ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

დანიელ წინასწარმეტყველი

თავი მეოთხე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

მე, ნაბუქოდონოსორი, მშვიდად ვიყავი ჩემს სახლში და ვყვაოდი ჩემს სასახლეში.

1

მე, ნაბუქოდონოსორ, წარმართებით ვიყავ სახლსა შორის ჩემსა და კეთილმყუავან საყდარსა ზედა ჩემსა.

2 ვნახე სიზმარი, რომელმაც თავზარი დამცა. ფიქრებმა და ჩემი თავის ხილვებმა შემაძრწუნეს ჩემს სარეცელზე. 2 ძილისშორისი ვიხილე და შემაშინა მე. და შევშფოთენ საწოლსა ზედა ჩემსა და ხილვათა თავისა ჩემისათა აღმაშფოთეს მე.
3 განკარგულება გავეცი, რომ ჩემთან მოეყვანათ ყველა ბაბილონელი ბრძენკაცი, რომ აეხსნათ სიზმარი. 3 და ჩემ მიერ დაიდვა რწმენაჲ შემოყვანებად წინაშე ჩემსა ყოველთა ბრძენთა ბაბილონისათა, რაჲთა თანშეტყუებაჲ ძილისშორისისაჲ მაუწყონ მე.
4 მაშინ მოვიდნენ ჯადოქრები, შემლოცველნი, ქალდეველნი და ვარსკვლავთმრიცხველნი. ვუთხარი სიზმარი, მაგრამ ვერ შესძლეს მისი ახსნა. 4 და შემოვიდოდეს მსახრვალნი, მოგუნი, ღაზარისნი, ქალდეველნი, და ძილისშორისი მე ვთქუ წინაშე მათსა, და თანშეტყუება მისი არა მაუწყეს მე,
5 ბოლოს მოვიდა დანიელი, რომელსაც ჩემი ღმერთის სახელის მსგავსად ბელტეშაცარი ჰქვია და რომელშიც წმიდა ღმერთების სულია. მასაც ვუამბე სიზმარი. 5 ვიდრე არა სხუაჲ ვინმე შემოვიდა წინაშე ჩემსა დანიილი, რომლისა სახელი ვალტასარ, სახელისაებრ ღმრთისა ჩუენისა, რომელსა სული ღმრთისა წმიდაჲ აქუს მის შორის და მე ძილისშორისი წინაშე მისსა ვთქუ.
6 ბელტეშაცარ, მთავარო! ვიცი, შენში წმიდა ღმერთების სულია და არანაირი საიდუმლო არ არის შენთვის მიუწვდომელი; აჰა, ჩემი სიზმარი, რომელიც ვიხილე, და მითხარი მისი განმარტება. 6 ვალტასარ, მთავარო მსახრვალთაო, რომლისა მე უწყი, ვითარმედ სული ღმრთისაჲ წმიდაჲ შენ შორის და ყოველი საიდუმლო არშეუძლებელ არს შენდა, ისმინე ხილვაჲ ძილისშორისისაჲ, რომელი ვიხილე და თანშეტყუება მისი მითხარ მე.
7 აჰა, თავი მედო ჩემს სარეცელზე და ვიხილე ხილვა: აჰა, დედამიწის შუაში მაღალი ხე დგას. 7 და ხილვანი თავისა ჩემისანი საწოლსა ჩემსა ზედა, ვხედევდ, და, აჰა, ხე შორის ქუეყანისა და სიმაღლე მისი მრავალ.
8 გაიზარდა ეს ხე და გამაგრდა. მისი სიმაღლე ზეცას აღწევდა და დედამიწას ყველა კუთხიდან მოსჩანდა. 8 განდიდნა ხე და განძლიერდა; და სიმაღლე მისი მისწუდა ვიდრე ცამდე და სივრცე მისი კიდეთა ყოვლისა ქუეყანისათა,
9 მშვენიერი ფოთლები აქვს, ნაყოფიც უხვად ასხია. მასზე ყველასათვის არის საზრდო, მის ჩრდილქვეშ მინდვრის მხეცები აფარებდნენ თავს. მის ტოტებში ცის ფრინველები ბუდობდნენ და მისგან საზრდოობდა ყოველი ხორციელი. 9 ფურცელნი მისნი შუენიერებ და ნაყოფი მისი მრავალ, და საზრდელი ყოველთაჲ მის შორის და მის ქუეშე დაიმკჳდრებდეს მჴეცნი ველურნი და რტოთა მისთა შორის მყოფობდეს მფრინველნი ცისანი, მისგან იზრდებოდა ყოველი ჴორცი.
10 ვიხილე ხილვა, როცა თავი მედო ჩემს სარეცელზე: აჰა, ზეციდან ჩამოეშვა მღვიძარე და წმიდა. 10 ვხედევდ ხილვასა შინა ღამისასა სარეცელსა ზედა ჩემსა, და, აჰა, ირისე და წმიდაჲ ცით გამო გარდამოვიდა,
11 მან ომახიანად დაიძახა და თქვა: მოკვეთეთ ეგ ხე, აკაფეთ მისი ტოტები, დააცალეთ ფოთლები, გააბნიეთ მისი ნაყოფი. გაეცალონ მის ძირს მხეცები, ფრინველები - მის ტოტებს! 11 და ჴმა-ყო ძალისა თანა და ესრეთ თქუა: მოჰკუეთეთ ხე ეგე და მოჰკაფენით რტონი მისნი და შთამობერტყენით ფურცელნი მისნი და განაბნიენით ნაყოფნი მისნი! შეიძრნედ მჴეცნი ქუეშე კერძო მისსა და მფრინველნი რტოთაგან მისთა,
12

