ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
დარიოს მიდიელმა სამოცდაორი წლის ასაკში მიიღო სამეფო. |
||
2 | დარიოსმა გადაწყვიტა თავის სამეფოში ასთორმეტი სატრაპი დაეყენებინა, რათა მთელს სამეფოში ყოფილიყვნენ. | 1 |
და სათნო იქმნა წინაშე დარიოს მეფისა და დაადგინნა სამეფოსა ზედა სატრაპესნი ასოცნი ყოფად იგინი ყოველსა შინა მეფობასა მისსა |
3 | მათ კი სამი მთავარი დაუნიშნა მათ შორის ერთი დანიელი, რათა სატრაპებს მათთვის წარედგინათ ანგარიში და მეფეს არ ეზარალა. | 2 | და ზედაჲთ მათსა მეწესენი სამნი და იყო დანიელ ერთი მათგანი, რაჲთა მათ მისცემდენ სატრაპესნი სიტყუასა, და არა შფოთებდეს მეფე. |
4 | მაშინ სხვა მთავრებზე და სატრაპებზე მეტად აღზევდა დანიელი, რადგან მასში საკვირველი სული იყო, და მეფე ფიქრობდა მთელ სამეფოზე დაეყენებინა იგი. | 3 | და იყო დანიელ ზეშთამძლეველ ზეშთა მეწესეთა და სატრაპესთა პირისპირ, რამეთუ სული მეტი იყო მის შორის. |
5 | მაშინ მთავრებმა და სატრაპებმა საბაბს დაუწყეს ძებნა, რომ დანიელისთვის სამეფოს მართვის საქმეში ბრალი დაედოთ. მაგრამ რაიმე საბაბისა და შეცოდების პოვნა ვერ იქნა და ვერ მოახერხეს, რადგან ერთგული იყო იგი და რაიმე შეცდომა ან დანაშაული არ აღმოაჩნდა. | 4 | და მეფემან დაადგინა იგი ყოველსა ზედა მეფობასა მისსა. და მეწესენი და სატრაპესნი ეძიებდეს პოვნად მიზეზსა ძჳნად დანიელისსა მეფობისაგან. და ყოველი მიზეზი და ცთომაჲ ვერ პოეს ძჳნად მისსა, რამეთუ სარწმუნო იყო. |
6 | მაშინ ამ კაცებმა თქვეს: დანიელს ვერავითარ ბრალს ვერ ვუპოვნით, მისი საწინააღმდეგო მისივე ღმერთის რჯულში თუ არ ვიპოვეთო. | 5 | და თქუეს მეწესეთა მათ: ვერ ვპოოთ მიზეზი ძჳნად დანიილისა თჳნიერ შჯულიერთა შორის ღმრთისა მისისა თანა. |
7 | მთავრები და სატრაპები მიადგნენ მეფეს და უთხრეს: მეფე დარიოს, იცოცხლე უკუნისამდე! | 6 | მაშინ მეწესენი სატრაპესნი წარმოუდგეს მეფესა და ჰრქუეს მას: დარიე მეფე, საუკუნეთა ცოცხლებდ! |
8 | სამეფოს ყველა დიდებულმა, მთავრებმა, სატრაპებმა, მრჩევლებმა და მეფისნაცვალებმა მოითათბირეს, რათა დადგენილ იქნას სამეფო დადგენილება და გაიცეს ბრძანება, რომ ყველა, ვინც კი ოცდაათი დღის განზვლთბაში რომელიმე ღმერთს ან კაცს, შენს გარდა, მეფეო, თხოვნით მიმართავს, ლომების ხაროში იქნას ჩაგდებული. | 7 | თანაზრახვა-ყვეს ყოველთა სპათმთავართა და სატრაპესთა მეფობისა შენისა ზედა და ჳპატოსთა, და ადგილისმთავართა დადგინებად დგომათა მეფობრივითა და განძლიერებად განსაზღვრა, რაჲთა რომელმანცა ითხოოს თუ თხოაჲ ყოვლისაგანვე ღმრთისა და კაცისა ვიდრე დღეთამდე ოცდაათთა, გარნა თჳნიერ შენსა, მეფე, შევარდეს მღჳმესა ლომთასა. |
