ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ეკლესიასტე

თავი მეშვიდე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

კარგი სახელი სჯობს ძვირფას ნელსაცხებელს, დღე სიკვდილისა - გაჩენის დღეს.

   
2 ტირილში წასვლა სჯობს ლხინში წასვლას, რადგან იქ არის ბოლო კაცისა; ცოცხალმა კაცმა ეს ყურად იღოს.    
3 მწუხარება სჯობს სიცილს, რადგან სახის დაღვრემისას კეთილია გული.    
4 ბრძენთა ფიქრები გლოვის სახლშია, უგუნურთა ფიქრები - მხიარულების სახლში.    
5 სჯობს ბრძენისაგან კიცხვას ისმენდე, ვიდრე ბრიყვისგან ქება-დიდებას.    
6 რადგან ბრიყვთა სიცილი ქვაბის ქვეშ ფიჩხის ტკაცუნს ჰგავს; ამაოებაა ეს.    
7 გაჭირვება ბრძენს გამოაჩენს, ხოლო ქრთამი რყვნის გულს კაცისას.    
8 საქმის ბოლო სჯობს მის დასაწყისს; სულგრძელი კაცი სჯობს ამპარტავანს.    
9 გულისწყრომად ნუ იჩქარი, რადგან გულისწყრომა უგუნურთა მკერდში ბუდობს.    
10 ნუ იტყვი: წარსული დროება აწმყოს რად სჯობდაო, რადგან სიბრძნე არ ახლავს ამ კითხვას.    
11

კარგია სიბრძნე და დოვლათი, დიდად სარგოა მზის მჭვრეტელთათვის.

   
12 სიბრძნეც დაიფარავს კაცს და ფულიც დაიფარავს, მაგრამ სიბრძნე უპირატესია; მის მფლობელს აცოცხლებს.    
13 შეხედე ღვთის შექმნილს: ვინ გამართავს მისგან გამრუდებულს?    
14 კეთილდღეობისას იბედნიერე, ძნელბედობისას ფრთხილად მოიქეც! ესეც და ისიც ღმერთმა შექმნა ერთმანეთის საპირისპიროდ, რათა კაცმა მის უკან ვერაფერი შეიცნოს.    
15 ბევრი რამ ვნახე ჩემს ამაო წუთისოფელში: მართალი იღუპება თავის სიმართლეში, ბოროტეული დღეგრძელობს თავის ბოროტებაში.    
16 ნუ იქნები ზედმეტად მართალი და მეტისმეტად ნუ დაბრძენდები - რად გინდა, რომ შეძრწუნდე?    
17 მეტისმეტად ნუ იბოროტებ, არც გაბრიყვდე - რად გინდა, რომ უდროოდ მოკვდე?    
18 უმჯობესია, ერთიც იყო და მეორეც, არც ერთი უარყო და არც მეორე; რადგან ღვთის მოშიში ყველაფრისგან თავს აღწევს.    
19 სიბრძნე ბრძენისათვის ძალაა, ქალაქის ათ მბრძანებელზე აღმატებული.    
20 არ იპოება ქვეყნად მართალი კაცი, რომელიც იქმოდეს კეთილ საქმეს და არ სცოდავდეს.    
21

ყველა სიტყვას, რასაც ამბობენ, ყურს ნუ მიუგდებ, რათა არ გესმოდეს, შენი მონა როგორ გაგინებს.

   
22 რადგან ბევრჯერ გამოგიცდია, შენც რომ აგინებდი სხვებს.    
23 ყოველივე ეს სიბრძნით გამოვიკვლიე; ვთქვი: ბრძენი ვარ-მეთქი, მაგრამ სიბრძნე შორსაა ჩემგან.    
24 შორია, რაც იყო, და ღრმა არის, ღრმა, ვინ მიაგნებს?    
25 გულს ვიდევ, შემეცნო, შემესწავლა, გამომეკვლია, რა არის სიბრძნე და გონიერება, რათა მცოდნოდა, რომ უმეცრება ბოროტებაა.    
26 მივხვდი, სიკვდილზე მწარეა დიაცი, მახე და ბადეა მისი გული,ბორკილებია ხელები მისი; ღვთის სათნო გადაურჩება, ხოლო ცოდვილი მისგან დატყვევდება.    
27 აი, რას მივხვდი, თქვა ეკლესიასტემ: თანმიყოლებით უნდა მისდიო, რომ აზრს მიაგნო.    
28 კიდევ ამას ეძიებდა გონება ჩემი, მაგრამ ვერ ვპოვე: ათასიდან ერთი მამაკაცი ვპოვე, მაგრამ მათ შორის ვერა ვპოვე ვერცერთი ქალი.    
29 აჰა, ეს ვპოვე მხოლოდ: ღმერთმა წრფელი შექმნა კაცი, ისინი კი ზედმეტ თავსატეხს მრავლად იჩენენ.