ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

დანიელ წინასწარმეტყველი

თავი მეთერთმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

დარიოს მიდიელის პირველ წელს მე შემწედ და საყრდენად ვედექი მას.

1

მე წელსა პირველსა კჳროსისსა, დავდეგ სიმტკიცედ და ძალად.

2 ახლა ჭეშმარიტებას გამცნობ: სპარსეთში კიდევ სამი მეფე დადგება. მეოთხე კი ყველას გადააჭარბებს დიდძალი სიმდიდრით და, როდესაც თავისი სიმდიდრით გაძლიერდება, ყველას იავანის სამეფოს წინააღმდეგ აამხედრებს. 2 და აწ მე გითხრობ შენ ჭეშმარიტსა: აჰა, სამნი მეფენი აღდგენ მერმე სპარსეთს შინა, და მეოთხე განძლიერდეს სიმდიდრითა დიდთა უფროს ყოველთასა, და შემდგომად დაპყრობისა მისგან სიმდიდრესა მისსა ზედააღუდგეს ყოველთა მეფობათა ელლინთასა.
3 დადგება იქ ძლიერი მეფე, დიდ ხელმწიფებას მოიხვეჭს და, რასაც მოისურვებს, იმას გააკეთებს. 3 და აღდგეს მეფე ძლიერი, და ეუფლოს უფლებათა მრავალთა და ქმნას ნებისაებრ მისისა.
4 მისი დადგომისთანავე შეიმუსრება მისი სამეფო და ზეცის ოთხი ქარის მიმართულებით გაიყოფა; არც მის მემკვიდრეზე გადავა ხელმწიფება და არც ისეთი ძლიერი იქნება, როგორც იყო, რადგან დაქუცმაცდება მისი სამეფო და, ამას გარდა, სხვათა ხელში გადავა. 4 და ვიდრე დგესღა მეფობა მისი, შეიმუსროს და განიწვალოს ოთხთა მიმართ ქართა ცისათა და არა უკუანაჲსკნელთა მისთა მიმართ, არცა უფლებისაებრ მისისა, რომელ იუფლა, რამეთუ დაიჴსნა მეფობა მისი და სხუანი გარეშე მათსა.
5 გაძლიერდება სამხრეთის მეფე, მაგრამ იმძლავრებს მასზე ერთ-ერთი მისი მთავართაგანი, გაბატონდება და დიდი იქნება მისი ხელმწიფება. 5 და განძლიერდეს მეფე სამხრისა, და ერთი მთავართა მისთაგანი განძლიერდეს მის თანა და ეუფლოს უფლებათა მრავალთა გარეშე ჴელმწიფებისა მისისა.
6 წლების მერე ისინი შეერთდებიან. სამხრეთის მეფის ასული ჩრდილოეთის მეფესთან მივა მშვიდობის დასამყარებლად, მაგრამ ვერც ეს ასული შეინარჩუნებს თავისი მკლავის ძალას და ვერც ის მეფე და მისი მოდგმა ვერ გაძლებს. იმ ხანებში გაიცემა ეს ასული თავის ამალით, თავისი შვილითა და თავისი შემწითურთ. 6 და შემდგომად წელთა მათთა შეიყვანნენ, და ასული მეფისა სამხრისა შევიდეს მეფისა მიმართ ბღუარისაჲსა ყოფად ზავისა მის თანა, და ვერ დაიპყრას ძალი ძლიერებისაჲ, და არა დადგის თესლი მისი, და მიეცეს იგი და მომყვანებელნი მისნი და ჭაბუკაჲ და განმაძლიერებელი მისი სამთა შინა ჟამთა.
7 მისი ფესვიდან მის ადგილზე ამოვა მორჩი; იგი ჩრდილოეთის მეფის ციხე-სიმაგრეს დაეცემა და შიგ შეიჭრება. შეებრძოლება მათ და გაიმარჯვებს. 7 და აღდგეს ყუავილისაგან ძირისა მისისა განმზადებულებასა ზედა მისსა და მოვიდეს ძალისა თანა და შევიდეს სიმტკიცეთა მიმართ მეფისა ჩრდილოსათა, და ქმნას მათ შორის და განძლიერდეს.
