ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ესაია წინასწარმეტყველი

თავი მეთერთმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ამოვა ყლორტი იესეს ღეროდან და მისი ფესვის ამონაყარი გაიხარებს.

1

და გამოვიდეს კუერთხი ძირისაგან იესესსა და ყუავილი ძირისაგან აღმოჴდეს.

2 დაივანებს მასზე უფლის სული, სული სიბრძნისა და გონიერებისა, სული რჩევისა და სიმხნევისა, სული შეგნებისა და უფლის შიშისა. 2 და განისვენოს მის ზედა სულმან ღმრთისამან, სულმან სიბრძნისა და გულისხმის-ყოფისა, სულმან განზრახვისა ძლიერებისა, სულმან მეცნიერებისა და ღმრთისმსახურებისა,
3 ის უფლის შიშით ისულდგმულებს, დანახულით არ განსჯის და გაგონილით არ დაიწყებს მხილებას. 3 სულმან შიშისა ღმრთისამან აღავსოს იგი. არა დიდებისაებრ საჯოს, არცა ზრახვისაებრ ამხილოს,
4 სიმართლით განსჯის ღარიბ-ღატაკთ, სისწორით განიკითხავს ქვეყნის ბედშავთ, დაჰკრავს მიწას თავის ბაგეთა კვერთხს და თავის პირისქარით ბოროტეულს მოაკვდინებს. 4 არამედ საჯოს სიმართლისა მიერ მდაბლითა საშჯელითა და ამხილოს წარმართებულებით დიდებულთა ქვეყანისათა. და დასცეს ქვეყანა სიტყჳთა პირისა მისისათა და სულითა ბაგეთა მიერ მოაკუდინოს უთნოჲ.
5 სიმართლე იქნება სარტყლად მის წელზე და სიწრფელე სარტყლად მის ფერდებზე, 5 და იყვნენ სიმართლით მორტყმულ წელნი მისნი და ჭეშმარიტებით ცხებულ გუერდნი მისნი.
6 დადგება მგელი ცხვართან ერთად და ვეფხვი დაბინავდება ციკანთან ერთად. ხბო, ლომი და ნასუქალი პირუტყვი ერთად იქნებიან და ჩვილი ბავშვი წაუძღვება მათ. 6 მაშინ ძოვდეს მგელი კრავთა თანა, და ვეფხი თიკანთა თანა განისუენებდეს, და ზუარაკი და ლომი და კუროჲ ერთად ძოვდენ, და ყრმამან მცირემან მოიყვანნეს იგინი.
7 ძროხა და დედადათვი ერთად მოსძოვენ და მათა შვილები ერთმანეთის გვერდით დაწვებიან, ლომი ძროხასავით შეჭამს ჩალას. 7 და ჴარი დათჳსა თანა ძოვდენ, და თანად იყვნენ ყრმანი მათნი. ლომი, ვითარცა ჴარი, ბზესა ჭამდეს.
8 ძუძუთა ბავშვი უნასის ხვრელთან ითამაშებს და ძუძუანასხლეტი ასპიტის ბუდეში ჩაყოფს ხელს. 8 და ყრმამან მცირემან ჴურელსა ზედა ასპიტისასა და საწოლსა ზედა ნაშობთა ასპიტისათა ჴელი დასდვას
9 არავინ იბოროტებს და არავინ იბილწებს მთელ ჩემ წმიდა მთაზე, რადგან აივსება მიწა უფლის ცოდნით, როგორც ზღვა არის წყლებით დაფარული. 9 და არარაჲ ძვირი უყონ, არცა არ შეუძლონ წარწყმედად ვერცა ერთისა მთასა ზედა წმიდასა ჩემსა, რამეთუ აღივსო თანა ყოველი ქვეყანაჲ მეცნიერებითა უფლისათა, ვითარცა წყალმან მრავალმან და-რაჲ-ფარნის ზღუანი.
10 იმ დღეს ხალხთა დროშად იდგება იესეს ფესვი და მისკენ დაიწყებენ დენას ტომები; დიდება იქნება მისი საშვებელი. 10 და იყოს მას დღესა შინა ძირი იესესი, და აღდგომად იგი მთავრად წარმართთა; მისდამი წარმართნი ესვიდენ, და იყოს განსუენება მისი პატივით.
11 იმ დღეს მეორედ გაიწვდის უფალი ხელს, რომ გამოისყიდოს თავისი ერის ნატამალი, რომელიც გადაურჩება აშურს, ეგვიპტეს, ფატროსს, ქუშს, ელამს, შინეყარს, ხაბათს და ზღვისპირეთს. 11 და იყოს მას დღესა შინა, შესძინოს უფალმან ჩვენებად ჴელი მისი შურვებად დაშთომილსა ერისასა, რომელი უკუეთუ დაშთეს ასსურასტანელთაგან და ეგჳპტისაგან, და ბაბილონისაგან და ეთიოპიისაგან, და ელამიტელთაგან და მზისაღმოსავალთაგან, და არაბიასაგან და ჭალაკთაგან ზღჳსათა.
12 დროშას აღუმართავს ხალხებს, შეკრებს გადახვეწილ ისრაელს და ქვეყნის ოთხივე კუთხიდან თავს მოუყრის გაფანტულ იუდას. 12 და აღიღოს სასწაული წარმართთა მიმართ, და შეკრიბნეს წარწყმედულნი ისრაჱლისანი და განთესულნი იუდაჲსნი შეკრიბნეს ოთხთაგან ფრთეთა ქუეყანისათა.
13 გაქარწყლდება ეფრემის შური და იუდას მტრები აღარ იქნებიან, ეფრემს აღარ შეშურდება იუდასი და იუდა აღარ უმტრობს ეფრემს. 13 და მოისპოს შური ვფრემისი, და მტერნი იუდაჲსნი წარწყმდენ. ეფრემ არა ეშურვოს იუდას, და იუდამან არა აჭირვოს ეფრემს.
14 მხარდამხარ გაფრინდებიან ფილისტიმელთაკენ დასავლეთით, ერთად გაძარცვავენ აღმოსავლეთლებს, ხელს დაადებენ ედომს და მოაბს, და ყამონელნი მათი მორჩილნი გახდებიან. 14 და ფრინვიდენ ნავებითა უცხოტომთათა, ზღვასა ერთბამად ტყუენვიდენ, და მზისაღმოსავალით კერძოთა და იდუმეასა; და მოაბსა ზედა პირველად მიყონ ჴელები, ხოლო ძეთა ამმონისთა პირველად შეისმინონ.
15 ამოაშრობს უფალი ეგვიპტის ზღვის სრუტეს, ხელს აღმართავს მდინარეზე თავის ქარტეხილში, შვიდ ტოტად განწვალავს მას, რომ ფეხშემოსილმა გადაიაროს. 15 და მოაოჴროს უფალმან ზღუაჲ ეგჳპტისა, და მიყოს ჴელი მისი მდინარესა ზედა სულითა მაიძულებელითა. და დასცეს იგი შჳდთა ჴევნებთა მიმართ, ვიდრემდის განვლამდე მისსა ფერჴშესასხმელითა.
16 გამოუჩნდება გზა-სავალი მისი ერის ნატამალს, რომელიც აშურს გადაურჩება, როგორც გამოუჩნდა ისრაელს, როცა ეგვიპტიდან ამოდიოდა. 16 და იყოს საგზაურ დაშთომილისა ერისა ჩემისა ეგჳპტეს შინა. და იყოს ისრაჱლი, ვითარცა დღესა, ოდეს გამოვიდა ქუეყანისაგან ეგჳპტისა.