ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
მეფე ბელშაცარმა დიდებული ლხინი გაუმართა თავის ათას დიდკაცს და ამ ათასის თვალწინ სვამდა ღვინოს. |
1 |
ვალტასარ მეფემან უქმნა სერი დიდი დიდებულთა მისთა მამრთა ათასთა და წინაშე ათასთასა ღჳნოჲ, და მსუმელმან ვალტასარ მეფემან გემებათა შინა ღჳნისასა |
2 | ღვინით გალეშილმა ბელშაცარმა ბრძანა რომ მოერთმიათ მისთვის ნაბუქოდონოსორის, მამამისის მიერ იერუსალიმის ტაძრიდან წამოღებული ოქრო-ვერცხლის ჭურჭელი, რათა მეფეს, მის დიდკაცებს, მის ცოლებსა და ხარჭებს იქიდან ვსვათ. | 2 | ბრძანა შემოხუმად ჭურჭელთა ოქროჲსა და ვეცხლისათა, რომელნი გამოიღო ნაბუქოდონოსორმან, მამამან მისმან, ტაძრისაგან იერუსალჱმისა, და სუმიდეს მათ მიერ მეფე და დიდებულნი მისნი, და თანამწოლნი მისნი და ხარჭნი მისნი. |
3 | მაშინ მოიტანეს ის ოქროს ჭურჭლეული, იერუსალიმის ღვთის სახლის საწმიდარიდან რომ იყო წამოდებული. იქიდან სვამდნენ მეფე, მისი დიდებულები, მისი ცოლები და ხარჭები. | 3 | და მოიღეს ჭურჭელნი ოქროსანი და ვეცხლისანი, რომელი გამოღებულ იყო ტაძრისაგან ღმრთისა, რომელი იერუსალჱმს, და სუეს მეფემან და დიდებულთა მისთა, და ხარჭთა მათთა და თანამწოლთა მათთა, |
4 | სვამდნენ ისინი ღვინოს და ოქროს, ვერცხლის, სპილენძის, რკინის, ხისა და ქვის ღმერთებს ადიდებდნენ. | 4 | სუმიდეს ღჳნოსა და აქებდეს ღმერთთა ოქროსათა, და ვეცხლისათა, და რვალისა, და რკინისათა, და ძელისათა და ქვისათა. |
5 | სწორედ ამ დროს გამოჩნდნენ კაცის ხელის თითები და სასანთლის წინ, სამეფო სასახლის კირით შეფეთქილ კედელზე წერა დაიწყეს. მეფე ხედავდა ხელის მტევანს, რომელიც წერდა. | 5 | მას ჟამსა შინა გამოვიდეს თითნი ჴელისა კაცისანი და წერდეს პირისპრ ლამპრისა, საგოზელსა ზედა კედლისასა სახლისა მეფისაჲსა და მეფე ხედვიდა თითთა მათ ჴელისა მწერლისასა. |
6 | მაშინ ფერი ეცვალა მეფეს, ფიქრები აერია, ბარძაყის სახსრები დაუდუნდა, მუხლები აუკანკალდა. | 6 | მაშინ შესახედავი მეფისა შეიცვალა, და გულისზრახვანი მისნი აღშფოთებულ იქმნეს, და სანაწევრონი წელთა მისთანი ყოვლითურთ დაიჴსნებოდეს და მუჴლნი მისნი ერეკებოდეს. |
7 | ძლიერად იყვირა მეფემ, რომ მოგვები, ქალდევებიმბი, მკითხავები მოეყვანათ. მიუგო მეფემ და უთხრა ბაბილონელ ბრძენკაცებს: ვინც ამ წარწერას წაიკითხვს და მის მნიშვნელობას ამოხსნის, ძოწეულით შეიმოსება, კისერზე, ოქროს შიბს ჩამოიკიდებს და ქვეყანაში მესამე მთავარი გახდება. | 7 | და ღაღად-ყო მეფემან ძლიერად შეყუანება მოგუთა, ქალდეველთა, და ღაზარინელთა. მიუგო მეფემან და ჰრქუა ბრძენთა ბაბილონისათა, ვითარმედ: ყოველმან კაცმან, რომელმან წარიკითხოს ნაწერი ესე და თანშეტყუება მისი მაუწყოს მე, პორფირი შეიმოსოს და მანიაკი ოქროსაჲ ქედსა ზედა მისსა, და მესამედ მთავრობდეს მეფობასა შორის ჩემსა. |
