ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ხილვა ესაიასი, ამოცის ძისა, იუდაზე და იერუსალიმზე რომ იხილა, იუდას მეფეების - ყუზიას, იოთამის, ახაზის და ხიზკიაჰუს დროს. |
1 |
ხილვა, რომელი იხილა ესაია, ძემან ამოსისმან, რომელი იხილა ძჳნად იუდეასა და ძჳნად იერუსალიმისა მეფობასა შინა ოზიაჲსასა და იოათამისა და აქაზ, და ეზეკიაჲსასა, რომელნი მეფობდეს იუდეას. |
2 | ისმინე, ცაო, ყური მიგდე, მიწავ! რადგან უფალი ლაპარაკობს. შვილები აღვზარდე და აღვაზევე, ისინი კი განმიდგნენ. | 2 | ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქვეყანაო, რამეთუ უფალი იტყოდა: ძენი ვშვენ და აღვამაღლენ, ხოლო მათ შეურაცხ-მყვეს მე. |
3 | ხარმა იცის თავისი მფლობელი და ვირმა თავისი პატრონის ბაგა, ისრაელმა კი არ იცის; ჩემს ერს არაფრის გაგება არა აქვს. | 3 | იცნა ჴარმან მომგებელი, და ვირმან ბაგა უფლისა თვისისა; ხოლო ისრაჱლმან მე არა მიცნა და ერმან ჩემმან მე არა გულისხმა-მყო. |
4 | ვაი, ბრალეულო ხალხო, ცოდვით დამძიმებულო ერო, ბოროტეულთა მოდგმავ, წარწყმედილო შვილებო! მიტოვებული ჰყავთ უფალი, დაგმობილი ჰყავთ ისრაელის წმიდა, ზურგი შეუქცევიათ! | 4 | ვაჲ ნათესავსა ცოდვილსა და ერსა სავსესა ცოდვითა, თესლი ბოროტი, ძენი უსჯულონი! დაუტევეთ უფალი, განარისხეთ წმიდაჲ ისრაილისა, და უცხო ექმნენით და განსდექით. |
5 | სად რა დაგერტყმით კიდევ, ურჩობას რომ აგრძელებთ? მთელი თავი დასნეულებული გაქვთ, გული შეღონებული. | 5 | რად მერმეცა იწყლვით დამრთველნი უშჯულოვებისა? ყოველი თავი ტკივილად და ყოველი გული მწუხარებად. |
6 | ტერფიდან თხემამდე საღი ადგილი აღარ შეგრჩათ: ყველგან ჭრილობა და წყლული, დაჩირქებული იარები, გამოურწყველი და შეუხვეველი, მალამოთი დაუამებელი. | 6 | ფერჴთაგან ვიდრე თავამდე არა არს მის შორის სიმრთელე, არცა წყლული, არცა ნაგვემი, არცა ბრძჳლი განსივებული, არა არს სალბუნი დასადებელად, არცა ზეთი, არცა შესაკრველნი. |
7 | მოოხრებულია თქვენი ქვეყანა, გადამწვარია თქვენი ქალაქები, თქვენს მინდვრებს გადამთიელნი ჭამენ თქვენს თვალწინ და მოოხრებულია, თითქოს ურდოებს დაერბიოთ. | 7 | ქვეყანა თქვენი ოჴერ, ქალაქნი თქვენნი ცეცხლით მომწუარ, სოფელსა თქვენსა წინაშე თქვენსა უცხონი მოშჭამენ მას და მოოჴრებულ არს გარდაქცეული ერისა მიერ უცხოთასა. |
8 | დარჩა სიონის ასული, როგორც ქოხი ნავენახარში, როგორც ხულა ნაბოსტნარში, როგორც ალყაშემორტყმული ქალაქი. | 8 | დატევებულ იქმნეს ასული სიონისა, ვითარცა კარავი ვენაჴსა შინა და ვითარცა ხილისსაცავი ნესოანსა შინა, ვითარცა ქალაქი გამოღებული. |
9 | ეს მცირე ნატამალი რომ არ დაერჩინა ჩვენთვის ცაბაოთ უფალს, სოდომად ვიქცეოდით, გომორას დავემსგავსებოდით! | 9 | და არა თუმცა უფალმან საბაოთ დამიტევა ჩუენ თესლი, ვითარცა სოდომიამცა ვიქმნენით და ვითარ გომორრასმცა ვემსგავსენით. |
10 | ისმინეთ უფლის სიტყვა, თქვე სოდომის მთავრებო! ყურადიღეთ ჩვენი ღვთის რჯული, თქვე გომორელებო! | 10 | ისმინეთ სიტყვა უფლისაჲ მთავართა სოდომისათა, ეკრძალეთ შჯულსა ღმრთისასა ერი გომორრაჲსა. |