9 | ახლა კი, მეფეო, დაამტკიცე ეს დადგენილება და ხელი მოაწერე სიგელს, რომ უცვალებელი იყოს, როგორც მიდიელთა და სპარსელთა კანონი, რომლის შეცვლა არ ეგების. | 8 | აწ, უკუე, მეფე, დაადგინე განსაზღურება და დაწერე წერილი, რაჲთა არა შეიშალოს რწმენა მიდთა და სპარსთა. |
10 | ამიტომ დაწერა მეფე დარიოსმა სიგელი და ბრძანება. | 9 | მაშინ მეფემან დარიოს ბრძანა დაწერად რწმენაჲ. |
11 |
როდესაც დანიელმა შეიტყო, რომ ასეთი სიგელი დაიწერა, შინ წავიდა და თავისი ქორედის სარკმლების წინ, რომლებიც იერუსალიმის მხარეს იყურებოდა დღეში სამჯერ იდრეკდა მუხლს, ევედრებოდა თავის ღმერთს და ჰმადლობდა, როგორც ამის წინ იქცეოდა. |
10 | და დანიელმან, ვითარცა ცნა, ვითარმედ დაიწერა რწმენაჲ, შევიდა სახიდ თჳსსა, და სარკმელნი განღებულ მისდა ქორედთა შორის მისთა დამართით იერუსალიმისა, და ჟამთა დღისათა სამთა იყო მოდრეკილ მუჴლთა ზედა მისთა და მლოცველ და აღმსაარებელ წინაშე ღმრთისა მისისა, ვითარცა იყვის მოქმედი წინაპარ. |
12 | მაშინ ის კაცები თავს წაადგნენ და წაასწრეს დანიელს, როცა იგი ლოცულობდა და თავისი ღმერთის წინაშე წყალობას ითხოვდა. | 11 |
მაშინ კაცთა მათ დაუმზირეს და პოეს დანიილი მოქენედ და მვედრებლად წინაშე ღმრთისა თჳსისა. |
13 | მერე მივიდნენ და მეფეს მოახსენეს მეფის ბრძანების თაობაზე: განა შენ არ დაწერე ბრძანება, რომ ყველა ის კაცი, რომელიც ოცდაათი დღის განმავლობაში რომელიმე ღმერთს ან კაცს შენს გარდა, მეფეო, მიმართავს თხოვნით, ლომების ხაროში იქნებაო ჩაგდებული? მიუგო მეფემ და უთხრა: ჭეშმარიტია ეს სიტყვა, როგორც მიდიელთა და სპარსელთა კანონი, რომლის შეცვლაც არ ეგების. | 12 | და მოსრულნი ეტყჳან მეფესა: მეფე, არა განსაზღურებაჲ დააწესეა, რაჲთა ყოველმან კაცმან, რომელმანცა ითხოოს ყოვლისაგან ღმრთისა და კაცისა სათხოველი ვიდრე დღეთამდე ოცდაათთა, გარნა თჳნიერ შენსა, მეფე, შთავარდეს მღჳმესა ლომთასა? და თქუა მეფემან: ჭეშმარიტ არს სიტყუა და რწმენაჲ მიდთა და სპარსთაჲ და არა წარჴდეს. |
14 | მაშინ მიუგეს მათ და უთხრეს მეფეს: მეფეო, დანიელი, იუდავლი ტყვე, არც შენ გაქცევს ყურადღებას და არც შენს მიერ დაწერილ ბრძანებას; დღეში სამჯერ ლოცულობს თავისი ლოცვებით. | 13 | მაშინ მიუგეს და თქუეს წინაშე მეფისა: დანიელ ძეთაგანი ტყუეობისა იუდაჲსთაჲ არა ერჩდა რწმენასა შენსა განსაზღურებისათჳს, რომელ დააწესე, და ჟამთა დღისათა სამთა ითხოვს ღმრთისაგან თჳსისა თხოათა მისთა. |
