ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
პირველ წელს, როცა დარიოს ქსერქსეს ძე, მოდგმით მიდიელი, ქალდეველთა სამეფოზე გამეფდა, |
1 |
პირველსა შორის წელსა დარიოს ძისა ასურისსა, თესლისაგან მიდთაჲსა, რომელი განმეფნა მეფობასა ზედა ქალდეველთასა. |
2 | მისი მეფობის პირველ წელს მე, დანიელმა, წიგნებიდან შევიტყვე იმ წლების რიცხვი, რომლის შესახებაც იყო უფლის სიტყვა იერემია წინასწარმეტყველის მიმართ, რომ სამოცდაათი წელიწადი უნდა შესრულებოდა იერუსალიმის ნანგრევებს. | 2 | მე, დანიელ, გულისხმა-ვყავ. წიგნთა შორის რიცხუებისა წელიწადთასა, რომელ იქმნა სიტყუა უფლისაჲ იერემიას მიმართ წინაწარმეტყუელისა, შესასრულებელად ოჴრებასა იერუსალჱმისსა სამეოცდაათ წელ. |
3 | პირი მივაქციე უფალი ღმერთისკენ და მივმართე ლოცვითა და ვედრებით, მარხვაში, ჯვალოში და ნაცარში; | 3 | და მივეც პირი ჩემი უფლისა მიმართ ღმრთისა გამოძიებად ლოცვითა და ვედრებითა მარხვათა მიერ და ძაძისა და ნაცრისა. |
4 | ვილოცე ჩემი უფალი ღმერთის მიმართ, ვაღიარე და ვუთხარი: უფალო ჩემო, ღმერთო დიდებულო და საკვირველია, რომელიც უნახავ აღთქმასა და წყალობას შენს მოყვარულებს და შენი მცნებების შემნახველთ! | 4 | და ვილოცე უფლისა მიმართ ღმრთისა ჩემისა და ვთქუ აღმსაარებელმან: უფალო ღმერთო, დიდო და საკჳრველო და დამცველო აღთქმასა და წყალობასა მოყვარეთა შენთა და დამცველთა მცნებათა შენთასა. |
5 | ჩვენ შევცოდეთ და უკეთურება ჩავიდინეთ, ურჯულოდ ვიქცეოდით, ვჯიუტობდით და გადავუხვიეთ შენს მცნებებს და სამართალს. | 5 | ვცოდეთ, ვიუსამართლოეთ, ვიუთნოეთ, და განვსდეგით და მივსდერკით მცნებათაგან შენთა და მსჯავრთაგან შენთა. |
6 | ყურს არ ვუგდებდით შენს მორჩილთ - წინასწარმეტყველთ, რომელნიც შენი სახელით ელაპარაკებოდნენ ჩვენს მეფეებს, ჩვენს მთავრებს, ჩვენს მამა-პაპას და ქვეყნის ყველა ხალხს. | 6 | და არა ვისმინეთ მონათა შენთა წინაწარმეტყუელთაჲ, რომელნი იტყოდეს სახელისა მიერ შენისა მეფეთა მიმართ ჩუენთა, და მთავართა მიმართ ჩუენთა, და მამათა ჩუენთა და ყოვლისა მიმართ ერისა ქუეყანისაჲსა. |
7 | უფალო, შენია სიმართლე, ხოლო ჩვენ დღეს სირცხვილი გვაქვს სახეზე - ყველა იუდაელს, იერუსალიმის მკვიდრს, მთელს ისრაელს, ახლობელსა და შორებელს, ყველა იმ ქვეყანაში, სადაც შენ განდევნე იმ ღალატის გამო, რომლითაც შენ გიღალატეს. | 7 | შენდა, უფალო, სიმართლე და ჩუენდა სირცხჳლი პირისაჲ, ვითარცა დღესა ამას კაცისა იუდაჲსასა, და დამკჳდრებულთა იერუსალჱმისათა, და ყოვლისა ისრაჱლისა მახლობელთა და შორიელთა, ყოვლისა შორის ქუეყანისა, სადა განსთესენ იგინი, მუნ, შეურაცხებისათჳს მათისა, რომელ იშეურაცხეს შენდამი. |
8 | უფალო, ჩვენს მეფეებს, ჩვენს მთავრებს, ჩვენს მამა-პაპას სირცხვილი აქვთ სახეზე, რადგან შევცოდეთ შენს წინაშე. | 8 | უფალო, ჩუენდა სირცხჳლი პირსა, და მეფეთა ჩუენთა, და მთავართა ჩუენთა, და მამათა ჩუენთა, რომელთა ვცოდეთ შენდამი. |
