ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
ასლი ეპისტოლესი, რომელიც იერემიამ გაუვზავნა ტყვეებს, ბაბილონელთა მეფეს რომ უნდა წაესხა ბაბილონში. | ებისტოლე ბრძენისა ებისტოლე ბრძნისა იერემიაჲსი, ნაცვალნაწერი ებისტოლისაჲ, რომელი წარსცა იერემია წარყვანებულთა მიმართ ტყუეთა ბაბილონად, მეფისა მიერ ბაბილოვნელთაჲსა, მითხრობად მათდა, ვითარცა ებრძანნეს მას ღმრთისა მიერ. | ||
1 |
ღვთის წინაშე რომ ჩაიდინეთ, იმ ცოდვების გამო იქნებით წაყვანილი ტყვეებად ბაბილონში. |
1 |
ცოდვათათჳს, რომელ სცოდენით წინაშე ღმრთისა; წარხუედით ბაბილონად ტყუენი ნაბუქოდონოსორის მიერ, მეფისა ბაბილონისა. |
2 | ბაბილონში რომ მიხვალთ, მრავალ წელიწადს, დიდხანს დაჰყოფთ იქ, მეშვიდე თაობამდე, ხოლო ამის შემდეგ გამოგიყვანთ იქიდან მშვიდობით. | 2 | ხოლო შესრულნი ბაბილონად იყვნეთ მუნ წელთა მრავალთა და ჟამსა გრძელსა, ვიდრე ნათესავთამდე შჳდთა, ხოლო შემდგომად ამისსა გამოგიყვანნე თქუენ მერმე მიერ მშჳდობით. |
3 | ახლა კი, ბაბილონში იხილავთ ოქროს, ვერცხლისა და ხის ღმერთებს, რომლებსაც მხრებით დაატარებს ხალხი და რომლებიც შიშისზარს სცემენ წარმართებს. | 3 | ხოლო აწ იხილნეთ ბაბილონსა შინა ღმერთნი ოქრთანნი და ვეცხლოანნი, ქუეყანისანი და ძელოანნი, მჴართა ზედა აღებულნი, მჩუენებელნი შიშსა წარმართთათჳს. |
4 | ფრთხილად იყავით, თქვენც არ დაემსგავსოთ უცხოელებს და მათმა შიშმა არ შეგიპყროთ, როცა დაინახავთ მათ წინ და უკან მოთაყვანე ბრბოს. | 4 | ეკრძალენით უკუე, ნუსადა თქუენცა, მსგავსებულნი უცხოთესლთანი, შეშინდეთ მათგან და შიშმან შეგიპყრნეს თქუენ მათმან. |
5 | არამედ თქვით გულში: შენი თაყვანისცემა გვმართებს, უფალო. | 5 | იხილოთ რაჲ ერი წინაშე მათსა და უკუანა თაყუანისმცემელად მათდა, თქუთ: უკუე გაგონებითა შენდა ჯერ-არს თაყუანის-ცემად, მეუფეო, |
6 | რადგან თქვენთან არის ჩემი ანგელოზი და ის იფარავს თქვენს სულებს. | 6 | რამეთუ ანგელოზი ჩემი თქუენ თანა არს, მან გამოიძინეს სულნი თქუენნი. |
7 | მათი ენა ხომ ხელოსნის ხელითაა გამოთლილი, თავად კი ოქროთი და ვერცხლით არიან დაფერილი, მაგრამ ცრუნი არიან და ლაპარაკი არ შეუძლიათ. | 7 | რამეთუ ენაჲ მათი არს გამოხუეწილ ხუროსა მიერ და იგინი გარემოოქრვილ და გარემოვეცხლულ, ნაცილ არიან და ვერ უძლავს ჴმა-ყოფად. |
8 | თითქოს სამკაულის მოყვარული ქალწულები იყვნენ, ისე უმკობენ თავს ოქროსგან ნაკეთები გვირგვინებით თავიანთ ღმერთებს. | 8 | და ვითარ ქალწული მკობისმოყუარე მიიღებნ ოქროსა, შეუმზადებნ |