11 | რას ვაქნევ თქვენს უზომო საკლავებს, ამბობს უფალი. გამძღარი ვარ თქვენი აღსავლენი ვერძებით და კურატების ქონით. აღარ მსურს მოზვრების, კრავებისა და ვაცების სისხლი! | 11 |
რად ჩემდა სიმრავლე მსხუერპლთა თქვენთა? _ იტყჳს უფალი, _ რამეთუ სავსე ვარ მე ყოვლად დასაწველებითა ვერძთა, და ცმელთა კრავთათა, და სისხლი კუროთა და ვაცთაჲ არა მნებავს. |
12 |
რომ მოდიხართ და პირისპირ მეცხადებით, ვინ დაგავალათ ჩემი ეზოების თელვა? |
12 | არცა მოხვიდეთ ჩვენებად ჩემდა. ვინ გამოიძინა ესენი ჴელთაგან თქვენთა, დათრგუნვად ეზოჲსა ჩემისა არა შესძინოთ? |
13 | ნუღა მომიტანთ მაგ ფუჭ შესაწირავს, საძაგელია ჩემთვის საკმეველი, ახალმთვარობები და შაბათები ჯარობები ვეღარ ამიტანია! უკეთურება და დღესასწაული? | 13 | უკეთუ მომართვათ სამინდოჲ ამაო, საკმეველი საძაგელ არს ჩემდა. ახალთთუენი თქვენნი და შაბათნი და დღე დიდი არა თავს-ვიდვა. |
14 | თქვენი ახალმთვარობები და ზეიმები შეიძულა ჩემმა სულმა, ტვირთად დამაწვა, დავიღალე მათი ზიდვით. | 14 | მარხვა და უქმობაჲ და დღესასწაულნი თქვენნი ძულან სულსა ჩემსა. მექმნენით მე სიმაძღრედ. არღა მერმე ულხინო ცოდვათა თქვენთა. |
15 | ხელებს რომ აღაპყრობთ, თვალს გარიდებთ; ლოცვებსაც რომ მიმრავლებთ, არ ვისმენ; ხელები სისხლითა გაქვთ სავსე! | 15 | ოდეს განიპყრნეთ ჴელნი თქვენნი ჩემდამო, მივაქცინე თვალნი ჩემნი თქვენგან და, უკეთუ განამრავლოთ ვედრებაჲ, არ შევისმინო თქვენი, რამეთუ ჴელნი თქვენნი სისხლითა სავსე. |
16 | განიბანეთ, განიწმიდეთ, ავი საქმეები თვალთაგან განმარიდეთ, შეწყვიტეთ ბოროტის ქმნა. | 16 | განიბანენით, წმიდა იქმნენით, მოსპენით უკეთურებანი სულთაგან თქვენთა წინაშე თვალთა ჩემთა, დასცხერით ბოროტთაგან თქვენთა. |
17 | სიკეთის ქმნა ისწავლეთ, ეძიეთ სამართალი, შეეწიეთ ჩაგრულს, განიკითხეთ ობოლი, ქვრივს გამოესარჩლეთ. | 17 | ისწავეთ კეთილსა ქმნაჲ გამოიძიეთ მშჯავრი, იჴსენით მიმძლავრებული, უსაჯეთ ობოლსა და განამართლეთ ქურივი. |
18 | მერე მოდით და ცილობა ვყოთ, ამბობს უფალი: მეწამულიც რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გასპეტაკდება; ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლის ფთილასავით გახდება. | 18 | და მოვედით და შევიტყუნეთ, _ იტყჳს უფალი, _ და უკეთუ იყვნენ ცოდვანი თქვენნი, ვითარცა ღებილნი, ვითარცა თოვლი განვასპეტაკო. ხოლო უკეთუ იყვნენ, ვითარცა ძოწეულნი მეწამულნი, ვითარცა მატყლი განვასპეტაკო. |
19 | თუ მორჩილნი იქნებით და გამგონენი, მიწის დოვლათს შეჭამთ; | 19 | და უკეთუ გინდესთ, და ისმინოთ ჩემი, კეთილნი ქვეყანისანი შჭამნეთ. |
20 | თუ განდგებით და გაურჩდებით, მახვილი შეგჭამთ! რადგან უფლის ბაგენი მეტყველებენ. | 20 | ხოლო უკეთუ არ გინდესთ, არცა ისმინოთ ჩემი, მახჳლმან შეგჭამნეს თქვენ, რამეთუ პირი უფლისაჲ იტყოდა ამათ: |
21 |
