ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
მეფე ბელშაცარის მეფობის მესამე წელს ხილვა მეჩვენა მე, დანიელს, მას შემდეგ, რაც პირველად მეჩვენა. |
1 |
წელსა მესამესა მეფობისა ვალტასარისსა ხილვაჲ მეჩუენა ჩემდამო, მე, დანიელს, შემდგომად ჩუენებისა ჩემისა პირველისა |
2 | ვნახე ხილვა და ამ ხილვის დროს სატახტო ქალაქ შუშანში ვიყავი, ელამის ქვეყანაში რომ არის; ხილვაში კი მდინარე ულაის პირას ვიდექი. | 2 | და ვიხილე ხილვასა შინა, და იქმნა ხედვასა შინა ჩემსა. და ვიყავ მე შობიბორისასა ტაძარსა, რომელ არს სოფელსა ელამისასა, და ვხედევდ ხილვასა შინა. და ვიყავ უბალსა ზედა. |
3 | თვალები ავახილე და დავინახე: აჰა, მდინარის პირას ერთი ერკემალი დგას; ორი რქა აქვს, ორთავე გრძელი; ერთი რქა მეორეზე- გრძელია, თუმცა გრძელი უფრო გვიან ამოვიდა. | 3 | და აღვიხუენ თუალნი ჩემნი და ვიხილე: და, აჰა, ვერძი ერთი მდგომარე უბალსა თანა, და ესხნეს მას რქანი, და რქანი მაღალნი, და ერთი იგი უმაღლეს ერთისა მის, და მაღალი აღვიდოდა უკანაჲსკნელ. |
4 | დავინახე, თუ როგორ ირქინებოდა ეს ერკემალი დასავლეთისკენ, ჩრდილოეთისკენ, სამხრეთისკენ; წინ ვერავინ ეღობებოდა და ვერც ვერავინ ახერხებდა მისი ხელიდან თავდახსნას. რასაც უნდოდა, იმას სჩადიოდა და დიდგულობდა. | 4 | და ვიხილე ვერძი იგი მრქენალად ზღუად მიმართ და ჩრდილოთ და სამხრით, და ყოველნი მჴეცნი ვერ დადგეს წინაშე მისსა, და არავინ იყო განმარინებელ ჴელისაგან მისისა, და ქმნა ნებისაებრ თჳსისა და განდიდნა. |
5 | როდესაც მე ამას ვუკვირდებოდი, აჰა, დასავლეთიდან ერთი ფაჩვნიერთ ვაცი მთელი დედამიწის ზურგზე გამოექანა, მიწას ფეხს არ აკარებდა; ვაცს თვალებს შუა რქა ჰქონდა. | 5 | და მე ვიყავ გულისხმა-მყოფელ. და, აჰა, ვაცი თხათაჲ მოვიდოდა სამხრისაგან პირსა ზედა ქუეყანისა ყოვლისასა, და არა იყო შემხებელ ქუეყანისა. და ვაცსა მას რქაჲ სახილველი საშუალ თუალთა მისთა. |
6 | მოდიოდა იგი იმ ორრქიანი ერკემლისკენ, მდინარის პირას მდგომი რომ ვნახე, და დიდი გაშმაგებით დაეძგერა მას. | 6 | და მოვიდა ვაცი ვიდრე ვერძისადმე რქათა მქონებელისა, რომელი ვიხილე მდგომარედ წინაშე უბალსა. და მორბიოდა მისსა მიმართ მიმართებითა ძალისა მისისაჲთა. |
7 | დავინახე, რომ მიუახლოვდა ერკემალს, გამძვინვარდა მასზე, დაეძგერა ერკემალს და ორთავე რქა მოსტეხა. ძალა არ ეყო ერკემალს, რომ მას გამკლავებოდა. მან მიწას დაანარცხა იგი და გათელა; და არავინ იყო ერკემლის მხსნელი მისი ხელიდან. | 7 | და ვიხილე მიწევნული ვიდრე ვერძისამდე, და განველურნა მისსა მიმართ, ეკუეთა ვერძსა და შემუსრნა ორნივე რქანი მისნი, და არა იყო ძალი ვერძისა დადგრომად წინაშე მისსა, და დააგდო იგი ქუეყანასა ზედა და დათრგუნა იგი, და არა იყო განმარინებელი ვერძისა ჴელისაგან მისისა. |
8 | მაშინ ძალზე განდიდდა ფაჩვნიერი ვაცი. როდესაც გაძლიერდა, მაშინ მოსტყდა მას დიდი რქა და მის ადგილზე ოთხი შვერილი ამოვიდა ზეცის ოთხი ქარის მიმართულებით. | 8 | და ვაცი თხათაჲ განდიდნა ვიდრე ფრიად და განძლიერებასა შინა მისსა შეიმუსრა რქაჲ მისი დიდი. და აღმოჴდეს ოთხნი რქანი ქუეშე კერძო მისსა ოთხთა მიმართ ქართა ცისათა. |