8 მის ღმერთებსაც კი ეგვიპტეში წაასხამს კერპებითა და ოქრო-ვერცხლის ძვირფასი ჭურჭლეულითურთ; და წლობით ჩამოეხსნება ჩრდილოეთის მეფეს. 8 და ღმერთნიცა მათნი გამოდნობილთა თანა მათთა, ყოველი ჭურჭელი გულისსათქმელი მათი ვეცხლისა და ოქროჲსა ნატყუენავისა თანა შეიღოს ეგჳპტედ, და იგი დადგეს ზედა მეფისა ჩრდილოსასა.
9 გაილაშქრებს სამხრეთის სამეფოზე, მაგრამ უკან დაბრუნდება თავის ქვეყანაში. 9 და შევიდეს სამეფოდ მეფისა სამხრისასა და მოიქცეს ქუეყანად თჳსსა.
10 მისი ვაჟები იარაღს აისხამენ და დიდ ურდოს შეყრიან. ერთ-ერთი მათგანი სწრაფად წავა, წალეკავს და გადაივლის. მერე შემობრუნდება და მის ციხე-სიმაგრემდე მივა. 10 და ძეთა მისთა შეკრიბონ ერი ძალთა მრავალთაჲ და თანშეაყონ, და შევიდეს მომავალი და წარმღუნელი, და წარმოჴდეს, და დაჯდეს და თანშეთხზნას ვიდრე ძალისამდე მისისა.
11 განმძვინვარდება სამხრეთის მეფე და საომრად გავა ჩრდილოეთის მეფესთან, რომელიც დიდ ურდოს გამოიყვანს. მაგრამ ეს ურდო მის ხელში ჩავარდება. 11 და განველურდეს მეფე სამხრისაჲ, და გამოვიდეს, და ბრძოლა-სცეს მეფესა თანა ჩრდილოჲსასა, და დაადგინოს ერი მრავალი და მისცეს ერი ჴელსა შინა მისსა,
12 როდესაც ის ხელში ჩაიგდებს ურდოს, გადიდგულდება და, თუმცა მრავალ ათასს დასცემს, ამით ვერ გაძლიერდება. 12 და მიიღოს ერი, და ამაღლდეს გული მისი, და დააქუევნეს ბევრნი და ვერ უძლონ.
13 რადგან ჩრდილოეთის მეფე პირვანდელზე დიდ ურდოს შეჰყრის და რამდენიმე წლის შემდეგ სწრაფად გაილაშქრებს დიდი ურდოთი და დიდძალი სიმდიდრით. 13 და მოაქციოს მეფემან ჩრდილოსამან და მოიყვანოს ერი მრავალი უფროს პირველისასა, და დასასრულსა თანა ჟამთასა ზედმოვიდეს შესლვითა ძალისა მიერ დიდისა და სიმდიდრითა მრავლისა.
14 იმ დროს კიდევ მრავალნი აღუდგებიან სამხრეთის მეფეს და აჯანყდებიან მძლავრნი შენი ხალხიდან, რათა აღსრულდეს ხილვა, და წაიფორხილებენ ისინი. 14 და მათ ჟამთა შინა მრავალნი აღდგენ მეფესა ზედა სამხრისასა, და ძენი ბუგრიანთა ერისა შენისათანი აღზუავნენ დადგინებად ხილვისა და მოუძლურდენ.
15 მოვა ჩრდილოეთის მეფე, მიწაყრილებს მოაწყობს და ციხე-ქალაქს დაიპყრობს. მას ვერც სამხრეთის ძალა დააკავებს და ვერც მისი რჩეული ხალხი. მათ არ ეყოფათ ძალა მასთან გასამკლავებლად. 15 და შევიდეს მეფე ბღუარისაჲ, და მოადგას პატნეზი, და მოიპყრნეს ქალაქნი ძლიერნი და მკლავნი მეფისა სამხრისანი ვერ დადგენ. და აღდგენ რჩეულნი მისნი და არა იყოს ძალი მისი დადგომად.
16

თავის ნებისაებრ მოიქცევა მის წინააღმდეგ გამოსული და წინ ვერავინ დაუდგება. იგი მშვენიერ ქვეყანაში დადგება და მის ხელთ იქნება დაღუპვა.