9 | ზოგჯერ ასეც ხდება, რომ ქურუმები თავიანთ ღმერთებს ჩუმად ჰპარავენ ოქრო-ვერცხლს და საკუთარი საჭიროებისთვის იყენებენ, ან მეძავებს ახარჯავენ საროსკიპოებში. | 9 | გჳრგჳნსა თავსა ზედა ღმერთთა მათთასა, არს ოდეს და მიმხუეჭელნიცა მღდელნი ღმერთთაგან მათთა ოქროჲსა და ვეცხლისანი, თავთა თჳსთათჳს წარაგებენ. |
10 | ადამიანებივით ამკობენ სამოსელით ვერცხლის, ოქროსა და ხის ღმერთებს, რომელთაც ჟანგისა და ჩრჩილისგანაც კი ვერ დაუცავთ თავი. | 10 | ხოლო მისცემენ მათგან და სართულისშინათაცა მეძავთა, ხოლო შეამკობენ მათ, ვითარცა კაცთა, შესამოსლებითა ღმერთთა ოქროჲსათა და ღმერთთა ვეცხლისათა და ძელისათა. |
11 |
ძოწეულის მოსასხამი მოსავთ, პირისახიდან მოწმენდილი აქვთ მტვერი, რომელიც უხვად ედებათ საკერპოებში; |
11 |
ხოლო ესენი ვერ განერებიან დაგესლებისაგან და შეჭმისა. |
12 | ხელთ კვერთხი უპყრია ქვეყნის მსაჯულივით, მაგრამ თავისი შეურაცხმყოფელის მოსპობა კი არ შეუძლია; | 12 | შემოსილნი სამოსლითა პორფირითა განჰჴოცენ პირსა მათსა სახლთაჲსაგან მტუერისა, რომელი მრავალ არს მათ შორის. |
13 | მარჯვენაში მახვილი უპყრია და ცული, მაგრამ ბრძოლისგან და ავაზაკებისგან თავის დაღწევა არ შეუძლია. | 13 | და სკიპტრაჲ აქუს, ვითარცა კაცსა მსაჯულსა სოფლისასა, რომელი მისდამი მცოდველსა ვერ მოჰკლავს. |
14 | აქედან ჩანს, რომ არ არიან ისინი ღმერთები; ნუ გეშინიათ მათი. | 14 | ხოლო აქუს ვარზი მარჯუენესა და მახჳლი, გარნა თავსა თჳსსა ბრძოლისა და ავაზაკთაგან ვერ განარინებს, ვინაჲ საცნაურ არიან არა ყოფად ღმერთად. |
15 | რადგან, როგორც გატეხილი ჭურჭელია გამოუსადეგარი მისი პატრონისთვის, ასევე მათი ღმერთები, საკერპოებში რომ არიან დაყენებული. | 15 | ნუუკუე გეშინინყე მათგან, რამეთუ ვითარ ჭურჭელი კეცისაჲ შემუსრვილი უჴმარ იქმნების, ეგევითარნი არიან ღმერთნი მათნი. |
16 | თვალები მტვერით აქვთ ამოვსებული, შემომსვლელთა ფეხს რომ მოჰყვება; | 16 | დამტკიცებულ არიან იგინი სახლთა შინა; თუალნი მათნი სავსე არიან მტუერითა ფერჴებისაგან შემავალთასა. |
17 | და როგორც მეფის შეურაცხმყოფელს ჩაუკეტავენ კარებს ყოველი მხრიდან სიკვდილმისჯილივით, ასევე მათ საკერპოებს იცავენ ქურუმები კარებებით, ბოქლომებითა და ურდულებით, რომ ავაზაკებმა არ გაძარცვონ. | 17 | და ვითარცა შემცოდისა ვისმე მეფისანი, გარემოკრძალულ არიან ეზონი, ვითარცა სიკუდიდ მიმართ მიყვანებადისანი, სახლთა მათთა განამაგრებენ მღდელნი კარებითა და კლიტეებითა და მოქლონებითა, რაჲთა ავაზაკთა მიერ არ წარიტყუენნენ. |