ოღონდ მისი მთავარი ფესვი მიწაში ჩატოვეთ, რკინის და სპილენძის ბორკილებში, მინდვრის ბალახებს შორის ზეცის ცვარ-ნამით ირწყვებოდეს იგი და მხეცებთან ერთად მიწის ბალახით საზრდოობდეს.

12

თჳნიერ მორჩი ძირთა მისთა შორის ქვეყანისა მიუშჳთ და საკრველისა შორის რკინისა და რვალისაჲსა და მწუანვილისა შორის გარისა და ცუარისა შორის ცისაჲსა სადგურიანობდეს; და მჴეცთა თანა ნაწილი მისი თივასა შორის ქუეყანისასა.

13 კაცის გული წაერთმევა მას და მხეცის გული მიეცემა; შვიდი წელიწადი გადაუვლის მას. 13 გული მისი კაცთაგან იცვალოს და გული მჴეცისა მოეცეს მას. და შჳდნი ჟამნი იცვალნენ მის ზედა.
14 ეს მღვიძარეთა განგებით არის დადგენილი და წმიდათა ბრძანებით არის ეს დაწესებული, რათა ცოცხლებმა იცოდნენ, რომ უზენაესი ხელმწიფებს კაცთა სამეფოზე; ვისაც უნდა, იმას აძლევს მას და კაცთაგან ყველაზე დამცირებულს გააბატონებს მასზე. 14 თანშეტყუებისა მიერ ირისე სიტყუაჲ და თქმული წმიდათაჲ ზედნაკითხი, რაჲთა ცნან ცოცხალთა, ვითარმედ უფალ არს მაღალი მეფობისა კაცთაჲსა და, ვისიცა სთნდეს, მისცემს მას და შეურაცხებაჲ კაცთაჲ აღადგინის მის ზედა.
15 აჰა, ეს სიზმარი ვნახე მე, ნაბუქოდონოსორმა. შენ კი, ბელტეშეცარ, უნდა ამიხსნა იგი, რადგან ჩემს სამეფოში არცერთ ბრძენს არ შეუძლია მისი ახსნა, შენ კი შეგიძლია, რადგან შენშია წმიდა ღმერთების სული. 15 ესე ძილისშორისი ვიხილე მე, მეფემან ნაბუქოდონოსორ, და შენ, ვალტასარ, თქუ შეტყუება წინაშე, რამეთუ ყოველნი ბრძენნი მეფობისა ჩემისანი ვერ შემძლებელ არიან თანშეტყუებასა მისსა ცხად-ქმნად ჩემდა, ხოლო შენ, დანიელო, ძალ-გიც, რამეთუ სული ღმრთისაჲ წმიდაჲ შენ შორის.
16 მაშინ დანიელი, რომლის სახელია ბელტეშაცარი, ერთხანს შეცბუნებული იყო და ფიქრები აფორიაქებდა. მიუგო მეფემ და უთხრა: ბელტეშაცარ, ნუ გაღელვებს ეს სიზმარი და მისი ახსნა. მიუგო ბელტეშაცარმა და უთხრა: ჩემო ბატონო, შენს მოძულეთ ეს სიზმარი და შენს მტრებს მისი ახსნა! 16 მაშინ დანიილ, რომლისა სახელი ვალტასარ, დაყმუნდა ვითარ ჟამ ერთ და გულისზრახვანი მისნი შეაშფოთებდეს მას. და მიუგო მეფემან და ჰრქუა: ვალტასარ, ძილისშორისი და თანშეტყუებაჲ მისი ნუ აგაჩქარებენ შენ. და მიუგო ვალტასარ და თქვა: უფალო, ძილისშორისი ესე მოძულეთა შენთა და თანშეტყუება მისი მტერთა შენთა.
