ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

დანიელ წინასწარმეტყველი

თავი მეორე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ნაბუქოდონოსორის მეფობის მეორე წელს, ნაბუქოდონოსორს სიზმრები დაესიზმრა. აუფორიაქდა სული და ძილი გაუკრთა.

1

წელსა შინა მეორესა მეფობისა ნაბუქოდონოსორისსა იძილისშორისა ნაბუქოდონოსორმან ძილისშორისი და განჰკრთა სული მისი და ძილი მისი განიქმნა მისგან.

2 მოახმობინა მეფემ მოგვები, შემლოცველები, ჯადოქრები და ქალდეველები, რათა მეფისთვის გაეგებინებინათ მისი სიზმრები. ისინიც მოვიდნენ და წარდგენ მეფის წინაშე. 2 და თქუა მეფემან მოწოდებაჲ მსახრვალთა და მოგუთა და მეწამლეთა და ქალდეველთაჲ მითხრობად მეფისა ძილისშორისი მისი, და მოვიდეს და დადგეს წინაშე მეფისა.
3 უთხრა მათ მეფემ: სიზმარი დამესიზმრა და სული მიფორიაქებს და ამ სიზმრის გაგება მინდა. 3 და ჰრქუა მათ მეფემან: ძილისშორისი ვიძილისშორისე და განჰკრთა სული ჩემი ცნობად ძილისშორისსა.
4 ქალდეველებმა მეფეს არამეულად მიუგეს: მეფევ, იცოცხლე უკუნისამდე! გვიამბე შენი სიზმარი შენს მორჩილთ და აგიხსნით მის აზრს. 4 და ჰრქვეს ქალდეველთა მეფესა ასურებრ: მეფე, საუკუნეთამი ცოცხლებდ! შენ უთხარ ძილისშორისი ყრმათა შენთა და თანშეტყუება მისი მიგითხრათ.
5 მიუგო მეფემ და უთხრა ქალდეველთ: სიტყვა დამეკარგა; თუ სიზმარს და მის ახსნას არ მეტყვით, ასო-ასო აიკუწებით და თქვენი სახლები ნანგრევებად იქცევა. 5 მიუგო მეფემან და ჰრქუა ქალდეველთა: სიტყუა განმეყენა ჩემგან. უკუეთუ უკუე არა მაუწყოთ მე ძილისშორისი და თანშეტყუება მისი, წარსაწყმედელად იყუნეთ და სახლნი თქუენნი იავარ-იქმნენ.
6 თუკი სიზმარსა და მის ახსნას მეტყვით, საჩუქრებს, ჯილდოსა და დიდ პატივს მიიღებთ ჩემგან. ამიტომ გამაგებინეთ სიზმარი და მისი ახსნა. 6 ხოლო უკუეთუ ძილისშორისი და შეტყუება მისი მაუწყოთ მე, საცემელნი და ნიჭნი და მრავალი პატივი მიიღოთ ჩემგან, გარნა ძილისშორისი და თანაშეტყუება მისი მომითხართ მე.
7 მათ კვლავ მიუგეს და უთხრეს: უთხრას მეფემ თავის მორჩილთ თავისი სიზმარი და ჩვენც აგიხსნით მას. 7 მიუგეს მეორედ და თქუეს: მეფემან უთხარნ ძილისშორისი ყრმათა მისთა და თანშეტყუება მისი მიუთხრათ.
