ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ესაია წინასწარმეტყველი

თავი მეათე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ვაი უსამართლო განაჩენის გამომტანთ და უკანონო მსჯავრისმდებელთ,

1

ვაჲ მწერალთა უკეთურებისათა, რამეთუ წერდენ რაჲ, უკეთურებასა წერენ,

2 სამართლისგან რომ განარიდებენ ღარიბ-ღატაკთ, ამტყუნებენ ჩემი ერის ჩაგრულს, ქვრივებს ნადავლად იტაცებენ და ობლებს ძარცვავენ! 2 მიმდრეკელნი მშჯავრსა გლახაკთასა, აღმტაცებელნი საშჯელსა დავრდომილთა ერისა ჩემისათასა, რაჲთა იყვნენ მათდა ქურივი დასატაცებელად და ობოლი წარსატყვენელად.
3 რას იზამთ განკითხვისა და დაქცევის დღეს, შორიდან რომ მოდის? ვისთან გაიქცევით შეწევნისთვის და თქვენს დიდებას სად დატოვებთ? 3 და რაჲ ყონ დღესა მას მოხედვისასა, რამეთუ ჭირი თქვენი შორით მოვიდეს, და ვისსა მიმართ მიივლტოდით შესაწევნელად, და სადა დაუტეოთ დიდებაჲ თქვენი?
4 ვინ სად ჩაიჩოქებს ტყვეთა შორის, ვინ სად დაეცემა დახოცილთა შორის! მაინც არ დამცხრალა მისი რისხვა და კვლავ მოღერებულია მისი ხელი. 4 არ შთავრდომად საძნაურსა და ქუეშე კვრძო მოკლულთასა დაეცნენ. ამათ ყოველთა ზედა არ გარემიიქცა გულისწყრომაჲ მისი, არამედ მერმეცა ჴელი მისი მაღალ.
5 ვაი აშურს, კვერთხს ჩემი რისხვისა! კეტი მათ ხელში ჩემი გულისწყრომაა. 5 ვაჲ ასსურასტანელთა, კუერთხი გულისწყრომისა ჩემისა და რისხვისა ჩემისა არს ჴელთა შინა მათთა.
6 უღვთო ხალხის წინააღმდეგ გავგზავნი და ჩემი რისხვის ხალხზე გალაშქრებას ვუბრძანებ, რომ დაატყვევოს და გაძარცვოს, გათელოს ქუჩის ტალახივით. 6 რისხვა ჩემი ნათესავისა მიმართ უშჯულოჲსა მივავლინო. და ერსა ჩემსა დაუწესო ყოფა ტყუედ და იავარად და დათრგუნვად ქალაქთა და დასხმად მათდა მტუერად.
7 მაგრამ ის ასე არ განსჯის და მისი გული ასე არ იზრახავს; არამედ განადგურებაა მის გულში და ხალხების ერთიანად მოსპობა. 7 ხოლო იგი არა ესრეთ იგონებს და სულითა არა ესრეთ გულისსიტყუავს, არამედ შეცვალოს გულისსიტყუა თჳსი ნათესავისაცა მოსრვად არამცირისა.
8 რადგან ამბობს: განა ჩემი მთავრები ყველანი მეფეები არ არიან? 8 და უკეთუ ჰრქუან მას: შენ მხოლოჲ ხარ მთავარ? და თქუას:
9 განა ქალნო და ქარქემიში ერთი არ არის? განა არფადი და ხამათი ერთი არ არის? განა დამასკო და სამარია ერთი არ არის? 9 არა მოვიღე სოფელი ზენაკერძო ბაბილონისა და ხალანისა, სადა გოდოლი აღეშენა, და მოვიღე არაბია და დამასკოჲ და სამარიაჲ.
10 როგორც მისწვდა ჩემი ხელი კერპთა სამეფოებს, რომელთაც მეტი ჰყავთ ჩამოსხმული ღმერთები, ვიდრე იერუსალიმს და სამარიას; 10 ვითარსახედ ესენი მოვიხვენ, ყოველნი მთავრობანი მოვიხუნე. ვალალაებდით ქანდაკებულნი იერუსალიმს შინა და სამარიას შინა,
11 როგორც სამარიას და მის კერპებს მოვექეცი, განა ისევე არ მოვექცევი იერუსალიმს და მის სათაყვანებლებს? 11 რამეთუ ვითარსახედ უყავ სამარიასა და ჴელითქმნულთა მისთა, ეგრეთ უყო ივრუსალიმსაცა და კერპთა მისთა.
12

როცა მოათავებს უფალი ყველა თავის საქმეს სიონის მთაზე და იერუსალიმში, მაშინ მოვკითხავ აშურის მეფეს მისი დიდგულობის ნაყოფს - მის ქედმაღლურ მზერას.