16

და ქმნას შემავალმან მისდა მიმართ ნებისაებრ მისისა, და არა იყოს დამდგომ პირისპირ მისსა, და დადგეს ქუეყანასა შინა საბირისსა და მოსრულდეს ჴელისა მიერ მისისა.

17 განიზრახავს მთელი თავისი სამეფოს ძალით და თავისი ერთგულებითურთ გალაშქრებას, და ასეც იზამს. დედაკაცთა ქალაქს მისცემენ ასაოხრებლად; ვერ გაუძლებს, მაგრამ ვერც მას დარჩება. 17 და დააწესოს პირი მისი შესლვად ძალითა ყოვლისა მეფობისა მისისათა, და სიწრფოებანი ყოველნი ყუნეს მის თანა, და ასული დედათაჲ მისცეს მას განხრწნად იგი, და არა დაადგრეს და არა იყოს მისსა.
18 პირს კუნძულებისკენ იბრუნებს და მრავალს დაიპყრობს. მაგრამ ვინმე მთავარი შეაწყვეტინებს თავის დაცინვას და სამაგიერო სირცხვილს აჭმევს. 18 და მოაქციოს პირი თჳსი ჭალაკთა მიმართ, და დაიპყრნეს მრავალნი და დაწუნეს მთავარნი ყუედრებითა მათითა. ყოველი ყუედრება მისი მიექცეს, მან მოაქციოს პირი მისი
19 ამის შემდეგ თავისი ქვეყნის ციხე-სიმაგრეებისკენ იბრუნებს პირს, მაგრამ წაიფორხილებს, დაეცემა და დაიკარგება. 19 ძალისა მიმართ ქუეყანისა მისისაჲსა, და მოუძლურდეს და დაეცეს და არა იპოოს.
20 ვინც მის ნაცვლად დადგება, გზირებს დაგზავნის, რომ მეფეს პატივი მიაგონ; მაგრამ ის რამდენიმე დღეში დაიღუპება, რისხვისა და ომის გარეშე. 20 და აღდგეს ძირისაგან მისისა ნერგი მეფობისაჲ განმზადებულებასა ზედა მისსა წარმდროებელი და მოქმედებასა მეფობისასა. და მათ დღეთა შინა შეიმუსროს და არა პირითა და არცა ბრძოლისა მიერ.
21 მის ნაცვლად საძულველი დადგება; მას არ მიაგებენ მეფურ პატივს. იგი უჩუმრად შემოიპარება და მზაკვრობით დაეუფლება სამეფოს. 21 დადგეს განმზადებულებასა ზედა მისსა, შეურაცხ იქმნას, და არა მისცეს მის ზედა დიდებაჲ მეფობისა, და მოვიდეს იეფობისა თანა და განაძლიეროს მეფობა შებრკოლებისა მიერ.
22 წამლეკავი ურდოები წაილეკება მის წინაშე და შეიმუსრება. ასევე აღთქმის მეუფეც. 22 და მკლავნი წარმღუნელისანი წარირღუნენ პირისაგან მისისა, და შეიმუსრნენ და წინამძღუარმანცა აღთქმისამან
23 მას შემდეგ, რაც მას შეუერთდება, მზაკვრულად იმოქმედებს; აღზევდება და გაძლიერდება ერთი მუჭა ხალხის შემწეობით. 23 და თანაშემყოფელთაგანმან მისა მიმართ ზაკუვაჲ, და აღვიდეს და ზეშთა განაძლიეროს მცირედისა მიერ ძალისა და ნათესაობისა.
