ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ეკლესიასტე

თავი მესამე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ყოველივეს თავის დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში.

1

ყოველთათჳს ჟამი არს და ჟამი ჩანს ყოვლისა საქმისა ცასა ქუეშე

2 ჟამი შობისა და ჟამი სიკვდილისა; ჟამი დანერგვისა და ჟამი დანერგულის აღმოფხვრისა. 2 ჟამი არს შობისაჲ და ჟამი სიკუდილისაჲ, ჟამი არს დანერგვისაჲ და ჟამი მოფხურად დანერგულისა მის
3 ჟამი მოკვდინებისა და ჟამი განკურნებისა; ჟამი ნგრევისა და ჟამი შენებისა. 3 ჟამი არს მოკლვისაჲ და ჟამი განკურნებისაჲ, ჟამი დარღუევისაჲ და ჟამი აშენებისაჲ
4 ჟამი ტირილისა და ჟამი სიცილისა; ჟამი გლოვისა და ჟამი ლხინისა. 4 ჟამი ტირილისაჲ და ჟამი სიცილისაჲ, ჟამი ტყებისაჲ და ჟამი როკვისაჲ
5 ჟამი ქვათა მიმოფანტვისა და ჟამი მათი შეგროვებისა; ჟამი მიჯნურთა პაემანისა და ჟამი მათი გაყრისა. 5 ჟამი არს დადებად ქვაჲ და ჟამი არს შეკრებად ქვისა, ჟამი არს გარემოცვისა და ჟამისა არს განშორებად მოცულისა მის
6 ჟამი პოვნისა და ჟამი დაკარგვისა; ჟამი შენახვისა და ჟამი გაფლანგვისა. 6 ჟამი არს ძიებისაჲ და ჟამი წარწყმედისაჲ და ჟამი არს მარხჳსაჲ და ჟამი არს განგდებისაჲ
7 ჟამი დარღვევისა და ჟამი შეკერვისა; ჟამი დუმილისა და ჟამი უბნობისა. 7 ჟამი არს განპებისაჲ და ჟამი შეკერვისაჲ, ჟამი არს დუმილისაჲ და ჟამი სიტყჳსაჲ
8 ჟამი სიყვარულისა და ჟამი სიძულვილისა; ჟამი ომისა და ჟამი მშვიდობისა. 8 ჟამი არს სიყუარულისაჲ და ჟამი არს სიძულილისაჲ და ჟამი მშჳდობისაჲ
9 რას არგებს მაშვრალს შრომა მისი? 9 რაჲთამე უმეტეს არს მოქმედისა მის, რომელსა შურების
10 კიდევაც ვნახე საზრუნავი, რომელიც ღმერთმა მიუჩინა ადამის ძეთ მათ სატანჯველად. 10 ვიხილე ყოვლითურთ მიმოტაცებით, რომელი მოსცა ღმერთმან ძეთა კაცთასა, რათა მიმოიტაცნეს მას შინა
11 მან ყველაფერი კეთილად შექმნა თავის დროისთვის, თვით იდუმალის შეცნობად აღძრა გონება კაცთა, ოღონდ ისე, რომ ვერ გაუგონ ღვთის ნამოქმედარს თავი და ბოლო. 11 ყოველივე ქმნა კეთილი ჟამსა თჳსსა და ყოველთა თანა საუკუნესა მოსცა გულსა მათსა, რათა არა იპოოს კაცმან ქმნილი, რომელი ქმნა ღმერთმან დასაბამითგან და ვიდრე აღსასრულამდე
12

ვუწყი, რადგან არაფერია კაცისათვის იმაზე კარგი, რომ გაიხაროს და ქმნას სიკეთე, ვიდრეღა ცოცხლობს.

12

გულისხმა-ყავ, რამეთუ არა არს კეთილი მას შინა, გარნა რომელი იხაროს და ყოს კეთილი ცხორებასა თჳსსა

