ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

დანიელ წინასწარმეტყველი

თავი პირველი

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

იეჰოიაკიმის, იუდას მეფის მეფობის მესამე წელს იერუსალიმზე წამოვიდა ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე და გარსშემოადგა მას.

1

მეამესა შორის წელსა მეფობისა იოაკიმისსა, მეფისა იუდაჲსსა, მოვიდა ნაბუქოდონოსორ, მეფე ბაბილონისა, იერუსალიმად და მოადგა მას.

2 ხელში ჩაუგდო მას უფალმა იეჰოიაკიმი, იუდას მეფე და ღვთის სახლის ჭურჭლეულის ნაწილი და გაგზავნა შინყარის ქვეყანაში, თავისი ღმერთის სახლში; და თავისი ღმერთის საგანძურში შეიტანა ჭურჭლეული. 2 და მისცა უფალმან ჴელსა შორის მისსა იოაკიმ, მეფე იუდაჲსაჲ, და კერძოჲ ჭურჭელთა სახლისა უფლისათაჲ, და შთაიხუნა იგინი ქუეყანად სენაარად, სახიდ ღმრთისა მისისა, და ჭურჭელნი შეიხუნა სახიდ საუნჯისა ღმრთისა თჳსისა.
3 უთხრა მეფემ აშფენაზს, საჭურისთა მთავარს, მიეგვარა მისთვის ისრაელიანთაგან, სამეფო მოდგმიდან და დიდებულთაგან. 3 და ჰრქუა მეფემან ასფანაქს, საჭურისმთავარსა თჳსსა, შეყვანებად ძეთაგან ტყუეობისა ისრაილისა და თესლისაგან მეფობისა და ფორთომმინთაგან
4 უნაკლო, შესახედავად მშვენიერი, ყველა სიბრძნეში დახელოვნებული, ნიჭიერი და სწავლის უნარიანი ყმაწვილები, რომელთაც შეეძლებოდათ მეფის კარზე სამსახურის გაწევა და ქალდეველთა მწიგნობრობისა და ენის შესწავლა. 4 ჭაბუკთა, რომელთა არა იყოს მათ შორის ბიწი, და შუენიერთა ხილვითა და გულისხმიერთა ყოველსა შინა სიბრძნესა და მცოდნელთა მეცნიერებასა, და განმგონებელთა ცნობასა, რომელთა იყო მთავარშესატყჳსობაჲ მათ შორის დგომად სახლსა შინა მეფისასა, და სწავლად მათდა ნაწერნი და ენაჲ ქალდეველთაჲ.
5 განუწესა მათ მეფემ ულუფა მეფის სუფრიდან და ის ღვინო, თავად რომ სვამდა. ბრძანა, სამი წელიწადი ეწვრთნათ ისინი და ბოლოს მეფის წინაშე წარედგინათ. 5 და განუწესა მათ მეფემან დღისაჲ-დღითიდღედი ტაბლისაგან მეფისა, და ღჳნისაგან სასუმელისა მისისა და ზრდად მათდა სამ წელს და შემდგომად ამათსა დადგინებად მათდა წინაშე მეფისა.
6 მათ შორის იუდიანთაგან იყვნენ: დანიელი, ხანანია, მისაელი და ყაზარია. 6 და იყო მათ შორის ძეთა იუდაჲსათა: დანიილ, და ანანია, და აზარია და მისაელ.
7 სახელები შეუცვალა მათ საჭურისთა მთავარმა; დანიელს ბელტეშაცარი უწოდა, ხანანიას - შადრაქი, მისაელს - მეშაქი, ყაზარიას - ყაბედ-ნეგო. 7 და ზედ დაჰსხნა მათ საჭურისთმთავარმან სახელნი დანიელსა - ვალტასარ, და ანანიასა სედრაქ, და მისაილსა - მისაქ, და აზარიასა აბედნაქო.
8 დანიელმა გულში ჩაიდო, არ გაუწმიდურებულიყო სამეფო ულუფით და მეფის სასმელი ღვინით; და სთხოვდა იგი საჭურისთა მთავარს, ნება დაერთო მისთვის, რომ არ გაუწმიდურებულიყო. 8 და დაიდვა დანიილმან გულსა შორის თჳსსა, რაჲთა არა იუსიტყოს ტაბლისაგან მეფისა და ღჳნისაგან სასუმელისა მისისა, და ევედრა საჭურისთმთავარსა, რაჲთა არა სცეს მისგან.
9 აძლევდა ღმერთი დანიელს მადლსა და წყალობას საჭურისთა მთავრის წინაშე. 9 და მისცა ღმერთმან დანიელს წყალობაჲ და შეწყნარება წინაშე საჭურისთმთავარისა
10 უთხრა საჭურისთა მთავარმა დანიელს: მეშინია ჩემი ბატონი მეფისა, რომელმაც თქვენი სასმელ-საკვები განაწესა. თუ დაინახავს, რომ თქვენი პირისახეები თქვენი ასაკის სხვა ყმაწვილებზე უფრო მეტად გამხდარია, ამით თქვენ დაადანაშაულებთ ჩემს თავს მეფის წინაშე. 10 და ჰრქუა საჭურისთმთავარმან დანიილსა: მეშინის მე უფლისა ჩემისა მეფისა, დამაწესებელისა საჭმელსა თქუენსა და სასუმელსა. ნუსადა იხილნეს პირნი თქუენნი მჭმუნვარენი უფროს ყრმათა თანმოჰასაკეთა თქუენთასა და დასაჯოს თავი ჩემი მეფემან.
11 უთხრა დანიელმა მწდეს, რომელსაც საჭურისთა მთავარმა ჩააბარა დანიელი, ხანანია, მისაელი და ყაზარია. 11 და თქუა დანიელმან ამელსადის მიმართ, რომელი დაადგინა საჭურისთმთავარმან დანიილის ზედა, ანანია, მისაილ და აზარიაჲსსა:
12