18 | მათ უფრო მეტად უნთებენ ლამპრებს, ვიდრე თავიანთ თავს, თუმცა არცერთის დანახვა მათ არ ძალუძთ. | 18 | სანთელთა წუენ უმრავლესთა ვიდრე თავისა მათისა, რომელ არცა ერთისა შემძლებელ არიან ხილვად, ხოლო არიან ვითარცა დჳრენი სახლისაგანნი. |
19 | სახლის კოჭებივით არიან; ამბობენ, ამოღებულია მათი გულებიო, თავად მათ და მათ სამოსელს მიწის ჭიები ჭამენ, თავად კი ვერაფერს გრძნობენო. | 19 | და გულთა მათთასა იტყჳან ლოშნასა ქუეყანისა ქუეწარმავალთა მიერ შემჭმელთაგან მათთა და შესამოსელთა მათთაჲსა, ხოლო აგრძნობენ არა, |
20 | მათი პირისახე საკერპოდან ადენილი კვამლით არის გამურული; | 20 | დაშავებულნი პირითა მათითა კუამლისაგან სახლისამიერისა, |
21 |
ტანზე და თავზე ღამურები, მერცხლები და სხვა ფრინველები ასხდებიან, ზოგჯერ კი კატებიც. |
21 |
სხეულსა ზედა მათსა და თავსა ზედა მათსა ფრინველ მღამიობნი, მერცხალნი და ნეშტნი მფრინველნი, ეგრეთვე კუერნანიცა. |
22 | აქედან გაიგებ, რომ არ არიან ისინი ღმერთები; ნუ გეშინიათ მათი. | 22 | ვინაჲ ცანთ, რამეთუ არა არიან დმერთნი, ნუუკუე ეშიშვით მათ? |
23 | ხოლო ოქრო, რომლითაც ისინი სილამაზისთვის არიან დაფარულნი, არ ბრწყინავს, თუ ვინმემ ჟანგისგან არ გაწმიდა. როცა ასხამდნენ მათ, ვერაფერს გრძნობდნენ. | 23 | რამეთუ ოქროჲ, რომელი გარეაცყე საშუერად, არა თუ ეინმე განჴოცოს გესლისაგან მისისა, ვერ ბზინვიდეს, რამეთუ არცა, ოდეს გამოიდნობვოდეს, აგრძნობდეს. |
24 | დიდ ფასად არიან ნაყიდნი, სული კი არ უდგათ. | 24 | ყოვლითა ფასითა სყიდულ არიან, რომელთა შორის არა არს სული |
25 | ფეხები არა აქვთ და მხრებით დაატარებენ, საკუთრ უძლურებას ამჟღავნებენ კაცთა წინაშე. შერცხვენილი არიან ისინიც, ვინც მათ ემსახურება, რადგან ძირს თუ დაეცნენ, თავისით ვერ წამოდგებიან. | 25 | თჳნიერ ფერჴთასა მჴართა მიერ მოიხუმიან მჩუენებელნი უპატიოებისა თჳსისანი კაცთამი, ხოლო ჰრცხუენისყე და მსახურთაცა მათთა. |
26 | და თუ ვინმე წამოაყენებს, თავისით ვერ დაიძვრება ადგილიდან; თუ გადახრის ვინმე, თავისით ვეღარ გასწორდება; ძღვენსაც ისე მიართმევენ, როგორც მკვდრებს. | 26 | მით, რამეთუ და-თუ-სადა-ვარდენ ქუეყანასა ზედა, ვერ შემძლებელ არიან თავით თჳსით აღდგომად, ვერცა მართლად თუ ვინ დადგნეს იგინი, თავით თჳსით შეიძრნენ, ვერცა და-თუ-სხდენ, აღემართნენ, არამედ, ვითარცა მკუდართა, ძღუენნი დაეგებიან მათ. |