13 თუ კაცსა ვისმე არ აკლდება სასმელ-საჭმელი და შრომისა წილ სიკეთეს ჰპოვებს, ეს მადლია, ღვთის ნაბოძები. 13 და კაცმან, რომელმან ჭამოს და სუას და იხილოს კეთილი ყოველსა შინა შრომასა მისსა, ესე მოცემული ღმრთისა არს
14 ვუწყი ისიც, რომ ყოველივე, ღვთის მიერ ქმნილი, იარსებებს უკუნისამდე; არც დამატება სჭირდება რამის, არც გამოკლება. ასე ქმნა ღმერთმა, მის წინაშე შიში რომ ჰქონდეთ. 14 ვცან მე ყოველი, რაოდენი ქმნა ღმერთმან. იგი ეგოს უკუნისამდე. მას ზედა არა არს შეძინება და მისგან არა არს გამოჴუება, და ღმერთმან შექმნა, რათა ეშინოდის პირისაგან მისისა
15 რაიც ყოფილა, უკვე არის დიდი ხანია; და რაც იქნება, ის უკვე იყო. და აწ გარდასულს მხოლოდ ღმერთი გამოიძიებს. 15 ყოფილი იგი მიერითგანვე არს და რაოდენი ყო, ყოფად არს, ქმნილ ხოლო არს და ღმერთმან მოიძიოს დევნული იგი
16 კიდევ ვიხილე მზისქვეშეთში: განსჯის ადგილი დაეჭირა უკანონობას. მართლის ადგილი მტყუან კაცს ეპყრა. 16 და მერმე კუალად ვიხილე მზესა ამას ქუეშე ადგილი სასჯელისაჲ, და მუნ იყო უღმრთოჲ და ადგილი მართლისაჲ და მუნ იყო მოლალე
17 მაშინ ვთქვი გულში: ღმერთი განსჯის მართალს და მტყუანს, როცა ყველაფერს და ყოველ საქმეს დაუდგება იქ თავის ჟამი. 17 და ვთქუ მე გულსა ჩემსა: მართლისა თანა და უღმრთოჲსა თანა საჯოსმეა ღმერთმან? რამეთუ ჟამი არს ყოვლისა საქმისაჲ და ყოველთა ზედა ქმნულთა ჟამი არს და ჟამიერობაჲ
18 და ვთქვი ჩემს გულში: ასე გამოცდის თურმე ღმერთი ადამის ძეთა, რათა დარწმუნდნენ, რომ თავისთავად პირუტყვები არიან მხოლოდ. 18 მუნ ვთქუ მე გულსა შინა ჩემსა სიტყჳსათჳს ძეთა კაცთასა, ვითარმედ განიკითხნეს იგინი ღმერთმან და აჩუენოს, რამეთუ იგინი პირუტყუნი არიან
19 რადგან კაცის და პირუტყვის ხვედრი ერთია - ერთის სიკვდილი მეორისას ჰგავს და ყველას ერთი სული უდგას, კაცი პირუტყვზე ვერაფრით ვერ უპირატესობს, რადგან ყველაფერი ამაოა. 19 და რამეთუ მათცა შემთხუევაჲ ძეთა კაცთავე, ვითარცა შემთხუევაჲ პირუტყუთაჲ, ერთ არს მათი, ვითარცა მისი სიკუდილი, ეგრეცა ამის სიკუდილი. და სული მათი ყოველთა შინა და რაჲთამე ჰმატს კაცი პირუტყუსა? არარაჲთ, რამეთუ ყოველივე ამაო
20 ყოველივე ერთ ადგილს მივა; ყველაფერი მიწისგანაა და ყველაფერი მიწად იქცევა. 20 და ყოველივე ერთსა ადგილსა მივალს. ყოველივე შეიქმნა მიწისაგან და ყოველივე მიიქცევის მიწად
21 რომელი იტყვის, რომ კაცთა სული ზევით მიილტვის, ხოლო პირუტყვის ქვევით ჩადის, ქვესკნელისკენ? 21 და ვინ იცის სული ძეთა კაცთა, უკუეთუ აღვალს იგი ხე, და სული პირუტყუთაჲ, უკეთუ შთავალს იგი ქუეყანად ქუე
22 ვხედავ, კაცთათვის სხვა სიკეთე რომ არ ყოფილა, თუ არ იხარა თავის ნაღვაწით, რადგან ესაა მისი წილი ამ მზისქვეშეთში, ვინ დაანახვებს, რა მოხდება შემდგომად მისა? 22 და ვიხილე, რამეთუ არა არს კეთილ, გარნა რომელი ახაროს კაცმან ყოველთა შინა ქმნილთა მისთა, რამეთუ იგი არს ნაწილი მისი. და ანუ ვინმე მოიყვანოს იგი ხილვად, რაჲ-იგი იყოს მისსა შემდგომად