მოდი, ათი დღის მანძილზე გამოსცადე შენი მორჩილნი: დაე, საჭმელად მწვანილი მოგვცენ და სასმელად - წყალი.

12

და გამოცადენ მონანი შენნი დღეთა ათთა, და მომეცემოდენ ჩუენ თესლთაგან, და ვჭამდეთ და წყალსა ვსუმიდეთ.

13 მერე კი ნახე ჩვენი პირისახე და პირისახე იმ ყმაწვილებისა, სამეფო ულუფას რომ ჭამენ. და როგორც გენებოს, ისე მოგვექეცი შენს მორჩილთ. 13 და იხილნედ წინაშე შენსა სახენი ჩუენნი, და სახენი ყრმათა მჭამელთანი ტაბლასა მეფისასა, და ვითარსახედცა იხილო, ქმენ ყრმათა შენთა თანა.
14 დაუჯერა მათ და ათი დღე სცდიდა. 14 და ისმინა მათი სიტყჳსა ამისებრ და გამოცადნა იგინი ათთა დღეთა შინა.
15 ათი დღე რომ გავიდა, აღმოჩნდა, რომ ისინი შესახედაობით უფრო ლამაზები და ჯანიანები იყვნენ, ვიდრე ის ყმაწვილები, სამეფო ულუფას რომ ჭამდნენ. 15 და შემდგომად დასრულებისა ათთა დღეთასა იხილვნეს სახენი მათნი კეთილებ და ძლიერებ ჴორცნი უფროს ყოველთა მჭამელთასა ტაბლასა მეფისასა.
16 ამიტომ მწდეს უკან მიჰქონდა მათი ულუფა და მათი დასალევი ღვინო, მხოლოდ მწვანილს აძლევდა. 16 და იყო ამელსად აღმღებელი სერისა მათისა და ღჳნისა სასუმელისა მათისაჲ, და მისცემდა მათ თესლთა, და ყრმათა ოთხთა.
17 მიჰმადლა ღმერთმა ამ ოთხ ყმაწვილს ნიჭი და ყველა წიგნისა და სიბრძნის შემეცნების უნარი. დანიელს კი ყველა ხილვისა და სიზმრის ამოცნობა შეეძლო. 17 მისცა მათ ღმერთმან გულისხმის-ყოფაჲ და ცნობაჲ ყოველსა შინა ღრამმატიკოსობასა და სიბრძნესა. და დანიილ შეატყუებდა ყოველსა შორის ხილვასა და ძილისშორისსა.
18 როცა ამოიწურა ვადა, რომელიც მეფემ მათ წარსადგენად დანიშნა, საჭურისთა მთავარმა ისინი ნაბუქოდონოსორის წინაშე წარადგინა. 18 და შემდგომად დასრულებისა დღეთაჲსა, რომელნი თქუნა მეფემან შესაყვანებელად მათდა, და შეიყვანნა იგინი საჭურისთმთავარმან წინაშე ნაბუქოდონოსორისსა,
19 ელაპარაკა მათ მეფე და ყველა მათგანიდან დანიელის, ხანანიას, მიშაელისა და ყაზარიას ბადალი არავინ ამოურჩევია; და შეუდგნენ ისინი მეფის წინაშე სამსახურს. 19 და უბნობა-ყო მათ თანა მეფემან, და არა იპოვნეს ყოველთა მათგან მსგავსნი დანიილ და ანანია და მისაილ და აზარიაჲსნი, და დადგეს წინაშე მეფისა,
20 გამოჰკითხა მათ მეფემ ბრძნული და ჭკვიანური საქმეები და დაინახა, რომ ისინი მისი სამეფოს ყველა მოგვზე და შემლოცველზე ათწილად გონიერები იყვნენ. 20 და ყოველსა შინა სიტყჳსა სიბრძნისა და ზედმიწევნულობისასა, რომელნი იძინა მათგან მეფემან, პოვნა იგინი ათწილქმნილნი უფროს ყოველთა მსახრვალთა და მოგუთა, მყოფთა ყოველსა შორის მეფობასა მისსა.
21 და იყო იქ დანიელი მეფე კიროსის პირველ წლამდე. 21 და იქმნა დანიილ ვიდრე წლამდე ერთად კჳროზ მეფის პირველისა.