8 მიუგო მეფემ და თქვა: ნამდვილად ვიცი, დროის მოგება გინდათ, რაკი ხედავთ, რომ სიტყვა დამეკარგა. 8 და მიუგო მეფემან და ჰრქუა: ჭეშმარიტებისა თანა უწყი მე, ვითარმედ ჟამი თქვენი მოწევნულ არს, ვითარცა უწყით, რამეთუ განმეყენა ჩემგან სიტყუაჲ.
9 რაკი სიზმრის გაგებინება არ გინდათ ჩემთვის, ერთი ზრახვა გქონიათ: გინდათ ცრუ და საზიანო სიტყვა მითხრათ დროის გასაყვანად. ამიტომ მომიყევით სიზმარი და მეც დავიჯერებ, რომ მისი ახსნა შეგიძლიათ. 9 უკეთუ უკუე ძილისშორისი არა მომითხრათ მე, და უწყი, ვითარმედ სიტყვა მტყუარი და განხრწნილი თანდასდევით თქუმად წინაშე ჩემსა, ვიდრემდის არა ჟამი წარჴდეს, ძილისშორისი ჩემი მითხართ მე, და ვცნა, ვითარმედ თანშეტყუებასაცა მისსა მომითხრობთ მე.
10 მიუგეს ქალდეველებმა მას და უთხრეს: ამქვეყნად არ მოიძებნება ისეთი კაცი, მეფისთვის ამ ბრძანების შესრულება შეეძლოს. რადგან არც-ერთ მეფეს, დიდებულსა თუ განმგებელს, მსგავსი არაფერი მოუთხოვია რომელიმე შემლოცველისგან, მოგვისგან თუ ქალდეველისგან. 10 მიუგეს კუალად ქალდეველთა წინაშე მეფისა და თქუეს: არა არს კაცი ჴმელსა ზედა, რომელი სიტყჳსა უწყებად მეფისა შემძლებელ იქმნეს, ვინაჲთგან ყოველი მეფე დიდი და მთავარი სიტყუასა ეგევითარსა არა ჰკითხავს ყოველსა მსახრვალსა, მოგუსა ქალდეველსა,
11 საქმე, მეფე რომ ითხოვს, იმდენად საძნელოა, რომ მას მეფეს ვერავინ შეუსრულებს, იმ ღმერთების მეტი, რომლებიც ძე-ხორციელთა შორის არ მკვიდრობენ. 11 რამეთუ სიტყვა, რომელსა მეფე იკითხავს, მძიმე არს, და სხუა არა არს, რომელმან მიუთხრას იგი წინაშე მეფისა, გარნა თუ ღმერთნი, რომელთაჲ არა არს მკჳდრობაჲ ყოვლისა თანა ჴორცისა, ვინაჲცა არ ეგების ქმნაჲ, ვითარ ჰგონებ.
12 ამან აღაშფოთა მეფე და ძლიერ განარისხა; ბრძანება გასცა ყველა ბაბილონელი ბრძენის მოსასპობად. 12 მაშინ მეფემან გულისწყრომისა მიერ და რისხვისა მრავლისა თქუა წარწყმედა ყოველთა ბრძენთა ბაბილონისათა,
13 როცა ბრძანება გამოვიდა, დაიწყეს ბრძენკაცთა ხოცვა-ჟლეტა; დანიელს და მის მეგობრებსაც მოსაკლავად დაეძებდნენ. 13 და რწმენაჲ გამოვიდა და ბრძენნი მოიკლვოდეს, და იძინეს დანიილ და მოყუასნი მისნი სიკუდილად.
14 ურჩია დანიელმა არიოქს, მეფის მცველთა უფროსს, რომელიც ბაბილონელი ბრძენკაცების დასახოცად იყო გამოსული. 14