27 | მათთვის შეწირულ მსხვერპლს ქურუმები ყიდიან და საკუთრად იყენებენ; მათი ცოლები ნაწილს ამარილებენ, არც ღარიბ-ღატაკთ ურიგებენ, არც საპყრებს. მათი მსხვერპლის მიკარებას მირეული და თვეში ჩამდგარი ქალებიც კი ბედავენ. | 27 | ხოლო მსხუერპლთა მათთა გამომხუმელნი მღდელნი მათნი შეიჴმარებენ ეგრეთ, და ცოლთაცა მათთა მათგანვე დაიაპოხტიან, არცა გლახაკსა, არცა უძლურსა გარდასცემენ მსხუერპლთაგან მათთა, დაშტანი და მშობიარე შეეხებინ. |
28 | ამით გეცოდინებათ, რომ ღმერთები არ არიან ისინი, და არ შეგეშინდებათ მათი. | 28 | მცნობელთა უკუე ამათგან, ვითარმედ არა არიან ღმერთებ, ნუ გეშინინყე მათგან, |
29 | რადგან როგორ უნდა იწოდებოდნენ ისინი ღმერთებად, როცა ქალებიც კი სწირავენ მსხვერპლს ვერცხლის, ოქროსა და ხის ღმერთებს? | 29 | რამეთუ ვინაჲ იწოდნეს ღმრთეებ, სადა დედანი დაუგებენ ღმერთთა ოქროჲსა და ვეცხლისა და ძელისათა? |
30 | მათ საკერპოებთან ეტლებით მიდიან დახეული კვართებით შემოსილი ქურუმები, თმაწვერმოპარსულნი და თავშიშველნი; | 30 | და სახლთა შინა მათთა მღდელნი დასხდებიედ, მქონებელნი შესამოსელთა, დაბძარულთა, და თავთა, და წუერთა, დაყუენილთა, რომელთა თავნი დაუბურველ არიედ. |
31 |
მოთქვამენ და გოდებენ თავიანთი ღმერთების წინაშე, როგორც მკვდრის ქელეხში იციან. |
31 |
ყივიედ, ჴმობედ წინაშე ღმერთთა მათთასა, ვითარცა მკუდრისა ძლითსა სერობასა შინა ვიეთნიმე. |
32 | მათი შესამოსელიდან ნაწილი ქურუმებს მიაქვთ შინ და ცოლ-შვილს მოსავენ. | 32 | სამოსელთაგან მათთა წარმღებელნი მღდელნი შეჰმოსენ ცოლთა მათთა და ყრმათა, |
33 | ვერც ბოროტისმყოფელს მიუზღავენ სამაგიეროს და ვერც კეთილისმყოფელს; არც მეფის დაყენება ძალუძთ და არც მისი გადაყენება. | 33 | არცა ბოროტი თუ რაჲ ვისგანმე ევნოსყე, არცა კეთილისა თუ შემძლებელ არიან მიგებად, არცა მეფისა, ძალ-უცყე დადგენაჲ, არცა წაღებაჲ. |
34 | ასევე, არც სიმდიდრის მიცემა შეუძლიათ ვინმესთვის და არც სპილენძის ფულისა; თუ ვინმე აღთქმას მისცემს და არ შეუსრულებს, ვერ მოჰკითხავენ; | 34 | ეგრეთვე, არცა სიმდიდრისა, არცა ვეცხლისაჲ ვერ ძალ-უცყე მიცემაჲ. აღმთქმელმან თუ ვინმე მათმან აღთქმისამან არ მისცეს, ვერ გამოიძიონ, |
35 | სიკვდილისგან ვერ იხსნიან ვაცს და ვერც სუსტს დაიცავენ მძლავრისგან; | 35 | სიკუღილისაგან კაცი ვერ იჴსნან, ვერცა უდარესი ძლიერისაგან ვერ განარინონ, |
36 | ბრმას თვალისჩინს ვერ დაუბრუნებენ და გაჭირვებულ კაცს ვერ შეეწევიან; | 36 | კაცი ბრმაჲ მხედველად ვერ აჩვენონ, ჭირსა შინა მყოფი კაცი ვერ გამოიჴსნან. |