9 | ერთ-ერთი მათგანიდან ერთი მომცრო რქა ამოვიდა, რომელიც მეტისმეტად გაიზარდა სამხრეთის, აღმოსავლეთისა და მშვენიერი ქვეყნის მიმართულებით. | 9 | და ერთისა მათგანისაგან გამოვიდა რქაჲ ერთი ძლიერი და განდიდნა ნამეტნავად სამხრად მიმართ, |
10 |
იგი ცის მხედრობამდე გაიზარდა, მიწაზე დასცა მხედრობისა და ვარსკვლავების ნაწილი და გათელა ისინი. |
10 |
და აღმოსავალად მიმართ და ძალისა მიმართ, და განდიდნა ვიდრე ძალისამდე ცისაჲსა, და დაეცა ქუეყანასა ზედა ძალისაგან და ვარსკულავთაგან, და დათრგუნეს იგი. |
11 | იგი ამ მხედრობის მთავრამდე გაიზარდა და წაერთვა მთავარს მუდმივი მსხვერპლი და მიტოვებული იქნა მისი საწმიდარის ადგილი. | 11 | და ვიდრე მთავრისამდე ძალისაჲსა განმტკიცნა და ვიდრემდის მთავარსპათმძღუარმან იჴსნას ტყუეობა, და მისთჳს მსხუერპლი, შეშფოთნა შეცოდებითა, და იქმნა, და წარემართა მას და წმიდაჲ მოოჴრდეს. |
12 | მხედრობა მიუშვეს ცოდვის მუდმივი მსხვერპლის წინააღმდეგ და მან მიწაზე დაამხო ჭეშმარიტება და წარმატებით მოქმედებდა. | 12 | და მოეცა მსხუერპლსა ზედა ცოდვაჲ, და-მე-ვარდა სიმართლე მიწად, და ქმნა და წარემართა. |
13 | გავიგონე, ერთი წმიდა ლაპარაკობდა. უთხრა ამ ერთმა წმიდამ ვიღაცას, რომელიც ამბობდა: როდემდე გასტანსო ეს ხილვა მუდმივი მსხვერპლისა და გატიალების ცოდვის შესახებ, ანდა საწმიდარი და მხედრობა როდის იქნებაო დათრგუნული? | 13 | და მესმა ერთისა წმიდისა სიტყჳსა მზრახვალისაჲ, და ჰრქუა ერთმან წმიდამან ფილმონსა, მზრახვალსა: ვიდრემდის ხილვაჲ დადგეს და მსხუერპლი უქმქმნილი, და ცოდვა იგი მოოჴრდეს, რომელ მოეცა, და წმიდაჲ და ძალი დაითრგუნოს? |
14 | მიპასუხა: ორიათას სამას საღამოსა და დილას გასტანსო და ამის შემდეგ განიწმიდებაო საწმიდარი. | 14 | და ჰრქუა მას: ვიდრე მწუხრამდე და განთიად დღენი ორ ათას და სამასნი, და განწმედს წმიდასა. |
15 | როცა მე, დანიელმა, ვნახე ეს ხილვა და ვცდილობდი მის გაგებას, აჰა, წინ კაცის აჩრდილი გადამიდგა | 15 | და იყო მხედველობასა შინა ჩემსა მე დანიელისგან ხილვისასა, ვეძიებდ გულისხუმის-ყოფასა, და, აჰა, დადგა წინაშე ჩემსა, ვითარცა ხილვაჲ მამაკაცისა. |
16 | და გავიგონე ადამიანის ხმა შუაგულ ულაიდან. დაიძახა მან და თქვა: გაბრიელ, აუხსენი მაგას ეგ ხილვა! | 16 | და მესმა ჴმაჲ მამაცისაჲ საშუალ უბალსა. და უწოდა და თქუა: გაბრიელ, გულისხუმა-უყავ იმას ხილვაჲ! |
17 | იგი იმ ადგილას მოვიდა, სადაც მე ვიდექი. მისი მოსვლისთანავე თავზარი დამეცა და პირქვე დავემხე. მითხრა: იცოდე, ადამის ძეო, რომ ეს ხილვა საბოლოო ჟამს შეეხებაო. | 17 | და მოვიდა და დადგა მახლობელად დგომისა ჩემდა. და მოსლვასა ოდენ მისსა დავსულბი და დავვარდი პირსა ზედა ჩემსა. და თქუა ჩემდამო: გულისხუმა-ყავ, ძეო კაცისაო, რამეთუ მერმე ჟამად მიმართ დასასრულისა ხილვაჲ. |