24 მშვიდსა და ნაყოფიერ ქვეყანაში შევა იგი და ისეთ რასმე ჩაიდენს, რაც არც მის მამებს და არც მის მამის მამებს ჩაუდენიათ. ნაალაფარს, ნაძარცვ ქონებასა და დოვლათს გაანაწილებს. ციხე-სიმაგრეებისკენ ექნება ზრახვები, მაგრამ ერთ ხანამდე. 24 და მრავლითა სოფლებითა მოვიდეს და ქმნეს, რომელი არა ქმნეს მამათა მისთა და არცა მამათა მამათა მისთასა, ავარი და ნატყუენავი და სიმდიდრე მათი განაბნიოს და ეგჳპტესა ზედა ისიტყუნეს სიტყვანი მისნი და ვიდრე ჟამისა.
25 აღაგზნებს თავის ძალასა და გულს სამხრეთის მეფის წინააღმდეგ დიდძალი ლაშქრით; სამხრეთის მეფეც დიდძალი და ფრიად ძლიერი ლაშქრით გამოვა საომრად, მგრამ მას ვერ გაუმკლავდება, რადგან მის წინააღმდეგ შეთქმულებები იქნება. 25 და აღდგეს ძალი მისი და გული მისი მეფესა ზედა სამხრისასა ძალისა მიერ დიდისა, და მეფემან სამხრისამან შეამტკიცოს ბრძოლაჲ ძალისა მიერ დიდისა და ძლიერისა ფრიად, და ვერ დადგეს, რამეთუ სიტყუედ მას ზედა გულისსიტყვათა,
26 მისი პურ-მარილის მჭამელები შემუსრავენ მას. წაილეკება მისი ლაშქარი და მრავალი დახოცილი დაეცემა. 26 და ჭამენ სათანადოთა მისთა და შემუსრვენ მას, და ძალი თჳსი წარღუნას და დაეცნენ წყლულნი მრავალნი.
27 ორთავე მეფეს გულში მზაკვრობა ექნება. სიცრუეს ილაპარაკებენ ერთ სუფრაზე, მაგრამ წარმატება არ ექნებათ, რადგან ბოლო დათქმულ ვადამდე არ დადგება. 27 და ორნივე მეფენი, გულნი მათნი უკეთურებისა თანა და ტაბლასა ზედა ერთსა ცრუსა ზრახვიდენ და არ წარემართოს, რამეთუ არსღა დასასრულამდე ჟამი.
28 დიდძალი დოვლათით გაბრუნდება ჩრდილოეთის მეფე თავის ქვეყანაში, მაგრამ გულში წმიდა აღთქმის საწინააღმდეგო ზრახვა ექნება. შეისრულებს მას და თავის ქვეყანაში დაბრუნდება. 28 და მიიქცეს ქუეყანად თჳსსა სიმდიდრისა თანა მრავლისა და გული მისი აღთქმასა ზედა წმიდასა, და ყოს და მიიქცეს ქუეყანად თჳსსა.
29 დათქმულ დროს კვლავ გაილაშქრებს სამხრეთზე, მაგრამ ამჯერად ეს ლაშქრობა პირვანდელის მსგავსი არ იქნება. 29 ჟამად მოიქცეს და მოვიდეს სამხრად მომართ, და არა იყოს, ვითარცა პირველი და ვითარცა უკუანადი.
30 ქითიმის ხომალდები წამოვლენ მის წინააღმდეგ და დაფრთხება იგი. მერე გაბრუნდება და გაშმაგდება წმიდა აღთქმაზე და ამოქმედდება. დაბრუნდება და ყურადღებას მიაპყრობს წმიდა აღთქმის მიმტოვებელთ. 30 და შევიდენ მის თანა გამომავალნი კიტელნი, დაიმორჩილონ და დამდაბლდეს, და მიიქცეს და საკჳრველებდეს აღთქმასა ზედა წმიდასა. და იყოს და მოიქცეს, და გულისხუმა-ყოს დამტევებელთა ზედა აღთქმისა წმიდისათა.
31

წარმოდგება მისგან ლაშქარი და შელახავენ საწმიდარს, ციხე-სიმაგრეს და შეწყვედენ მუდმივ შესაწირავს; და გატიალების სიბილწეს დაამყარებენ.

