ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
კიროსის, სპარსეთის მეფის მესამე წელს სიტყვა გამოეცხადა დანიელს, ბელტეშაცარად წოდებულს. ჭეშმარიტი და დიდმნიშვნელოვანი იყო ეს სიტყვა. მან გაიგო ეს სიტყვა და მიხვდა ამ ხილვას. |
1 |
წელსა შინა მესამესა კჳროს მეფისასა სპარსთაჲსასა სიტყუაჲ გამოეცხადა დანიელსა, რომელსა სახელად ზედეწოდა ვალტასარ, და ჭეშმარიტ არს სიტყუაჲ, და ძალი დიდი და გულისხუმის-ყოფა მოეცა ჩუენებასა შინა. |
2 | იმხანად მე, დანიელი, სამი შვიდეული დღის მანძილზე დანაღვლიანებული ვიყავი. | 2 | მათ დღეთა შინა მე, დანიელ, ვიყავ მგლოვარე სამსა შჳდეულსა დღეთასა. |
3 | გემრიელი პური არ მიჭამია, ხორცი და ღვინო პირში არ ჩამიშვია და ნელსაცხებელი არ მიმიკარებია, ვიდრე სამი კვირა არ გასრულდა. | 3 | პური გულისსათქმელი არა ვჭამე, და ჴორცი და ღჳნო არ შევიდა პირად ჩემდა და საცხებელი არ ვიცხე ვიდრე დასასრულამდე სამთა შჳდეულთა დღეთასა. |
4 | პირველი თვის ოცდამეოთხე დღეს, დიდი მდინარის, ტიგროსის პირას ვიყავი. | 4 | და დღესა შინა მეოცდამეოთხესა თთჳსა პირველისასა მე ვიყავ მახლობელად მდინარისა დიდისა, რომელ არს ტიგრისი ედდეკელ. |
5 | თვალები ავახილე და დავინახე, აჰა, ჩემს წინ სელით შემოსილი კაცი იყო, წელი უფაზის ოქროთი ჰქონდა შემოსარტყლული. | 5 | და აღვიხუენ თუალნი ჩემნი და ვიხილე: და, აჰა, დადგა კაცი ერთი შემოსილი ბადენითა და წელნი მისნი გარემორტყმულ ოქროთა, ოფაზითა. |
6 | მისი ტანი ტოპაზის მსგავსი იყო, სახე - ელვის მსგავსი, თვალები - ცეცხლის ალის მსგავსი, ხელფეხი - გაპრიალებულ სპილენძის მსგავსი. მისი ლაპარაკი კი - მრავალთა ხმის მსგავსი. | 6 | და სხეული მისი, ვითარცა თარშე, და პირი მისი, ხილვა ვითარცა ელვისაჲ, და თუალნი მისნი, ვითარცა ლამპარნი ცეცხლისანი, და მკლავნი მისნი და წჳვნი მისნი, ვითარცა ხილვაჲ რვალისა აელვებულისა, და ჴმაჲ სიტყვათა მისთაჲ, ვითარცა ჴმაჲ ერისაჲ. |
7 | მხოლოდ მე, დანიელმა, დავინახე ეს სანახავი, ხოლო იმ კაცებმა, ჩემთან რომ იყვნენ, ვერ დაინახეს ეს სანახავი; თუმცა დიდი შიში დაეცათ და დასამალად გაიქცნენ. | 7 | და ვიხილე მე, დანიელ, მარტომან ჩუენება და ჩემთანათა კაცთა არა იხილეს ჩუენება, არამედ, განცჳბრება დიდი დაეცა მათ ზედა და ივლტოდეს შიშისაგან. |
8 | მე მარტო დავრჩი და ვუყურებდი ამ დიად სანახავს; ღონე აღარ შემრჩა, სახეზე მკვდრის ფერი დამედო და ძალა ვეღარ მოვიკრიბე. | 8 | და მე დავშთი მარტოჲ და ვიხილე ჩუენება ესე დიდი და არა დაშთა ჩემ შორის ძალი, და დიდებაჲ ჩემი გარდაიქცა განხრწნილებად და ვერ ვიპყარ ძალი. |
9 | მისი ლაპარაკის ხმა შემომესმა და მისი ლაპარაკის ხმის გაგონებისთანავე, თავზარდაცემული მიწაზე პირქვე დავემხე. | 9 | და მესმა ჴმაჲ სიტყუათა მისთაჲ და სმენასა შინა ჩემდა ჴმისა სიტყვათა მისთაჲსასა ვიყავ შეჭმუნვილ პირითა ჩემითა, და პირი ჩემი დამედრიკა ქუეყანასა ზედა. |
10 | და, აჰა, ხელი შემეხო და მუხლებზე და ხელის მტევნებზე წამომაყენა. | 10 | და, აჰა, ჴელი შემხები ჩემი, და აღმადგინა მე მუჴლთა ჩემთა ზედა და კუალთა ზედა ფერჴთა ჩემთასა. |
11 | მითხრა: დანიელ, სათნო კაცო! ჩასწვდი ამ სიტყვებს, მე რომ გეუბნები და დადექი შენ ალაგას, რადგან შენთანა ვარ ახლა გამოგზავნილი. ამ სიტყვას რომ მეუბნებოდა, მე აცახცახებული ვიდექი. | 11 | და თქუა ჩემდამო: დანიელ, კაცო გულისსათქმელო, გულისხუმა-ყუენ სიტყუანი, რომელთა მე ვიტყჳ შენდამი და თქუმასა შინა მისსა ჩემდამო დადეგ დგომასა ზედა შენსა, რამეთუ აწ მოვივლინე შენდამი, და თქმასა შინა მისსა ჩემდამო სიტყჳსა ამისსა აღვდეგ მძრწოლარე. |