8 | მაშინ მოვიდნენ მეფის ბრძენკაცები, მაგრამ წარწერის წაკითხვა და მისი მნიშვნელობის მეფისათვის ახსა ვერ შეძლეს. | 8 | და შევიდოდეს ყოველნი ბრძენნი მეფისანი და ვერ შეუძლებდეს წარკითხვასა ნაწერისასა, ვერცა თანშეტყუებასა უწყებად მეფისა. |
9 | მაშინ ძლიერ აღშფოთდა მეფე ბელშაცარი და ფერი ეცვალა. აფორიაქდნენ მისი დიდკაცებიც. | 9 | და მეფე ვალტასარ აღშფოთნა და შესახედავი მისი იცვალა მის ზედა და დიდებულნი მისნი შეშფოთნებოდეს. |
10 | მეფისა და დიდკაცების ხმაზე სანადიმო დარბაზში დედოფალი შემოვიდა. მიუგო დედოფალმა და უთხრა: მეფეო, იცოცხლე უკუნისამდე! ნუ შეგაძრწუნებს ეგ შენი ფიქრები და ნუ გეცვლება ფერი! | 10 | და მეფეაჲ პირისპირ სიტყუათა მეფისათა და დიდებულთა მისთასა სახიდ სუმისაჲსა შევიდა. და მიუგო მეფეამან და ჰრქუა: მეფე, საუკუნოთადმი ცოცხლებდ, ნუ აღგაშფოთებენ შენ გულისზრახვანი შენნი და შესახედავი შენი ნუ იცვალებინ. |
11 |
შენს სამეფოში ერთი კაცია, რომელშიც წმიდა ღმერთების სულია. მამაშენის დროს მასში აღმოჩნდა ნათელი, გონიერება და სიბრძნე - ღმერთების სიბრძნის დარი. მეფე ნაბუქოდონოსორმა, მამაშენმა მოგვების, ჯადოქრების, ქალდეველებისა და მკითხავების მთავრად დააყენა. |
11 |
არს მამაკაცი მეფობისა შენსა ქუეშე, რომლისა შორის სული ღმრთისაჲ წმიდაჲ არს მის თანა. და დღეთა შინა მამისა შენისათა მღჳძარებაჲ და გულისხმის-ყოფაჲ იპოა მის შორის და მეფემან ნაბუქოდონოსორმა, მამამან შენმან, მთავრად მსახრვალთა, მოგუთა და ქალდეველთა და ღაზარინელთა დაადგინა იგი. |
12 | ეს იმიტომ, რომ დანიელში, რომელსაც მეფემ ბელტეშეცარი დაარქვა, აღმოჩნდა საკვირველი სული, ცოდნა და გონიერება და უნარი სიზმრის ახზნის, იგავთა განმარტებისა და კვანძების გახსნისა. | 12 | რამეთუ სული მეტი არს მის შორის და ცნობაჲ და გულისხმის-ყოფაჲ თანშემტყუები ძილისშორისთა და მიმთხრობი დაფარულთაჲ, და განმჴსნელი საკრველთაჲ - დანიელ. და მეფემან დასდვა მას სახელი ვალტასარ. აწ იწოდენ დანიელი და თანაშეტყუებაჲ მიგითხრას შენ. |
13 | მაშინ მიიყვანეს დანიელი მეფის წინაშე: მიუგო მეფემ დანიელს და უთხრა: შენა ხარ ის დანიელი, ტყვე იუდაელთაგანი, რომელიც მამაჩემმა, მეფემ, იუდადან წამოიყვანა? | 13 | მაშინ დანიელ შეიყვანა წინაშე მეფისა და მეფემან ჰრქუა დანიილს: შენ ხარა დანიელ, ძეთაგანი ტყუეობისა იუდაჲსათაჲ, რომელი წარმოიღო მეფემან, მამამან ჩემმან, იუდეაჲთ? |
14 | გავიგგ, შენში ღვთის სული ყოფილა და თან ნათელი გონიერება და საკვირველი სიბრძნე გქონია. | 14 | და მესმა შენთჳს, ვითარმედ სული ღმრთისაჲ შენ შორის არს და მღჳძარებაჲ, და გულისხმის-ყოფაჲ და სიბრძნე ნამეტნავი იპოვა შენ შორის. |