15 | ეს რომ მეფემ გაიგო, ძალზე შეწუხდა და დანიელის ხსნა ჩაიდო გულში; მზის ჩასვლამდე ცდილობდა მის დახსნას. | 14 | მაშინ მეფესა ვითარცა ესმა სიტყუა, ფრიად შეწუხნა მის ზედა და დანიილისათჳს იღუწიდა, ვითარ განარინოს იგი, და ვიდრე მწუხრამდე ღუაწლსა შინა იყო განრინებად მისსა. |
16 | მაგრამ ის კაცები მიეახლნენ და უთხრეს: იცოდე, მეფეო, რომ მიდიელთა და სპარსელთა კანონით მეფის ყოველი ბრძანება და დადგენილება უცვალებელი უნდა იყოს. | 15 | მაშინ კაცთა მათ მიუგეს მეფისა მიმართ: უწყოდე, მეფე, ვითარმედ რწმენისა მიდთა და სპარსთაჲსა ყოვლისათჳს განსაზღურებისა დადგომასა, რომელიცა მეფემან დაადგინოს, არ ჯერ-არს გარდაცვალება. |
17 | მაშინ მეფის ბრძანებით მოიყვანეს დანიელი და ლომების ხაროში ჩააგდეს. მიაძახა მეფემ დანიელს და უთხრა: იმ შენმა ღმერთმა გიშველოს, რომელსაც ასე ერთგულად ემსახურებოდი! | 16 | მაშინ მეფემან თქუა, და მოიყვანეს დანიელი და შთააგდეს იგი მღჳმესა ლომთასა. და ჰრქუა მეფემან დანიილსა: ღმერთმან შენმან, რომლისა შენ მიმდემად მკუთნველ ხარ, მან განგარინენ შენ. |
18 | მოიტანეს ლოდი და იმ ხაროს პირს დააფარეს. მეფემ იგი თავისი ბეჭდითა და დიდკაცების ბეჭდებით დაბეჭდა, რათა დანიელის მიმართ არაფერი შეცვლილიყო. | 17 | და მოიღეს ლოდი დიდი და დასდვეს პირსა ზედა მღჳმისასა. და დაჰბეჭდა მეფემან ბეჭდისა მიერ მისისა და ბეჭდისა მიერ დიდებულთა მისთაჲსა, რაჲთა არ შეიცვალოს საქმე დანიელის ზედა. |
19 | მერე თავის სასახლეში წავიდა მეფე. ღამე მარხულმა გაატარა და თავშესაქცევი არაფერი მოუთხოვია, ძილიც არ მიკარებია. | 18 | და წარვიდა მეფე სახიდ თჳსსა და დაწვა უსეროდ, და სანოაგენი არა მოართუნეს მას, და ძილი განეყენა მისგან. და დაჴშნა ღმერთმან პირნი მათ ლომთანი და არა შეეხნეს დანიელს. |
20 | დილით, განთიადისას ადგა მეფე და სასწრაფოდ ლომების ხაროს მიაშურა. | 19 | მაშინ მეფე აღდგა განთიად სანთლითა და სწრაფისა მიერ მოვიდა მღჳმესა მას ლომთასა. |
21 |
ორმოს რომ მიუახლოვდა, ნაღვლიანი ხმით ჩასძახა მეფემ დანიელს და უთხრა: დანიელ, ცოცხალი ღმერთის მორჩილო, აბა, თუ შეძლო შენი ხსნა ლომებისგან იმ ღმერთმა, ერთგულად რომ ემსახურებოდი? |
20 | და მიახლებასა მისსა მღჳმისა მიმართ, ჴმა-უყო დანიილსა ძლიერითა ჴმითა. და მიუგო მეფემან და ჰრქუა დანიელს: დანიილ, მონაო ღმრთისა ცხოველისაო, ღმერთმან შენმან, რომლისა განმკუთვნელ ხარ მიმდემად, უკეთუ შეუძლო განრინებაჲ შენი პირისაგან ლომთასა? |
22 | მაშინ გამოეპასუხა დანიელი მეფეს: მეფეო, იცოცხლე უკუნისამდე! | 21 | და ეუბნა დანიელ მეფესა და თქუა: მეფე, საუკუნეთა ცოცხლებდ! |