12

და იყოს, ოდეს შეასრულნეს უფალმან ყოველთა მოქმედმან, შორის მთასა სიონსა და იერუსალიმსა, და მოაწიოს გონებასაცა ზედა დიდსა მთავარსა ზედა ასსურასტანელთასა და სიმაღლესა ზედა დიდებისა თვალთა მისთასა,

13 რადგან ნათქვამი აქვს: ჩემი ხელის ძალით ვქმენი ეს და ჩემი სიბრძნით, რადგან გამჭრიახი ვარ; მე გადავწიე ხალხთა სამანები და გავძარცვე მათი საგანძურები, ბუმბერაზივით ჩამოვყარე ტახტებზე მსხდომარენი. 13 რამეთუ თქვა: ძალითა ჴელისა ჩემისათა ვყო და სიბრძნითა გულისხმის-ყოფისა ჩემისათა, მოვიპყრნე და საზღვარნი წარმართთანი და ძალითა მით წარმოვტყუენო და შევძრნე ქალაქნი დამკჳდრებულნი.
14 ბუდესავით მოძებნა ჩემმა ხელმა ხალხთა საბადებელნი; მიტოვებულ კვერცხებს რომ კრეფენ, ისე ავკრიფე მთელი ქვეყანა, ფრთა არ შერხეულა, პირი არ გაღებულა, ხმა არ დაძრულა. 14 და მკჳდროსანი სრული მოვიღო, დავიპყრა ჴელითა ჩემითა, ვითარცა ბუდე, და, ვითარცა დატევებულნი კუერცხნი, აღვიხუნე და არავინ იყოს, რომელი განმერეს მე, ანუ განმსიტყოს მე და აღმიღებდეს პირთა და მჭრტინავთა.
15 თუ ეყოყოჩება ცული მჩეხელს, თუ ედიდგულება ხერხი მხერხელს? ვითომ დაეღირება კვერთხი მის მომქნევს, ვითომ თავისით აღიმართება კეტი, თითქოს ხე არ იყოს? 15 ამას იტყვის უფალი: ნუ იდიდოს ცული თჳნიერ მკუეთელისა მის მიერ, ანუ ამაღლდეს ხერხი თჳნიერ მზიდველისა მისისა? ეგრეთვე უკუეთუ ვინ აღიღოს კუერთხი, ანუ ხე, და არა ესრეთ,
16 ამიტომ სიმჭლევეს მოუვლენს მეუფე, ცაბაოთ უფალი მის ნასუქალებს და მისი დიდების ქვეშ ცეცხლის ხანძარივით ატყდება ხანძარი. 16 არამედ მოავლენს უფალი საბაოთ პატივსა შენსა ზედა უპატიოებასა, და დიდებასა შენსა ზედ ცეცხლი მოტყინარე აღეგზნას.
17 ცეცხლად გადაიქცევა ისრაელის ნათელი და ხანძრად - მისი წმიდა, ერთ დღეში დაწვავს და გადაბუგავს მის ძეძვს და ნარ-ეკალს. 17 და იყოს ნათელი ისრაილისა ცეცხლად და განვწმიდო იგი ცეცხლითა მგზებარითა და ჭამდეს, ვითარცა თივასა, ნივთსა. მას დღესა
18 გაანადგურებს სულით ხორცამდე მისი ჭალების და ბაღ-ვენახების დიდებას, ჩაჭკნება და ჩაიხაშმება. 18 დაშრტენ მთანი და ბორცუნი და მაღნარნი, და შეიჭამოს სულითგან ვიდრე ჴორცთამდე. და იყოს მლტოლვარე, ვითარცა მლტოლვარე ალისაგან მგზებარისა.
19 გამეჩხერდება მისი მაღნარი და ბავშვიც კი დაითვლის დარჩენილ ხეებს. 19 და დაშთომილნი მათნი იყვნენ რიცხვეულ და ყრმამან დაწერნეს იგინი.
20 იმ დღეს აღარ დაენდობა ისრაელის ნატამალი და იაკობის სახლის ნარჩომი თავის მგვემელს; უფალს, ისრაელის წმიდას, დაენდობა დარწმუნებით. 20 და იყოს მას დღესა შინა, არღა მერმე შეეძინოს დაშთომილი ისრაილსა და განრომილნი იაკობისანი არღა მერმე არმოსავ იყვნენ, მიმძლავრებულთა მიმართ მათთა, არამედ იყვნენ მოსავ ღმრთისა მიმართ წმიდისა ისრაილისასა ჭეშმარიტებითა.
21 ნატამალი დაუბრუნდება, იაკობის ნატამალი ძლიერ ღმერთს! 21 და იყოს დაშთომილი იაკობისი ღმრთისა მიმართ ძლიერისა.
22 თუმცა ზღვის ქვიშასავით იქნება შენი ერი, ისრაელ, მაგრამ ნატამალი დაუბრუნდება მას. გადაწყვეტილია დაქცევა - შურისმგებელი სამართლიანობა. 22 და უკეთუ იქმნეს ერი ისრაილისა, ვითარცა ქჳშა ზღჳსაჲ, ნეშტი მათი ცხოვნდეს, რამეთუ სიტყუა შემასრულებელი და თანმკუეთი სიმართლესა შინა,
23

რადგან გადაწყდა ეს დაქცევა და აღასრულებს მეუფე, ცაბაოთ უფალი მთელ ქვეყანაზე.