9 | უფლის, ჩვენი ღმერთისგან არის შეწყალება და პატიება, ჩვენ კი ვჯიუტობდით მის წინაშე. | 9 | უფალსა ღმერთსა ჩუენსა წყალობანი, და შეწყნარებანი და ლხინებანი, რამეთუ განვდეგით. |
10 |
ყურს არ ვუგდებდით უფალს, ჩვენი ღმერთის ხმას, რომ გვევლო მის რჯულზე, თავის მორჩილთა - წინასწარმეტყველთა ხელით რომ გვიბოძა. |
10 |
და არა ვისმინეთ ჴმისა უფლისა ღმრთისა ჩუენისა სლვად შჯულთა შორის მისთა, რომელნი მოსცნა წინაშე პირსა ჩუენსა ჴელისა მიერ მონათა მისთა წინაწარმეტყუელთაჲსა. |
11 | შენს რჯულს მთელმა ისრაელმა გადაუხვია და ზურგი გაქცია, რათა შენი ხმა არ გაეგონა. ამიტომაც გვიწია იმ წყევლამ და ფიცმა, რომელიც ღვთის მორჩილის, მოსეს რჯულში სწერია, რადგან შევცოდეთ მას. | 11 | და ყოველი ისრაილი გარდაჰჴდეს შჯულსა შენსა და მიდრკეს არსმენად ჴმისა შენისა. და მოიწია ჩუენ ზედა წყევაჲ და ფიცი დაწერილი შჯულსა შინა მოსეს, მონისა ღმრთისასა, რამეთუ ვცოდეთ მისსა, |
12 | შეასრულა მან თავისი სიტყვა, რომელიც თქვა ჩვენზე და ჩვენს მსაჯულებზე, სამართალს რომ გვიჩენდნენ, და თავს დიდი უბედურება დაგვატეხა; ცისქვეშეთში იმის მსგავსი არაფერი მომხდარა, რაც იერუსალიმში მოხდა. | 12 | და დაადგინნა სიტყუანი მისნი, რომელნი თქუნა ჩუენ ზედა და მსაჯულთა ჩუენთა ზედა, რომელნი მშჯიდეს ჩუენ მოწევნად ჩუენ ზედა ძჳრნი დიდნი, ვითარნი არა იქმნეს ქუეშე კერძო ყოვლისა ცისა ქმნილთაებრ იერუსალიმს შინა, |
13 | როგორც მოსეს რჯულში სწერია, ისე დაგვატყდა თავს ყველა ეს უბედურება. მაგრამ ჩვენ მაინც არ შევევედრეთ უფალს, ჩვენს ღმერთს, რათა მიგვეტოვებინა ჩვენი უკეთურება და შენი ჭეშმარიტება შეგვეგნო. | 13 | ვითარ-იგი წერილ არს შჯულსა შინა მოსესსა. ყოველნი ესე ბოროტნი მოიწინეს ჩვენ ზედა და არ ვევედრენით პირსა უფლისა ღმრთისა ჩუენისასა მოქცევად უსამართლოებათაგან ჩუენთა და გულისხუმის-ყოფად ყოვლისა შორის ჭეშმარიტებისა. |
14 | უფალი ინახავდა ამ უბედურებას და თავს დაგვატეხა იგი; რადგან მართალია უფალი, ჩვენი ღმერთი, ყველა თავის საქმეში, რასაც იგი აკეთებს; მაგრამ ჩვენ ყურს არ ვუგდებდით მის ხმას. | 14 | და იღჳძა უფალმან ღმერთმან ჩუენმან სიბოროტესა ზედა ჩუენსა და მოაწია ესე ჩუენ ზედა, რამეთუ მართალ არს უფალი ჩუენი ყოველსა ზედა ქმნასა მისსა, რომელი მიქმნა მით, რამეთუ არ შევისმინეთ ჴმისა მისისაჲ. |
15 | ახლა კი, ღმერთო ჩვენო, რომელმაც შენი მაგარი ხელით გამოიყვანე შენი ერი ეგვიპტის ქვეყნიდან და სახელი მოიხვეჭე, როგორიც დღესა გაქვს, შევცოდეთ ჩვენ და ურჯულოება ჩავიდინეთ. | 15 | და აწ, უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან გამოიყვანე ერი შენი ქუეყანისაგან ეგჳპტისაჲსა ჴელითა მტკიცითა და ჰყაე თავისა შენისა სახელი, ვითარცა დღესა ამას ვცოდეთ, ვიუსჯულოეთ. |