12 |
მითხრა: ნუ გეშინია, დანიელ! რადგან პირველივე დღიდან, რაც შენი გული გონიერებასა და შენი ღმერთის წინაშე მორჩილებას მიეცი, შესმენილია შენი სიტყვები და მეც შენი სიტყვების გამო მოვედი. |
12 |
და თქუა ჩემდა მომართ: ნუ გეშინინ, დანიელ, რამეთუ დღითგან პირველით, რომლით მიეც გული შენი გულისხუმის-ყოფად და ძჳრის-ხილვად წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა, სასმენელ ექმნეს სიტყუანი შენნი. და მე მოვედ სიტყუათა შინა შენთა. |
13 | სპარსეთის სამეფოს მთავარი ოცდაერთი დღე მეწინაღმდეგებოდა და, აჰა, ჩემს საშველად მოვიდა მიქაელი, ერთ-ერთი პირველ მთავართაგანი, რადგან მე სპარსეთის მეფესთან დავრჩი. | 13 | და მთავარი მეფობისა სპარსთაჲსაჲ დგა წინააღმდგომად ჩემდა ოცდაერთსა დღესა. და, აჰა, მიხაილ, ერთი მთავართაგანი პირველთაჲ მოვიდა შეწევნად ჩემდა. და იგი დაუტევე მუნ მთავარსა თანა მეფობისა სპარსთაჲსასა. |
14 | მოვედი, რომ გაგაგებინო, რა ბედი ეწევა შენს ერს უკანასკნელ დღეებში, რადგან ეს ხილვაც მომავალ დღეებს შეეხება. | 14 | და მოვედ გულისხუმის-ყოფად შენდა, რაოდენნი შეემთხჳნენ ერსა შენსა უკანაჲსკნელთა დღეთა ზე, რამეთუ მერმე ხილვაჲ დღეთა მიმართ. |
15 | როცა ამ სიტყვებს მეუბნებოდა, მიწაზე პირქვე ვიყავი დამხობილი და დამუნჯებული. | 15 | და ზრახვასა შინა მისსა ჩემდამო სიტყუათა ამათებრ მივეც პირი ჩემი ქუეყანასა ზედა და შევჭმუნდი. |
16 | და, აჰა, კაცის ძის მსგავსი შეეხო ჩემს ბაგეს, მე გავხსენი პირი და ავმეტყველდი; ვუთხარი ჩემს წინ მდგომს: ჩემო ბატონო, გამტანჯა ამ სანახავმა და ძალა გამომეცალა. | 16 | და, აჰა, ვითარცა მსგავსება ძისა კაცისა, შემახო ბაგეთა ჩემთა, და აღვაღე პირი ჩემი, და ვზრახევდ და ვთქუ მდგომარისა მიმართ წინაშე ჩემსა: უფალო, ჩუენებასა შინა შენსა მოიქცეს შინაგანნი ჩემნი ჩემ შორის, და, აჰა, არა მაქუს ძალი. |
17 | როგორ შეუძლია ამ ბატონის მონა-მორჩილს ელაპარკოს ამ ბატონს? რადგან აღარც ძალა შემრჩა და აღარც სული მიდგას. | 17 | და ვითარ შემძლებელ იქმნეს მონაჲ შენი, უფალო, ზრახვად უფლისა ამის თანა ჩემისა? და ამიერითგან არ დადგეს ჩემ შორის ძალი და მშჳნვაჲ არ დაშთა ჩემ თანა. |
18 | მაშინ კვლავ შემეხო კაცის სახებისმაგვარი და გამამაგრა. | 18 | და შესძინა და შემახო მე, ვითარცა ხილვამან კაცისამან, და განმაძლიერა მე. |
19 | მითხრა: ნუ გეშინია, სათნო კაცო, მშვიდობა შენდა! გამაგრდი, გამაგრდი. როცა მელაპარაკებოდა, გავმაგრდი. | 19 | და მრქუა მე: ნუ გეშინინ, მამაკაცო გულისსათქმელთაო, მშჳდობაჲ შენდა, მჴნობდ და განძლიერდი! და ზრახვასა მისსა ჩემ თანა განვძლიერდი და ვთქუ: იტყოდედ უფალი, რამეთუ განმაძლიერე მე. |
20 | მითხრა: თუ იცი, რისთვის მოვედი შენთან? ახლა სპარსეთის მთავართან საომრად უნდა გავბრუნდე და როდესაც მე გავალ, აჰა, მაშინ მოვა იავანის მთავარი. | 20 | და მრქუა მე: უკუეთუ უწყი, ვითარმედ მოვედ შენდა მომართ და აწ მივიქცე ბრძოლად მთავრისა თანა სპარსთასა, და მე განვიდოდე და მთავარი ელლინთაჲ მოვიდოდა, |
21 | მაგრამ მე გაუწყებ ჭეშმარიტების წიგნში დაწერილს: მათ წინააღმდეგ არავინა მყავს შემწე, მიქალის, თქვენი მთავრის მეტი. | 21 | არამედ ანუ მიგითხრა შენ შორის დაწესებული წერილსა შორის ჭეშმარიტებისასა. და არა არს ერთიცა თანმოქმედი ჩემ თანა ამათთჳს, გარნა ხოლო მიქაილ, მთავარი თქუენი. |