23 | ჩემმა ღმერთმა თავისი ანგელოზი გამომიგზავნა, ლომებს პირები აუკრა და მათაც არ მავნეს მე, რადგან მე ღვთის წინაშეც სუფთა აღმოვჩნდი და შენს წინაშეც. ბრალი არა მაქვს მე, მეფეო. | 22 | ღმერთმან ჩემმან მოავლინა ანგელოზი თჳსი და დაჴშნა პირნი ლომთანი და არა განმრყუნეს მე, რამეთუ წინაშე მისსა სიწრფოება ჩემი იპოვა და წინაშე შენსაცა, მეფე, შეცოდება არა ვყავ. |
24 | მაშინ დიდად გაიხარა მეფემ მასზე და დანიელის ხაროდან ამოყვანა ბრძანა. ამოიყვანეს დანიელი ხაროდან. უვნებელი იყო იგი, რადგან მას სწამდა თავისი ღმერთისა. | 23 | მაშინ მეფე მრავლად მხიარულ იქმნა მის ზედა და დანიილისი თქუა აღმოყვანება მღჳმისაგან. და აღმოყვანებულ იქმნა დანიილ მღჳმით. და ყოველი განხრწნილება არა იპოვა მის თანა, რამეთუ ჰრწმენა ღმრთისა მიმართ მისისა. |
25 | მეფემ ბრძანა, მოეყვანათ ის კაცები, რომელნიც დანიელს აბეზღებდნენ, და ცოლ-შვილიანად ლომების ხაროში ჩაეყარათ. ჯერ ხაროს ძირამდე არც კი ჩაეღწიათ, რომ ლომებმა პირი სტაცეს და მათი ძვლები ნამსხვრევებად აქციეს. | 24 | და თქუა მეფემან, და მოიყვანნეს კაცნი, შემასმენელნი დანიილისნი, და მღჳმესა ლომთასა შთაიყარნეს იგინი, და ძენი მათნი, და ცოლნი მათნი, და არღა მიწევნილ იყვნეს იატაკად მღჳმესა, ვიდრე ეუფლნეს მათ ლომნი და ყოველნი ძუალნი მათნი დააწულილნეს. |
26 | ამის შემდეგ დარიოსმა ყველა ხალხს, ტომს და ენას - მთელი ქვეყნის მკვიდრებს მისწერა: მშვიდობა გაგიმრავლდეთ! | 25 | მაშინ დარიოს მეფემან მიუწერა ყოველთა ერთა, ტომთა, ენათა, მკჳდრთა ყოვლისა შორის ქუეყანისა: მშჳდობა თქუენი განმრავლდინ! |
27 | ბრძანებას ვიძლევი, რომ ჩემი სამეფოს ყველა სამთავროში ძრწოდნენ და შიშში იყვნენ დანიელის ღმერთის წინაშე, როდგან იგი ცოცხალი და მარადმყოფელი ღმერთია, მისი სამეფო შეუმუსრავია და მისი ხელმწიფება დაუსრულებულია; | 26 | პირისაგან ჩემისა დაიდვა რწმენაჲ ყოველსა შორის მთავრობასა მეფობისა ჩემისასა ყოფა მძრწოლარეთა და მოშიშთა პირისაგან ღმრთისა დანიილისისა, რამეთუ იგი არს ღმერთი ცხოველი და გებული საუკუნეთა, მეფობა მისი არა განირყუნეს და უფლება მისი ვიდრე დასასრულამდე. |
28 | იგი შველის და იხსნის, სასწაულებსა და ნიშნებს ახდენს ცაზე და დედამიწაზე. მან იხსნა დანიელი ლომების ხელიდან. | 27 | შეეწევის, და იჴსნის და იქმს სასწაულთა და ნიშთა ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, რომელმან იჴსნა დანიილი პირისაგან ლომთასა. |
29 | წარმატებული იყო დანიელი დარიოსისა და კიროს სპარსელის მეფობის დროს. | 28 | და დანიელ ესრეთ წარემართა მეფობასა შინა დარიოსისსა და მეფობასა შინა კჳროზ სპარსისასა. |