16 | უფალო, მთელი შენი სიმართლით გაერიდოს შენი რისხვა და წყრომა შენს ქალაქს - იერუსალიმს, შენს წმიდა მთას; ვინაიდან ჩვენი ცოდვებისა და ჩვენი მამა-პაპის უკეთურების გამო არიან იერუსალიმი და შენი ერი შეგინებულნი ყველა ჩვენს გარშემო მყოფთაგან. | 16 | უფალო, ყოვლისა მიმართ წყალობისა შენისა გარემიიქეცინ გულისწყრომაჲ შენი ქალაქისაგან შენისა იერუსალიმისა, მთისა წმიდისა შენისა, რამეთუ ვცოდეთ უსამართლოებათა მიერ ჩუენთა და მამათა ჩუენთასა. იერუსალიმი და ერი შენი საყუედრელად შეიქმნა ყოველთა შორის გარემოჲსთა ჩუენთა. |
17 | ახლა კი, ჩვენო ღმერთო, მოუსმინე შენი მორჩილის ლოცვა-ვედრებას და, უფლის გულისთვის, მოწყალებით გადმოხედე შენს გატიალებულ საწმიდარს. | 17 | და აწ შეისმინე, უფალო ღმერთო ჩუენო, ლოცვისა მონისა შენისა და ვედრებისა მისისა და ზედგამოაჩინე პირი შენი სიწმიდესა შენსა ზედა, რომელ მოოჴრებულ არს შენთჳს, უფალო! |
18 | ღმერთო ჩემო, ყური მომაპყარ და ისმინე, გაახილე თვალები და მოხედე ჩვენს ნანგრევებსა და ქალაქს, შენი სახელი რომ ჰქვია. რადგან ჩვენი სიმართლის იმედით კი არ მოგვაქვს შენს წინაშე ჩვენი სავედრებელი, არამედ შენი დიდი მოწყალების იმედით. | 18 | მოყავ, ღმერთო, ყური შენი და ისმინე, განახუენ თუალნი შენნი და იხილე უჩინოქმნულებაჲ ჩუენი, და სახელი შენი და ქალაქისა შენისაჲ, რომელსა ზედა წოდებულ არს სახელი შენი მას ზედა, რამეთუ რა სიმართლეთა ზედა ჩუენთა მივაგდებთ ჩუენ შეწყნარებასა ჩუენსა წინაშე შენსა, არამედ წყალობათა შენთა ზედა მრავალთა. |
19 |
უფალო, ისმინე! უფალო, შეგვინდე! უფალო, შეისმინე და შეასრულე! შენი გულისთვის, ღმერთო ჩემო; რადგან შენი სახელი ეწოდება შენს ქალაქს და შენს ერს. |
19 |
უფალო, შეისმინე, უფალო, ლხინება-ყავ! უფალო, მოიხილე, უფალო, ყავ, და ნუ ჰყოვნი შენთჳს, ღმერთო ჩემო, რამეთუ სახელი შენი ზედწოდებულ არს ქალაქსა ზედა შენსა და ერსა შენსა ზედა. |
20 | ჯერ კიდევ ვლაპარაკობდი, ვლოცულობდი, ვაღიარებდი ჩემი და ჩემი ერის - ისრაელის ცოდვებს და მიმქონდა ჩემი სავედრებელი უფლის, ჩემი ღმერთის წინაშე, ჩემი ღმერთის წმიდა მთაზე, | 20 | და მერმე მზრახვალობასაღა ჩემსა და მლოცველობასა და აღმსაარებელობასა ცოდვათა ჩემთა, და ცოდვათა ერისა ჩემისა ისრაჱლისათა და დაგდებასა შეწყალებისა ჩემისასა წინაშე უფლისა ღმრთისა ჩემისა. |
21 | ჯერ კიდევ ლოცვაში ვიყავი, რომ კაცი გაბრიელი, ხილვაში რომ ვნახე პირველად, ანაზდად მოფრინდა და მომიახლოვდა საღამოს მსხვერპლშეწირვის ჟამს. | 21 | მთისათჳს წმიდისა ღმრთისა ჩემისაჲსა და მერმე მზრახვალობასაღა ლოცვასა შინა. და, აჰა, მამაკაცი გაბრიელ, რომელი ვნახე ხილვასა შინა ჩემსა დაწყებისა შორის მომფრინვალე და შემახო მე, ვითარ ჟამსა მსხუერპლისა სამწუხროჲსასა. |
22 | შემაგონებდა იგი და მელაპარაკებოდა, მითხრა: დანიელ! ახლა გამოვედი, რომ ჭკუა დაგარიგო. | 22 | და გულისხუმა-მიყო მე და სიტყუა-ყო ჩემ თანა და თქუა: დანიელო, აწ გამოვედ დაზავებად შენდა გულისხუმის-ყოფისა. |