15 | წეღან ბრძენკაცები და ჯადოქრები მყავდნენ მოყვანილნი წარწერის წასაკითხად და მისი მნიშვნელობის ასახსნელად, მაგრამ მათ ვერ შეძლეს ამ სიტყვების ახსნა. | 15 | და აწ შემოვიდეს წინაშე ჩემსა ბრძენნი მოგუნი, ღაზარინელნი, რაჲთა წერილი ესე აღმოიკითხონ. და თანაშეტყუება მისი მამცნონ მე, და ვერ შეუძლეს შეტყუებასა სიტყჳსასა მოთხრობად ჩემისა. |
16 | შენზე გავიგე, რომ შეგიძლია მნიშვნელობის ახსნა და კვანძების გახსნა. თუ შენ ახლა შესძლებ ამ წარწერის ამოკითხვას და მისი მნიშვნელობის ახსნას ჩემთვის, ძოწეულით შეიმოსები, ყელზე ოქროს შიბს ჩამოიკიდებ და სამეფოში მესამე კაცი გახდები. | 16 | და მე მესმა შენთჳს, ვითარმედ ძალ-გიც მსჯავრთა თანშეტყუებად და დაჴსნად საკრველთა. და აწ შემძლებელ თუ იქმნე წარკითხვად წერილისა ამის და თანშეტყუებასა მისსა უწყებად ჩემდა, პორფირი შეიმოსო და მანიაკი ოქროსაჲ იყოს ქედსა ზედა შენსა, და მესამედ ჰმთავრობდე მეფობასა შინა ჩემსა. |
17 | მაშინ მიუგო დანიელმა და თქვა მეფის წინაშე: შენი საჩუქრები შენვე გქონდეს და შენი ძღვენი სხვას მიეცი. წარწერას კი მე წავუკითხავ მეფეს და მის მნიშვნელობასაც გავაგებინებ. | 17 | მაშინ მიუგო დანიელმან და თქუა წინაშე მეფისა: საცემელნი შენნი შენდა იყუნენ, და ნიჭნი სახლისა შენისაჲ სხუათა მიეც, ხოლო მე ნაწერი წაუკითხო მეფესა და შეტყუებაჲ მისი გამცნო შენ. |
18 | მეფეო, მაღალმა ღმერთმა უბოძა მამაშენს, ნაბუქოდონოსორს მეფობა, სიდიადე, პატივი და დიდება. | 18 | მეფე, ღმერთმან მაღალმან მეფობა, და სიდიდე და პატივი, და დიდება მისცა ნაბუქოდონოსორს, მამასა შენსა. |
19 | ღვთის მიერ ნაბოძები სიდიადის გამო ყველა ხალხი, ტომი და ენა მის წინაშე ძრწოლასა და შიშში იყო; ვისაც უნდოდა, ჰკლავდა, ვისაც უნდოდა, ცოცხალს უშვებდა; ვისაც უნდოდა, აღაზევებდა და ვისაც უნდოდა, ამცირებდა. | 19 | და სიდიდისაგან, რომელი მისცა მას, ყოველნი ერნი, ტომნი, ენანი იყუნეს მძრწოლარენი და მოშიშნი პირისაგან მისისა, რომელთა ენება, მას მოჰკლვიდა, და რომელთა ენება, სცემდა, და, რომელთა ენება, მას აღამაღლებდა, და, რომელთა ენება, მას დაამდაბლებდა. |
20 | მაგრამ როდესაც გადიდგულდა იგი და სული ამპარტავნობით გაისასტიკა, სამეფო ტახტიდან ჩამოგდებული და პატივაყრილი იქნა. | 20 | და ოდეს ამაღლდა გული მისი და სული მისი განძლიერდა გაამპარტავნებად შთამოქუევდა საყდრისაგან მეფობისა მისისა და პატივი მისი მიეღო მისგან, |
21 |
მოკვეთილი იყო კაცის ძეთაგან, მისი გული მხეცისას დაემსგავსა და ველურ ვირებთან ცხოვრობდა. ბალახს აჭმევდნენ როგორც ხარს და მისი ტანი ციური ცვარ-ნამით სველდებოდა, ვიდრე არ შეიგნო, რომ უზენაესი ხელმწიფობს კაცთა სამეფოზე და ვისაც უნდა, იმას აძლევს მეფობას. |
21 |