31

და ნათესავისა მისგან აღდგენ და შეაგინონ სიწმიდე მძლავრებისაჲ, და გარდაადგინონ სამარადისოდ და მისცენ საძაგელი უჩინოქმნილი.

32 პირფერობით მიიმხრობს აღთქმის ავისმყოფეღთ; თავისი ღმერთის მცოდნე ხალხი კი მტკიცედ დადგებადა იმოქმედებს. 32 და მეუსჯულოსა ზედშეამთხჳონ აღთქმაჲ შებრკოლებისა მათისა, და ერსა, მეცნიერსა ღმრთისა თჳსისასა, არ განაძლიერებენ და ჰყოფენ.
33 გაბრძნობილი ხალხი მრავალთ შთააგონებენ, თუმცა მათ ერთხანს შეაჭირვებს მახვილი, ცეცხლი, ტყვეობა და ძარცვა. 33 და გულისხუმიერნი ერისა ჩემისანი გულისხუმა-ჰყოფენ მრავლად, და მოუძლურდებიან მახჳლისა მიერ, და ალისა მიერ და ტყუეობისა მიერ და იავრობისა მიერ დღეთაჲსა.
34 როდესაც გაუჭირდებათ, მცირეოდენ შეწევნას მიიღებენ და მრავალი მიემხრობა მათ თვალთმაქცურად. 34 და მოუძლურებასა შინა მათსა შეწევნულ იქმნეს შეწევნითა მცირითა და შესძინენ მათ ზედა მრავალი შებრკოლებისა მიერ.
35 ზოგიერთი გაბრძნობილთაგან გასაჭირში ჩავარდება, რათა გამოიბრძმედოს, განიწმიდოს და განსპეტაკდეს უკანასკნელ ჟამამდე, რადგან ჯერ კიდევ არის დრო. 35 და გულისხმისმყოფელთაგანნი მოუძლურდენ გამოჴურვებად მათ შინა და გამორჩევად და გამოცხადებად ვიდრე ჟამამდე გამოჴურვებისა მცირესა ჟამადმდე.
36 თავის ნებაზე მოიქცევა მეფე: ყველა ღმერთზე მეტად ამაღლდება, განდიდდება და გასაკვირველს ილაპარაკებს ღმერთთა ღმერთის წინააღმდეგ და წარმატებული იქნება, ვიდრე რისხვა არ ამოიწურება, რადგან რაც გადაწყვეტილია, უნდა აღსრულდეს. 36 და ქმნას ნებისაებრ თჳსისა, და მეფე ამაღლდეს, და განდიდნეს ყოველთა ზედა ღმერთთა და ღმერთსა ღმერთთა ზედა, და თქუნეს ზეშთა ძალისანი, და წარემართოს ვიდრე აღსრულებადმდე რისხვისა, რამეთუ დასასრულისა თანა იქმნეს.
37 არც მამა-პაპის ღმერთებს მიაქცევს ყურადღებას, არც ქალღმერთს, არც სხვა რომელიმე ღმერთს მიაქცევს ყურადღებას, რადგან ყველაზე მეტად განდიდდება. 37 და ყოველთა მიმართ ღმერთთა მამათა მისთასა არა გულისხუმა-ყოს და გულისთქმასა დედათასა და ყოველთა ზედა ღმერთთა არ გულისხმა-ყონ, რამეთუ ყოველთა ზედა განდიდნეს.
38 სამაგიეროდ ციხე-სიმაგრეთა ღმერთს განადიდებს; მისი მამა-პაპისთვის უცხო ღმერთს ოქრო-ვერცხლიი, ძვირფასი ქვებითა და სხვა ძვირფასეულობით განადიდებს. 38 და ღმერთი მაუზნი ადგილსა შორის თჳსსა ადიდოს და ღმერთი, რომელი არა იცნეს მამათა მისთა, ადიდოს ოქროჲსა მიერ და ვეცხლისა და ქვითა პატიოსნითა და გულისსათქმელთა მიერ.