მაშინ დანიილმან მიუგო განზრახვაჲ და ჯერ-ჩინებაჲ არიოქს, მთავარმზარაულსა მეფისასა, რომელი გამოვიდა მოწყუედად ბრძენთა ბაბილონისათა, და ჰკითხვიდა მას მეტყუელი: მთავარო მეფისაო,

15

ჰკითხა არიოქს, მეფის მოხელეს და უთხრა: რისთვის გამოვიდა მეფისგან ეგზომ მკაცრი ბრძანება? მაშინ ყველაფერი აუწყა არიოქმა დანიელს.

15 რაჲსათჳს გამოვიდა ჯერ-ჩინებაჲ ესე უსახური პირისაგან მეფისა? მაშინ აუწყა სიტყვა არიოქმან დანიილს.
16 წავიდა დანიელი მეფესთან და დრო დაანიშვნინა, რომ სიზმრის ახსნა მიეცა მისთვის. 16 და დანიილი შევიდა და ევედრა მეფესა, რჲთა ჟამი მისცეს მას და თანშეტყვება მისი მიუთხრას მეფესა.
17 მერე შინ დაბრუნდა დანიელი და თავის ტოლ-ამხანაგებს - ხანანიას, მიშაელსა და ყაზარიას ამცნო ეს ამბავი. 17 და შევიდა დანიილი სახიდ თჳსა, და ანანიას და მისაილს და აზარიას აცნობა სიტყუა,
18 რომ ზეციერი ღმერთისთვის გამოეთხოვათ წყალობა ამ საიდუმლოს გასაგებად, რათა დანიელი და მისი მეგობრები დანარჩენ ბაბილონელ ბრძენკაცებთან ერთად არ დაღუპულიყვნენ. 18 და წყალობათა ეძიებდა ღმრთისაგან ცისაჲსა საიდუმლოჲსა ამისთჳს, რათა არ წარწყმდენ დანიილი და მეგობარნი მისნი ნეშტთა თანა ბრძენთა ბაბილონისათა.
19 დანიელს ღამის ხილვაში გაეხსნა საიდუმლო და აკურთხა დანიელმა ზეციერი ღმერთი. 19 მაშინ დანიილსა ჩუენებასა შინა ღამისასა საიდუმლოჲ გამოეცხადა და აკურთხა ღმერთი ცისაჲ დანიილმან.
20 ამეტყველდა დანიელი და თქვა: კურთხეულ იყოს ღვთის სახელი უკუნითი უკუნისამდე, რადგან მისია სიბრძნე და ძალა. 20 და თქუა: იყავნ სახლი ღმრთისაჲ კურთხეულ საუკუნითგან და ვიდრე საუკუნომდე, რამეთუ სიბრძნე და გულისხმის-ყოფაჲ და ძალი მისი არს
21 იგი სცვლის დრო-ჟამს და წელიწადებს, ამხობს მეფეებს და აღაზევებს მეფეებს. ბრძენკაცთ სიბრძნეს აძლევს, გონიერთ - ცოდნას. 21 და იგი სცვალებს წამთა და ჟამთა, დაადგენს მეფეთა და გარდაადგენს, მისცემს სიბრძნესა ბრძენთა და ცნობასა მეცნიერთა გულისხმის-ყოფისათა,