17 ის ხე, რომელიც შენ ნახე, რომ იზრდებოდა, მაგრდებოდა, სიმაღლით ზეცას სწვდებოდა და მთელ დედამიწაზე რომ მოჩანდა, 17 ხე, რომელ იხილე განდიდებული და განძლიერებული, რომლისა სიმაღლე მისწუთა ცამდე, და სივრცე მისი ყოვლისა ქუეყანისადმი,
18 მშვენიერი ფოთლები, მრავალი ნაყოფი და ყველასათვის საზრდო რომ ჰქონდა; რომლის ქვეშაც ველის მხეცები იყვნენ და რომლის ტოტებშიც ცის ფრინველები ბუდობდნენ, 18 და ფურცელნი მისნი კეთილმცენნი, და ნაყოფი მისი მრავალ და საზრდელი ყოველთა მის შორის, ქუეშე მისსა მკჳდრ იყუნეს მჴეცნი ველურნი და რტოთა შორის მისთა მყოფობდეს მფრინველნი ცისანი,
19 ეს შენა ხარ, მეფეო, განდიდებული და განმტკიცებული; შენი სიდიადე გაიზარდა და ზეცას მისწვდა, შენი ხელისუფლება კი დედამიწის კიდეებამდე გავრცელდა. 19 შენ ხარ, მეფე, რამეთუ განსდიდენ და განძლიერდი და სიდიდე შენი განდიდნა და მისწუდა ცად მიმართ და უფლება შენი კიდეთა მიმართ ქუეყანისათა.
20 მეფემ რომ მღვიძარი და წმიდა იხილა, რომელიც ზეციდან ჩამოეშვა და თქვა: მოკვეთეთ და აჩეხეთ, ოღონდ მისი მთავარი ფესვი მიწაში ჩატოვეთო რკინისა და სპილენძის ბორკილებში, მინდვრის ბალახებს შორის, ზეცის ცვარ-ნამით ირწყვებოდეს და მინდვრის მხეცებთან ჰქონდესო წილი, ვიდრე შვიდი წელიწადი გადაუვლიდესო. 20 და რამეთუ იხილა მეფემან ირისე და წმიდაჲ გარდამომავალი ზეცისაგან, და თქუა: დაკაფეთ ხე და განხრწენით იგი, თჳნიერ მორჩი ძირთა მისთა ქუეყანისა შორის აცადეთ და საკრველისა მიერ რკინისა და რვალისაჲსა, და მწუანვილითა გარისაჲთა და ცუარისა მიერ ცისაჲსა სრულიად გუარიანობდეს, და მჴეცთა თანა ველურთა ნაწილი მისი, ვიდრე არა შჳდნი ჟამნი იცვალნენ მის ზედა.
21 აჰა, მისი ახსნა, მეფეო: ეს უზენაესის განგებაა, რომელიც ჩემს მეფე-ბატონს დაატყდება თავს. 21 ესე თანშეტყუება მისი, მეფე, და თანშეტყუება მაღლისა არს, რომელი მოიწია უფალსა ჩემსა ზედა მეფესა.
22 მოიკვეთები კაცთაგან და მინდვრის მხეცებთან იცხოვრებ; ხარების მსგავსად ბალახს გაჭმევენ; ზეცის ცვარ-ნამს დალევ და შვიდი წელიწადი გადაივლის შენზე, ვიდრე მიხვდებოდე, რომ უზენაესი ხელმწიფებს კაცთა სამეფოზე და ვისაც უნდა, იმას აძლევს. 22 და შენ განგდევნონ კაცთაგან და მჴეცთა თანა ველურთა იყოს მკჳდრობა შენი. და თივასა, ვითარცა ზროხასა, გაჭამებდენ შენ და ცუარისაგან ცისა სხეული შენი შეიღებოს. და შჳდნი ჟამნი იცვალნენ შენ ზედა, ვიდრემდის სცნა, ვითარმედ უფალ არს მაღალი მეფობისა კაცთაჲსა და, რომლისაჲცა სთნდის, მისცის იგი.
23