18 | ის რომ მელაპარაკებოდა, მიწაზე პირქვე ვიყავი დამხობილი; მაშინ ის შემეხო და ჩემ ადგილას დამაყენა. | 18 | და ზრახვასა შინა მისსა ჩემ თანა შევსულბი, და დავვარდი პირსა ზედა ჩემსა ქვეყანასა ზედა, და შემახო მე და დამადგინა ფერჴთა ზედა ჩემთა. |
19 |
მერე მითხრა: აჰა, გამცნობ რა მოხდება რისხვის დასასრულს, რადგან ეს უკანასკნელ ვადას შეეხება. |
19 |
და თქუა: აჰა, მე გაუწყებ შენ ყოფადთა უკანასკნელთა რისხვისათაჲსა, რამეთუ მერმე ჟამად მიმართ დასასრულისა ხილვაჲ. |
20 | ორრქიანი ერკემალი რომ ნახე, ეს მიდიისა და სპარსეთის მეფეებია. | 20 | ვერძი, რომელი იხილე მქონებელი რქათაჲ, მეფე არს მიდთა და სპარსთაჲ. |
21 | ხოლო ის ფაჩვნიერი ვაცი იავანის მეფეა; თვალებს შუა ამოსული დიდი რქა მისი პირველი მეფეა. | 21 | და ვაცი თხათაჲ - მეფე იონთა, და რქა, რომელი იყო საშუალ თუალთა მისთა, თჳთ იგი არს მეფე პირველი. |
22 | ის რქა მოტყდა და მის ნაცვლად ოთხი ამოვიდა - ოთხი სამეფო აღდგება მისი ხალხიდან, მაგრამ მათ მისებრი ძალა არ ექნებათ. | 22 | და რამეთუ შეიმუსრა და აღდგეს ოთხნი რქანი ქუეშე კერძო მისსა, ოთხნი მეფენი აღდგენ ნათესავისაგან მისისა და არა ძალისაებრ მისისა. |
23 | მისი მეფობის ბოლოს, როდესაც მოღალატენი თავიანთ საქმეს აღასრულებენ, დადგება პირქუში და იგავთა მცოდნე მეფე. | 23 | და უკანაჲსკნელთა ზე მეფობისა მათისათა განსრულებასა ცოდვათა მათთასა აღდგეს მეფე ურცხჳნოჲ პირითა და გულისხუმის-მყოფელი წინდადებათაჲ, |
24 | განმტკიცდება მისი ძლიერება, ოღონდ არა მისი სკუთარი ძალით. შეუდგება საშინელ გაპარტახებას და წამატებული იქნება მისი მოქმედება, და გასწყვეტს ძლიერებს და წმიდათა ერს. | 24 | და მტკიცე იყოს ძალი მისი და არა ძალითა მისითა, და საკჳრველნი განხრწნნეს, და წარემართოს, და ყოს, და განხრწნნეს ძლიერნი და ერი წმიდაჲ, |
25 | გარდა ჭკუა-გონებისა და წარმატებისა, მზაკვრობაც მის ხელში იქნება. განდიდდება იგი და მშვიდობიანობაში მრავალს დაღუპავს. წინ აღუდგება მთავართა მთავარს და შეიმუსრება, ოღონდ არა ხელით. | 25 | და უღელი ერისა მისისაჲ წარჰმართოს, ზაკვა ჴელსა შორის მისსა და გულსა შორის მისსა განდიდნეს, და ზაკჳთა განხრწნნეს მრავალნი და წარწყმედასა ზედა მრავალთასა დადგეს, და, ვითარცა კუერცხნი, ჴელისა მიერ შემუსრნეს იგინი. |
26 | ხოლო მწუხრისა და დილის ხილვა, რომელიც ითქვა, ჭეშმარიტია იგი. მაგრამ შენ დამალე ეს ხილვა, რადგან შორეულ დღეებს შეეხება იგი. | 26 | და ხილვაჲ მწუხრისა და ცისკრისაჲ, თქუმული, ჭეშმარიტ არს. და შენ დაჰბეჭდე ხილვაჲ, რამეთუ დღემდე მრავალ არს. |
27 | მე, დანიელი, დავუძლურდი და რამდენიმე დღე ვიავადე. მერე ავდექი და სამეფო საქმეებს შევუდექი. შეძრწუნებული კი ვიყავი ამ ხილვით, მაგრამ ვერავინ შემამჩნია. | 27 | და მე, დანიილ, დავწევ და დავსუსტენ დღეთა, და აღვდეგ და ვიქმოდე საქმეთა მეფისათა, და საკჳრველ-მიჩნდა ხილვაჲ, და არა იყო გულისხუმის-მყოფელ. |