როგორ ქცეულა მეძავად ერთგული ქალაქი! სამართლით სავსე იყო, სიმართლე სუფევდა იქ, ახლა კი კაცისმკვლელები არიან. |
21 |
ვითარ იქმნა მეძავ ქალაქი სარწმუნოჲ სიონ, რომელსა შინა სიმართლემან დაიძინა მის შორის, ხოლო აწ კაცისმკლველთა. |
22 | ხენჯად იქცა შენი ვერცხლი, შენს ღვინოს წყალი შეერია. | 22 | ვეცხლი თქვენი გამოუცდელ, ხამარნი თქვენნი შერევენ ღვინოსა წყლითა. |
23 | შენი მთავრები განდგომილნი არიან და ქურდთა თანამზრახველები; ყველას ქრთამი უყვარს და მოსაკითხებზე ნადირობენ; ობოლს არ განიკითხავენ და ქვრივის საჩივარი არ სწვდებათ. | 23 | მთავარნი თქვენნი ურწმუნო, ზიარებ მპარავთა, მოყუარე ძღვენთა, მდევარ მოსაგებელთა ობოლთა არა მშჯელ და მშჯავრსა ქურივთასა არ მიმხედველ. |
24 | ამიტომ ამბობს მეუფე, ცაბაოთ უფალი, ისრაელის ძლიერი: ოჰ, როგორ ამოვიყრი ჩემს მოსისხლეთა ჯავრს, როგორც ვიძიებ შურს ჩემს მტრებზე! | 24 | ამისთვის ამათ იტყვის მეფჱ, უფალი საბაოთ ძლიერი ისრაჱლისა: ვაჲ ძლიერთა ისრაჱლისათა, რამეთუ არ დასცხრეს გულისწყრომაჲ ჩემი წინააღმდგომთა შორის, და მშჯავრი მტერთა ჩემთაგან ვყო. |
25 | მოვაქცევ შენკენ ხელს და, თითქოს ტუტეში გამეფეროს შენი ხენჯიანი ვერცხლი, ყოველგვარ მინარევს მოგაცილებ. | 25 | და მოვაწიო ჴელი ჩემი შენ ზედა და გამოგაჴურვო შენ სიწმიდედ, ხოლო უსმნი წარვწყმიდნე, და მოვსპნე ყოველნი უშჯულონი შენგან და ყოველნი ამპარტავანნი. |
26 | მოვაქცევ შენს მსაჯულებს, როგორც წინათ იყვნენ, და შენს მრჩეველებს, როგორც დასაწყისში იყვნენ; ამის შემდეგ სიმართლის ქალაქი დაგერქმეეა, უტყუარი სატახტო. | 26 | დავადგინნე მსაჯულნი შენნი ვითარცა პირველ, და თანმზრახვალნი შენნი ვითარცა დასაბამსა და ამის შემდგომად გეწოდოს! ქალაქი სიმართლისაჲ, დედაქალაქი სარწმუნოჲ - სიონ. |
27 | სიონი სამართლით გამოისყიდება და მისკენ მოცეულნი - სიმართლით! | 27 | რამეთუ მშჯავრისა თანა ცხოვნდეს ტყუეობაჲ მისი და მოწყალებისა თანა. |
28 | დამნაშავენი და ცოდვილნი ერთად გაწყდებიან და უფლის მიმტოვებელნი დაიღუპებიან. | 28 | და შეიმუსრნენ უშჯულონი და ცოდვილნი ერთბამად, და დამტევებელნი უფლისანი მოესრულნენ |
29 | რადგან შერცხვენილნი იქნებიან მუხების გამო, რომელთაც შეჰხაროდით, და გაწბილდებიან ბაღების გამო, რომლებიც აირჩიეთ. | 29 | მით, რამეთუ სირცხჳლეულ იქმნენ კერპთა მათთა ზედა, რომელნი მათ ინებნეს, და ჰრცხუენეს გამოქანდაკებულთა მათთა ზედა, რომელნი მათ ქმნნეს. და კდემულ იქმნნეს მტილთა მათთა ზედა, რომელთა გული უთქმიდა, |
30 | რადგან ფოთოლდამჭკნარ მუხასავით და ურწყავი ბაღივით შეიქნებით. | 30 | რამეთუ იყვნენ, ვითარცა ბელეკონნი, განმყრელნი ფურცელთანი, და ვითარცა სამოთხე, არმქონებელი წყლისაჲ. |
31 | ძლიერი ძენძად იქცევა და მისი საქმე - ნაპერწკალად; ორივე ერთად აბრიალდება და ჩამქრობი არავინ იქნება. | 31 | და იყოს ძალი მათი, ვითარცა ლელწამი სელისაჲ, და მოქმედებანი მათნი, ვითარცა ნაბერწყალი ცეცხლისაჲ. და დაიწუნენ უშჯულონი და ცოდვილნი ერთბამად, და არა იყოს დამშრეტელ. |