37 | ქვრივოხერს ვერ შეიწყალებენ და ობოლს კეთილს ვერ უყოფენ. | 37 | ქურივი ვერ შეიწყალონ, ვერცა ობოლსა კეთილი უყონ. |
38 | მთის ლოდებივით არიან ხისგან გაკეთებული, მოვერცხლილი და მოოქროვილი ღმერთები; მათი თაყვანისმცემელნი კი შერცხვებიან. | 38 | მთისაგანთა ქვათა მიმსგავსებულნი არიან ღმერთნი მათნი ძელისანი და გარემოვეცხლულნი, და გამოოქროვილნი, მსახურნი მათნი სირცხჳლეულ იქმნენ. |
39 | როგორ უნდა შეირაცხონ ან იწოდონ ისინი ღმერთებად? | 39 | ვის უკუე საგონის, ანუ საწოდის არს, მათდა არიან იგი ღმერთად. |
40 | თავად ქალდეველთაგან არიან ისინი შეურაცხყოფილნი: დაინახავენ ვინმე მუნჯს, ლაპარაკი რომ არ შეუძლია, და მიჰყავთ ბელთან და ევედრებიან, ხმა ამოადებინოს კაცს, თითქოს ბელს რამე ესმოდეს. | 40 | ხოლო მერმე და თჳთ იგი ქალდეველნიცა აგინებენვე მათ, რომელთა ოდეს იხილნიან განლიგებული ვერშემძლებელი, სიტყვად მიმრთმელთა ეზოჲსათა დიოჲსდა და ევედრებიედ ჴმა-ყოფად. |
41 |
ამის შემხედვარენი მაინც არ ეშვებიან მათ, რადგან გაგება არა აქვთ. |
41 |
ვითარმცა შესაძლებელ იყო მისდა გრძნობაჲ? და ვერ უძლავს მათ გულისხმის-ყოფად დატევება, რამეთუ გრძნობაჲ არა აქუსყე. |
42 | გზებზე სხედან წელშემოსარტყლული ქალები და ფიჭვის საკმეველს აკმევენ; | 42 | ხოლო დედანი მორტყმულნი საბლებითა გზათა ზედა დასხდებიენ კუმევად ქატოთა. |
43 | როცა ერთ მათგანს გამვლელი კაცი წაიყვანს და დაწვება მასთან, იგი თავის მეზობელ ქალს დასცინებს, რომ მასავით პატივის ღირსი არ შეიქნა და რომ არ შეხსნილა მისი სარტყელი. | 43 | ხოლო ოდეს მათგანსა ვისმე მიზიდულსა თანწარმავალთაგანისა ვისგანმე, დაწვის მის თანა, მოყუასსა აყუედრებდის, ვითარმედ არა ღირს იქმნა, ვითარცა იგი, არცა საბელი მისი განწყდა. |
44 | ყველაფერი, რაც მათთვის კეთდება, სიყალბეა. მაშ, რისთვის უნდა შეირაცხონ ან იწოდონ ისინი ღმერთებად? | 44 | ხოლო ყოველნი ქმნილნი მათთჳს არიან ტყუილ, ვითარ უკუე საგონის იყოს ღმერთ-ყოფაჲ მათი, ანუ წოდებაჲ ღმერთებ? |
45 | დურგლებისა და ოქრომჭედლების ხელით არიან ნაკეთები; სხვა რა უნდა იყვნენ, გარდა იმისა, რასაც მათი ოსტატები ისურვებენ. | 45 | ხუროთა მიერ და ოქრომჭედელთა შემზადებულ არიან, ვერარა სხუად ვერ იქმნებიან, გარნა რომელი ჰნებავნ |
46 | თვით მათი შემქმნელნიც ვერ იქნებიან დღეგრძელნი და მათი ხელიდან გამოსულები როგორღა უნდა იყვნენ ღმერთები? | 46 | ჴელოვანთა ქმნად მათდა, ხოლო თჳთ იგიცა შემმზადებელნი მათნი ვერ იქმნენ მრავალჟამიერ, ვითარ ეგულვოს მათ მიერ შემზადებულთა ყოფა ღმერთებ? |