23

რამეთუ სიტყვაჲ თანშეკუეთებული ყოს უფალმან ძალთამან მკჳდროანსა შინა სრულსა.

24 ამიტომ ასე ამბობს მეუფე, ცაბაოთ უფალი: ნუ გეშინია აშურისა, ჩემო ერო, სიონის მკვიდრო! კვერთხით გცემს და კეტს გიღერებს, როგორც ეგვიპტელნი იქცეოდნენ. 24 ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი, უფალი საბაოთ: ნუ ეშინინ ერსა ჩემსა დამკჳდრებულთა სიონს შინა ასსურასტანელთაგან, რამეთუ კუერთხითა დაგცეს შენ, რამეთუ წყლულება მოაწიოს შენ ზედა, ხილვად გზა ეგვიპტისა.
25 რადგან, სულ ცოტაც და, შეწყდება გულისწყრომა და ჩემი რისხვა მათ დასაქცევად აღინთება. 25 მერმე, რამეთუ, მცირედღა და ედასცხრეს რისხვაჲ, ხოლო გულისწყრომა ჩემი განზრახვასა ზედა მათსა.
26 მოუქნევს მას ცაბაოთ უფალი შოლტს, როგორც მიდიანს დასცხო ყორების კლდესთან და აღიმართება წყალზე მისი კვერთხი, როგორც ეგვიპტეში აღმართა. 26 და ზედაღუდგინნეს მათ ღმერთმან გუემანი წყლეულებისაებრ მადიამისა ადგილსა შინა ჭირისასა და გულისწყრომაჲ მისი გზასა ზღუად მიმართსა, ეგჳპტით კერძოსა.
27 იმ დღეს ჩამოგეხსნება მისი ტვირთი მხრებიდან და მისი უღელი ქედიდან, და გასკდება უღელი სიმსუქნისგან. 27 და იყოს მას დღესა შინა, აღებულ იქმნეს უღელი მისი ქედისაგან შენისა და შიში მისი შენგან და განირყუნას უღელი მისი მჴართაგან შენთა,
28 ის მიდის ყაიათში, ჩაუვლის მიგრონს, მიქმასში საჭურველს გადაინახავს; 28 რამეთუ მივიდეს ქალაქად ანგედ და წარვლოს მაგედდოჲ და მაქმას შინა დადვას საჭურველი თჳსი.
29 გაივლის კლდეკარს, გებაყში გაათევს ღამეს, რამა შეძრწუნდება, საულის გიბყა გაიფანტება. 29 და წარვლოს ღელედ და მოვიდეს გაბაონდ, დაისადგუროს. შიშმან შეიპყრას რამაჲ, ქალაქი საულისი.
30 აყიჟინდი შენს ხმაზე, გალიმის ასულო! გესმოდეს, ლაიშა, ბედშავო ყანათოთო! 30 ივლტოდის ასული იერუსალიმისა, კიმანებდ ჴმითა შენითა, ესმეს ლაისასა, ესმეს ანათოთსა!
31 მადმენა გაიქცა, გებიმელებმა თავს უშველეს. 31 განჰკრთა მადევინა, და დამკჳდრებულნი გივეიმისანი. ივედრების
32 კიდევ ერთი დღით ნობში დაყოვნდება, ხელს მოუღერებს სიონის ასულის მთას, იერუსალიმის ბორცვს. 32 დღეს გზასა ზედა დადგრომად ჴელითა, ივედრების მთაჲ, ასული სიონისაჲ, და ბორცუნი იერუსალჱმსშინანი.
33 აჰა, მეუფე, ცაბაოთ უფალი, ზარდაცემით ლეწავს რტოებს; ტანმაღალნი გაიჩეხებიან და აღზევებულნი დაემხობიან. 33 და აჰა, მეფე, უფალი საბაოთ, თანაღაშფოთებს დიდებულთა ძალისა მიერ, და მაღალნი გინებითა შეიმუსრნენ.
34 გაკაფავს რკინით ტყის უღრანს და დაეცემა ლიბანი ძლიერის ხელით. 34 და დამდაბლდენ და დაეცნენ მაღალნი მახვილითა, ხოლო ლიბანი მაღალთა თანა დაეცეს.