და კაცთაგან განიდევნა, და გული მისი მჴეცთა თანა მიეცა, და ვირთა თანა ველურთა მკჳდრობა მისი, და თივასა, ვითარცა ზროხასა, აჭამებდეს მას და ცუარისაგან ცისა სხეული მისი შეიღება, ვიდრეღა ცნა, ვითარმედ უფლებს ღმერთი მაღალი მეფობასა ზედა კაცთასა და, რომლისაცა უნდეს, მისცეს მას. |
22 | შენ, მისმა ვაჟმა, გული არ დაიმდაბლე, თუმცა იცოდი ეს ყველაფერი. | 22 | და შენ, ძეო მისო ვალტასარ, არ დაიმდაბლე გული შენი წინაშე ღმრთისა, რომელმან ესე ყოველნი იცოდენ, |
23 | შენ თავი აღაზევე ზეციერი მეუფის წინააღმდეგ; მოგართვეს მისი სახლის ჭურჭელი და შენ, შენი დიდებულები, შენი ცოლები და ხარჭები სვამდით ღვინოს; ადიდებდი ვერცხლის, ოქროს, სპილენძის, რკინის, ხისა და ქვის ღმერთებს, რომელნიც ვერ ხედავენ, არ ესმით და ვერ აზროვნებენ; ის ღმერთი კი, რომლის ხელშიც შენი სიცოცხლე და ყოველი შენი გზა-სავალია, არ განადიდე. | 23 | და უფალსა და ღმერთსა ცათასა აჰმაღლდი, და ჭურჭელნი სახლისა მისისანი მოიხუენ წინაშე შენსა, და შენ, და დიდებულნი შენნი, და თანამყოფნი შენნი და ხარჭნი შენნი ღჳნოსა სუემდით მათ მიერ, და ღმერთთა ოქროსა და ვეცხლისა, რვალისა და რკინისა, და ძელისა და ქვისათა, რომელნი არა ჰხედვენ, და არა ესმის და არა იცნობენ, აქებდით. ხოლო ღმერთი, რომლისა მშჳნვაჲ შენი ჴელსა შინა მისსა და ყოველნი გზანი შენნი, იგი არა ადიდე. |
24 | სწორედ ამიტომ მოივლინა მისგან ხელის მტევანი და ამიტომ დაიწერა ეს წარწერა. | 24 | ამისთჳს პირისაგან მისისა მოივლინა უსაქციელოჲ ჴელი და ნაწერი მისი დასახა. |
25 | აჰა, წარწერაც, რომელიც დაიწერა: მენე, მენე, თეკელ უფარსინ. | 25 | და ესე არს ნაწერი დასახული: მაკი, თეკელ, ფარეს. |
26 | აჰა, ამ სიტყვების ახსნა: მენე - დაითვალა ღმერთმა შენი სამეფოს დღენი და ბოლო მოუღო მას; | 26 | და ესე თანშეტყუებაჲ სიტყჳსაჲ: მაკი - განზომა ღმერთმან მეფობა შენი და აღავსო იგი. |
27 | თეკელ - სასწორზე აიწონე და მსუბუქი აღმოჩნდი; | 27 | თეკელ - აღწონა უღლითა და იპოვა მოკლებულად. |
28 | ფერეს - გაიყოფა შვნი სამეფო და მიდიელებსა და სპარსელებს მიეცემა იგი. | 28 | ფარეს - განიწვალა მეფობაჲ შენი და მიეცა მიდთა და სპარსთა. |
29 | მაშინ მეფე ბელშაცარის ბრძანებით დანიელს ძოწეული ჩააცვეს, კისერზე ოქროს შიბი ჩამოჰკიდეს და სამეფოში მესამე მთავრად გამოაცხადეს. | 29 | და თქუა ვალტასარმან, და შეჰმოსეს დანიელსა პორფირი, და მანიაკი ოქროჲსაჲ გარემოსდვეს გარემოს ქედისა მისისა, და ქადაგა მისთჳს ყოფად იგი მესამედ მთავრად სამეფოსა შინა. |
30 | იმავე ღამეს იქნა მოკლული ბელშაცარი, ქალდეველთა მეფე. | 30 | ამას ღამესა შინა მოიკლა ვალტასარ, მეფე ქალდეველი. |
31 | და დარიოს მიდმან მიიღო მეფობა, მყოფმან წელთა სამეოცდაორთად. |