23 | შენი ვედრების დასაწყისში სიტყვა გამოვიდა და მე მოვედი, რომ შეგატყობინო იგი, რადგან შენ სათნო კაცი ხარ. დაუკვირდი ამ სიტყვას და გამოიცანი ხილვა. | 23 | და დასაბამსა ვედრებისა შენისასა გამოვიდა სიტყუაჲ და მე მოვედ მითხრობად შენდა, რამეთუ კაცი გულისსათქმელთა ხარი შენ. აწ განიგონე სიტყჳსა შენ და გულისხუმა-ყავ ჩუენებისა შორის. |
24 | შენი ერისთვის და შენი წმიდა ქალაქისთვის სამოცდაათი შვიდეულია დადგენილი შეცოდების დასაფარავად, ცოდვათა დასაბეჭდად, უკეთურების დასაფარავად, სამარადისო სიმართლის დასამყარებლად, ხილვისა და წინასწარმეტყველების დასაბეჭდავად და წმიდათა წმიდის საცხებად. | 24 | სამეოცდაათნი შჳდეულნი შემოკლებულნი ერსა შენსა ზედა და ქალაქსა ზედა წმიდასა, ვიდრე დაძუელებამდე შეცოდებისა, და დასრულებად ცოდვისა, და დაბეჭდვად ცოდვათა და აღჴოცად უსჯულოებათა, და ლხინებად უსამართლოებათა, და აღმოყვანებად სიმართლესა საუკუნესა, და დაბეჭდვად ხილვაჲ და წინაწარმეტყუელი და ცხებად წმიდაჲ წმიდათა, |
25 | ოღონდ იცოდე და შეიგნე: მას შემდეგ, რაც გამოვა ბრძანება იერუსალიმის აღსადგენად და ასაშენებლად, შვიდი შვიდეული და სამოცდაორი შვიდეული გავა ცხებული მეფის მოსვლამდე. აღდგება ქუჩა და უბანი, ოღონდ ძნელბედობის ჟამს. | 25 | მეცნიერება და გულისხუმის-ყოფაჲ და გამოსლვითგან სიტყუათათ მიგებად და აღშენებად იერუსალჱმისა ვიდრე ქრისტესადმე წინამძღუარისა შჳდეულნი შჳდ და შჳდეულნი სამეოცდაორ, და მოაქციოს და აღეშენნენ უბანნი და ზღუდე, და განახლდენ ჟამნი. |
26 | სამოცდაორი შვიდეულის შემდეგ მოიკვეთება ცხებული მაგრამ ბრალი არ ექნება. ქალაქსა და საწმიდარს დაანგრევს მომავალი მთავრის ხალხი და მისი აღსასრული წარღვნასავით იქნება; ომის ბოლომდეა გადაწყვეტილი გატიალებანი. | 26 | და შემდგომად შჳდეულისა სამეოცდაორთა მოისპოს ცხებაჲ და მსჯავრი არა იყოს მას შინა, და ქალაქი და წმიდაჲ განიხრწნას წინამძღუარისა თანა მომავალისა და მოიკუეთნენ წყლითრღუნასა შინა და ვიდრე დასასრულამდე ბრძოლისა შემოკლებულისა დააწესნეს უჩინოქმნულებად, და განაძლიეროს აღთქმაჲ მრავალთაჲ შჳდეულსა ერთსა და ნახევარსა შორის შჳდეულისასა დააცხროს მსხუერპლისსაცავი და მსხუერპლი შესაწირავი და ფრთესა ზედა დააწესოს უჩინოქმნისაგან და ვიდრე აღსასრულისამდე და სწრაფისა დააწესოს უჩინოქმნასა ზედა. |
27 | იგი მრავალთან განამტკიცებს აღთქმას ერთ შვიდეულში, შვიდეულის ნახევარში შეცვლის მსხვერპლს და ძღვენს. სიბილწის ფრთებზე იქნება გამტიალებელი, ვიდრე განგებული დრო არ ეწევა გამტიალებელს. | 27 | და განაძლიეროს აღთქმაჲ მრავალთა შჳდეულსა ერთსა და კერძოსა შჳდეულისასა აღებულ იქმნეს მსხუერპლი ჩემი და შესაწირავი და ამათ თანა შორის ტაძრისა საძაგელი მოოჴრებისა იყოს და ვიდრე დასასრულამდე ჟამისაჲსა დასასრული მოეცეს მოოჴრებასა შინა. |