47 | მხიალოდ სიცრუე და სირცხვილი დაუტოვეს თავიანთ შთამომავლობას. | 47 | რამეთუ დაუტევეს სიცრუე და ყუედრება შემდგომად ყოფადთა, |
48 | როდესაც ომი ან უბედურება დაატყდებათ თავს, ქურუმები ერთმანეთში ბჭობენ, სად გაიხიზნონ კერპებთან ერთად. | 48 | რამეთუ ოდეს მოვიდის მათ ზედა ბრძოლა და ძჳრნი, განიზრახევდ თავთა მიმართ თჳსთა მღდელნი მათნი, სადა დაიმალნენ მათ თანა. |
49 | მაშ, რატომ ვერ ხვდებიან, რომ არ არიან ღმერთები ისინი, ვისაც საკუთარი თავი ომისა და უბედურებისაგან ვერ დაუხსნიათ. | 49 | ვითარ უკვე არა საგრძნობ არს, ვითარმედ არა არიან ღმერთებ, არამედ საქმეებ ჴელებისა კაცთაჲსა, რომელნი ვერ აცხოვნებენ მათ, ვერცა ბრძოლისა, ვერცა ბოროტთაგან განერნენ. |
50 | რაკი ხისგან არიან გაკეთებული და ოქროთი და ვერცხლით დაფერილი, ამაზე მიხვდებით, რომ ცრუნი არიან ისინი. ყველა ხალხისთვის და მეფისთვის ცხადი უნდა იყოს, რომ ისინი ღმერთები კი არ არიან, რამედ კაცის ხელით ნაკეთებნი, რომ ღვთის ხელი არ ურევია მათ შექმნაში. | 50 | მყოფნი ძელისად და მოვეცხლულად და მოოქროვილად. ეცნობოს ამისთჳს შემდგომად ყოველთა წარმართთა, ვითარმედ ნაცილ არიან და მეფეთადცა ცხორებად არიან, ვითარმედ არა არიან ღმრთეებ, არამედ საქმენი ჴელებისა კაცთასა და არარაჲ არს საქმე ღმრთისაჲ მათ შორის. |
51 |
მაშ, ვიღასთვის უნდა იყოს გაუგებარი, რომ ღმერთები არ არიან ისინი? |
51 |
ვისდა უკუე არსაცნაურ არს, ვითარმედ არა არიან ღმერთებ, არამედ საქმენი ჴელთა კაცთანი და არა არს საქმენი ღმრთისაჲ მათ შორის? |
52 | მეფეს ისინი ვერ დასვამენ ქვეყანაში და ვერც წვიმას მოუყვანენ ადამიანებს. | 52 | რამეთუ მეფე სოფლისა ვერ აღადგინონ, ანუ განარინონ, ვერცა კაცთა წჳმაჲ ვერ მოსცენ, |
53 | ვერც სამართალს გააჩენენ და ვერც დაჩაგრულს დაიცავენ, რადგან თავად უმწეონი არიან; ისინი ყორნებივით არიან ცასა და მიწას შორის. | 53 | სასჯელი ვერ განსაჯონ თავთა მათთა, ვერცა იჴსნან მიმძლავრებულნი; უძლურ არიან, ვითარცა ყუავნი საშუალ ცისა და ქუეყანისა. |
54 | როცა ხისგან ნაკეთები, მოოქროვილი და მოვერცხლილი ღმერთების სახლს ცეცხლი გაუჩნდება, ქურუმები თავის გადასარჩენად გარბიან, ღმერთები კი სახლის კოჭებივით შუაზე იწვებიან. | 54 | და რამეთუ ოდეს დავარდეს სახლსა ღმერთთა ძელისათასა, ანუ მოვეცხლულთა, ანუ მოოქროვილთასა ცეცხლი, მღდელნი უკუე მათნი ივლტიან და განერებიან, ხოლო იგინი, ვითარცა მოსელნი, საშუალ დაიწჳან. |
