1 |
გახსოვდეს შენი გამჩენი შენს სიჭაბუკეში, ვიდრე დაგიდგებოდეს მწარე დღეები და
გეწეოდეს წლები, რომლებზეც იტყვი, რაღაში მადგიან მე ისინიო?
|
|
|
2 |
ვიდრე დაბნელდებოდეს მზე, ნათელი და მთვარე და
ვარსკვლავები, ვიდრე ღრუბლები კიდევ ჩანან წვიმის შემდეგ, |
|
|
3 |
იმ დღემდე, ვიდრე დაფრთხებოდნენ სასახლის მცველნი და
მეომარნი დაუძლურდებოდნენ, ვიდრე შეწყვეტდნენ სამუშაოს მეწისქვილე ქალები
(რადგან მცირედნიღა დარჩებიან), ვიდრე ნათელი დააკლდებოდეთ სარკმლიდან
მჭვრეტელთ, |
|
|
4 |
ვიდრე დაიგმანებოდეს ქუჩის კარები, მიჩუმდებოდეს დოლაბის
ხმაური, მიწყდებოდეს ფრინველთა ჟრიამული, დადუმდებოდეს ყოველი გალობა, |
|
|
5 |
შეეშინდებოდეთ სიმაღლისაც და გზებზე შიში დაივანებდეს,
აყვავდებოდეს ნუში, დამძიმდებოდეს კალია და დაცხრებოდეს ვნება, - როცა
მიდის კაცი თავის საუკუნო სახლისაკენ და უკან მიჰყვებიან მოტირალნი, - |
|
|
6 |
ვიდრე გაწყდებოდეს ვერცხლის საბელი და გატყდებოდეს ოქროს
ჭურჭელი, დაიმსხვრეოდეს დოქი წყაროსთან, ჩაეშვებოდეს ოწინარის ბორბალი
ჭაში, |
|
|
7 |
მიიქცეოდეს მტვერი მიწად, როგორც იყო და სული
დაუბრუნდებოდეს ღმერთს, რომელმაც შთაბერა. |
|
|
8 |
ამაოება ამაოებათა, თქვა ეკლესიასტემ, ყოველივე ამაო. |
|
|
9 |
თავად ხომ ბრძენი იყო ეკლესიასტე, ხალხსაც შეასწავლა
სიბრძნე. იკვლევდა, იძიებდა და თხზავდა იგავებს მრავალს. |
|
|
10 |
ეძებდა ეკლესიასტე საჭირო სიტყვებს და წრფელად დაიწერა ჭეშმარიტი სიტყვები. |
|
|
11 |
ბრძენთა სიტყვები წვერგამახული სოლებია, ჩაჭედილი ლურსმნებია. იგავთა კრებული ერთი
მწყემსისგან შთაგონებული. |
|
|
12 |
კიდევ გეტყვი, შვილო, ყურად იღე: ბევრი წიგნების წერას ბოლო არ ექნება და ზედმეტი
ფიქრი სხეულს ადუნებს. |
|
|
13 |
მოვისმინოთ ყველაფრის თავი და ბოლო: ღვთისა გეშინოდეს და დაიცავი მცნებანი მისნი,
რადგან ეს არის კაცის თავი და თავი. |
|
|
14 |
რადგან ყველა საქმეს სამსჯავროზე მიიტანს ღმერთი, ყოველივე დაფარულს, კეთილს თუ
ბოროტს. |
|
|