვნენ სამოცდაექვსი სული. 26 და ყოველნივე, რომელნი შევიდეს ეგჳპტედ იაკობის თანა, რომელნი გამოსრულ იყვნეს, წყვილთაგან მისთა გარეშე ცოლთა ძეთა იაკობისთა ყოველი სული სამეოცდაექუს.
27 და იოსების ძენი, რომელნიც შეეძინა მას ეგვიპტეში - სულ ორი სული. იაკობის მოდგმა, ეგვიპტეში რომ ჩავიდა, მთლიანად იყო სულ სამოცდაათი სული. 27 და ძენი იოსებისნი, რომელნი ესხნეს ეგჳპტეს ორ და ყოველი სული, რომელი შევიდა ეგჳპტედ იაკობის თანა სამეოცდაათხუთმეტ.
28 წინასწარ გაგზავნა იაკობმა იუდა იოსებთან, რომ იგი დახვედროდა მათ გოშენში, და წავიდნენ გოშენის მხარისკენ. 28 ხოლო იუდა წარავლინა წინასწარ მისა იოსებისა, რათა მოეგებოდის მას კათერონ ქალაქად, ქუეყანასა რამჱსასა.
29 აღკაზმა იოსებმა თავისი ეტლი და დაიძრა თავისი მამის, ისრაელის, შესახვედრად გოშენისკენ. იხილა იგი, ყელზე მოეჭდო და დიდხანს ტიროდა მის ყელზე გადაჭდობილი. 29 აღაგნა იოსებ ეტლნი თჳსნი და აღვიდა შემთხუევად იაკობისა მამისა თჳსისა კათერონ ქალაქად და იხილა იგი და მოეხჳა ყელსა მამისასა და ტიროდა ტირილითა დიდითა ფრიად.
30 უთხრა ისრაელმა იოსებს: თუნდაც მოვკვდე ახლა, რაკიღა ცოცხალს გხედავ. 30 და ჰრქუა ისრაჱლ იოსებს: მოვკუდე აწ, ამიერითგან ვიხილე პირი შენი, რამეთუ შენ ცოცხალ-ღა ხარ.
31 უთხრა იოსებმა თავის ძმებს და მამის სახლს: წავალ, ვამცნობ ფარაონს და ვეტყვი: ჩემი ძმები და მამისსახლი, ქანაანის ქვეყანაში რომ იყვნენ, ჩემთან ჩამოვიდნენ. 31 და ჰრქუა იოსებ ძმათა თჳსთა: აღვიდე და უთხრა ფარაოს და ვჰრქუა მას, ვითარმედ ძმანი ჩემნი და სახლი მამისა ჩემისა, რომელნი იყვნეს ქუეყანასა ქანანისასა, მოსრულ არიან ჩემდა.
32 მეცხვარეები არიან-მეთქი, მესაქონლეები; ცხვარ-ძროხა და ყველაფერი, რაც კი ებადათ, წამოასხეს-მეთქი. 32 ხოლო კაცნი იგი არიან მწყემს, რამეთუ ცხოვარის მზრდელმან ცხოვარნი მათნი და ზროხაჲ და ყოველივე, რაჲცა არს მათი, მოსრულ არიან ჩემდა.
33 როცა მოგიხმობთ ფარაონი და შეგეკითხებათ, რა საქმეს მისდევთო. 33 უკუეთუ გიწოდოს თქუენ ფარაო და გრქუას, რაჲ არს საქმე თქუენი:
34 უთხარით, მეჯოგე ხალხი გართ შენი მორჩილი სიყრმიდან დღემდე, ჩვენცა და ჩვენი მამა-პაპაც-თქო, რათა დაემკვიდროთ გოშენის მხარეში, რადგან სისაძაგლეა ეგვიპტელთათვის ყოველი მეცხვარე. 34 თქუთ, ვითარმედ კაცნი საცხოვრის მზრდელ ვართ მონანი შენნი სიყრმითგან-ვე აქამომდე ჩუენ და მამანი ჩუენნი, რათა დაეშენნეთ ქუეყანასა გესემისასა არაბიასა, რამეთუ საძაგელ არს მეგჳპტელთა ყოველი მწყემსი ცხოვართაჲ.