55 | ვერც მეფეს და ვერც მომხდურ მტერს ვერ აღუდგვბიან წინ. | 55 | ხოლო მეფესა და მბრძოლთა ვერ წინადაუდგენ, ვითარ უკუე საგონებელ, ანუ საწოდებელ იყოს, ვითარმედ არიან ღმრთეებ? |
56 | მაშ, როგორღა უნდა შეირაცხონ ან იწოდონ ისინი ღმერთებად? | 56 | უკუეთუ ვერცა მპარავთაგან, ვერცა ავაზაკთაგან ვერ განერებიან, ღმერთნი ძელისანი და მოვეცხლულნი და მოოქროვილნი, რომელთა შემძლებელნი. |
57 | ვერც ქურდებისგან და ავაზაკებისგან ვერ დაიცავენ თავს ხისგან ნაკეთები, მოოქროვილი და მოვერცხლილი ღმერთები, რადგან მომხდურნი მათ აღემატებიან ძალით; სტაცებენ ოქრო-ვერცხლს და შესამოსელს, რითაც არიან შემოსილნი, და მიდიან ნადავლით, ამათ კი თავის შველა არ შეუძლიათ. | 57 | გარემოსძრცჳან ოქროსა და ვეცხლსა და სამოსელთა გარმდებარეთა მათთა და წარვლენ მქონებელნი, და ვერ შეეწინენ თავთა თჳსთა? |
58 | ამგვარად, უმჯობესია მამაცი მეფე ან საოჯახო რამ ჭურჭელი, რომელსაც სარგებლობა მოაქვს პატრონისთვის, ვიდრე ეს ცრუ ღმერთები; ანდა სახლის კარი, რომელიც ქონებას იცავს, ვიდრე ეს ცრუ ღმერთები; ან ხის სვეტები მეფის სასახლეში, ვიდრე ეს ცრუ ღმერთები. | 58 | ვინაცა უმჯობეს არს მეფე მჩუენებელი თჳსისა სიმჴნისაჲ, ანუ ჭურჭელი სახლსა შინა საჴმარი, რომელსა იჴმარებს მომგებელი, ვიდრე ნაწილნი ღმერთთანი? ანუ კარი წინასახლისა შორის, მცველი მას შინა მყოფთაჲ, ვიდრე ნაწილნი ღმერთთანი, |
59 | მზე და მთვარე და ვარსკვლავები, რომლებიც ანათებენ და სარგებლობისთვის არიან დადგენილნი, მორჩილები არიან; | 59 | რამეთუ მზე და მთოვარე და ვარსკულავნი მყოფნი ბრწყინვედ და მოვლინებულნი საჴმარად კეთილ მორჩილ არიან, |
60 | ასევე - ელვაც, როცა ელავს, ყველაფერს ანათებს; და ქარიც ქრის ყველა მხარეში; | 60 | ეგრეთ ელვაიცა, ოდეს გამოჩნდეს, კეთილ სახილავ არს, ხოლო იგივე სულიცა ყოველსა შინა სოფლებსა სულავს. |
61 |
ასევე ღრუბლებიც, როცა ღვთისგან აქვთ ნაბრძანები, მთელს დედამიწას გადაუარონ, ასრულებენ ამ ბრძანებას; ასევე მთებისა და ტყეების მოსასპობად ცით მოვლენილი ცეცხლიც ასრულებს ნაბრძანებს. |
61 |
და ღრუბელთა ოდეს ებრძანოს ღმრთისა მიერ ზედასლვად ყოველსა ზედა მკჳდროანსა, აღასრულებენ ბრძანებულსა. |
62 | ესენი კი არც სახით და არც ძალით არ ჰგვანან მათ. | 62 | და ცეცხლიცა, გამოვლენილი ზენაჲთ აღწუად მთათა და მაღნართა და ბორცუთა, ჰყოფს ბრძანებულსა, ხოლო ესენი არცა ჰასაკთა, არცა ძალთა მათთა ერთისაცა ამათგანისა არიან მიმსგავსებულ. |