ხის მთავარი ფესვის დატოვება რომ იყო ნაბრძანები, ეს იმას ნიშნავს, რომ შენი სამეფო დაგიბრუნდება, როდესაც შენ ზეციერ ხელმწიფებას შეიცნობ.

23

და რამეთუ თქუა: აცადოთ მორჩი ძირთა ხისათაჲ. მეფობა შენი შენ გიგებდეს, ვიდრემდის სცნობდე ჴელმწიფებასა ზეციერსა.

24 ამიტომ, მეფეო, მიიღე ჩემი რჩევა და შენი ცოდვები სიმართლით გამოისყიდე, შენი უსამართლობანი კი - ღარიბებისადმი გულმოწყალეობით. ვინძლო გახანგრძლივდეს შენი სიმშვიდე. 24 ამისთჳს, მეფე, განზრახვაჲ ჩემი სათნო-გეყავნ შენ. და ცოდვანი შენნი მოწყალებითა იჴსნენ და უსამართლოებანი შენნი შეწყნარებითა დავრდომილთა თანა, ნუუკუე სულგრძელ ექმნის შეცოდებათა შენთა.
25 ახდა ყოველივე ეს მეფე ნაბუქოდონოსორზე. 25 ესე ყოველნი მოიწინენ ნაბუქოდონოსორსა ზედა მეფისასა,
26 თორმეტი თვის შემდეგ, ბაბილონის სამეფო სასახლეში სეირნობისას 26 შემდგომად ათორმეტთა თთუეთასა ტაძარსა შინა მეფობისა მისისასა ბაბილონს შინა მავალ იყო.
27 ალაპარაკდა მეფე და თქვა: ეს ის დიდებული ბაბილონი არ არის, რომელიც მეფის სადიდებლად ავაშენე ჩემი ხელმწიფების ძალით ჩემი სიდიადის საქებრად? 27 და მიუგო მეფემან და თქუა: არა ესე არსა ბაბილონი დიდი, რომელი მე აღვაშენე სახლად სამეუფოდ სიმტკიცისა მიერ ძალისა ჩემისაჲსა პატივად დიდებისა ჩემისა?
28 მეფეს ჯერ სიტყვა არ გაეთავებინა, რომ ზეციდან ხმა გაისმა: შენ გეუბნებიან, მეფე ნაბუქოდონოსორ, ხელიდან გეცლება სამეფო. 28 ვიდრე იყოღა სიტყჳსა პირსავე შინა მეფისასა ყოფასა, ჴმაჲ წამებდა ზეცით: შენ გერქუმის ნაბუქოდონოსორ მეფე; მეფობა შენი წარჴდა შენგან,
29 მოიკვეთები კაცთაგან, მინდვრის მხეცებთან იცხოვრებ, ხარების მსგავსად ბალახს გაჭმევენ და შვიდი წელიწადი გადაივლის შენზე, ვიდრე გაიგებდე, რომ უზენაესი ხელმწიფობს კაცთა სამეფოზე და ვისაც უნდა, იმას აძლევს. 29 და კაცთაგან განგდევნონ შენ, და მჴეცთა თანა ველურთა იყოს მკჳდრობა შენი და თივასა, ვითარცა ზროხასა, გაჭამებდენ შენ, და შჳდნი ჟამნი იცვალნენ შენ ზედა, ვიდრე არა სცნა, ვითარმედ უფალ არს მაღალი მეფობასა კაცთაჲსა და, რომლისა სთნდეს, მისცემს მას.
30 მალედვე აღსრულდა ნაბუქოდრნოსორზე ეს განაჩენი. მოკვეთეს იგი კაცთაგან; ხარების მსგავსად ბალახის ჭამა დაიწყო; მისი სხეული ზეცის ცვარ-ნამით სველდებოდა, ისე რომ თმები არწივის ბუმბულივიი გაუხდა, ფრჩხილები კი - ფრინვგლის კლანჭებივით. 30 მასვე ჟამსა სიტყუაჲ შესრულდა ნაბუქოდონოსორის ზედა, და კაცთაგან განიდევნა, და თივასა, ვითარცა ზროხა, ჭამდა, და ცუარისაგან ცისა სხეული მისი შეიღებვოდა, და თმანი მისნი, ვითარცა ლომთანი, განდიდნეს, და ფრჩხილნი მისნი, ვითარცა მფრინველთანი.
31 ის დღეები რომ ჩამოთავდა, თვალები ზეცას მივაპყარ მე, ნაბუქოდონოსორმა, და გონება დამიბრუნდა. ვაკურთხე უზენაესი, ვაქე და ვადიდე მარადცოცხალი, რომლის ხელმწიფებაც სამარადისო ხელმწიფებაა და ვისი სამეფოც უკუნითი უკუნისამდეა. 31 და შემდგომად დღეთასა მე, ნაბუქოდონოსორ, თუალნი ჩემნი ცად მიმართ აღვიხუენ და გრძნობანი ჩემნი მოიქცეს ჩემდამო, და მაღალი ვაკურთხე, და მცხოვნი საუკუნოდ ვაქე და ვადიდე, რამეთუ ჴელმწიფება მისი ჴელმწიფება საუკუნე, და მეფობა მისი ნათესავად და ნათესავად.
32 დედამიწის ყველა მკვიდრი არაფერია მის თვალში; თავის ნებაზე იქცევა, როგორც ზეცის მხედრობაში, ისევე ქვეყნის მკვიდრებში, მის ხელს წინ ვერავინ აღუდგება და ვერავინ ვერ ეტყვის: ამას რას შვრებიო? 32 და ყოველნი დამკჳდრებულნი ქუეყანისანი, ვითარცა არარა, შეირაცხნეს და ნებისაებრ მისისა ჰყოფს ძალსა შორის ცისასა და მკჳდრობასა შორის ქუეყანისასა და არა არს, რომელი წინადაუდგეს ჴელსა მისსა და ჰრქუას მას: რაჲ ჰყავ?
33