22 ააშკარავებს ღრმასა და დაფარულს; იცის, რა იმალება ბნელში და ნათელი მასშია დავანებული. 22 იგი გამოაცხადებს ღრმათა და დაფარულთა, მეცნიერი ბნელისშინათაჲ, და ნათელი მის თანა არს.
23 ჩემი მამა-პაპის ღმერთო, გმადლობ და გაქებ; შენ მომეცი სიბრძნე და ძალა, შენ გამომიმჟღავნე ის, რასაც გევედრებოდით; შენ გაგვიმჟღავნე მეფის ამბავი. 23 შენ, ღმერთსა მამათა ჩემთასა, აღგიარებ და გაქებ, რამეთუ სიძრძნე, ძალი მომეც მე და მაუწყენ მე, რომელნი ვითხოენით შენგან და სიტყუაჲ მეფისაჲ მაუწყე მე.
24 ამის შემდეგ მივიდა დანიელი არიოქთან, რომლისთვისაც მეფეს ბაბილონელი ბრძენკაცების დასჯა ჰქონდა დავალებული; მიეახლა მას და ასე უთხრა: ნუღარ დახოცავ ბაბილონელ ბრძენკაცებს; მეფესთან წამიყვანე და მე ავუხსნი მეფეს სიზმარს. 24 და მოვიდა დანიილ არიოქის მიმართ, რომელი დაადგინა მეფემან წარწყმედად ბრძენთა ბაბილონისათა, და ჰრქუა მას: ბრძენთა მათ ბაბილონისათა ნუ წარსწყმედ, ხოლო შემიყვანე მე წინაშე მეფისა და თანშეტყუებაჲ ჩუენებისაჲ მიუთხრა მეფესა.
25 მაშინ არიოქმა დაუყოვნებლივ მიჰგვარა დანიელი მეფეს და ასე უთხრა: აჰა, ვნახე კაცი ტყვედქმნილ იუდიანთა შორის, რომელსაც შეუძლია მეფეს აუხსნას სიზმარი. 25 მაშინ არიოქმან სწრაფისა თანა შეიყვანა დანიილ წინაშე მეფისა და ჰრქუა მას: ვპოე მამაკაცი ძეთა შორის ტყუეობისა იუდაჲსთა, რომელმანცა თანშეტყუებაჲ მიუთხრას მეფესა.
26 მიუგო მეფემ და უთხრა დანიელს, ბელტეშაცარად ხმობილს: შეგიძლია გამაგებინო სიზმარი, მე რომ ვნახე, და ამიხსნა იგი? 26 და მიუგო მეფემან და ჰრქუა დანიილსა, რომლისა სახელი ვალტასარ: უკუეთუ ძალ-გიც თხრობად ჩემდა ძილისშორისი, რომელი ვიხილე, და თანშეტყუება მისი?
27 მიუგო დანიელმა მეფეს და უთხრა: ბრძენებს, შემლოცველებს, მოგვებს და ვარსკვლავთმრიცხველებს იმ საიდუმლოს ახსნა, რასაც მეფე ითხოვს, არ შეუძლიათ. 27 და მიუგო დანიილმან წინაშე მეფისა და თქუა: საიდუმლოჲ, რომელსა მეფე იკითხავს, არა არს ბრძენთა, მოგუთა, მსახრვალთა, ზაღარინელთაჲ მითხრობად მეფისა.
28