63 | ამიტომაც არ უნდა შეირაცხონ და არც უნდა იწოდებოდნენ ისინი ღმერთებად, რადგან არ ძალუძთ არც სამართლის გაჩენა და არც კაცთათვის სიკეთის ქმნა. | 63 | ვინაჲ ნუცა იწოდებიედ, ნუცა საგონის იქმნებიედ ყოფად იგინი ღმერთად, ვერშემძლებელნი ვერცა სასჯელისა შჯად, ვერცა კეთილის-ყოფად კაცთა. |
64 | როცა გეცოდინებათ, რომ ღმერთები არ არიან ისინი, არ შეგეშინდებათ მათი. | 64 | მცნობელთა უკუე, ვითარმედ არა არიან ღმერთებ, ნუ გეშინინყე მათგან, |
65 | მეფეებს ვერც შეაჩვენებენ და ვერც დალოცავენ, | 65 | რამეთუ ვერცა მეფეთა დასწყევენ, ვერცა ვერ აკურთხევენ. |
66 | ნიშნებს ვერ აჩვენებენ ცაზე და ხალხში, ვერც მზესავით იბრწყინებენ და ვერც მთვარესავით გაანათებენ. | 66 | ხოლო სასწაულნი წარმართთა ცასა შინა ვერ უჩუენნენ, არცა, ვითარ მზე, ვერ განბრწყინდენ, არცა ჰნათობდენ, ვითარ მთოვარე. |
67 | ცხოველები სჯობიან მათ, რადგან ისინი თავიანთ ბუნაგს მაინც მიაშურებენ და თავს უშველიან. | 67 | მჴეცნი მათსა უმჯობეს არიან, რომელთა ძალ-უც, განერნენ რაჲ. და თუ იარნენ სარგებელ-ყოფად თავთა. |
68 | არაფრით არ ჩანს, რომ ისინი ღმერთები იყვნენ; ამიტომ ნუ გეშინიათ მათი. | 68 | არა რომლითა უკუე გუარითა ცხად არს თქუენდა, ვითარმედ არიან ღმერთნი, რომლისათჳს ნუცა გეშინინ მათა, |
69 | რადგან როგორც საფრთხობელა ვერ იცავს ბოსტანში ვერაფერს, ასევე არიან მათი ღმერთები, ხისგან ნაკეთები, მოოქროვილი და მოვერცხლილი. | 69 | რამეთუ ვითარცა მტილსა შინა საფრთხოლმან ვერარაჲ დაიცვის, ეგრეთ ღმერთნი მათნი არიან ძელისანი და ვეცხლოანნი და ოქროანნი. |
70 | კიდევ გვანან ეკლის ბუჩქს ბაღში, რომელსაც ყველა ჩიტი აჯდება ზედ, ან გვამს, ბნელში დაგდებულს, მათი ხის ღმერთები, მოოქროვილი და მოვერცხლილი. | 70 | მითვე გუარითა მტილსაცა შინა ძეძჳ, რომელსა ზედა ყოველი მფრინველი დაჯდების; ეგრეთვე და მკუდარსა დაგდებულსა ბნელსა შინა ემსგავსებიან ღმერთნი მათნი, ძელისანი და ოქროანნი და ვეცხლოანნი. |
71 | მათი ძოწეულის და სელის სამოსელზე, რომელიც ლპება მათ ტანზე, მიხვდებით, რომ ღმერთები არ არიან ისინი, რომ თავადაც საბოლოოდ დაილევიან და სირცხვილად დარჩებიან ქვეყანაზე. | 71 | პორფირისაგან და მარმაროჲსა, მათ ზედა დალპოლვილისა, სცნათ, ვითარმედ არა არიან ღმერთნი, და იგინიცა უკანასკნელ შეიჭამნენ, და იყუნენ საყუედრელ სოფელსა შინა. |
72 | ამიტომაც უმჯობესია მართალი კაცი, ვისაც კერპი არ ჰყავს, რადგან შორს იქნება იგი სირცხვილისგან. | 72 | უმჯობეს უკუე არს კაცი მართალი არმქონებელი კერპთა, რამეთუ იყოს შორს მაყუედრებელთაგან. |