მაშინ დამიბრუნდა გონება, ჩემი სამეფოს სადიდებლად დამიბრუნდა ჩემი დიდება და ჩემი უწინდელი სახე. მაშინ მომძებნეს ჩემმა მრჩევლებმა და დიდკაცებმა და კვლავ დადგენილი ვარ ჩემს სამეფოზე და ჩემი სიდიადე უფრო მეტად გაიზარდა.

33 მას ჟამსა გრძნობანი ჩემნი მოიქცეს ჩემდამო, და პატივად მეფობისა ჩემისა მოვედ, და შესახედავი ჩემი მოიქცა ჩემ ზედა, და მძლავრნი ჩემნი და დიდებულნი ჩემნი მეძიებდეს მე, და მეფობასა ჩემსა ზედა განვმტკიცენ, და სიდიდე უმეტესი მომემატა მე.
34 ახლა მე, ნაბუქოდონოსორთ, ვაქებ, აღვამაღლებ და ვადიდებ ზეციერ მეფეს, რომლის ყოველი საქმე ჭეშმარიტია და გზანი სამართლიანია, რომელსაც ძალუძს დაამდაბლოს ამაყად მავალნი. 34 აწ მე, ნაბუქოდონოსორ, ვაქებ და ზეშთა ავამაღლებ და ვადიდებ მეფესა ცისასა, რამეთუ ყოველნი საქმენი მისნი ჭეშმარიტებ და ალაგნი მისნი მსჯავრ, და ყოველთა მავალთა ამპარტავანებით შემძლებელ არს დამდაბლებად.