39 ის ქალაქებს სიმაგრეებს მოუწყობს უცხო ღმერთის სახელზე. ვინც მას აღიარებს, პატივს გაუმრავლებს, მრავალს დაუმორჩილებს და მიწებს, დაურიგებს საზღაურად. 39 და იყო სიმაგრეთა შორის მისალტოლველთა ღმრთისა თანა უცხოჲსა, და განამრავლოს დიდებაჲ, და დაიმორჩილნეს მათ მრავალნი და ქუეყანა განყოს ნიჭთა მიერ.
40 ბოლო დროს მას სამხრეთის მეფე შეებმება და ქარტეხილივით დაატყდება ჩრდილოეთის მეფე ეტლებით, მხედრებითა და უამრავი ხომალდით. გაილაშქრებს ქვეყნებზე, წალეკავს და გადაივლის. 40 და ჟამსა დასასრულისასა მრქენალ იქმნას მეფისა თანა სამხრისათა; და შეკრბეს მის ზედა მეფე ბღუარისა ეტლებისა მიერ და ცხენებისა და ნავებისა მრავლებისა, და შევიდეს ქუეყანად დასავანებელთა შორის, და შემუსროს და თანაწარჰჴდეს.
41 იგი შეიჭრება მშვენიერ ქვეყანაში; მრავალი მხარე დაეცემა, ხოლო ედომი, მოაბი და ყამონიანთა მთავარი ნაწილი გადურჩება მის ხელს. 41 და შევიდეს ქუეყანად საბაინისა და მრავალნი მოუძლურდენ. და ესენი განერნენ ჴელისაგან მისისა - ედომი და მოაბი და მთავარნი ძეთა ამმონისთა.
42 ხელს მოუღერებს სხვადასხვა ქვეყნებს; თვით ეგვიპტის ქვეყანაც კი ვერ გადარჩება. 42 და განირთხას ჴელი მისი ქუეყანასა ზედა და ქუეყანა მისი არა იყოს საცხოვნებელად.
43 დაეპატრონება იგი ოქრო-ვერცხლის საგანძურებსა და ეგვიპტის ყველა ძვირფასეულობას; მისსავე კვალს დაადგებიან ლიბიელნი და ნუბიელნი. 43 და ეუფლოს დაფარულთა შორის ოქროჲსა და ვეცხლისათა და ყოველთა შორის გულისსათქუმელთა ეგჳპტის და ლიბიისა და ეთიოპელთასა და სიმაგრეთა შორის მისთა.
44 მაგრამ აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან მოსული ხმები შეაძრწუნებს მას და მეტისმეტად განრისხებული გამოენთება მრავალთა ამოსაჟლეტად და დასაღუპად. 44 და ჰამბავნი და სისწრაფენი შეაშფოთებდენ მას და აღმოსავალისაგან და ბღუარისა, და მოვიდეს გულისწყრომითა მრავლითა განყოფად და შეჩუენებად მრავალთა.
45 გაშლის თავის სამეფო კარვებს ზღვასა და მშვენიერ წმიდა მთას შორის. მერე მიაწევს თავის ბოლოს და ვეღარავინ უშველის მას. 45 და აღდგას კარავი თჳსი ფადანოს შინა, საშუალ ზღუათასა, მთასა საბირისა წმიდასა, და მოვიდეს ვიდრე კერძოდმდე მისსა, და არა არს გამომჴსნელი მისი.