მაგრამ არის ცაში ღმერთი, საიდუმლოთა გამცხადებელი; სწორედ მან ამცნო მეფე ნაბუქოდონოსორს, რა იქნება უკანასკნელ დღეებშთ. აჰა, შენი სიზმარი და შენი ხილვა, რომელიც შენს სარეცელზე იხილე:

28

არამედ არს ღმერთი ცისა შორის გამომაცხადებელი საიდუმლოჲსაჲ. და აუწყნა მეფესა ნაბუქოდონოსორს, რომელნი ჯერ-არიან ქმნად უკუანაჲსკნელთა დღეთასა, ძილისშორისი შენი და ხილვაჲ თავისა შენისა საწოლსა ზედა შენსა, ესე არს, მეფე,

29 მეფეო, შენს სარეცელზე მწოლარე ფიქრობდი, თუ რა იქნებოდა ამის შემდეგ და საიდუმლოთა გამცხადებელმა ის გიჩვენა, რაც იქნება. 29 გულისზრახვანი შენნი საწოლსა შენსა ზედა აღვიდეს, რაჲ ჯერ-არს ქმნად ამათსა შემდგომად და გამომაცხადებელმან საიდუმლოთამან მაუწყნა მე, რომელთაჲ ჯერ-არს ქმნაჲ.
30 ხოლო მე ეს საიდუმლო იმიტომ კი არ გამიცხადა, რომ მე ყველაზე ბრძენი ვიყავი ცოცხალთა შორის, არამედ იმიტომ, რომ მეფეს მისცემოდა ახსნა და გაგეგო შენი გულის ზრახვანი. 30 და მე არა სიბრძნისა მიერ მყოფისა ჩემ შორის უფროს ყოველთა ცოცხალთასა საიდმლოჲ ესე გამომიცხადა, არამედ თანშეტყუებასა უწყებისათჳს მეფესა, რაჲთა გულისზრახვანი გულისა შენისანი სცნნე.
31 აჰა, ხედავდი, მეფეო, ერთ დიდ კერპს; უზარმაზარი იყო ეს კერპი და უცხოდ გაბრწყინებული იდგა შენს წინაშე; საშინელი შესახედავი იყო. 31 შენ, მეფე, ჰხედევდ, და, აჰა, ხატი ერთი დიდი. და ხატი იგი და შესახედავი მისი საშინელ მდგომარე წინაშე პირსა შენსა, და ხილვაჲ მისი საშინელ, ხატი,
32 ამ კერპს თავი წმინდა ოქროსი ჰქონდა, მკერდი და ხელები - ვერცხლისა, მუცელი და ბარძაყები - სპილენძისა, 32 რომლისა თავი ოქროჲსა წმიდისა, ჴელნი და მკერდი და მკლავნი მისნი ვეცხლნი, მუცელი და თეძონი რვალისა,
33 წვივები - რკინისა, ფეხები ნაწილობრივ რკინის, ნაწილობრივ - თიხისა. 33 და ბარკალნი რკინანი, ფერჴნი კერძოჲთა, რომლითამე უკუე რკინისანი, და კერძოჲთა კეცისანი.
34 შენ დაინახე, რომ ხელისუკვრელად ადგილიდან მოსწყდა ერთი ლოდი, დაეცა კერპს, რკინისა და თიხის ფეხებზე მდგარს, და შემუსრა იგი. 34 ჰხედევდ, ვიდრე არა გამოეკუეთა ლოდი მთისაგან თჳნიერ ჴელთასა, და დაეკუეთა ხატსა ფერჴთა ზედა რკინისათა და კეცისათა, და დააწულილნა იგინი სრულიად.
35 მაშინ ყველაფერი ერთიანად დაიფშვნა, რკინა, თიხა, სპილენძი, ვერცხლი და ოქრო ისეთი გახდა, როგორც ბზე ზაფხულის კალოზე. ქარმა წაიღო ისინი და მათი ნატამალიც კი აღარ დარჩა. ხოლო ის ლოდი, კერპი რომ შემუსრა, ვეებერთელა მთად იქცა და მთელი დედამიწა დაიჭირა. 35 მაშინ დამწულილდეს ერთბამად კეცი, რკინაჲ, რვალი, ვეცხლი, ოქროჲ, და იქმნეს, ვითარცა მტუერი კალოჲსაგან ზაფხულისაჲსა, და აღიღო იგი სიმრავლემან სულისამან, და ყოველი ადგილი არა იპოვა მათი, და ლოღი დაკუეთებული ხატისაჲ იქმნა მთა დიდ, და აღავსო ყოველი ქუეყანა.
36 სიზმარი ეს იყო. ახლა კი მის ახსნასაც ვიტყვი მეფის წინაშე. 36 ესე არს ძილისშორისი და თანშეტყუებაჲ მისი ვთქუათ წინაშე მეფისა.
37 მეფეო, შენ ის მეფეთა მეფე ხარ, რომელსაც ზეციერმა ღმერთმა ხელმწიფება, ძალა და დიდება უბოძა. 37 შენ, მეფე, მეფეჲ მეფეთაჲ, რომელსა ღმერთმან ცისამან მეფობაჲ ძლიერი და მტკიცე და პატიოსანი მოგცა შენ.
38 ყველგან, სადაც კი ადამიანები ცხოვრობენ, მან შენ ჩაგაბარა მიწის მხეცები, ცის ფრინველები და მათ ბატონ-პატრონად დაგაყენა. შენა ხარ ის ოქროს თავი. 38 ყოველსა შორის ადგილსა, სადა მკჳდრ არიან ძენი კაცთანი, მჴეცნი ველისანი, მფრინველნი ცისანი და თევზნი ზღჳსანი, მოგცნა ჴელსა შინა შენსა, და დაგადგინა შენ უფლად ყოველთა; შენ ხარ თავი ოქროჲსაჲ.
39

