ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ესაია წინასწარმეტყველი

თავი მეჩვიდმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
     

სიტყვა დამასკისა:

1

დამასკოს განაჩენი. აჰა, წაერთმევა დამასკოს ქალაქობა და ნანგრევების გროვად იქცევა!

1 აჰა, დამასკოჲ აღებულ იქმნეს ქალაქთაგან და იყოს დაცემულებად
2 გაუდაბურდება ყაროყერის ქალაქები, ცხვრის ფარათა საძოვრებად იქცევა, დაწვებიან და ვერავინ დააფრთხობს მათ. 2 დატევებული უკუნისამდე საწოლად სამწყსოთა და განსასუენებელად, და არა იყოს მდევარი.
3 არაფერი დარჩება ეფრემის ციხე-სიმაგრისგან, დამასკოს სამეფოსგან და არამის ნატამალისგან, ისრაელიანთა დიდებას გაჰყვებიან, ამბობს ცაბაოთ უფალი. 3 და არა მერმეცა იყოს მაგარ, მისალტოლველად მუნ ეფრემისსა და არღა მერმე იყო მეფობა დამასკეს შინა და ნეშტი ასურთა, რამეთუ არა შენ უმჯობეს ხარ ძეთა ისრაჱლისათასა და დიდებისა მათისა, - ამათ იტყჳს უფალი საბაოთ:
4 იმ დღეს დაილევა იაკობის დიდება და მისი მსუქანი ხორცი დამჭლევდება. 4 - იყოს მას დღესა შინა მოკლება დიდებისა იაკობისი და სიპოხენი დიდებისა მისისანი შეირყინენ.
5 იქნება ისე, თითქოს მომკელს აეღოს ყანა და მისი მკლავს მოემკას თავთავები; იქნება ისე, როგორც რეფაიმის ველზე თავთავები იკრიფება. 5 და იყოს, ვითარსახედ უკეთუ ვინ შეჰკრებნ ძნასა მდვბარესა მკლავსა ზედა თჳსსა და თესლი ჴუვილისა გამოქუცნის; და იყოს, ვითარსახედ უკეთუ ვინ შეჰკრებნ ჴუვილთა ჴევნებსა შინა მყარსა.
6 დარჩება ნამცვრევი, რამდენიც რჩება ზეთისხილის ჩამობერტყვის შემდეგ: ორი, სამი მარცვალი წვერში, ოთხი, ხუთი მსხმოიარე ტოტებზე! ამბობს უფალი, ღმერთი ისრაელისა. 6 და დაშთის მას შინა ლელწამი, ანუ ვითარცა კუფხალნი მოსთულებულისა ზეთისხილისანი ორნი, ანუ სამნი მწუერვალსა ზედა ზენაკიდესა, ანუ ოთხნი, ანუ ხუთნი, რომელთა ზედა მისთა დაშთომილნი ზენაკიდეთა, - ამათ იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისა:
7 იმ დღეს მიიხედავს ადამიანი თავისი შემოქმედისკენ და თვალებს მიაპყრობს ისრაელის წმიდას. 7 მას დღესა შინა მოსავ იყოს კაცი შემოქმედისა მიმართ თჳსისა, ხოლო თვალნი მისნი წმიდისა მიმართ ისრაჱლისა ჰხედვიდენ.
8 აღარ მიხედავს თავისი ნახელავი სამსხვერპლოებისკენ და თავისი თითებით ნაკეთებ აშერებს და მზეებს აღარ მოიკითხავს. 8 და არ მოსავ იყვნენ ბომონთა ზედა და საქმეთა ზედა ჴელთა მათთასა, რომელნი ქმნეს თითთა მათთა, და არ მიხედვიდენ ხეთა, არცა საძაგელთა მათთა.
9 იმ დღეს უღრან და გაუვალ ტყეს დაემსგავსება მისი გამაგრებული ქალაქები, ისრაელიანთაგან მიტოვებული, და გაუდაბურდება. 9 მას დღესა იყვნენ ქალაქნი შენნი დატევებულებ, ვითარსახედ დაუტევნეს ამორრეველთა და ეველთა პირისაგან ძეთა ისრაჱლისათა და იყვნენ მოოჴრებულ
10 რადგან დავიწყებული გყავს შენი ხსნის ღმერთი და კლდე შენი სიმტკიცისა აღარ გახსოვს; რადგან გაგიშენებია ნეტარების ბაღები და უცხო ვაზი ჩაგიყრია. 10 მით, რამეთუ დაუტევე ღმერთი, მაცხოვარი შენი, და უფლისა შემწისა შენისა არ მოიჴსენე. ამისთჳს დაჰნერგო სანერგე ურწმუნოჲ და თესლი ურწმუნოჲ.
11 იმ დღეს ააღორძინებს შენს დარგულს და იმ დილას ააყვავებ შენს დათესილს, მაგრამ ალოობისას უკურნებელ მწუხარებას მოიმკი. 11 ხოლო დღესა, რომელსა დანერგო, სცთე და, განთიად თუ სთესო, ყუაოდის სამკალად. რომელსა დღესა მოიმკო, დაუმკჳდრო და ვითარცა მამამან კაცისამან, დაუმკჳდრო ძეთა შენთა.
12 ვაი, ხმაურს დიდძალი ხალხისა! ხმაურობენ ზღვის ხმაურით. ვაი, ხალხების ღრიალს! ღრიალებენ ადიდებული წყლის ღრიალით. 12 ვაჲ სიმრავლესა ნათესავთა მრავალთასა, ვითარცა ზღუა მღელვარე, ეგრეთ აღიძრნეთ და ჩრდილომან ნათესავთა მრავალთამან, ვითარცა წყალმან, იოხროს.
13 ხალხები ღრიალებენ ადიდებული წყლის ღრიალით; დააფრთხობს მათ და შორს გაიქცევიან, გაიხვეტებიან, ქარისაგან, როგორც მთაზე თივის ბულული და ბზის მტვერი ქარბორბალასგან. 13 ვითარცა წყალი მრავალი, ნათესავნი მრავალნი, ვითარცა ოხრაჲ წყლისა მრავლისა იძულებით ყვანებულისა. და გაჴადნეს იგინი და შორად წარდევნნეს იგინი, ვითარცა მტუერი ბზისა განმფიწლველთასა პირისპირ ქარისა და ვითარცა ქარტლსა ურმისთვალისასა მომღებელი ნიავქარი.
14 დადგება მწუხრი და, აჰა, დაეცემა შიშისზარი და განთიადამდე ვეღარ გაძლებს. ასეთია ჩვენი მტარვალების ხვედრი და ჩვენი მძარცველების წერა. 14 მიმწუხრი იყოს გოდება პირველ ვიდრე ცისკრამდე და არა მერმე იყოს ესე ნაწილი წარმტყუენველთა თქვენთა და სამკჳდრებელი თქვენთა დამამკჳდრებულთა.