ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ეკლესიასტე

თავი პირველი

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

სიტყვანი ეკლესიასტესი, ძისა დავითისა, იერუსალიმის მეფისა.

1

სიტყუანი ეკლესიასტესნი, ძისა დავითისნი, მეფისა ისრაჱლისანი, იერუსალიმს

2 ამაოება ამაოებათა, თქვა ეკლესიასტემ, ამაოება ამაოებათა, ყოველივე ამაოა. 2 ამაოება ამაოთა, - თქუა ეკლესიასტე, - ამაოება ამაოთა, ყოველივე ამაო
3 ადამიანს რას ჰმატებს შრომა, რომელსაც იგი მზის ქვეშ ეწევა? 3 რა უმეტეს არს კაცისა, ყოველსა შინა შრომასა მისსა, რომელსა შურების მზესა ამას ქუეშე
4 თაობა მიდის, თაობა მოდის, ეს ქვეყანა კი უცვლელია უკუნისამდე. 4 ნათესავი წარვალს და ნათესავი მოვალს, და ქუეყანა უკუნისამდე ჰგიეს
5 აღმოხდება მზე და ჩადის იგი, უბრუნდება თავის ადგილს და კვლავ იქიდან ამობრწყინდება. 5 და აღმოვალს მზე და დავალს მზე და ადგილსა თჳსსა მივალს იგი
6 სამხრეთისაკენ მიჰქრის ქარი, გაბრუნდება ჩრდილოეთისკენ; ბრუნავს, ბრუნავს, მიჰქრის ქარი და უბრუნდება ისევ თავის წრეს. 6 და მუნვე მივალს სამხრით და მოჰვლის ჩრდილოთ, გარემოვლის გარემო სული და სიმრგულესა თჳსსა მოიქცევის სული
7 ყველა მდინარე ზღვებისაკენ მიედინება, ზღვა კი მაინც არ აღივსება; მდინარენი საითკენაც მიედინებოდნენ, კვლავაც იქითკენ მიედინებიან. 7 ყოველი ჴევნები შესდის ზღუასა და ზღუა ვერ განძღების ადგილსა მას, სადა-იგი ჴევნები მივალს, მუნვე კუალად მიიქცევინ იგინი განსლვად
8 უძლურია ყოველი სიტყვა, არ ძალუძს კაცს ყოველივეს თქმა; თვალი ხედვით ვერ გაძღება, ყური სმენით ვერ აღივსება. 8 ყოველნივე სიტყუანი შრომით; ვერ შემძლებელ არს კაცი სიტყუად, და ვერ განძღეს თუალნი ხედვითა, და არა აღივსოს ყური სმენითა
9 რაც ყოფილა, იგივე იქნება და რაც მომხდარა, იგივე მოხდება; არაფერია მზის ქვეშ ახალი. 9 რა არს ქმნილი იგი თავადი ყოფადისა მის და რაჲ არს, რომელმან ქმნა იგი? არს თავადი, რომელი ჰყოფს
10 ნახავენ რასმე და იტყვიან: აჰა, ახალი. ესეც ყოფილა ჩვენს წინარე საუკუნეში. 10 და არა რაჲ არს ყოველივე მზესა ამას ქუეშე, რომლისათჳს იტყჳს და თქუას, ვითარმედ: ესე ახალი არს. მიერითგან ქმნილ არს საუკუნეთა მათ ყოფილთა უწინარეს ჩუენსა
11 არ დარჩენილა ხსოვნა იმათი, ვინც წინათ იყო; და მომდევნოთაც, ვინც იქნებიან, არ გაიხსენებს მათი მიმყოლი. 11 არა არს ჴსენება პირველთა მათ და უკუანაჲსკნელთა, რომელნი ყოფილ არიან უწინარეს ჩუენსა, არა არს ჴსენება ქმნილთა მათ თანა უკუანაჲსნელთა
12 მე, ეკლესიასტე, მეფე ვიყავ ისრაელისა იერუსალიმში. 12 მე, ეკლესიატე, ვიყავ მეფე ისრაჱლსა ზედა, იერუსალიმს
13 ვიწყე კვლევა გულმოდგინებით, გონებით განსჯა ყოველივესი, რაიც მომხდარა ცისქვეშეთში; ეს მძიმე საქმე მიუჩინა უფალმა ადამის ძეთ სატანჯველად. 13 და მივეც გული ჩემი გამოძიებად და განზრახვად სიბრძნესა ყოვლისავეთჳს, რომელ ქმნილ არიან მზესა ქუეშე, რამეთუ მიმოტაცება შრომისა მოსცა ღმერთმან ძეთა კაცთასა, რათა მიმოიტაცებოდიან მას შინა
14 განვიცადე ყოველი საქმე, რაც კი მომხდარა მზისქვეშეთში; და აჰა, ვცანი - ამაო არის ყველაფერი და ქარის დევნა. 14 ვიხილენ ყოვლითურთ, რომელნი ქმნილ არიან მზესა ქუეშე, და აჰა, ესერა, ყოველივე ამაო და გამორჩევა სულისა
15 გამრუდებულს ვეღარ გამართავ, ხოლო ნაკლულს ვეღარაფრით ვეღარ შეავსებ. 15 და გარდაქცეული იგი ვერ ჴელ-ეწიფების შემკობად, და დაკლებულსა მას ვერ უძლავს აღრაცხვად
16 ვუთხარი ჩემს თავს: აჰა, მოვიპოვე და განვიმრავლე ცოდნა ყოველთა უპირატესად, ვინც არსებულა ჩემს უწინარეს იერუსალიმში, და ეზიარა გონება ჩემი განუზომელ სიბრძნეს და ცოდნას. 16 ვიტყოდე მე გულსა ჩემსა და ვთქუ: აჰა, ესერა, მე განვდიდენ უფროს მათსა, რომელნი იყუნეს უწინარეს ჩემსა იერუსალიმს და მივეც გულსა ჩემსა ცნობა სიბრძნისა და მეცნიერებისა. და შევსძინე მე სიბრძნე ყოველსა ზედა, რაოდენნი იყვნეს უწინარეს ჩემსა იერუსალჱმსა
17 როცა მივაპყარ გულისყური, შევიცან სიბრძნე, მეცნიერება, უმეცრება და სისულელე, მივხვდი - ამასაც არა აქვს აზრი. 17 და გულმან ჩემმან იხილა მრავალი სიბრძნე და მეცნიერება. იგავნი და მიწევნანი ვცნენ მე, რამეთუ ესეცა სულისა გამორჩევაჲ არს
18 რადგან, როცა დიდია სიბრძნე, დარდიც დიდია; მრავლის შეცნობა ადამიანს წუხილს უმრავლებს. 18 რამეთუ სიმრავლესა შინა სიბრძნისა სიმრავლე მეცნიერებისა არს; და რომელმან შესძინოს ცნობა, შესძინოს მან სალმობა