შენს შემდეგ სხვა სამეფო აღდგება, შენზე უდარესი; შემდეგ მესამე სამეფო იქნება - სპილენძისა, რომელიც მთელს ქვეყანაზე იბატონებს.

39 და შემდგომად შენსა აღდგეს მეფობაჲ სხუაჲ, უდარესი შენი, და მეფობაჲ მესამე, რომელ არს რვალი, რომელი ეუფლოს ყოველსა ქუეყანასა,
40 მეოთხე სამეფო რკინასავით მტკიცე იქნება. როგორც რკინა ყველაფერს ამსხვრევს და აქუცმაცებს, ასევე ისიც ყოვლისშემმუსრავ რკინასავით დააქუცმაცებს და შემუსრავს. 40

და მეფობაჲ მეოთხე იყოს ძლიერ, ვითარცა რკინაჲ, რამეთუ, ვითარსახედ რკინაჲ დაამწულილებს და დაჰმწყსის ყოველთა, ეგრეთ დაამწულილნეს და დამწყსნეს ყოველნი.

41 როგორც იხილე, მას ფეხები და ფეხის თითები ნაწილობრივ მეთუნის თიხისა ჰქონდა, ნაწილობრივ - რკინისა. ასევე ის სამეფოც გაყოფილი იქნება. მასში ნაწილობრივ რკინის სიმტკიცე იქნება, რადგან თავადაც დაინახე მეთუნის თიხას შერეული რკინა. 41 და რამეთუ იხილენ ფერჴნი და თითნი კერძოდ უკუე რკინისანი და კერძოდ კეცისანი - მეფობა განწვალებული იყო და ძირისაგან რკინისა იყო მის შორის, ვითარსახედ იხილე რკინაჲ, აღრეული კეცსა თიჴისასა,
42 როგორც მისი ფეხის თითები ნაწილობრივ რკინისა იყო და ნაწილობრივ თიხისა, ასევე სამეფოც ნაწილობრივ მტკიცე იქნება და ნაწილობრივ - მყიფე. 42 და თითნი ფერჴთანი, ზოგნი უკუე რკინისანი, ხოლო ზოგნი კეცისანი, და ზოგი მეფობისაჲ იყოს ძლიერ, და მისგან იყოს შემუსრვილი.
43 შენ რომ მეთუნის თიხაში შერეული რკინა დაინახე, ნიშნავს, რომ ისინი კაცის მოდგმის ძალით შეერევიან ერთმანეთს; მაგრამ ვერ შეერწყმიან, რადგან რკინა თიხას არ ერწყმის. 43 და რამეთუ იხილე რკინა, აღრეული კეცსა თიჴისასა, თანაღრეულნი იყუნენ თესლთა შორის კაცთასა და არა იყვნენ თანაღწებულნი, ესრეთსახედ მათსა, ვითარ-იგი რკინა არ თანაღეზავების კეცსა.
44 იმ მეფეთა დღეებში ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც უკუნისამდე არ დაიქცევა და მისი ხელმწიფება სხვა ხალხში არ გადავა. იგი შემუსრავს, და დააქცევს ყველა სამეფოს, თავად კი უკუნისამდე იდგება. 44 და დღეთა შინა მათ მეფესათასა აღადგინოს ღმერთმან ცისამან მეფობა, რომელი საუკუნეთადმი არა განიხრწნას, და მეფობაჲ მისი ერსა სხუასა არა დაუშთეს და დააწულილნეს და განფიწლნეს მეფობანი ყოველნი, და იგი აღდგეს საუკუნეთადმი.
45 როგორც დაინახე, ის ლოდი მთას ხელისკვრის გარეშე მოსწყდა და ნამსხვრევებად აქცია თიხა, ვერცხლი და ოქრო. დიდმა ღმერთმა აუწყა მეფეს, თუ რა იქნება მის შემდეგ. ჭეშმარიტია ეს სიზმარი და სარწმუნოა მისი ახსნა. 45 ვითარგუარად იხილეს, რამეთუ მთისაგან გამოეკუეთა ლოდი თჳნიერ ჴელთასა, და დააწულილა კეცი, რკინაჲ, რვალი, ვეცხლი, ოქროჲ, - ღმერთმან დიდმან აუწყა მეფესა, რომელთა ჯერ-არს ქმნა ამათი, და ჭეშმარიტი ძილისშორისი და სარწმუნო თანშეტყუებაჲ მისი.
46 მაშინ პირქვე დაემხო მეფე ნაბუქოდონოსორი, თაყვანი სცა დანიელს და ბრძანა მისთვის საჩუქრებისა და ამოდსაყნოსელი საკმევლის მოტანა. 46 მაშინ მეფე ნაბუქოდონოსორ დავარდა პირსა ზედა და დანიელსა თაყუანი-სცა და მანანაჲ და სულნელნი შეწირნა მისსა.
47 მიუგო მეფემ დანიელს და უთხრა: თქვენი ღმერთი ჭეშმარიტად ღმერთთა ღმერთია, მეფეთა მეფეა და საიდუმლოთა გამცხადებელი. ამიტომაც შეძლო მან ამ საიდუმლოს გაცხადება. 47

და მიმგებელმან მეფემან ჰრქვა მას: ჭეშმარიტებით ღმერთი თქუენი იგი არს ღმერთ ღმერთთა, და უფალი უფალთა, და მეუფე მეფეთა და გამომაცხადებელ საიდუმლოთა, რამეთუ შეუძლე გამოცხადებად საიდუმლოჲ ესე.

48 მაშინ განადიდა მეფემ დანიელი, ძვირფასი საჩუქრები უბოძა და მთელი ბაბილონის ქვეყნის განმგებლად და ბაბილონის ყველა ბრძენის მთავრად დაადგინა. 48 და განადიდა მეფემან დანიილ და საცემელნი დიდნი და მრავალნი მისცნა მას. და დაადგინა იგი ყოველსა ზედა სოფელსა ბაბილონისასა და მთავრად სატრაპესთა და ყოველთა ზედა ბრძენთა ბაბილონისათა.
49 სთხოვა დანიელმა მეფეს და მანაც ბაბილონის ქვეყნის საქმეები შადრაქს, მეშექსა და ყაბედ-ნეგოს ჩაარრა. თვით დანიელი კი მეფის კარზე დარჩა. 49 და დანიილმან ითხოვა მეფისაგან და დაადგინნა საქმეთა ზედა სოფლისა ბაბილონისათა სედრაქ, მისაქ და აბედნაქო. და დანიილ იყო ეზოსა შინა მეფისა.